ქართული ხალხური შემოქმედების ლაბორატორია

თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ქართული ხალხური მუსიკალური შემოქმედების ლაბორატორია

1935 წლიდან შეიქმნა ქართული მუსიკის კაბინეტი, რომელიც 1946 წელს მუსიკის ისტორიის კათედრის დამოუკიდებელ სტრუქტურულ ერთეულად – ქართული ხალხური მუსიკალური შემოქმედების ლაბორატორიად ჩამოყალიბდა. მას ხელმძღვანელობენ: გრიგოლ ჩხიკვაძე (1935-1939, 1947-1949), ვლადიმერ ახობაძე (1953-59), კახი როსებაშვილი (1959-74), თემურ ერისთავი (1974-75), მერაბ ოდიშარია (1975-77), რუსუდან ქუთათელაძე (1977-81), ქეთევან ბაიაშვილი (1981-89), ქეთევან მათიაშვილი (1989-დღემდე).
კონსერვატორიის არქივის დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ აქ უმუშავიათ: დიმიტრი არაყიშვილს, ვალენტინა კუფტინას, შალვა მშველიძეს, შალვა ასლანიშვილს, იონა ტუსკიას, გრიგოლ კილაძეს, გრიგოლ კოკელაძეს, ნიკოლოზ შარაბიძეს. სხვადასხვა დროს ლაბორატორიის თანამშრომლები იყვნენ: ლია აბულაძე, ციცო ხომერიკი, ირაკლი ხატიაშვილი, ციალა ლუაშვილი, ედიშერ გარაყანიძე, ნატალია ზუმბაძე, მარიამ ოსიტაშვილი, თამაზ გაბისონია, თინათინ ჟვანია, თამარ ჭოხონელიძე, თეა გოგოტიშვილი, თამარ დგებუაძე, მაკა ხარძიანი, ეკატერინე დიასამიძე, მაგდა სუხიაშვილი; ამჟამად მუშაობას აგრძელებენ სპეციალისტები: ნინო მახარაძე, ნინო ნაკაშიძე, ნინო ფირცხალავა, ოთარ კაპანაძე და თეონა რუხაძე.

1949 წ. ფოლკლორის ლაბორატორიის ბაზაზე შეიქმნა მუსიკის ისტორიის კათედრასთან არსებული ქართული ხალხური მუსიკალური შემოქმედების განყოფილება. კათედრის წევრები, როგორც წესი, “ფეხს ლაბორატორიაში იდგამდნენ”. ქართული ხალხური მუსიკალური შემოქმედების კათედრისა და ლაბორატორიის თანამშრომლებს მრავალმხრივი განათლება ჰქონდათ (ფოლკლორისტის, ისტორიკოსის, თეორეტიკოსის, კომპოზიტორის, ეთნოლოგის). მათ შორის იყვნენ: მინდია ჟორდანია, კახი როსებაშვილი, ოთარ ჩიჯავაძე, ევსევი (კუკური) ჭოხონელიძე, ედიშერ სავიცკი, ბარამ ბარამიძე, თამარ მესხი, შემდეგ შეემატნენ: იოსებ ჟორდანია, ვლადიმერ გოგოტიშვილი. პედაგოგიურ და სამეცნიერო მოღვაწეობასთან ერთად, ბევრი მათგანი აქტიურ შემკრებლობით საქმიანობასაც ეწეოდა და ამდიდრებდა ლაბორატორიის საექსპედიციო ჩანაწერების ფონდს, რომლის პირველი ერთეულები 1927-28 წლებით თარიღდება (მხედველობაში გვაქვს შალვა მშველიძის, გრიგოლ ჩხიკვაძის, შალვა ასლანიშვილის, ვლადიმერ ახობაძის და სხვათა ლილვაკების კოლექციები). აღსანიშნავია, რომ 1966 წ. სწორედ ქართული ხალხური მუსიკალური შემოქმედების ლაბორატორიაში იქნა კომბინირებული წესით ჩაწერილი სრული მგალობელი – არტემ ერქომაიშვილი, რომელმაც გურული (შემოქმედის სკოლის) საგალობლების უნიკალური ვარიანტები შეასრულა.
კათედრისა და ლაბორატორიის უფროსი თაობის წარმომადგენელთა აქტივობაზე მეტყველებს საქართველოს ეთნოგრაფიულ რეგიონებში შეკრებილი უძვირფასესი მასალა, ნოტირებული ხელნაწერები, სამეცნიერო სესიებსა და კონფერენციებზე წაკითხული მოხსენებები, საკონცერტო-საშემსრულებლო თუ საგამომცემლო საქმიანობა, საბჭოური სივრცის მეცნიერებთან (ევგენი გიპიუსი, ზინაიდა ევალდი, ედუარდ ალექსეევი და სხვ.), უცხოელ მკვლევრებთან (ალან ლომაქსი, ერიხ შტოკმანი, ივეტ გრიმო, პიტერ გოლდი, მორიტა მინორუ და სხვ.) თანამშრომლობა.

