Uncategorized



მიმდინარე წლიდან ტმკსც სერიით თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის “ქართული ხალხური მუსიკალური შემოქმედების ლაბორატორიის არქივიდან” იწყებს მის არქივში დაცული აუდიოჩანაწერების გამოცემას. პირველი კომპაქტდისკი ეძღვნება 1952 წლის კახეთის საექსპედიციო მასალებს. ეს არის ერთ-ერთი პირველი სამეცნიერო ექსპედიცია სახელმწიფო კონსერვატორიის ფოლკლორის კათედრიდან, რომელიც პროფესორ გრიგოლ ჩხიკვაძის ხელმძღვანელობით კახეთის სამ რაიონში – გურჯაანში, თელავსა და ყვარელში მოეწყო. ცხადია, 53 წლის შემდეგ ბევრი რამ აღმოჩნდა დასაზუსტებელი და მოსაძიებელი – შემსრულებელთა იდენტიფიკაცია, მათი საპასპორტო მონაცემები, ფოტოსურათები და სხვ.

ამ მიზნით 2005 წლის ოქტომბერში ვესტუმრეთ სამივე რაიონს. პირველ რიგში, მომღერალთა შთამომავლები მოვიკითხეთ. ველისციხეში მოვინახულეთ გიგა ღვინიაშვილის შვილი, თამარ ღვინიაშვილი-გაბრუაშვილი. მან გვიამბო მამაზე, მომღერალ დებზე, აგრეთვე მამიდაშვილ გრიშა რიკიაშვილზე, რომელიც მათი საოჯახო ანსამბლის უცვლელი წევრი ყოფილა და 1952 წლის ექსპედიციისას სიმღერების ჩაწერაშიც მიუღია მონაწილეობა, მაგრამ ჩვენს ხელთ არსებულ საპასპორტო მონაცემებში დაფიქსირებული არ არის. ველისციხეშივე ვესტუმრეთ შინაგი გურგენიშვილს. მას თავისი ძმის – შუქურის ფანდური აქვს შემონახული, რომლის თანხლებითაც 1952 წელს არის ჩაწერილი “გარეთ ცივა, ქრის ქარი” (მაშინდელი შემსრულებლებიდან მხოლოდ 81 წლის შუქურია ცოცხალი, რომელსაც მძიმე ავადმყოფობის გამო ვერ გავესაუბრეთ). მანვე გვიამბო თავის მამაზე – ია გურგენიშვილზე, რომელიც წლების განმავლობაში ველისციხის გუნდის ხელმძღვანელი იყო; ჩაგვაწერინა მისივე შესანიშნავი ლექსებიც. შევხვდით მხცოვან გურჯაანელ მომღერლებს: სახელოვანი ლოტბარის, ლევან მუღალაშვილის, გუნდის ერთ-ერთ უკანასკნელ წევრს, 81 წლის გიორგი გოგოლაშვილს; ანსამბლ “გურჯაანის” წევრს, 80 წლის ვახტანგ ქაჩლიშვილს (მუღალაშვილის შემდგომი პერიოდის მომღერალს) და საინტერესო საუბართან ერთად მათი ნამღერიც ჩავიწერეთ (უახლოეს მომავალში ამ მოხუცების ჩაწერა მეტად საშურ საქმედ მიგვაჩნია).

გიორგი გოგოლაშვილის დახმარებით ლევან მუღალაშვილის საფლავსაც მივაგენით. გურჯაანის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში მუღალაშვილის პირად არქივს გავეცანით და ყველა მნიშვნელოვანი დოკუმენტი ციფრული ფოტოაპარატით გადავიღეთ (158 ერთეული). ასევე მოვიპოვეთ ოჯახებში შემონახული ფოტოსურათები (46 ერთეული).
ართანაში ვინახულეთ გიორგი სიმაშვილის შვილი, კახური სიმღერის შესანიშნავი მცოდნე ანდრო სიმაშვილი.

