მრავალხმიანობის კერები

საბერძნეთი

traditional-costumes-and-dances-of-thrace


ბერძნული მრავალხმიანობის არსებობის შესახებ მსოფლიომ გაიგო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, 1950-იან წლებში. ამის ერთ-ერთი მიზეზი ალბათ ისიცაა, რომ საბერძნეთი ძირითადად განეკუთვნება მონოდიური კულტურის მქონე ქვეყნების რიცხვს. თუკი ალბანეთში მრავალხმიანი ტრადიციების მქონე არეალები ქვეყნის ნახევარზე მეტს მოიცავს და კომპაქტურადაა განლაგებული, (განსაკუთრებით სამხრეთის რეგიონში), საბერძნეთში მრავალხმიანობის ტრადიციას ვაწყდებით მხოლოდ პერიფირიაზე: შორეულ ჩრდილოეთში (უფრო ზუსტად, ჩრდილო-დასავლეთში – ეპირის მთებში), და სამხრეთ-აღმოსავლეთში, კუნძულ როდოსზე.

მრავალხმიანობის მხრივ ორივე რეგიონი ტიპოლოგიურად მსგავსია. ბალკანეთის სხვა ქვეყნების მსგავსად, მრავალხმიანობის წამყვანი ფორმა აქაც ბურდონული ორ და სამხმიანობაა. მელოდიური ხაზი იმღერება ცალფად, ბანი- გუნდურად.

ალბანეთის მსგავსად, საბერძნეთშიც კილოურ საფუძველს პენტატონიკა წარმოადგენს. მელოდიის მიმართულება დაღმავალია, ასევე გვხვდება იოდლის გამოყენება. ხმების კოორდინაცია ხდება ვერტიკალში სეკუნდებსა და კვარტებზე.

გვიანდელი პერიოდის ევროპული პოლიფონიური სტილი დამკვიდრდა კუნძულ კორფუზე, რომელსაც მჭიდრო პოლიტიკური და კუტურული კავშირები ჰქონდა გაბმული ისტორიულად ვენეციასთან. აქ დღემდე პოპულარულია რომანტიული სერენადის სტილი, სადაც მამაკაცები მღერიან სამ – ოთხ ხმიან სიმღერებს მანდოლინის ან გიტარის თანხლებით.

ცოტა ხნის წინ საბერძნეთიდან შეგვეხმიანა კომპოზიტორი დიონისის ბუკუვალასი, რომელმაც დამატებით ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოგვაწოდა საბერძნეთში მრავალხმიანობის კერებთან დაკავშირებით:

„იონიის კუნძულებზე (საბერძნეთი), განსაკუთრებით, ზაკინტოსსა და კეფალონიაზე არსებობს კარგად განვითარებული ჰომოფონიური მრავალხმიანი ტრადიციული სიმღერის სტილი, რომელიც თითქმის ხორვატიული „კლაპა” სიმღერის იდენტურია. უფრო მეტიც, სიტყვა „კლაპა” ითარგმნება, როგორც „საზოგადოება, კომპანია”. ეს სიტყვა ზაკინტოსზე გულისხმობს ტრადიციული სიმღერის სხვადასხვა „კომპანიას” (ან ერთობას). ამ სასიმღერო სტილის ფესვები დაკარგულია, მაგრამ მე-19 საუკუნეში ის ჯერ კიდევ არსებობდა. ეს მრავალხმიანობა შეგვიძლია ასე დავახასიათოთ: ის არის ოთხხმიანი, სრულდება ა კაპელა, მხოლოდ მამაკაცების მიერ ამ ორი კუნძულის ქალაქებში (არა სოფლებში). ის სტროფულია, სოლო შესრულებით თითოეული სტროფის დასაწყისში. კეფალონიაში მას „არიეტა” ჰქვია (როგორც ჩანს, იტალიური სიტყვიდან გამომდინარე), ხოლო ზაკინტოსზე „არეკია” (Arecchia, რომელიც როგორც ჩანს მომდინარეობს იტალიური სიტყვიდან “a orecchio” (ყურით), ვინაიდან ის ინსტრუმენტული თანხლების გარეშე სრულდება). ბოლო დრომდე, ხალხი ასეთ პოლიფონიას მიიჩნევდა როგორც ჰარმონიულს, რომელმაც განიცადა დასავლეთის ზეგავლენა. ბოლოდროინდელ გამოცემაში (ბერძნულ ენაზე) კომპოზიტორი დიონისის ბუკუვალასი აღნიშნავს, რომ სინამდვილეში ეს სიმღერა არის არა ტონალური, არამედ მოდალური, იონიურ კილოში. რასაც ადასტურებს ის ფაქტი, რომ ამ სტილში დასავლური ჰარმონიის ჰარმონიული დაძაბულობა სისტემატურად იგნორირებულია: სუბტონიკა შემცირებულია (ტონიკამდე გაზრდის ნაცვლად) და გაზრდილია თითქოსდა მაჟორული დომინანტური სეპტაკორდის სეპტიმა („გადასაწყვეტად” შემცირების ნაცვლად). სინამდვილეში, ბუკუვალასი მიუთითებს, რომ ამ პოლიფონიური სტილით შექმნილი „აკორდები” ჰარმონიული სერიის თანმიმდევრულ ბგერათსიმაღლეებს წარმოადგენს. ამგვარად, გარეგნულად „დომინანტური სეპტაკორდის” სეპტიმა სინამდვილეში ჰარმონიული სერიის მეშვიდე ობერტონია. სხვა სიტყვებით, ეს მუსიკალური სტილი ბუნებრივად განვითარდა ისევე, როგორც პენტატონური ბგერათრიგი, რომელიც უშუალოდ ჰარმონიული სერიებიდან მომდინარეობს”.

Share it on