მრავალხმიანობის კერები

უკრაინა

11707868_10206048229396048_4459321351622543168_o


უკრაინა რუსეთის მერე სიდიდით მეორე ქვეყანაა ევროპაში. ხალხური მრავალხმიანობის გავრცელების თვალსაზრისით უკრაინის ტერიტორიაზე ვხვდებით უცნაურ სიტუაციას: ერთი მხრივ აქ ვხვდებით ტრადიციული მრავალხმიანობის მდიდარ ფორმებს, ხოლო მეორე მხრივ საკუთარი მრავალხმიანი ტრადიციების თითქმის სრულ უგულებელყოფას. კერძოდ, უკრაინელ მუსიკისმცოდნეთა დიდტანიან გამოკვლევებში უმეტესად არც კი არის დასახელებული ყველაზე უფო არქაული და საინტერესო ბურდონული მრავალხმიანობის არსებობის ფაქტიც კი. ამ ინფორმაციას გარლანდის ენციკლოპედიაშიც კი ვერ შევხვდებით. უკრაინელი მუსიკომცოდნეების დიდი ნაწილი მხოლოდ გვიანდელი ევროპული მუსიკის გავლენის შედეგად შექმნილ მრავალხმიანობას სწავლობს.

ხალხური მრავალხმიანი სიმღერის ტრადიცია უკრაინის ტერიტორიაზე არათანაბრად არის გავრცელებული: ის თანდათან კლებულობს ქვეყნის აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ და ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ, ამიტომ ყველაზე მრავალხმიანი “მონაკვეთია” ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილი, კერძოდ, აღმოსავლეთ პოლესიე, და ერთადერთი მხარე, რომლის მრავალხმიანობის შესახებაც ფაქტიურად არანაირი მონაცემები არ მოგვეპოვება, არის უკრაინის სამხრეთ–დასავლეთი.

უკრაინის ტერიტორიაზე სამი სტილის მრავალხმიანობას ვხვდებით:

  1. ბურდონული მრავალხმიანობა – პოლესიეს ტერიტორიაზე, დასავლეთსა და განსაკუთრებით აღმოსავლეთ პოლესიეში.
  2. უნისონურ-ჰეტეროფონული მრავალხმიანობა – ორხმიანი პოდგოლოსური პოლიფონია (რუსული ტიპის), რომელსაც მომღერალთა ჯგუფი და სოლისტი ასრულებენ. აქ მთავარ მელოდიას ანსამბლი (ჯგუფი) ასრულებს, სოლისტს კი კონტრასტული ნახაზი მიჰყავს ზემოდან. მრავალხმიანობის ეს ტიპი შედარებით იშვიათია. აღმოსავლეთ უკრაინაში გავრცელებულია პოდგოლოსური პოლიფონია, დასავლეთსა და ჩრდილო- დასავლეთში – კი ძირითადად ვხვდებით ჰეტეროფონიას.
  3. და ბოლოს, გვიანდელი მრავალხმიანობა, დაფუძნებული ევროპულ ჰარმონიულ სისტემაზე, ამ სტილის მაგალითები მრავლადაა მოყვანილი უკრაინელ მუსიკისმცოდნეთა პუბლიკაციებში (იხ, მაგალითად, იაშჩენკო).
Share it on