ყვარელში რვაკაციანი გუნდის შესახებ ინფორმაციის დასაზუსტებლად მრავალი ჭიშკრის შეღება მოგვიწია. შევხვდით მომღერალთა შთამომავლებს: პელაგია პაპუაშვილს, დოდო გელაშვილს, ილია და რობინზონ გუბელაძეებს, სულიკო მათიაშვილს, ზაურ ღვინიაშვილს, აგრეთვე ენისელ სოფიკო ნასყიდაშვილს (აქ, რასაკვირველია, ყველას ვერ ჩამოვთვლით, ვინც თითო სიტყვა მაინც შეგვაწია, მისამართი დაგვიზუსტა, მიგვასწავლა ან სხვა რამ რჩევა მოგვცა – ისინი საკმაოდ ბევრნი არიან. ყველა მათგანს მადლობას ვუხდით).
უნდა ითქვას, რომ ექსპედიციის მიზანი – დიდი ხნის გარდაცვლილი ადამიანების შესახებ ცნობების დაზუსტება – გაცილებით ძნელად მისაღწევი აღმოჩნდა. გამოკითხვები ბევრჯერ უშედეგოდ მთავრდებოდა – ნახევარ საუკუნეზე მეტმა დრომ თავისი მძიმე კვალი დააჩინა ცხოვრებასაც და კაცთა მეხსიერებასაც… არაერთი მცდელობის მიუხედავად, ვერ მოვიპოვეთ სოლომონ ჩაჩაურის ფოტოსურათი, ვერაფერი დავადგინეთ პართენა არჯევნიშვილის შესახებ. გაურკვეველი დარჩა “ურმულის” კარდანახელი შემსრულებლის ვინაობაც… თუმცა, ამის მიუხედავად, არცთუ მცირე მასალის ჩამოტანა შევძელით და ვფიქრობთ, რომ მთლიანობაში ექსპედიცია წარმატებული იყო (ჩავიწერეთ 5 მინიდისკი, ხანგრძლივობა – 9 საათი, გადავიღეთ 496 ფოტოსურათი).

გვინდა, მადლობა გადავუხადოთ ყველას, ვინც დახმარება გაგვიწია: გურჯაანის კულტურის განყოფილების გამგეს – თინათინ ზარდიაშვილს, გურჯაანის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს და მისი ფონდების მცველს – ნათელა რაზმაძეს, ველისციხის საკრებულოს მდივანს – ნინო მინდორაშვილს, ანსამბლ “წინანდლის” ხელმძღვანელს – ლევან აბაშიძეს, თელავის ღვთაების ეკლესიის მგალობელს – მარინა ალადაშვილს, ყვარლის კულტურის სახლის თანამშრომელს – მაია მამულაშვილს, ყვარლის სამუსიკო სკოლის პედაგოგს – ასმათ ყიფშიძეს, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტს.
ვფიქრობთ, თუკი საექსპედიციო მასალების გამოცემა გაგრძელდება და სერიის სახეს მიიღებს, არაერთი ასეთი ექსპედიციის ჩატარება მოგვიწევს, რაც ქართული ხალხური მუსიკის მონაცემთა ბაზას უაღრესად საჭირო მასალით შეავსებს



2005 წლის იანვარსა და მარტში ფონდმა “ღია საზოგადოება – საქართველო” და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის ცენტრმა განახორციელა პროექტი, რომლის ფარგლებში ორ ეტაპად მოეწყო ექსპედიცია მაღალმთიან აჭარაში. ყველასათვის ცხადია, რომ ფოლკლორი – როგორც სინკრეტული მოვლენა, კომპლექსურ მიდგომას და სხვადასხვა დარგის მკვლევართა ერთობლივ ძალისხმევას მოითხოვს. ამ ექსპედიციამ მუსიკოსები და ფილოლოგები გააერთიანა – შუახევისა და ქედის რაიონის სოფლებში იმუშავეს ფოლკლორული არქივების კოალიციის წევრებმა – ნინო მახარაძემ და ქეთევან მათიაშვილმა (თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრი), ელგუჯა დადუნაშვილმა და გიზო ჭელიძემ (შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ფოლკლორის არქივი), ელგუჯა მაკარაძემ და გიორგი მახარაშვილმა (ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ლიტერატურის კათედრა).

