ENGGEO
 
   
ძიება საიტზე
 
ქართული სასულიერო მუსიკა ქრისტიანული სამყაროს ერთ-ერთ უძველეს კულტურულ შრეს განეკუთვნება. I საუკუნეში დასავლეთ სქართველოში ქრისტიანობა იქადაგეს ანდრია პირველწოდებულმა და სვიმონ კანანელმა. IV საუკუნეში აღმოსავლეთ საქართველოში ქრისტიანობა იქადაგა მოციქულთსწორმა წმიდა ნინო კაპადოკიელმა. 337 წლიდან ქრიატიანობა საქართველოს სახელმწიფო რელიგიაა. IV საუკუნეში შეიქმნა მცხეთის (ძველი დედაქალაქი) კათოლიკოსატი. 488 წელს საქართველოს ეკლესიამ ავტოკეფალია მიიღო. დოკუმენტური მასალა ადასტურებს, რომ VI საუკუნის ბოლოს მცხეთის კათოლიკოსატის 35 ეპარქიაში ღვთისმსახურება ქართულად აღესრულებოდა.

ქართული სასულიერო მუსიკის ისტორიაში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მდებარე მონასტრებში არსებულ საგანმანათლებლო კერებს. V-VIII საუკუნეებში პალესტინაში და სინას მთაზე ოცამდე ქართული სავანე ყოფილა. მათ შორის გამოირჩეოდა საბა


ათონის ივერთა მონასტერი

განწმენდილის ლავრა. საბას ლავრის დაცემის შემდეგ IX-X საუკუნეებში საგანმანათლებლო მუშაობა გრძელდება ისეთ ცნობილ მონასტრებში, როგორიცაა ჯვრის მონასტერი იერუსალიმში, წმიდა ეკატერინეს მონასტერი სინას მთაზე, ივირონი ათონის მთაზე, პეტრიწონი ბულგარეთში, სადაც ბერძნულიდან ითარგმნებოდა და და იმავდროულად იქმნებოდა ორიგინალური ქართული ლიტურგიკული და ჰიმნოგრაფიული ძეგლები. ქართული ხელნაწერები ასახავენ ბიზანტიური და ქართული სასულიერო პოეზიისა და მუსიკის ტრადიციას მოყოლებული VI საუკუნიდან და შეიცავენ ადრებიზანტიური ღვთისმსახურების ამსახველ იშვიათ მასალას.

ბუნებრივია, რომ ქართული სასულიერო მუსიკა თავდაპირველად ბიზანტიურ ტრადიციებს ეყრდნობოდა და ქართულ საეკლესიო გალობას პირდაპირი კავშირი ჰქონდა ბიზანტიურ სამგალობლო პრაქტიკასთან. საწყის ეტაპზე ფსალმუნური ელემენტი იყო წამყვანი, რაც კარგად ჩანს უძველესი იადგარის (ტროპოლოგიონის) ადრინდელ ნუსხებშიც. ჰიმნოგრაფია საქართველოში არაუგვიანეს VII საუკუნისა იწყება. რვა ხმის სისტემის დაკანონების შედეგად მუსიკოსი-ჰიმნოგრაფები, რომელთაც მეხელები ეწოდებოდათ, ბერძნულიდან თარგმნიან ჰიმნოგრაფიულ კანონებს და კანონიკურ ჰანგს ადებენ ტექსტს. ღვთისმსახურების ქართული პრაქტიკის სიძველეზე მიუთითებს ის გარემოება, რომ კანონს აქ გალობანი ეწოდება, ვინაიდან მისი საფუძველია ბიბლიური გალობანი. ბერძნულისაგან განსხვავებით ქართულ პრაქტიკაში თითოეული გალობა (ოდა) სახელდებულია უძველესი ბიბლიური ჰიმნების საწყისი სიტყვებით.

