მრავალხმიანობის კერები

იტალია (რეგიონებით)



იტალია შედგება ოთხი მთავარი ოლქისაგან: 1. ჩრდილოეთ იტალია, 2. ცენტრალური იტალია, 3. ხმელთაშუაზღვისიპრეთის სამხრეთი და სიცილია, და 4. სარდინია.

ვოკალური მრავალხმიანობა ფართოდაა გავრცელებული ამ ოთხიდან სამ ოლქში: ჩრდილოეთში, ცენტრალურ იტალიასა და სარდინიაში. მიუხედავად იმისა, რომ იტალიის სამხრეთი ნაწილი ძირითადად მონოდიურია, გეოგრაფიულად იზოლირებულ სიცილიაში (რომელიც სამხრეთ იტალიის ნაწილია) არის ვოკალური მრავალხმიანობის ტრადიციები. ჩრდილოეთ იტალიის (ალპების) სასიმღერო სტილი ღია და რბილია, რიტმი მკვეთრია. ისევე როგორც ბევრ სხვა მრავალხმიან კულტურაში, საგუნდო შესრულებაში მსმენელიც არის ჩათრეული. ალპიურ ზონაში საგუნდო ჯგუფების არსებობა მრავალხმიანი სიმღერის დამადასტურებელი საბუთია. 1973 წელს რობერტო ლეუდის მიერ გამოცემულ წიგნებში “იტალიური ხალხური სიმღერები” მოცემულია მრავალხმიანი სიმღერის უამრავი ნიმუში.

პარალელურ ტერციებსა და სექსტებში სიმღერა გავრცელებულია ფაქტიურად მთელს ჩრდილოეთ იტალიაში, ვენეციიდან გენუამდე. გარდა ევროპული ტერციული მრავალხმიანობისა, იტალიაში არქაული მრავალხმიანობის სტილსაც ვხვდებით. არის ამის შესახებ ძალიან საინტერესო მონაცემები შუასაუკუნეების იტალიიდან. მაგალითად, ისტორიული მონაცემების მიხედვით, მე-15 საუკუნის ბოლოს, ლომბარდიაში სრულდებოდა სეკუნდებზე დაფუძვნებული მრავალხმიანი დისონანსური სიმღერები. ეს სიმღერები ადგილობრივ დამკრძალავ ლიტურგიაში შედიოდა (ლომბარდიაში). იმავე პერიოდში (მე15 საუკუნის ბოლოს), ფრანჩინო გაფორის მონაცემებში გვხვდება საინტერესო ინფორმაცია მილანში შესრულებულ ორხმიანობაზე, სადაც ჰარმონიაში იმ დროს მიღებული კვარტა-კვინტების გარდა გვხვდებოდა სეკუნდები, სეპტიმები და ნონები.

იმ დროის ავტორები გაკვირვებულები აყვნენ ასეთი უცნაური ხმიანობით და ამ სასიმღერო სტილს “მგლების ყმუილს” ადარებდნენ (როგორც ჩანს, ამ სტილს ახასიათებდა ძალიან ხმამაღალი ხმოვანება). ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ მსგავსი სეკუნდებზე აგებული დისონირებული მრავალხმიანობა თანამედროვე იტალიის რამოდემიმე რეგიონშიც არის დაფიქსირებული. ცენტრალური აღმოსავლური იტალიური ოლქები (აბრუცი და მარშე) გვიჩვენებენ მსგავსი არქაული ორხმიანობის ტრადიციას ბურდონით, მცირე დიაპაზონის მელოდიებით და დისონანსური სეკუნდებით. ამ სტილს ეწოდება “ა ვატოკუ” (რაც “ზარებივით ხმოვანს” ნიშნავს). იგივე სეკუნდური სტილი ცნობილია ტოსკანიაში (დასავლეთ იტალია).

რობერტო ლეუდი ასევე აღნიშნავს საგუნდო ხმოვანების ზრდის ტენდენციას ჩრდილოეთ იტალიაში. მაგალითად: ალპების რეგიონში სოლო ბალადები იცვლება საგუნდო შესრულებით.

სიცილია

სიცილია უაღრესად მრავალხმიანი კუნძულია. წერილობითი წყაროები გვატყობინებენ ვოკალური მრავალხმიანობის ტრადიციის არსებობას სიცილიაში დაახლოებით მე-17 საუკუნიდან. 2005 წლის ვენის მრავალხმიანობის კონფერენციაზე იგნასიო მაკიარელას მონაცემებით, მრავალხმიანობა ცნობილია სიცილიის 120 სოფელში და იგი გავრცელებულია მთელს კუნძულზე მხოლოდ ერთი, დასავლური ზონის გარდა, სადაც წარსულში (1968 წელს) ყოფილა სერიოზული მიწისძვრა, რომელმაც საგრძნობლად დააზიანა ამ რაიონის მოსახლეობა და მოშალა სოციალური ცხოვრება.

სარდინია

სარდინია ისტორიულად იტალიის ყველაზე იზოლირებული ოლქი იყო. მას სხვა კულტურული ელემენტების გარდა (ენის ჩათვლით – რომელიც ძველი ლათინურიდან მომდინარეობს), შესანიშნავი მრავალხმიანი სტილიც ახასიათებს. სარდინია ოთხ ნაწილად იყოფა: ჩრდილოეთი, ცენტრალური, სამხრეთი და დასავლეთი. კუნძულის ცენტრი მთაგორიანია, და როგორც მოსალოდნელია, სწორედ აქაა, მთებში, კონცენტრირებული მრავალხმიანობის მდიდარი ტრადიციები სახელწოდებით “ტენორე” . ეს სტილი ჯერ კიდევ გვხვდება ადგილობრივ მწყემსებში. ის ეყრდნობა ოთხმიანობას. ორი ქვედა ხმა ქმნის ორმაგ ბურდონს – კვარტის ან უფრო ხშირად – კვინტის სახით. მელოდიეს მღერის მხოლოდ ერთი ხმა, რომელიც სხვა ხმებთან ხშირად ქმნის დისონანსებს.

კორსიკული მრავალხამინობისაგან განსხვავებით, სარდინიულ მრავალხმიანობაში არ მოჩანს ევროპული ჰარმონოიული სისტემის ყველაზე დამახასიათებელი ელემენტი: ფრაზის ბოლოს კვარტული სვლა დომინანტიდან ტონიკაზე. კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილი ცნობილი მრავალხმიანობით, რომელიც დაკავშირებულია ადგილობრივი რელიგიური “ძმობების” მოღვაწეობასთან. სამხრეთ ნაწილი არაა ცნობილი მრავალხმიანობის ვოკალური ფორმებით, მაგრამ აქ ცენტრალური ადგილი უკავია ინსტრუმენტულ მრავალხმიანობას. აქ მეფობს სამმაგი კლარნეტი – ლაუნედას, რომელიც სარდინიული კულტურის სიმბოლოს წარმოადგენს და მრავალხმიან ჟღერადობას გამოსცემს (ჩვ. წ.აღ-მდე მე-7 – მე-8 საუკენეების ბრინჯაოს ქანდაკება არის ნაპოვნი აქ სადაც მსგავს საკრავზე შემსრულებლის ფიგურა არის გამოსახული).

Share it on