მრავალხმიანობის კერები

ისლანდია



ისლანდიური მრავალხმიანობის ცოცხალი ტრადიცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შუასაუკუნეების ევროპული მრავალხმიანობის შემსწავლელთათვის, რადგანაც იქ ნათლად ჩანს პირდაპირი კავშირი ადრეული პერიოდის ორგანუმთან (ორგანუმი, ევროპული პროფესიული მრავალხმიანობის პირველი სახეობ, ჩნდება IX-X საუკუნეებში). ისლანდიური ტერმინი ტვისონგური ნიშნავს “ორის სიმღერას”, და ესაა ადგილობრივი სახელი გამოყენებული საერო და საეკლესიო ორხმიანობის ტექნიკისათვის. ხორნბოსტელის განმარტებით ესაა” პარალელური კვინტების ორგამუმი” (ჰორნბოსტელი, 1933) ამ სტილის მეორე უნიკალური თავისებურებაა დიდი დიაპაზონი (ოქტავაზე მეტი), და უნიკალური ბგერათრიგი, რომელშიც თანაც ბგერათრიგის პირველი ბგერაა ქვედა “ფა”, ხოლო ოქტავით ზემოთ კი არის “ფა-დიეზი”. შესაბამისად, თვით კილოში არის ჩადებული გადიდებული ოქტავა. ამ კილოს აშკარად აქვს შინაგანი სიახლოვე ქართულ ხალხურ სიმღერებში (განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში) ხშირად გამოყენებულ ე.წ. “კვინტური დიატონიკის კილოსთან” (ტერმინი ეკუთვნის ვ. გოგოტიშვილს. გოგოტიშვილი, 1983). საქართველოშიც გადიდებული ოქტავა კილოს შინაგანი წყობიდან გამომდინარეობს (სადაც დაცულია წმინდა კვინტების პარალელიზმი). ჯერ კიდევ პ. კარბელაშვილი აღნიშნავდა, რომ ქართული საგალობლების ჩაწერისას მუსიკოსმა ბანში ერთი ბემოლით მეტი უნდა დაწეროს გასაღებში, ვირდე მაღალ ხმებში.

ტვისონგურის სტილში (ორხმად) შესაძლებელი იყო გრეგორიანული საგალობლებისა და ფსალმუნების შესრულებაც. ისტორიული წყაროებიდან კარგადაა ცნობილი, რომ ეკლესია სასტიკად  ეწინააღმდეგებოდა მრავალხმიანობის დამკვიდრებას ისლანდიურ ტაძრებში და საეკლესიო რიტუალებში, რაზედაც მიუთითებს ისლანდიური “ეპისკოპოსთა საგები”, სადაც აღწერილია, თუ როგორ კრძალავდა ეპისკოფოსი ლაურენტისი ხოლარიდან (1322-1331 წ) მრავალხმიან სიმღერას ეკლესიაში.

Share it on