მრავალხმიანობის კერები

ალბანეთი

ალბანური მრავალხმიანობა ხანგრძლივი დროის მანძილზე საერთოდ უცნობი იყო ევროპული სამეცნიერო სამყაროსათვის, მხოლოდ 50-იანი წლების ბოლოსათვის გამოჩნდა პირველი პუბლიკაციები ამ თემაზე, საიდანაც გაირკვა, რომ დღეისათვის ალბანეთი ერთ-ერთი მძლავრი და ორიგინალური მრავალხმიანობის ტრადიციის მქონე ქვეყანაა. (ალბანური ბურდონული მრავალხმიანობა იუნესკოს მიერ გამოცხადებულ იქნა “კაცობრიობის არამატერიალური მემკვიდრეობის შედევრად”).

ალბანეთი პირობითად იყოფა ორ ნაწილად – ჩრდილოეთ და სამხრეთ ალბანეთად. მრავალხმიანობა ორივე ნაწილშია გავრცელებული, თუმცა არათანაბრად. ჩრდილოეთში ის უფრო იშვიათია, ძირითადად გვხვდება ჩრდილოეთ ალბანეთის დასავლეთ, მთიან მხარეში. ესაა ბალკანეთში ცნობილი ბურდონული მრავალხმიანობა სეკუნდური ინტერვალებით. საერთოდ ამ ტერიტორიაზე ძველებური სასიმღერო სტილი უფრო კარგად არის შემორჩენილი.

ქვეყნის სამხრეთი გაცილებით უფრო მრავალხმიანია. აქ გამოყოფენ რამდენიმე რეგიონს: ჩამებს, ლაბებს, მუზიკეს. აქ ყველგან გავრცელებულია ბურდონული ტიპის მრავალხმიანობა, ორი- და სამხმიანობა. გარდა ამისა, ვხვდებით ოთხხმიანობის მაგალითებსაც.

ბურდონი ალბანეთში ცნობილია სახელწოდებით “ისო” (ეს სახელწოდება ბიზანტიაშიც გამოიყენებოდა).

მრავალხმიანობის ფორმები შეგვიძლია პირობითად დავყოთ ორ ნაწილად: ერთში ბატონობს წმინდა ბურდონი, მას ასრულებს გუნდი ერთ ნოტაზე, უმეტესად ე-ზე. მის ფონზე ორი სოლისტი იმპროვიზირებს, განავითარებს მელიზმატიკურად მდიდარ მელოდიურ ხაზს.

ალბანური სიმღერების მელოდიას ახასიათებს დაღმავალი მიმართულება, ტალღოვენი დაშვება სისტემის ცენტრამდე (ბურდონზე). თვითონ ბურდონი უძრავია, არ ასრულებს მოდულაციას ან საკადანსო სვლებს. სიმღერის დასრულებისას ყოველგვარი ცვლილების გარეშე, ბურდონი გლისანდოთი ჩამოცურდება ქვემოთ და სამღერაც ასე სრულდება. ასეთი ტიპის მრავანხმიოანობა არის გავრცელებული ე.წ. “ჩამებს” შორის.

ალბანური მრავალხმიანობის მეორე ფორმაც ბურდონულია, მაგრამ ემყარება ხმათასვლის სხვა პრინციპებს. აქ ბურდონი რეჩეტატიულია და სხვა ხმებთან ერთად წარმოთქვამს სიტყვიერ ტექსტს. ზედა ხმები მოკლებულია მელიზმატიკას და უფრო გამოკვეთილად იყოფა ზედა და შუა ხმებად. ხმათა დიაპეზონი არ ცდება კვინტა-საქსტას. შუა ხმა იშვიათად ამეტებს კვინტის ჩარჩოს. მრავალხმიანობის ამ ფორმაში ხშირია სამხმიანი დისონირებული აკორდები—სეკუნდა, კვარტა, კვინტისაგან შემდგარი ხმოვანებებით. აქ მეფობს სამხმიანობის ტრადიცია, ზოგჯერ გვხვდება ოთხხმიანობაც. ასეთი სიმღერის ტრადიცია გავრცელებულია ე.წ. “ლაბებს” შორის, რომლებიც ყველაზე მიუვალ მთებში ცხოვრობენ და ყოფის ყველაზე არქაული ფორმებით გამოირჩევიან.

აღსანიშნავია, რომ ალბანური მრავალხმიანი სიმღერების უმეტესობა წრიული საფერხული სიმღერებია. ბალკანეთის ბევრი სხვა ქვეყნისაგან განსხვავებით, ალბანეთში მრავალხმიანობას კაცებიც და ქალებიც მღერიან. თუმცა, ალბანეთში დღესაც მკაცრად იცავენ ქალთა და მამაკაცთა ცალ-ცალკე მღერის ტრადიციას. მამაკაცთა სიმღერები უფრო ენერგიული, რიტმიულად თავისუფალი და მელიზმატიკურად მორთულია, ვიდრე ქალთა სიმღერები. თანამედროვე, ევროპული სტილის ზეგავლენით შექმნილი მრავალხმიანობის ფორმები პარალელურ ტერციებსა და სექსტებს ემყარება. ეს სასიმღერო სტილი ძალზე პოპულარულია სამხრეთ ალბანეთის ქალაქებში.

Share it on