shuaxevi 1

კომპლექსური კვლევა მასალის კომპლექსურად ჩაწერით იწყება – ამ იდეით გაერთიანებას საველე მუშაობის გამოცდილების, მეთოდოლოგიისა და კონკრეტული მეთოდების ურთიერთგაზიარების სურვილიც ახლდა თან. ექსპედიციის წევრების მიერ ციფრული წესით დაფიქსირებული 11 MD (თითოეული 80 წთ.) და 6 DV კასეტა (თითოეული 60 წთ), 408 ფოტო შესატყვისი საპასპორტო მონაცემებითა და აღწერილობით ერთდროულად სამ არქივში ინახება.

რთული პირობების მიუხედავად (ვგულისხმობ იანვრის დიდთოვლობას და გაზაფხულზე სწორედ ამ რეგიონში მოვარდნილ მეწყერებს), მუშაობა თერთმეტ უბანზე მოხერხდა: დაბა შუახევი, სხეფის საკრებულოს სოფ. ღორექეთი, ბარათაულის საკრებულოს სოფ. ბარათაული, ჭვანას საკრებულოს სოფ. ჭვანა და სოფ. ხაბელაშვილები, სოფ. ჩანჩხალო, ზამლეთის საკრებულოს სოფ. ფურტიო, დღვანის საკრებულოს სოფ. ლომანაური და სოფ. გოგინაური, ქედის რაიონის ზვარეს საკრებულოს სოფ. ზვარე და სოფ. კვაშტა, ქალაქი ბათუმი.

ექსპედიციამ გამოავლინა სხვადასხვა ასაკის ორმოცამდე მთქმელი და ინდივიდუალური შემსრულებელი, მომღერალთა ოთხი ჯგუფი (სოფ. ჭვანის, ფურტიოსა და ლომანაურის ანსამბლები, ტარიელაძეების საოჯახო ანსამბლი სოფ. ბარათაულიდან). საკრავის დამამზადებელი ოსტატები (მათ შორის ჭიბონის დამამზადებელი ოთხი პიროვნება, ფანდურის, დოლისა და საზის მკეთებელნი).

სოფ. ღორექეთში, დავითაძეების ოჯახში დავესწარით ნიშნობის რიტუალს. შევკრიბეთ ინფორმაცია ლაზარობის, სახლის მშენებლობის, გლოვისა და ქორწილის წესებზე. მდინარე ჭვანას ხეობაში კვლავ დასტურდება სამიწათმოქმედო სამუშაოებისას საკრავების გამოყენების ფაქტები. ჩავწერეთ ჭიბონის, ჩონგურის, ფანდურის, დოლის, სალამურის, საზის, გარმონის, აკორდეონის, საბავშვო სტვირის დამზადებისა და შენახვის წესები, მათი ნაწილების სახელწოდებანი, ქორეოგრაფიული ტერმინოლოგია და სხვ. გადავიღეთ სხვადასხვა ასაკის, განსაკუთრებით კი ხანდაზმულთა მიერ შესრულებული ცეკვები.

shuaxevi 2

ტრადიციული, საბჭოური და თანამედროვე ხალხური შემოქმედების საინტერესო ვარიანტებთან (“ორირა”, “ყარანაი”, “ყანაშია”, “ოისა”, “ხერტლის ნადური”, “ევრი და მასპინძელსა!”, “ყაჩაღის ლექსი”, “დაუკარ, ჩემო ჩენგურო!”, “ხორუმი”, “განდაგანა”, “სიმღერა ბახმაროზე”, “აჭარავ, ჩემო სამშობლო!”, “ღორჯომელი ვიყავ, განა?!”) ერთად ფირზე აღვბეჭდეთ ყოფის, ხელოსნობისა და რეწვის ნიმუშები (თითისტარისა და მარხილის დამზადება, საცხოვრებელი სახლის ტიპები, სამჭედლო, ტურა-ბეღელა და სხვ.).

სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ რაიონში მოქმედი ფოლკლორული ანსამბლების წევრები ვეღარ იკრიბებიან ინტენსიურად ვერც რეპეტიციებზე და ვერც ოჯახებში. ეს კი უარყოფითად მოქმედებს მრავალხმიანი სასიმღერო ტრადიციების შენარჩუნებაზე. ჩვენი აზრით, ამ რაიონში არასახარბიელო ვითარებაა ჭიბონთან დაკავშირებითაც. ბევრ შემსრულებელს არა აქვს საკრავი და არც მისი დამზადებისათვის საჭირო თანხა.

აჭარის რეგიონი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორენოვანი ტექსტებისა და კულტურათა დიალოგის კვლევის თვალსაზრისით. შეკრებილი მასალა უდავოდ დააინტერესებთ ქართულ-თურქულ, ქართულ-კავკასიურ, ქართულ-რუსულ, ქართულ-ებრაულ კავშირებზე მომუშავე მეცნიერებს. განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია “ქურთბარის” – ქურთების ფერხულის აჭარაში გავრცელების ფაქტმა, მისი შესრულების ადგილობრივმა წესებმა და ფორმებმა. ექსპედიციის მიღწევად უნდა ჩაითვალოს ვიდეოფირზე შელოცვების აღბეჭდვა და მაჰმადიან ქართველთა მიერ ყურანის ხმით კითხვის ნიმუშების დაფიქსირება, რაც, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, აქამდე არასოდეს მომხდარა.

2005 წლის 20 მაისს პროექტის დამფინანსებელი ფონდის “ღია საზოგადება – საქართველო” საკონფერენციო დარბაზში გაიმართა ექსპედიციის შედეგების პრეზენტაცია, მოეწყო ფოტოგამოფენა, ელგუჯა დადუნაშვილისა და იმედა მაღლაკელიძის მიერ საგანგებოდ მომზადებული ვიდეოკლიპების ჩვენება.

ვიმედოვნებთ, რომ შეკრებილ მასალას სამეცნიერო ღირებულებასთან ერთად პრაქტიკული დანიშნულებაც ექნება.

ექსპედიციის წევრები დახმარებისა და თანადგომისათვის განსაკუთრებულ მადლობას მოახსენებენ შუახევის რაიონის გამგებელს, ბატონ თემურ ზოიძეს და კულტურის განყოფილების გამგეს, ბატონ ვასო ხიმშიაშვილს, ყველა იმ ადამიანს, ვინც გულისხმიერებითა და დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდა ტრადიციული მემკვიდრეობის ჩაწერისა და დაცვის საშვილიშვილო საქმეს.



შთაბეჭდილება, რომელიც ქართული სიმღერის, კერძოდ კი გურული მრავალხმიანობის მოსმენისას ჩნდება, მუდმივად ბადებს კითხვას: რამ განაპირობა ამ ხალხში მუსიკალური აზროვნების ასეთი განვითარება? ზუსტი პასუხის გაცემა რთულია, თუმცა მისი კვლავ შეცნობის ინტერესი განაპირობებდა არჩევანს – ჩვენი ექსპედიცია გურიის მთებში, ჩოხატაურის რაიონის სოფელ სურებში წასულიყო. ვიცით, დროს და ჟამს მიჰყვებიან ქართული მუსიკალური საუნჯის ძველი მცოდნენი, მაგრამ ყოველ ასეთ საექსპედიციო გასვლას ჯერ კიდევ ახლავს თან ძვირფასისა და საინტერესოს მოძიების იმედი.