2003 წელს ფოლკლორის კათედრისა და ლაბორატორიის ბაზაზე შეიქმნა ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრი, რომელმაც მსოფლიო და ადგილობრივი სახელმწიფო ორგანიზაციების დახმარებით განხორციელებული არაერთი წარმატებული პროექტი სწორედ მათ სპეციალისტებთან ერთად მოამზადა. დღეისათვის ლაბორატორიის ფონდში დაცულია:
1) აუდიოთეკა (საექსპედიციო ჩანაწერები, სახელმწიფო და კერძო კოლექციები, გამოცემული ფირფიტები და დისკები);
2) ვიდეოჩანაწერები;
3) ფოტოები, სლაიდები;
4) ბეჭდური მასალა (სანოტო და სამეცნიერო შრომების კრებულები, ავტორეფერატები, წიგნები, ჟურნალები, გაზეთები, თეზისები, ბუკლეტები და ა. შ.);
5) ხელნაწერები (სამეცნიერო ნაშრომები, დიპლომები, დისერტაციები, სანოტო მასალა, ექსპედიციების დღიურები და ა. შ.);
6) ოქმები, ანგარიშები, წერილები და ა. შ.;
7) ხალხური საკრავების კოლექცია.

ლაბორატორიაში, კონსერვატორიის სასწავლო პროცესისა და სამეცნიერო საქმიანობის პარალელურად, მუდამ მიმდინარეობს საარქივო აუდიოჩანაწერების გადაწერა-განახლება, რესტავრაცია, ციფრული ასლების შექმნა, დამუშავება-რედაქტირება, ნოტირება, მონაცემთა ბაზაში შეტანა; აუდიო, სანოტო, ფოტო და სხვ. მასალების იდენტიფიკაცია, პასპორტიზაცია, კატალოგიზაცია; საბიბლიოთეკო სამუშაო; კონცერტების, საჯარო ლექციების ჩაწერა… სპეციალისტები ყოველდღიურად ემსახურებიან და კონსულტაციას უწევენ სტუდენტებს, პედაგოგებს, სკოლების მოსწავლეებსა და მასწავლებლებს, ლოტბარებს, ანსამბლებს, ტრადიციული მუსიკის მოყვარულებს, რეგიონებიდან და უცხო ქვეყნებიდან ჩამოსულ სტუმრებს.
ლაბორატორიას იმთავითვე ჰქონდა სამეცნიერო პროფილი, რომელსაც დღესაც – სამეცნიერო შტატების გაუქმების შემდეგაც – ინარჩუნებს. თანამშრომლები აქტიურად აქვეყნებენ ნაშრომებს, წიგნებს, საარქივო აუდიოჩანაწერებს, სანოტო კრებულებს, სტატიებს, კითხულობენ მოხსენებებს ადგილობრივ და საერთაშორისო ფორუმებსა თუ სიმპოზიუმებზე, ჩართული არიან საველე-შემკრებლობითი საქმიანობაში, მონაწილეობენ პროექტებში, ტელე-რადიოგადაცემებში.