მრავალხმიანობის ფორმები

ქართული ხალხური სიმღერები მრავალხმიანობის მრავალფეროვანი სახეებით გამოირჩევა, რომელთა შორის გვხვდება როგორც ჰომოფონიური და პოლიფონიური, ასევე – სინთეზური წყობის ფორმები.

ქართული მრავალხმიანობის მრავალსახოვნება რამდენიმე კომპოზიციური პრინციპის ურთიერთქმედების შედეგია. ამ მრავალსახოვნებას ხელს უწყობს, აგრეთვე, შემსრულებელთა ფუნქციური დიფერენციაცია – ტრადიციულად, ორი სოლისტი ზედა ხმებში (I და II ხმა) და ბანი (უფრო ხშირად – რამდენიმე შემსრულებლის მიერ შესრულებული). კერძოდ, მრავალხმიანობის სახეობა ხშირ შემთხვევაში დამოკიდებულია, ერთი მხრივ, ასეთი გუნდური ბანის ზედა ხმებთან შეთანხმების პრინციპზე (ოსტინატო, ბურდონულ-კონტინუუმი, რეჩიტაციული ბურდონი, მელოდიური ფორმულები); ხოლო მეორე მხრივ, – ზედა ორი ხმის მოძრაობის და ურთიერთშეთანხმების პრინციპებზე (პარალელიზმი, თავისუფალ-კონტრასტული ხმათასვლა, ურთიერთშეპასუხება, ირიბი ხმათასვლა – მცირე მოცულობის ბურდონი რომელიმე ხმაში).

მრავალხმიანობის ორიგინალური წყობის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს, აგრეთვე, დასავლეთ საქართველოში გავრცელებული «იოდლის» ტიპის სპეციფიკური ოსტინატური ზედა ხმა «კრიმანჭული» (აგრეთვე  – «გამყივანი», რომელიც ნაკლები ოსტინატურობით გამოირჩევა).

ქართული მრავალხმიანობის ტიპებს ძირითადად ხუთი კომპოზიციური პრინციპი შეიმუშავებს:

  • ბურდონი – ერთ ბგერაზე გამღერებული ბანის ფონზე ზედა ხმათა (ხმის) მოძრაობა (ჰომოფონიური წყობა);
  • ოსტინატო – ბანის ოსტინატური (განმეორებადი) ფორმულის ფონზე სხვა ხმათა მოძრაობა, აგრეთვე – ყველა ხმის ტოტალურად ოსტინატური მოძრაობა;
  • პარალელური ხმათასვლა – ხმათა პარალელური მოძრაობა;
  • კომპლექსური (სინქრონული) – აკორდული კომპლექსების სინქრონული მოძრაობა;
  • თავისუფალ-კონტრასტული ხმათასვლა – ხმათა შეუზღუდავი მოძრაობა (პოლიფონიური წყობა);

სიმღერაში შესაძლოა ამ პრინციპთაგან ორი, ან სამი ერთდროულად განხორციელდეს, რაც წარმოქმნის მრავალხმიანობის სინთეზურ ტიპებს. მაგალითად, პოლიფონიური ელემენტების შემცველი ჰომოფონიური წყობა (სამხმიანი ბურდონული მრავალხმიანობის საკმაოდ დიდი ნაწილი), ან საკუთრივ პოლიფონიური წყობა (კრიმაჭულის შემცველი სამხმიანობა, აგრეთვე – ოთხხმიანი შრომის სიმღერები).

განსაკუთრებით ხშირია სინქრონის პრინციპის შეხამება სხვა პრინციპებთან: ბურდონთან (ამ შემთხვევაში ბანში რეჩიტაციული ბურდონი ყალიბდება), ოსტინატოსთან (ზემოაღნიშნული ტოტალური ოსტინატო). და პარალელიზმთან, რომელიც თავის თავში, ბუნებრივია, მოიცავს სინქრონის პრინციპს.
სინთეზური ფორმა ძირითადად გვხვდება ბურდონული ბანის მქონე სამხმიან სიმღერებში (უფრო ხშირად აღმოსავლეთ საქართველოში). აქ ბურდონის პრინციპი ეხამება ზედა ხმებში განხორციელებულ პარალელიზმისა და თავისუფალ-კონტრასტული ხმათასვლის პრინციპებს (ამ უკანასკნელს – ნაკლები სიხშირით).

განსაკუთრებით საინტერესოა დასავლეთ საქართველოში (გურია, აჭარა, იმერეთი) შრომის ოთხხმიან სიმღერებში არსებული სინთეზური ტიპი, რომელიც შეიცავს ოსტინატურ ზედა ხმას («კრიმანჭული»), რეჩიტაციულ მეორე ხმას, ეპიზოდურ ბურდონულ ზედა ბანს (მესამე ხმა), და მელოდიურად განვითარებულ დაბალ ბანს (მეოთხე ხმა).

მრავალხმიანობის კომპოზიციურ პრინციპთაგან ცალმხრივი ჰომოფონიური განხორციელება ნაკლებ დამახასიათებელია ბურდონული (ძირითადად ორხმიან სიმღერებში გვხვდება), ოსტინატური (საფერხულო, შრომის, საცეკვაო სიმღერებში) და, გასაკუთრებით, პარალელიზმის პრინციპებისთვის. მთელი ქართული სასიმღერო მასივს ახასიათებს სინქრონული მრავალხმიანობა (აკორდული წყობა) და თავისუფალ-კონტრასტული ხმათასვლა სუფთა სახით (პოლიფონიური წყობა) დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ კუთხეს, განსაკუთრებით – გურიას.

ქართული საეკლესიო საგალობელი მრავალხმიანობის ფორმათა მხრივ სიმღერასთან შედარებით მეტი ჰომოგენურობით გამოირჩევა. საგალობელთა როგორც აღმოსავლური, ასევე დასავლური სადა კილო ემყარება სინქრონის და, ნაწილობრივ, პარალელიზმის კომპოზიციურ პრინციპებს. გამშვენებულ კილოთაგან კარბელაანთ კილოს გამოარჩევს კიდურა ხმების პარალელიზმთან შეხამებული მელოდიურად განვითარებული შუა ხმა; ხოლო პარალელიზმთან შეხამებული ხმათა შეუზღუდავი მოძრაობა დამახასიათებელია შემოქმედისა და გელათის სკოლებისათვის.