მრავალხმიანობის კერები

საჰარის უდაბნო



მიუხედავად იმისა, რომ საჰარის უდაბნო და მიმდებარე ტერიტორიები ტრადიციულად ჩრდილოეთ აფრიკის შემადგენელ ნაწილად აღიქმება (ალბათ რელიგიური ერთობის გამო), მუსიკალურად ეს რეგიონი პრინციპულად განსხვავდება როგორც ერთხმიანი ჩრდილოეთ აფრიკისაგან, ისე მრავალხმიანი სუბ-საჰარის აფრიკისაგან.

საჰარის უდაბნოსა და მიუვალი მთების პირობების გამო ეს რეგიონი ძალიან მეჩხერად არის დასახლებული. საჰარა არის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე უწყლო რეგიონი, სადაც დღესაც სახლობენ ტუარეგები და ბერბერები, რომლებსაც ოდესღაც მთელი ჩრდილოეთ აფრიკა ეკავათ ხმელთეშუა ზღვამდე (ცნობილი ჰანიბალი, რომელიც რომაელებს ებრძოდა, ბერბერი იყო).

არაბული ტომების შემოჭრის მერე ტუარეგებმა და ბერბერებმა თავი შეაფარეს საჰარის არასტუმართმოყვარე სივრცეებს, და დღემდე შემოინახეს ყოფისა და კულტურის უნიკალური ელემენტები. ვოკალური მრავალხმიანობა წარმოადგენს ტუარეგების და ბერბერების ტრადიციული კულტურის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილს. უაღრესად საყურადღებოა, რომ ტუარეგების და ბერბერების მრავალხმიანობას ფაქტიურად არა აქვს არავითარი სიახლოვე საჰარის სამხრეთით მდებარე აფრიკის მოსახლეობის მდიდარ მრავალხმიან ტრადიციებთან. ამავე დროს, ტუარეგების და ბერბერების მრავალხმიანობა აშკარა პარალელებს ავლენს ხმელთაშუა ზღვის ჩრდილოეთ (ევროპულ) ნაწილში შემორჩენლ მრავალხმიან ტრადიციებთან. განსაკუთრებით საინტერესოა ბურდონის (უფრო ზუსტად რეჩიტაციული ბურდონის) უდიდესი როლი როგორც ევროპული ხმელთაშუაზღვისპირეთის, ისე ტუარეგებისა და ბერგერების მრავალხმიან ტრადიციებში.

აქვე საჭიროა ვახსენოთ ძველი ეგვიპტის მუსიკალური კულტურაც. მართალია, ძველი ეგვიპტიდან ჩვენ არა გვაქვს იმდენი ცნობები, რამდენიც, მაგალითად, ძველი წინა აზიიდან ან ჩრდილოეთ ევროპიდან, მაგრამ მაინც არის მონაცემები, რომლის მიხედვითაც ნათელი ხდება, რომ მრავალხმიანობა არ იყო უცხო ძველი ეგვიპტის მუსიკალური კულტურისათვის. ჰეირონიმიული (ხელების მოძრაობის) გამოსახულების ანალიზზე დაყრდნობით ცნობილმა ეგვიპტოლოგმა ჰანს ჰიკმანმა წამოაყენა მოსაზრება, რომ ძველ ეგვიპტეში გავრცელებული იყო ბურდონული ორხმიანობა. თუ გავითვალისწინებთ, რომ ბურდონული მრავალხმიანობა დღესაც ფართოდ არის გავრცელებული ჩრდილოეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში (და საერთოდ, ევროპაში), ისევე როგორც ტუარეგების და ბერბერების მუსიკალურ კულტურებში, მოსაზრება ძველ ეგვიპტეში ბურდონული მრავალხმიანობის არსებობის შესახებ კიდევ უფრო მეტ დამაჯერებლობას იძენს.

საჰარაში მრავალხმიანობის ნიმუშები

ტუარეგების ქორწილი  

Share it on