Uncategorized

ექსპედიცია ინეგოლის რაიონში (თურქეთი) მცხოვრებ ქართველებთან, 2015



ტმკსც-ს მიერ ინეგოლის რაიონში (ბურსას პროვინცია, თურქეთი) ჩატარებული ექსპედიციის დღიური

2015 წლის 3 აგვისტო.
სტამბოლი ბოსფორის სრუტეზე შეფენილ სტამბოლს ოქროსფერი გადაკრავს. აქ აღმოსავლეთი და დასავლეთი ისე ბუნებრივად კვეთს ერთმანეთს, როგორც სრუტეზე მობინადრე თოლია უერთდება ხან წყალს და ხან ზეცას.
ჩვენი თურქი კოლეგა _ აბდულა აკატი ქალაქს გვათვალიერებინებს. ქადიქოიში მივდივართ, სადაც სტამბოლის ქართული კულტურის სახლში იბერია მელაშვილი-ოზქანი გველოდება. როგორც კი ამ სახლის ზღურბლს გადააბიჯებ, საქართველოში აღმოჩნდები. სტამბოლის ქართველობა აქ იყრის თავს, მშობლიური ენისა და სიმღერის შესასწავლად.

4 აგვისტო. ინეგოლი.
ჩვენს ექსპედიციას 4 წევრი ჰყავს. აბდულა აკატი _ ტრაბზონის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, რომელიც შავი ზღვის კულტურას უკვე წლებია იკვლევს; იბერია მელაშვილი-ოზქანი, აჰმედის შვილი და მისი ტრადიციების გამგრძელებელი; თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ტმკსცდან ნინო რაზმაძე და ბაია ჟუჟუნაძე ვართ. ეს ჩვენი ცენტრის პირველი ექსპედიციაა თურქეთში, თანაც თურქულ-ქართული.
ქალაქ ინეგოლის მოსახლეობის საკმაოდ დიდ ნაწილს ეთნიკური ქართველები წარმოადგენენ. თავად ინეგოლის რაიონში კი 21 ქართული სოფელია. ისინი მაჭახლიდან, ჩაქვიდან, შუახევიდან, ხულოდან და მესხეთიდან არიან გადმოსახლებული.
კავკასიური ფოლკლორისა და კულტურის საზოგადოებაში ჩვენთან შესახვედრად სამ თაობას მოუყრია თავი. სამშობლოდან ჩამოსულებს აქ განსაკუთრებული სიყვარულით ხვდებიან. ქალაქ ინეგოლში ვიწერთ აკორდეონზე (ადგილობრივები მას „მუზიყას“ უწოდებენ) შესრულებულ დასაკრავებს: ხორუმი, ყოლსამა, ყოლსამას გადაქცეული, აბაზურაი, ჩერქეზული და ა.შ. ჭიბონის დაკარგვას ძალიან დარდობენ. ამ საკრავზე დასაკრავებს აკორდეონის რეპერტუარში გადმოუნაცვლებია.

ინეგოლი 1

6 აგვისტო. ინეგოლი
გუშინ ინეგოლის სოფლები სულჰიე და თუფექჩიქონაქ მოვიარეთ. თან სუათ აქთექინი-დიდაჭარელი (77 წლის) გვახლდა. ბატონი სუათი მთელს ინეგოლის რაიონში ცნობილია, როგორც ქართული ტრადიციების მცოდნე და შემნახველი. ახალგაზრდებს მისგან არა ერთი სიმღერა და დასაკრავი აქვთ ნასწავლი. საღამოს მის ბაღში მოიყარა თავი თითქმის ყველამ, ვისთვისაც ქართული ცეკვა და სიმღერა ყოველდღიურობის ნაწილია. მათ შორის ძალიან ბევრი ახალგაზრდაა. გვიმღერეს „დედოფლის სიმღერის“ ბანის პარტია. „მყივანს მხოლოდ ერთი და გამორჩეული მომღერალი ამბობდაო“, ამიტომ ეს ხმა ფრაგმენტულად ახსოვთ და მისი შესრულება ერთულებათ. ჩავიწერეთ „ნარდანინა“, „ვინ მოგიტანა“, „თირნი ჰორერამა“, „თეთრო მამალო“. თავად უკმაყოფილებას გამოხატავდნენ სიმღერების დავიწყებისა და შეუმღერებლობის გამო, მაგრამ მრავალხმიანი აზროვნება ჯერ ისევ შემორჩენილია მათ ცნობიერებაში.
ჩაწერის შემდეგ ახალგაზრდებს პიტერ გოლდისა და აჰმედ მელაშვილის საარქივო ჩანაწერები მოვასმენინეთ. როდესაც მემკვიდრეებს თავიანთი წინაპრების ჩანაწერებს ასმენინებ, ეს მათზე ყოველთვის დიდ გავლენას ახდენს. მაგრამ, სამწუხაროდ ხშირად, 18 ისინი თავად აღარ არიან ამ ტრადიციის გამგრძელებლები. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი, პირიქით, 30 წლამდე ასაკის ბიჭებმა ყველა სიმღერა და დასაკრავი ამოიცნეს, ეს უძველესი რეპერტუარი მათთვის სამშობლოსთან ურთიერთობის საშუალებაა.