ქრისტიანულ გალობას საქართველოში დახვდა წარმართული მრავალხმიანი განვითარებული ვოკალური მუსიკა, რომლის ნიმუშებმა დღემდე მოაღწია. ცხადია, რომ ერის ცნობიერებაში არსებულმა მუსიკალურმა ტრადიციებმა – მრავალხმიანობამ, კილოურმა სისტემამ, პოლიფონიური ფორმებით აზროვნების პრინციპმა თანდათან შეაღწია ბერძნული ჰანგის მატარებელ საგალობელში. განსაკუთრებით ეს პროცესი უნდა გააქტიურებულიყო რიტმული პოეზიის ნიმუშების ბერძნულიდან თარგმნის პროცესში, ბერძნული (ტონური) და ქართული (სილაბური) ენების განსხვავებული სტრუქტურების გამო, რამაც ძლისპირის ჰანგის გაქართულება მოითხოვა. მკვლევარები თვლიან, რომ ქრისტიანობის მიღებასთან ერთად ღვთისმსახურების ქართულ პრაქტიკაში დამკვიდრებული ერთხმიანი ბერძნული გალობა არაუგვიანეს X საუკუნისა შეიცვალა ქართული გალობით. ამის დასტურია პირველ ყოვლისა ნევმირებული იადგარები (Xს.), სადაც სამუსიკო ნიშნების დამოუკიდებელი სისტემაა გამოყენებული და აგრეთვე უკანასკნელ დროს გიორგი მთაწმიდლის პარაკლიტონში (XIს.) აღმოჩენილი ანდერძ-მინაწერი, სადაც იგი პირდაპირ მიუთითებს ძლისპირზე ქართული ავაჯის დადების შესახებ.

უძველეს ქართულ ჰიმნოგრაფიულ ძეგლებში დაცულია საგალობელთა სახელწოდებები (მათ შორის: დასდებელი, წარდგომა, იბაკო, უფალო ღაღადვყავი, ოხითა, სტიქარონი) და ქართული მუსიკალურ-ლიტურგიკული ტერმინები, რომლებიც პირველად ქართულ ლექციონარში ფიქსირდებიან (VIIს.) და დღესაც იხმარებიან ღვთისმსახურებაში. მათ შორის: მიმოგდებით გალობა (ანტიფონური გალობა), წართქმა (რეჩიტატივი) და სხვა. ჰიმნოგრაფიული კრებულის ერთ-ერთ ადრინდელ ნაირსახეობად ღვთისმსახურების ქართულ პრაქტიკაში ჩანს იადგარი (დღემდე მოღწეულია VIII-X საუკუნეების ნუსხების სახით), რომელშიც ერთიანდებოდა სხვადასხვა ლიტურგიკული დანიშნულების ჰიმნები – მათ შორის მარხუან-ზატიკის, ოქტოიხოსის, პარაკლიტონის. შვიდეულის დღეებისათვის განკუთვნილ ჰიმნოგრაფიულ კრებულს ქართულ პრაქტიკაში პარაკლიტონი ეწოდება. მისი შემადგენელი ნაწილებია ხმანი (შვიდეულის საგალობლები 4 ძირითად ხმაზე) და გუერდნი (შვიდეულის საგალობლები 4 დამხმარე ხმაზე). დიდმარხვის საგალობელთა წიგნს ეწოდება მარხუანი, აღვსების პერიოდისას კი ზატიკი. VIII საუკუნის ძეგლებში დასტურდება საგალობლის შესრულების დღეისათვის არსებული ყველა ძირითადი ფორმა: რესპონსორული გალობა (ფსალმუნთა კითხვის დროს), ხმის მიმოგდებით (ანტიფონური) გალობა და გარდამოთქმა (რეჩიტატიული გალობა). ქართულმა ეკლესიამ ზოგადქრისტიანული ღვთისმსახურების პრაქტიკიდან საგალობელთა ტრადიციული ჟანრები მიიღო, მაგრამ ამასთან ერთად, შექმნა და საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა ქართული სახელწოდებები, რომლებიც აზუსტებენ ამა თუ იმ საგალობლის ფუნქციას და მის ადგილს მსახურებაში (ოხითა, დასდებელი, ძლისპირი და სხვ.)