2006 წლის 13-17 ივნისს გურიაში გამართულ ექსპედიციაში თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ფოლკლორის კათედრის ორი წევრი – ოთარ კაპანაძე და დავით შუღლიაშვილი ვიყავით. ჩვენდა სასიხარულოდ, ამ მოგზაურობაში მონაწილეობდნენ რეჟისორი ლევან ღლონტი და ოპერატორი ორესტ თოდუა. მცირემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის შექმნის იდეით, მათ განზრახული ჰქონდათ მთელი ექსპედიციის ვიდეოფირზე გადაღება. ჩვენს ჯგუფს კიდევ ერთი, ყველაზე უმცროსი წევრი, 12 წლის ივანე ღლონტი ახლდა, რომელიც განსაკუთრებით ახალისებდა ჩვენს მოგზაურობას. კინემატოგრაფი მეგობრების კიდევ ერთ მნიშვნელოვან “პლუსს” ლევანის მანქანა “ჯიპი” წარმოადგენდა, რომლის გარეშე საეჭვოა, რომ რამე მოგვეხერხებინა ექსპედიციისთვის განკუთვნილ მცირე ვადაში.

Read More



24.02. 1957  (თბილისი) – 05. 09. 1998  (თბილისი) – ეთნომუსიკოლოგი, მუსიკისმცოდნეობის კანდიდატი. 1981 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკისმცოდნეობის ფაკულტეტი ფოლკლორის სპეციალობით (პროფ. გრიგოლ ჩხიკვაძის ხელმძღვანელობით).  ეწეოდა საშემსრულებლო, პედაგოგიურ და სამეცნიერო მუშაობას. სტუდენტობის წლებიდან სიცოცხლის ბოლომდე ეწეოდა აქტიურ ფოლკლორულ-შემკრებლობით მუშაობას.  ანსამბლ “მთიების” დამაარსებელი და უცვლელი ხელმძღვანელი. საბავშვო სტუდია “ამერ-იმერის” შემქმნელი და ხელმძღვანელი.

Read More



დაბ. 29. 01. 1929. – 07. 2009. 1953 წელს დაამთავრა თბილისის კონსერვატორია ფორტეპიანოს სპეციალობით, 1961 წელს – მოსკოვის კონსერვატორიის მუსიკისმცოდნეობის ფაკულტეტი მუსიკის თეორიის სპეციალობით. 1961-1985 წწ. პედაგოგად მუშაობდა თბილისის კონსერვატორიისთეორიის კათედრაზე. შემდეგ 2007 წლამდე – მეცნიერთა-ნამშრომლად ქართული ხალხური შემოქმედების კათედრაზე. გამოქვეყნებული აქვს კვლევები ქართული ხალხურ-სასიმღერო მრავალხმიანობის საკითხებზე. ბოლო წლებში მუშაობდა ქართული მრავალხმიანი სიმღერის სხვადასხვა დიალექტის კილო-ინტონაციური წყობის პრობლემებზე.

Read More



დაბ. 12. 02. 1953 წ. ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი. ტმკსც-ის საზღვარგერეთული ბიუროს ხელმძღვანელი. მელბურნის უნივერსიტეტის მუსიკის ფაკულტეტის მეცნიერ-მკვლევარი. ფუმიო კოიცუმის სახელობის პრიზის ლაურეატი (2010) (ეს პრიზი იოსებ ჟორდანიას მიენიჭა ხალხური მრავალხმიანობის კვლევასა და მრავალხმიანობის წარმოშობის ახალი მოდელის შემუშავებაში).
1978 წ. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკისმცოდნეობის ფაკულტეტი ფოლკლორის სპეციალობით, 1981 წ. კი ასპირანტურა პროფ. გრიგოლ ჩხიკვაძის ხელმძღვანელობით. იყო ქართული ხალხური მუსიკალური შემოქმედების კათედრის პედაგოგი და მეცნიერ-თანამშრომელი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხმელთაშუა ზღვის კულტიროლოგიის სამეცნიერო ცენტრის მუსიკის სექციის გამგე. საკანდიდატო დისერტაცია: “მოდულაცია აღმოსავლეთ საქართველოს ბურდონულ სიმღერებში” (1982), სადოქტორო დისერტაცია “Грузинское традиционное многоголосие в международном контексте многоголосных культур” (1991) კიევის სახელმწიფო კონსერვატორია.

