|

რუსუდან წურწუმია
- ტმკსც-ის დირექტორი
|
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასთან არსებული ტრადიციული მრვალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრი დაარსდა 2003 წელს კონსერვატორიის ქართული ხალხური მუსიკალური შემოქმედების კათედრის, ქართული ხალხური მუსიკალური შემოქმედების კაბინეტისა და ძველი საერო და სასულიერო მუსიკის ლაბორატორიების ბაზაზე.
საქართველოში ასეთი ცენტრის შექმნის იდეა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიისა და კომპოზიტორთა კავშირის მიერ ორგანიზებული მრავალხმიანობისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენციების მონაწილეებს გაუჩნდათ გასული საუკუნის 80-იან წლებში. ამ კონფერენციებმა (1984, 1986,1988) იმპერიის პერიფერიისათვის უჩვეულო მასშტაბი შეიძინეს და მათში მაშინდელი საბჭოთა კავშირის მეცნიერებთან ერთად უცხოელებიც მრავლად მონაწილეობდნენ.
საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური და ეკონომიკური სირთულეების გამო შეწყვეტილი ტრადიცია თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიამ მხოლოდ 1998 წელს აღადგინა. მომდევნო საერთაშორისო კონფერენცია 2000 წელს გაიმართა ფონდ ''ღია საზოგადოება - საქართველოს'' მხარდაჭერით. აქედან მოყოლებული ასეთი სამეცნიერო ფორუმები, უკვე ტრადიციისამებრ, ორ წელიწადში ერთხელ ტარდება.
მრავალხმიანობის ცენტრის შექმნის იდეას მხარი დაუჭირეს 2002 წლის ტრადიციული მრავალხმიანობის პირველი საერთაშორისო სიმპოზიუმის (2002) მონაწილეებმაც - მსოფლიოს ცნობილმა ეთნომუსიკოლოგებმა და სიმპოზიუმის სტუმარმა, იუნესკოს გენერალური დირექტორის წარმომადგენელმა, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სექტორის მაშინდელმა დირექტორმა ქალბატონმა ნორიკო აიკავამ, რასაც 2003 წელს კონსერვატორიაში ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრის (ტმკსც) დაარსება მოჰყვა.
იუნესკოს მხარდაჭერა გადამწყვეტი აღმოჩნდა ცენტრის მომავალი წარმატებული საქმიანობისათვის. 2003-2006 წლებში ცენტრმა განახორციელა იუნესკოსა და Japanese Funds-in Trust –ის ერთობლივი პროექტის ''ქართული პოლიფონიის დაცვა და განვითარების'' კვლევითი ნაწილი, რამაც საფუძველი ჩაუყარა ცენტრის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს. პროექტის პრაქტიკული ნაწილი განახორციელა ქართული ხალხური სიმღერის საერთაშორისო ცენტრმა (ხელ-ლი ანზორ ერქომაიშვილი).
იუნესკოს არამატერიალური მემკვიდრეობის დაცვის კონვენციის შესაბამისად ცენტრის მუშაობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება ქართული და საქართველოში მცხოვრები ერების, კავკასიისა და მსოფლიოს სხვა ხალხების მრავალხმიანობის საინფორმაციო ბანკის შექმნაა; ცენტრის მიზანია მრავალხმიანობით დაინტერესებული მკვლევარების ერთმანეთთან დაკავშირება, ამ სფეროში არსებული სხვადასხვა ენებზე და სხვადასხვა დროს გამოცემული მასალების და ჩანაწერების თავმოყრა და მკვლევარებისა და ფართო საზოგადოებისათვის გაცნობა.
ამ მიზანს ემსახურება ტრადიციული მრავალხმიანობის საერთაშორისო სიმპოზიუმები და მათზე წაკითხული მოხსენებების კრებულების გამოცემა. თბილისის სიმპოზიუმებზე 2002, 2004, 2006 და 2008 წლებში უკვე წარმოდგენილი იყო გამოკვლევები ქართული, ბულგარული, სამხრეთ-აღმოსავლეთ არაბული, ალბანური, ავსტრიული, უკრაინული, ხორვატული, იტალიური, ფრანგული, ბასკური, კორსიკული, ტანზანიური, რუსული, ცენტრალური აზიის, ინდონეზიური, გვინეური, ლატვიური, ლიტვური, ესტონური, სლოვაკური, პოლინეზიური, ბოსნია-ჰერცოგოვინას, ტაივანის, აფრიკელი პიგმეების, ბანდა-ლინდას მრავალხმიანობის შესახებ.
გარდა ამისა, ცენტრი ახორციელებს სხვადასხვა სახის პროექტებს, მათ შორის, უცხოელ კოლეგებთან თანამშრომლობით. 2005 წელს ცენტრმა ვენის ფონოგრამარქივის დახმარებით ციფრულ მატარებელზე გადაიტანა საქართველოში დაცულ ფონოგრაფის ცვილის ლილვაკებზე 1920-50-იან წლებში ჩაწერილი აუდიომასალა, ხოლო 2006-2008 წლებში საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გამოსცა მისი კატალოგი და 16 კომპაქტისკი ''ხმები წარსულიდან. ქართული ხალხური სიმღერები ფონოგრაფის ცვილის ლილვაკებიდან''. 2009 წლისათვის ცენტრი ამერიკულ გამომცემლობა Nოვა შციენცე Pუბლისჰერ-თან ერთად გამოსაცემად ამზადებს კრებულს ''ექო საქართველოდან: 17 არგუმენტი მრავალხმიანობის სასარგებლოდ''
ცენტრი არის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის შემადგენელი ნაწილი. მას ჰყავს დირექტორი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი რუსუდან წურწუმია.
ცენტრის დირექტორის მოადგილეა მაია კაჭკაჭიშვილი, რომელიც ცენტრის საერთაშორისო ურთიერთობებს აწესრიგებს.
ცენტრის სპეციალისტი თამაზ გაბისონია
ცენტრის სპეციალისტი მაკა ხარძიანი
ცენტრს ავსტრალიაში აქვს საზღვარგარეთული ბიურო, რომელსაც ხელმძღვანელობს მელბურნის უნივერსიტეტის პროფესორი, დოქტორი იოსებ ჟორდანია.
ცენტრს აქვს საერთაშორისო სამეთვალყურეო საბჭო, რომლის შემადგენლობაში არიან:
დრ. პროფ. დიეტერ ქრისტენსენი (აშშ/გერმანია)
დრ. პროფ. იზალი ზემცოვსკი (აშშ/რუსეთი)
დრ. პროფ. სიმჰა არომი (საფრანგეთი)
დრ. პროფ. ფრანც ფოიდერმაირი (ავსტრია)
დრ. პროფ. სუზან ციგლერი (გერმანია)
დრ. პროფ. პოლო ვალეჰო (ესპანეთი)
დრ. პროფ. მიხეილ ლობანოვი (რუსეთი)
დრ. პროფ. დაივა რაჩიუნაიტე-ვიჩინიენე (ლიტვა)
|