მრავალხმიანობის კერები

ბულგარეთი



ბულგარული ტრადიციული მრავალხმიანობა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია მსოფლიოში. ამავე დროს ის კარგად არის შესწავლილი თავად ბულგარელი ეთნომუსიკოლოგების მიერ.

ბულგარეთში კომუნისტური რეჟიმის დროს ბულგარული მრავალხმიანობა ნაციონალურ სიმბოლოდ იქცა. მომდევნო წლებში, როდესაც საგუნდო მრავალხმიანობას სახელმწიფო მხარდაჭრა მოაკლდა, მრავალხმიანობის პოპულარობაც დაზარალდა (გაიზარდა ვირტუოზული საკრავიერი ანსამბლების, ე.წ. “საქორწილი ანსამბლების” პოპულარობა).

ბულგარული ვოკალური მრავალხმიანობა ქვეყნის შედარებით მცირე ნაწილზეა გავრცელებული, ძირითადად სამხრეთ-დასავლეთში. ეს მრავალხმიანი კუთხე ტრადიციულად ოთხ ოლქად იყოფა: პირინეი, ცენტრალურ-დასავლეთ ბულგარეთი, ველინგრადი და პაზარჯიკო-იხტიმანის ოლქი.

ბულგარული მრავალხმიანობა ბურდონულია. ბურდონი სრულდება რამდენიმე მომღერლის მიერ, მელოდიური ხაზი მიჰყავს სოლისტს ან სოლისტებს. ბულგარულ მრავალხმიანობაში ბატონობს ქალთა ვოკალური ტრადიცია. მამაკაცთა მრავალხმიანობას ვხვდებით სოფელ იშვიათად, მაგალითად, სოფელ ნედელინოში, როდოპის მთებში. მამაკაცები ძირითადად უკრავენ სხვადასხვა ინსტრუმენტებზე, არიან პროფესიონალი შემსრულებლები, და ამით აქვთ კარგ შემოსავალსაც იღებენ (განსხვავებით მომღერალი ქალებისაგან, რომლებისთვისაც სიმღერა არ არის ბიზნესის და ფულის კეთების წყარო). ბულგარული სიმღერები ძირითადად ანტიფონურია.

საყოველთაოდ ცნობილია ბულგარული მკვეთრი, მჭახე, დისონანსური ჟღერადობები (ხშირია სეკუნდები—განსაკუთრებით ე. წ. “შოპური” სეკუნდები) . ბულგარეთის ცენტრალური და დასავლური ნაწილია – შოპის რეგიონი. ამ რეგიონის მუსიკალური შემოქმედება გამოირჩევა განსაკუთრებული მკვეთრი, დაძაბული ჟღერადობით, ხოლო რიტმი უმეტეს შემთხვევაში ზუსტად განსაზღვრულია და მკაცრია.

ბულგარული მრავალხმიანობა გულისხმობს მეტწილად ორხმიანობას, თუმცა მოიპოვება “შოპურ რეგიონში” (ბულგარეთში მას “შოპლუკას” უწოდებენ) ჩაწერილი რამდენიმე სამხმიანი სიმღერაც. საერთოდ, სამხმიანობის ტრადიცია შემონახულია სოფიას გარშემო რეგიონებში.

Share it on