იოსებ ჟორდანიას აქტიურმა სამეცნიერო მოღვაწეობამ დიდი როლი ითამაშა ხალხური მრავალხმიანობის კვლევის თანამედროვე ეთნომუსიკოლოგიის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად ჩამოყალიბებაში. იოსებ ჟორდანია არის ოთხი მონოგრაფიის და 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი (მესამე, ორტომიანი მონოგრაფია მალე გამოიცემა პორტუგალიაში).



 დაბ. 25. 07. 1957. ეთნომუსიკოლოგი. მუსიკოლოგიის დოქტორი (2009), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, თბილისის კონსერვატორიის ფოლკლორის ლაბორატორიის სპეციალისტი, ქალთა ფოლკლორული ანსამბლის „მზეთამზის“ თანადამაარსებელი და წევრი. იკვლევს ქართული ტრადიციული მუსიკის სემანტიკის პრობლემებს, საბავშვო და ბავშვთა ფოლკლორს, ქართულ-ჩრდილოკავკასიურ პარალელებს. მონაწილეობს რესპუბლიკურ თუ საერთაშორისო სიმპოზიუმებში, სხვადასხვა პროექტში; არის ფოლკლორისტული ექსპედიციების მონაწილე და ხელმძღვანელი. გამოცემული აქვს ტრადიციული მუსიკის სანოტო კრებულები, დისკები, მონოგრაფიები ქართველ ლოტბარებზე (წიგნმა „პოლიკარპე ხუბულავა“ 2015 წლის საუკეთესო სამუსიკისმცოდნეო ნაშრომის ნომინაციაში გაიმარჯვა). აქვს უცხოეთში ქართული ხალხური სიმღერის სწავლების გამოცდილება.

Read More

cover


2010 წელს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა გამოსცა ეთნომუსიკოლოგიური ნაშრომების ინგლისურენოვანი კრებული `ექო საქართველოდან: ჩვიდმეტი არგუმენტი ქართული მრავალხმიანობის შესახებ” (Echoes from Georgia: Seventeen Arguments on Georgian polyphony). პროექტი განხორციელდა ამერიკული გამომცემლობის Nova Science Publishers-ის მხარდაჭერით, გამომცემლობის პრეზიდენტის ბ-ნ ფრენკ კოლუმბუსისა და ვიცეპრეზიდენტის, ქ-ნ ნადია გოცირიძე-კოლუმბუსის უშუალო მონაწილეობით, რისთვისაც ქართველი ეთნომუსიკოლოგები მათ მიმართ უსაზღვრო მადლიერებას გამოხატავენ.

Read More



19.07. 1981. Ethnomusicologist, Doctor of Arts; was born on 19 July, 1981, in Tbilisi. In 2002 graduated from Tbilisi state Conservatoire, Bachelor of Music History. Defended dissertation: “Georgian Round-dance Songs: Peculiarities of Musical Language”. Since 2004 has been a specialist at the Laboratory of Georgian Folk Music Department of Tbilisi State Conservatoire. Since 2008 has been a teacher at E. Mikeladze Tbilisi Central Music School; worked at the State Folklore Centre of Georgia in 2008-2012;  in 2008-2012 was a music presenter and author of ethnomusicological programs at FolkRadio: “history of one song”, Georgian musical dialects”, “A genre”, since 2015 has been Assistant professor at V.Sarajishvili Tbilisi state Conservatoire.

Has participated in about 20 folk music expeditions; is a former member of ensemble “Pesvebi” and “Conservatoire ensemble”; directs ensemble “Akhalukhlebi”. His scholarly interest is Georgian round-dance songs.

Read More