მიქაელ მოდრეკილის ხელნაწერი

X საუკუნის საგალობლების კრებულებში პირველად ჩნდება ნევმური ნოტაცია, რომლის სემიოგრაფია და ტექსტზე განთავსება განსხვავდება თანადროული პალეობიზანტიური ნევმური სისტემისაგან და ქართული ნევმური დამწერლობის აუთენტურობაზე მიუთითებს. ნევმების ეს სისტემა (ისევე, როგორც პალეობიზანტიური) გაშიფრული არ არის და ამიტომ ძნელია საგალობელთა ჰანგის რაგვარობის დადგენა. თუმცა, აშკარა სხვაობა თანადროულ, ლიტურგიკული ფუნქციის მხრივ ადექვატურ ბერძნულ და ქართულ ნევმირებულ ძეგლებს შორის გვაფიქრებინებს, რომ ამ დროის ქართული საგალობელი დამოუკიდებელ კილოზეა აგებული. გარდა ამისა, ქართული საგალობელი მრავალხმიანია, ბერძნული კი ერთხმიანი. ვინაიდან მრავალხმიანობა ქართველი ერის ცნობიერების განუყოფელი ნაწილია, მისი სამუსიკო აზროვნების ძირითადი ფორმაა, ამიტომ სავსებით ბუნებრივია, დროთა განმავლობაში იგი გამიჯნოდა ერთხმიან ბერძნულ გალობას და თავისათვის ორგანული მრავალხმიანი გალობა დაემკვიდრებინა ღვთისმსახურებაში. G

განსაკუთრებულ აღმავლობას ორიგინალური ქართული ჰიმნოგრაფია X-XII საუკუნეში ტაო-კლარჯეთსა და ათონზე მოღვაწე ჰიმნოგრაფთა შემოქმედებაში აღწევს. სწორედ ამ პერიოდს განეკუთვნება მიქაელ მოდრეკილის ცნობილი ნევმირებული იადგარი, სადაც თავმოყრილია მის მიერ შეკრებილი უცხო და ქართველი ავტორების საგალობლები. XI საუკუნით თარიღდება გიორგი მთაწმიდელის უნიკალური “თთუენი ათორმეტნივე სრულად ღმრთივბრწყინვალედ”, რომლის მსგავსი კრებული სრულყოფილების მხრივ ბერძნულ პრაქტიკაშიც არ ყოფილა.

ნევმური დამწერლობა გვხვდება XVIII საუკუნის ხელნაწერებში და შენარჩუნებულია XX ს. დასაწყისამდე. ქართული გალობის ფიქსირების კიდევ ერთ სისტემას წარმოადგენს ჭრელი, სადაც საგალობლის ჰანგი ვერბალურადაა განმარტებული. ჭრელის სისტემა პირველად ერთ უზარმაზარ კრებულად გაერთიანებულ, ყველა მსახურებისათვის განკუთვნილ საგალობელთა კრებულში, ე.წ. გულანში ჩნდება XVII საუკუნეში და მომდევნო ორ საუკუნეშიც ინარჩუნებს არსებობას. დამწერლობის მესამე ტიპი, რომელიც ღვთისმსახურების ქართულ პრაქტიკაშია დაფიქსირებული, ეკფონეტიკური ნიშნების სისტემაა. საქართველოში დაცულია უძველესი ბერძნული ტაბულის (ჩოდ. Lეიმონ 38) თანადროული ეკფონეტიკური ნიშნების ტაბულები გელათის სახარებასა (XIIს.) და შიო მღვიმის ტიპიკონში (XIIIს.)

