ქხმშ-ის მიმართულება

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ქართული ხალხური მუსიკალური შემოქმედების მიმართულება

ქართული კულტურის უმნიშვნელოვანესი საგანძურის, ხალხური მუსიკის, შესწავლას და კვლევას თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში მისი დაარსების დღიდან ჩაეყარა საფუძველი – 1917 წელს ზაქარია ფალიაშვილის ინიციატივით შეიქმნა ქართული ხალხური და საეკლესიო მუსიკის კათედრა, რომელიც ტრადიციული მუსიკის ორივე სფეროს აერთიანებდა. სამწუხაროდ, იგი მალე გაუქმდა და ქართული ხალხური მუსიკის სწავლება და კვლევა კარგა ხანს სხვა კათედრებზე მიმდინარეობდა. 1949 წელს თეორიულ-საკომპოზიციო ფაკულტეტზე, მუსიკის ისტორიის კათედრასთან შეიქმნა ქართული ხალხური მუსიკალური შემოქმედების განყოფილება, 1970 წელს კი დაარსდა ამავე სახელწოდების კათედრა (დღეს – მიმართულება).

1930-იანი წლებიდან იწყება კონსერვატორიის პედაგოგთა – ფოლკლორის დარგში მოღვაწეთა და უშუალოდ ფოლკლორისტთა _ ინტენსიური ექსპედიციები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. ეს ტრადიცია დღემდე გრძელდება. მოპოვებულია უმდიდრესი მასალა, რომელიც ააშკარავებს ქართული ხალხური მუსიკისა და საეკლესიო გალობის იშვიათ მრავალფეროვნებას, უდიდეს მხატვრულ და ისტორიულ ღირებულებას. ქართულთან ერთად შეკრებილი და ფიქსირებულია არაქართული მასალაც – აბაზური, აფხაზური, დაღესტნის ხალხებისა, ნოღაური, რუსული, სომხური, ქისტური, ქურთული, ყარაჩაული, ჩერქეზული (ინახება კათედრასთან არსებულ ლაბორატორიაში). შემკრებლობითი მუშაობის შედეგებით განსაკუთრებით ნაყოფიერია შალვა მშველიძის, შალვა ასლანიშვილის, გრიგოლ ჩხიკვაძის, ვლადიმერ ახობაძის, ოთარ ჩიჯავაძის, მინდია ჟორდანიას, კახი როსებაშვილის, ედიშერ გარაყანიძის ექსპედიციები. მათი მონაპოვარი უმნიშვნელოვანესი წვლილია ეროვნული მუსიკალური საგანძურის შენახვა-დაცვის საქმეში.

სწორედ საექსპედიციო მუშაობა ხდება მყარი საფუძველი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისა, რომელსაც, ჩამოთვლილ მოღვაწეთა გარდა, ნაყოფიერად ეწევიან ევსევი (კუკური) ჭოხონელიძე, ბარამ ბარამიძე, თამარ მესხი, იოსებ ჟორდანია, ნინო ფირცხალავა, ნატალია ზუმბაძე, მარიამ ოსიტაშვილი, ნინო მახარაძე, თამაზ გაბისონია, თინათინ ჟვანია, დავით შუღლიაშვილი, მალხაზ ერქვანიძე. სამწუხაროდ, კათედრის წევრთა მნიშვნელოვანი ნაწილი შემოქმედებითი მოღვაწეობის ზენიტში წავიდა ამ ქვეყნიდან. მ. ჟორდანიას, კ. როსებაშვილს, ე. ჭოხონელიძეს და სულ ახალგაზრდა ე. გარაყანიძესა და თ. ჟვანიას ბევრი რამ დარჩათ სათქმელი…
ქართული ხალხური მუსიკალური შემოქმედების კათედრა ქართული ხალხური მუსიკის სწავლების, კვლევის, შეკრებისა და დაცვის ძირითადი კერაა საქართველოში. მას ხელმძღვანელობდნენ: გრიგოლ ჩხიკვაძე (1970-1977), კუკური ჭოხონელიძე (1977-2004), მანანა ანდრიაძე (2004-2007), ნატალია ზუმბაძე (2007-დან დღემდე). საგანგებოდ არის აღსანიშნავი კათედრის წევრთა აქტიური ინტერესი ტრადიციული მუსიკის ორივე სფეროს მიმართ – ფოლკლორისტულის პარალელურად ძველი პროფესიული მუსიკის, საეკლესიო გალობის კვლევა.

კათედრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რამდენიმე მნიშვნელოვანი ერთეულის დაარსების ბაზად იქცა: 1997 წელს მასთან შეიქმნა ქართული საერო და სასულიერო მუსიკის კვლევის ლაბორატორია, 2003 წელს კი უკვე არსებული სამი ერთეულის (კათედრა, კათედრასთან არსებული ლაბორატორია, საერო და სასულიერო მუსიკის კვლევის ლაბორატორია) ბაზაზე – ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის ცენტრი, რომელიც მალევე დამოუკიდებელი სტრუქტურა გახდა. 2005 წელს კათედრასთან ჩამოყალიბდა საეკლესიო მუსიკის ლაბორატორია, რომელიც 2007 წლიდან ცალკე არსებობს (ამავე სახელწოდების მიმართულებასთან ერთად).
ფოლკლორის კათედრა აქტიურად არის ჩართული კონსერვატორიის სასწავლო-საგანმანათლებლო პროცესში. ყოველწლიურად ეწყობა სტუდენტ ფოლკლორისტთა საველე ექსპედიციები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, მოქმედებს სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები ეთნომუსიკოლოგიაში (ხელმძღვანელი – ნ. ზუმბაძე). მაგისტრატურის სასწავლო გეგმაში შესულია როგორც სამუსიკო, ისე მომიჯნავე დისციპლინები (იხ. http://tsc.edu.ge/uploads/programebis_aghwerebi/samag-programa-musikismcodneoba.pdf:).
მიმართულების წევრების ხელმძღვანელობით 2008-2009 წლიდან კონსერვატორიის საბაკალავრო პროგრამებზე ქართულ ხალხურ მუსიკას უცხოელი სტუდენტებიც ეუფლებიან.
2005 წელს კათედრის მაშინდელი ხელმძღვანელის, მ. ანდრიაძის, ინიციატივით შეიქმნა კონსერვატორიის სტუდენტთა ფოლკლორული ანსამბლი (ხელმძღვანელი – ნ. ზუმბაძე), რომელმაც უკვე 2006 წელს საქართველოს ფოლკლორის ეროვნულ დათვალიერება-ფესტივალზე ლაურეატობა მოიპოვა.
ახალგაზრდა კადრების თეორეტიკოს-მკვლევრებად ჩამოყალიბებისა და ტრადიციული შემსრულებლობის შენარჩუნება-გაძლიერების მიზნით 2010 წლიდან ქართული ხალხური მუსიკალური შემოქმედების მიმართულება ატარებს ახალგაზრდა ეთნომუსიკოლოგთა ყოველწლიურ კონფერენციას (მასალები გამოიცემა), 2013 წლიდან კი – ამავე კონფერენციის ფოლკლორულ კონცერტსაც.
ამჟამად მიმართულებაზე ასწავლიან ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორები: ნ. ზუმბაძე (პროფესორი), რ. წურწუმია (ემერიტუს პროფესორი), ო. კაპანაძე (ასისტენტ-პროფესორი) და მოწვეული პედაგოგები: მ. ერქვანიძე (სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი), დ. შუღლიაშვილი (მუსიკოლოგიის დოქტორი), თ. რუხაძე (ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი), ნ. ღამბაშიძე (ისტორიის დოქტორი).
მიმართულება სისტემატურად იკვლევს ტრადიციული მუსიკის პრობლემებს და აქტიურად მონაწილეობს საკონსერვატორიო, რესპუბლიკურ თუ საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმებში; ატარებს ცნობილ ქართველ ეთნომუსიკოლოგთა ხსოვნისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციებსა და ფოლკლორულ კონცერტებს (მასალები კონსერვატორიის სამეცნიერო შრომების კრებულებად და მათ თანდართულ კომპაქტდისკებად ქვეყნდება).

ყოფაში ხალხური მუსიკის ფუნქციის დაკარგვის გამო ბოლო ხანებში ფოლკლორის კათედრის საქმიანობა მნიშვნელოვანწილად საშემსრულებლო მხარეზე არის ორიენტირებული. ამ მხრივ საყურადღებოა მიმართულების მიერ განხორციელებული პრაქტიკული დანიშნულების პროექტები: მასტერკლასები ქართულ ხალხურ შემსრულებლობაში აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ფოლკლორულ ანსამბლებთან (ხელმძღვანელები: თ. გაბისონია, მ. ერქვანიძე, ნ. ზუმბაძე, დ. შუღლიაშვილი, 2007-2008); სასწავლო-მეთოდური სახელმძღვანელო ქართული ხალხური სიმღერა და მისი შესრულება (ავტორი: ნ. ზუმბაძე, 2007). მიმართულების წევრთა წარმატებული საშემსრულებლო საქმიანობის დასტურია მათ მიერ ქართულ ხალხურ სიმღერაში საქართველოსა და საზღვარგარეთ უცხოელებისთვის ჩატარებული მასტერკლასები.

ზოგადად, მიმართულება-ლაბორატორიის წევრებს ხალხური და ძველი პროფესიული მუსიკის შემსრულებლობაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით. მათი ინიციატივით, აქტიური თანამონაწილეობითა და რიგ შემთხვევაში ხელმძღვანელობით დაარსდა ის ფოლკლორული ანსამბლები და საეკლესიო გალობის გუნდები, რომლებმაც ისტორიული როლი შეასრულეს ქართული ტრადიციული მუსიკის განვითარებაში (გორდელა, მთიები, მზეთამზე, ანჩისხატის ტაძრის მგალობელთა გუნდი, ჯვარის მამის ტაძრის მგალობელთა გუნდი, ამერ-იმერი). ეს წამოწყებები, რომლებსაც მრავლად გამოუჩნდნენ მიმდევრები, დღეს მძლავრ საშემსრულებლო მიმართულებად ჩამოყალიბდა.
ქართული ხალხური მუსიკალური შემოქმედების მიმართულებას მეტად საპასუხისმგებლო მისია აკისრია, განსაკუთრებით დღეს, როცა ქართული მუსიკალური საგანძურის სამეცნიერო კვლევისა თუ შესრულებისადმი ინტერესი საერთაშორისო ასპარეზზე თანდათან იზრდება.