დასრულებული

ივეტ გრიმო და საქართველო



გამოჩენილი ფრანგი ეთნომუსიკოლოგი ივეტ გრიმო პირველი იყო უცხოელ მეცნიერებს შორის, ვინც 1967 წელს,  პროფ. გრიგოლ ჩხიკვაძესთან ხანგრძლივი მიმოწერის შემდეგ საქართველოში ჩამოვიდა ქართული ხალხური სიმღერების ჩასაწერად. ჩხიკვაძესთან ერთად მან მოიარა საქართველოს თოითქმის ყველა კუთხე და ჩაწერა 400-მდე ნიმუში. 2008 წელს მას დაუკავშირდნენ ეთნომუსიკოლოგი ნინო რაზმაძე და თბილისში სამუშაოდ მყოფი საფრანგეთის მოქალაქე ზოე პერე. მოლაპარაკების შედეგად პროფესორმა გრიმომ თანხმობა განაცხადა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიისათვის გადმოეცა მის მიერ 1967 წელს ჩაწერილი მთელი აუდიო მასალა თანდართული სიტყვიერი ტექსტებით და მასთან დაკავშირებული საკუთარი  სამეცნიერო გამოკვლევები ფრანგულ ენაზე სამეცნიერო საჭიროებისა და ამ მასალის შემდგომი გამოცემა-გამოქვეყნების მიზნით.

სწორედ ამ მასალის საფუძველზე ხორციელდება ფონდ ქართული გალობისა  და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრის ერთობლივი პროექტი – ივეტ გრიმო და საქართველო, რომელიც 2018 წლის ბოლომდე დასრულდება.

პროექტი ორი ნაწილისაგან შედგება. პირველი, სამეცნიერო ნაწილი წარმოდგენილი იქნება ამავე სახელწოდების წიგნით, რომელშიც შესულია გრიმოს ნაშრომები და რადიოგადაცემების ტექსტები, მიძღვნილი ქართული ტრადიციული მუსიკისადმი; გარდა ამისა, წიგნში იხილავთ კომენტარებსა და თანდართულ დისკებში შესული სიმღერების ტექსტებს, გაეცნობით საქართველოს იმჟამინდელი კულტურის მინისტრის, ბ-ნ ოთარ თაქთაქიშვილის, აგრეთვე, პროფესორების შალვა ასლანიშვილისა და გრიგოლ ჩხიკვაძის გამოხმაურებებს ივეტ გრიმოს მიერ საქართველოში ჩატარებულ ექსპედიციაზე.

წიგნში ასევე შესულია პროფ. რუსუდან წურწუმიას ნარკვევი ივეტ გრიმოს სამყარო, პროფ. ანზორ ერქომაიშვილის, ექსპედიციის მონაწილე ეთნომუსიკოლოგ თამილა თაბაგარისა და გრიმოს ერთ-ერთი მაშინდელი მასპინძლის – გიორგი სალუქვაძის ვაჟ, გიორგის მოგონებები პროფ. გრიმოს საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით.

პროექტის მეორე ნაწილი წარმოდგენილია ოთხი აუდიოდისკით,  რომლებშიც შესულია საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ჩაწერილი სიმღერები.

 

Share it on