იმის გამო, რომ ქართველ წმინდანთა დასიდან ბერძნულ ეკლესიაში მხოლოდ რამდენიმე იქნა შეტანილი, ქართულმა ეკლესიამ თვითონ მოახდინა წმინდანთა კანონიზაცია. ამან კი ბიძგი მისცა წმინდანებისადმი მიძღვნილი ჰიმნების შექმნას. წმინდანთა შესხმის საგალობელთა კრებულს ქართულ პრაქტიკაში მინასიპი ეწოდება.

განვითარების გზაზე ქართულ სასულიერო მუსიკას ბევრი სირთულე შეხვდა. პირველ ყოვლისა ეს იყო გაუთავებელი ომები მუსლიმურ გარემოცვაში მყოფი ქრისტიანული ქვეყნისა თავისი რწმენისა და ტრადიციების გადასარჩენად. არც ქრისტიანულ რუსეთთან შეერთებამ (1801 წელს) გამოიღო სასურველი შედეგი, ვინაიდან გაუქმდა მრავალსაუკუნოვანი ავტოკეფალია (1811 წელს) და დაიწყო გართული გალობის დევნა. ქართულ ენაზე და ქართულ კილოზე გალობა თითქმის მთლიანად აიკრძალა საქართველოს ეკლესიებში. ღუსეთში მომხდარი რევოლუციის შედეგად 1917 წელს აღდგა სახელმწიფოებრიობა და ქართული ეკლესიის ავტოკეფალია, მაგრამ ახალმა იდეოლოგიამ ბრძოლა გამოუცხადა ეკლესიას, რამაც საგრძნობლად შეაფერხა ქართული გალობის შემდგომი განვითარება. მხოლოდ “პერესტროიკის” დროს დაწყებულმა პროცესებმა, შემდეგ კი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენამ პირობები შექმნა იმისათვის, რომ ქართული გალობა დაბრუნებოდა თავის მრავალსაუკუნოვან ტრადიციებს.

ქართული გალობის განსაკუთრებულ თავისებურებას წარმოადგენს მისი მრავალხმიანი ბუნება. ქართული საგალობელი მხოლოდ და მხოლოდ სამხმიანია. გალობის შემადგენელი ხმების სახელწოდებები – მზახრ, ჟირ და ბამ პირველად დაფიქსირებულია XI საუკუინის ძეგლში (ავტორი იოანე პეტრიწი). მრავალხმიანობა სასულიერო მუსიკაში ქართული ხალხური მუსიკალური ტრადიციიდან მომდინარეობს და რთულ პოლიფონიურ ფორმებში ვლინდება. საუკუნეთა განმავლობაში საქართველოში ჩამოყალიბდა სხვადასხვა სამგალობლო სკოლები, რომელთაც შექმნეს თავისი ტრადიციები, თავისებური კილო გალობისა. ამასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ რვა ხმის სისტემაში, ერთი ხმის ფარგლებში საგალობელთა ცალკეულ ჟანრებს საკუთარი კანონიკური ჰანგი გააჩნიათ. კანონიკური მელოდია ყოველთვის ზედა ხმაშია მოცემული დანარჩენი ხმები შემბანებლები, ანუ შემხმობარები არიან ძირითადი კანონიკური ჰანგისა.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში უაღრესად ძლიერია ზეპირი გადაცემის ტრადიცია (სწორედ ამის წყალობით მოაღწია დღემდე წარმართობის დროინდელმა ქართულმა სიმღერებმა), ისტორიულმა გარემოებებმა მოითხოვა ქართული გალობის ხუთხაზიან სისტემაზე გადატანა. XIX საუკუნის ბოლოს დაიწყო საგალობლების ინტენსიური ჩაწერა, რამაც დაკარგვას გადაარჩინა ასობით უნიკალური ნიმუში. ეს საგალობლები ამჟამად საქართველოს სახელმწიფო ხელნაწერთა ინსტიტუტშია დაცული.

სიმპოზიუმი
მონაცემთა ბაზა
ბიულეტენი
გამოცემები
 
Created By: Pro-Service
Copyright 2008 International Research Center For Traditional
Polyphony Of Tbilisi State Conservatory