7 აგვისტო. სოფელი ჰაირიე
არასოდეს დამავიწყდება ის განცდა, როდესაც სოფელ ჰაირიეს მანიშნებელი ნიშანი გამოჩნდა. მანქანაში ექსპედიციის ყველა წევრი ახმაურდა. ერთმანეთს ჰაირიეში მოხვედრას ვულოცავთ. ამ სოფელზე რამდენი რამ გვსმენია გურამ პატარაიას ფილმიდან, პიტერ გოლდის ჩანაწერებიდან. დღეს ჩვენც აქ ვართ! ეს ის ბედნიერი წამია, რომელიც მთელი ცხოვრება გვემახსოვრება.
ახალი ჰაირიე ევროპულ სოფელს ჰგავს, კოხტა სახლებითა და მოვლილი ეზოკარებით. მანქანა სოფლის ცენტრში, ჩაიხანის წინ გავაჩერეთ. ბატონ იბერიას დედულეთში დიდი სიყვარულით ეგებებიან. „ჩვენებურები ხართ?“ ეს ერთი კითხვა მთელ სამშობლოს იტევს. აჰმედ მელაშვილისა და პიტერ გოლდის ჩანაწერების შემსრულებლების მემკვიდრეებთან მივდივართ. ამ ოჯახებში ისევ მღერიან. მათ ისე ცოცხლად ახსოვთ პიტერის 47 წლის წინანდელი სტუმრობა და ჩაწერის პროცესი. მაშინ ბავშვები და დღეს უკვე ბაბუები, ერთმანეთს ჩაწერის დეტალებს ახსენებენ.
ალი ოსმან გულტეკინის ოჯახის ქალბატონებმა „ნარდანინა“ შეგვისრულეს ცეკვით. ვესილე ხინკილაძეც ვიპოვეთ, „დის დატირების“ შემსრულებელი. ქალბატონი ვესილე (73 წლის) პროფესიონალივით უდგება ჩაწერის პროცესს, არ გვახვეწნინებს. ადრე ყველა ცოცხალი მყავდა და ჩემთვის ტირილის თქმა ასე რთული არ იყოო, _ კი გვეუბნება, მაგრამ მაინც გვაწერინებს რამდენიმე ვარიანტს. მერე საკუთარი ლექსები გამოაქვს, ახალგაზრდობაში პიესაც კი დაუწერია, რომელიც სოფლის თეატრში დაუდგამს.

ინეგოლი 2

11 აგვისტო. ჰაირიე
სამყაროში შემთხვევით რომ არაფერი ხდება, ამაში დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდით. შენოლ შენერი გუშინ სრულიად შემთხვევით გავიცანით, ინეგოლის ერთ-ერთ ჩაიხანაში. საღამოს ჩაწერაზე მოვიდა, რამდენიმე სიმღერა გვიმღერა, ცოლის მიერ ქმრის დატირებაც შეგვისრულა. თავად შემოგვთავაზა ხვალ ჰაირიეში თუმერებთან წამოგყვებითო.
სოფელ ჰაირიეში ჩასვლის პირველივე დღიდან ვეძებთ „ვინ მოგიტანას“ შემსრულებელს. ჩანაწერის მოსმენისას ვერავინ გაიხსენა ის პატარა ბიჭი, არადა, მართლა დიდხანს ბჭობდნენ, უცილობლად ჩვენი თაობაა და ცოცხალი უნდა იყოსო.
მანქანა ისევ ჩაიხანის წინ გავაჩერეთ. ჩვენს ჩასვლას უკვე მთელი სოფელი ელოდებოდა ხოლმე. შენოლის დანახვაზე ბატონმა ბასრი ილდიმირმა წამოიძახა: „ჩვენ რომ ვეძებთ, აი ესაა ის ბიჭიო“. ინეგოლში მასაც მოვასმენინეთ ჩანაწერები, მაგრამ არ უთქვამს თავად რომ ასრულებდა ამ სიმღერას და არც „ვინ მოგიტანა“ უმღერია. დღეს რომ აქ არ წამოგვყოლოდა, ამ სასიხარულო ამბავს ხომ ვერ გავიგებდით. სიმღერაც შეგვისრულა და შესრულების ფორმაზეც მოგვითხრო. ბატონი შენოლი ჩვენი ექსპედიციის აღმოჩენაა!
14 აგვისტო. სტამბოლი
პირველი შემთხვევაა, როცა შინ ვბრუნდები და შთაბეჭდილებებთან ერთად, ნოსტალგიაც მომყვება თან. „სხვა საქართველო სად არის?“ აქაა, ამ ხალხში, მათ ქართულ მეტყველებაში, სიმღერასა და ცეკვაში. 145 წლის წინ წასულები, მშობლიური მიწის სიყვარულით ცხოვრობენ.
ერთ ადამიანს შეუძლია შეცვალოს ისტორია, შეაჩეროს წამი წარმავალი. რომ არა აჰმედ მელაშვილის წინდახედულობა, დღეს ეს სიმღერები ალბათ, აქ, ასე ცოცხლად შემონახული აღარ დაგხვდებოდა.
ჩვენი პროფესიის ადამიანები „წარსულის მეარქივეები“ ვართ. მთელი ცხოვრება ვეძებთ და ვაარქივებთ იმას, რაც გვგონია, რომ მომავალს ვეღარ გაყვება და დავიწყებას მიეცემა.
მაგრამ ინეგოლსა და ჰაირიეში ეს დრო ჯერ კიდევ შორსაა. აქ ისეთი ახალგაზრდა თაობა ჰყავთ, ვინც ამ წარსულის ფასი იცის და მის ერთ მტკაველსაც არ დაკარგავს დროის დინებაში.

ბაია ჟუჟუნაძე, ეთნომუსიკოლოგი

Share it on