ქალაქური ფოლკლორი

16492496_1209949425707633_314090275_o

ქართული ქალაქური სამუსიკო შემოქმედება ეროვნული სამუსიკო ფოლკლორის მნიშვნელოვანი ნაწილია. მხატვრულად დამოუკიდებელი ეს პლასტი სხვადასხვა კულტურული ტრადიციის სინთეზის შედეგად აღმოცენდა და XX საუკუნემდე ძირითადად ორ განშტოებად მოაღწია – აღმოსავლური, ერთხმიანი ქალაქური ფოლკლორი და დასავლური მრავალხმიანი ქალაქური ფოლკლორი.აღმოსავლური ჰანგების საქართველოში შემოჭრას XVI-XVII საუკუნეებს უკავშირებენ.

ქალაქური ფოლკლორის აღმოსავლური შტო სხვაგვარად აშუღურ ხელოვნებად იწოდება. იგი საქართველოს ცალკეულ რეგიონებში – სამცხე-ჯავახეთში, ქართლ-კახეთში – მაჰმადიანთა ჩამოსახლების შედეგად დამკვიდრდა. აშუღური ხელოვნების ფართო გავრცელება დაკავშირებულია XVIII საუკუნეში მეფე ერეკლეს კარზე მოღვაწე მგოსნების – პოეტებისა და მუსიკოსების – საიათნოვასა და ბესიკის სახელებთან. საიათნოვამ, წარმოშობით სომეხმა, თითქმის მთელი ცხოვრება საქართველოში გაატარა, ლექსებს სამ – ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე წერდა და, როგორც თვითონ ამბობდა, “სპარსულ ჰანგზე” ამღერებდა. ბესიკს, ქართველ პოეტს, ამავე დროს საზზე და თარზე შესანიშნავ დამკვრელს, ქართულ პოეზიაში აღმოსავლური პოეზიისათვის ტიპური ფორმები – ბაიათი და მუხამბაზი შემოაქვს, რომელთაც ფეხი მოიკიდეს XIX საუკუნის თბილისში და ე.წ. “ტფილისურ მუსიკალურ ფოლკლორს” დაუდეს სათავე. აშუღური ხელოვნება სინკრეტულ ხასიათს ატარებდა, რადგან მასში ორგანულად ერწყმოდა მუსიკის, პოეზიის, თეატრის ელემენტები. აშუღები – პოეტისა და მუსიკოსის ნიჭითა და იმპროვიზაციის უნარით დაჯილდოებული ადამიანები იყვნენ, რომელთაც გამორჩეული ადგილი ეკავათ თბილისის კულტურულ ცხოვრებაში. საზოგადოებაში უდიდესი პოპულარობით სარგებლობდნენ აშუღები სათარა, საგინაშვილი, შამჩი-მელქო, ევანგულა, ჭიპრ-დალაქიშვილი, ჰაზირა, იეთიმ გურჯი და სხვ. მათ შემოქმედებაში წამყვანია ლირიკულ-ინტიმური, სახოტბო, პატრიოტული და სოციალური თემატიკა. თბილისური ფოლკლორის ყველაზე პოპულარული ნიმუშებია: “ახალ აღნაგო სულო” (იგი საქართველოში მოგზაურობის დროს მოისმინა ალ.პუშკინმა და მისი შთაბეჭდილებით შექმნა ლექსი “Не пой красавица, при мне”, რომელზეც გლინკამ თავისი ცნობილი რომანსი “Грузинская песня” დაწერა), “მუხამბაზი”, ”ახ, მთვარევ”, “პატარა ბიჭი”, “ავარ-ავარ”, “კეკელჯან”, “შენდა შეყრამდის” და სხვ. ქართული ქალაქური ერთხმიანი სიმღერები მკაფიოდ გამოხატულ აღმოსავლურ ელფერს ატარებენ. მათ ახასიათებთ საყრდენი ბგერების შემომღერება მელიზმატური ხვეულებით, ჰარმონიული მაჟორისა და მინორის ზედა დაღმავალი ტეტრაქორდი გადიდებული სეკუნდით, მეტრის ცვალებადობა და სხვ. ქალაქური ფოლკლორის აღმოსავლური შტოს ორგანულ ნაწილს შეადგენენ საქართველოში გავრცელებული აღმოსავლური საკრავები. ჩვეულებრივ, მღერას თან ახლდა არაქართული წარმომავლობის დუდუკი, ზურნა, საზი და სხვ. აღმოსავლური საკრავების ანსამბლს დასტას უწოდებდნენ. ქალაქური ფოლკლორის ეს ნაკადი ფართოდ გამოიყენებოდა ქართული მუსიკის კლასიკოსების მიერ, განსაკუთრებით სარომანსო შემოქმედებასა და ოპერების ლირიკულ ეპიზოდებში.

დასავლური ყაიდის ქართული ქალაქური მრავალხმიანი ფოლკლორი უფრო გვიანდელი მოვლენაა და საქართველოში XIX საუკუნის II ნახევარში გავრცელდა. მისი ჩამოყალიბება ძირითადად დაკავშირებულია 1851 წლიდან თბილისში იტალიური საოპერო დასის მოღვაწეობასთან. ნეაპოლური სიმღერების, იტალიური საოპერო არიების, რუსული საყოფაცხოვრებო რომანსის, სტუდენტური სიმღერებისა და ქართული ტრადიციული მრავალხმიანი აზროვნების თავისებურებების სინთეზმა წარმოშვა სრულიად ახალი ტიპის, მაჟორულ-მინორულ ფუნქციონალობაზე დამყარებული მრავალხმიანობა. ეს სიმღერები სრულდება ძირითადად ორ ან სამ ხმაზე გიტარის თანხლებით. ეროვნულ კოლორიტს ინტონაციურ წყობასთან ერთად სპეციფიკური გლოსოლალიები აძლიერებენ. ამ შტოს ქალაქური მრავალხმიანი სიმღერების დიდი ნაწილი მჭიდროდაა დაკავშირებული ქართულ პოეზიასთან. იგი განსაკუთრებით გავრცელებული იყო იმერეთში, ქალაქებში ქუთაისსა და ზესტაფონში. მისი ყველაზე პოპულარული ნიმუშებია: “ციცინათელა”, “აღმართ-აღმართ”, “სანთელივით ჩავქრები” (აკაკი), “მორბის არაგვი” (ბარათაშვილი), “მესმის-მესმის”(ილია) და სხვ. მრავალხმიანმა ქალაქურმა სიმღერამ თავის მხრივ, XX საუკუნის 40-იანი წლებიდან გავლენა მოახდინა ქართული პროფესიული მუსიკის ლირიკული სახიერების ბუნებაზე.