მრავალხმიანობის კერები

დიდი ბრიტანეთი

ინგლისი

ბოლო 100 წლის მანძილზე ინგლისში არსებულ სასიმღერო სტილებზე დიდი გავლენას მოახდეინა ევროპულმა პროფესიულმა მრავალხმიანობამ, ამიტომ აქ დღეს ფაქტიურად აღარ არის შემორჩენილი ევროპული პროფესიული მუსიკალური კულტურის გავლენისაგან თავისუფალი უძველესი ფენები. საბედნიეროდ, ამ რეგიონიდან ისტორიული წყაროები საკმაოდ მდიდარია, და ირკვევა, რომ შუა საუკუნეებში ბრიტანეთის კუნძულების ქვეყნებსა და ინგლისში ფართოდ ყოფილა გავრცელებული ადგილობრივი მრავალხმიანი სიმღერის ტრადიცია.

ერთ-ერთი ყველაზე ადრეული და მნიშვნელოვანი ინფორმაცია ინგლისური (და ფაქტიურად ჩრდილოეთ-ევროპის) მრავალხმიანობის შესახებ ეკუთვნის ჰერალდ დე ბარის (რომელსაც ხშირად იხსენიებენ როგორც ჰერალდ კამბრენსისს. არაყიშვილი ახსენებს მას როგორც ჰერალდ დე ბარის). მისი ცნობები მოიცავს დაახლოებით 1180 – 1200 წლების ინგლისის ცხოვრების აღწერას. მან დაწვრილებით აღწერა ჩრდილოეთ ინგლისისა და უელსის სასიმღერო ტრადიციები. ის თვლიდა, რომ ბრიტანელებმა ვოკალური მრავალხმიანობა გადმოიღეს დანიელებისა და ნორვეგიელებისგან. გაცილებით უფრო გვიანდელი ისტორიული წყაროებიდან ვიცით, რომ ინგლისში არსებობდა მრავალხმიანი სიმღერის საინტერესო სტილი – “გლიის სიმღერა” (სიტყვასიტყვით – “აღფრთოვანების სიმღერა”). ეს იყო სამი ან მეტხმიანი არაპროფესიული სასიმღერო ტრადიცია ინსტრუმენტული თანხლების გარეშე. 

არსებობს ადრეული ინგლისური პროფესიული ბურდონული მრავალხმიანობის სხვა მაგალითებიც, მცირე დიაპაზონის მელოდიითა და სეკუნდური თანხმოვანებებით (ასეთი მრავალხმიანბის მაგალითი მოყვანილი აქვს მარიუს შნაიდერს “მრავალხმიანობის ისტორიაში”). ასეთი პირდაპირი და დაწვრილებითი ინფორმაციის გარდა, ცნობებს ინგლისურ მრავალხმიანობის შესახებ ვხვდებით გაცილებით ადრეული პერიოდის, მე-9 საუკუნის დიდი ირლანდიელი მოაზროვნის – იოჰან სკოტ ერიგენას შრომებში, სადაც ის საუბრობს ბგერების ერთდროულ ჟღერდაობასა და მუსიკალურ ჰარმონიაზე. საგულისხმოა, რომ ჰენდშინი ამავე დროს იმოწმებს კიდევ უფრო ადრინდელი, მეშვიდე საუკუნის ავტორს, ანგლო-საქსონ ალდჰელმს, რომელიც, ჰენდშინის სიტყვებით, არის პირველი შუასაუკუნეების ავტორი რომელიც აშკარად ახსენებს მრავალხმიანობას.

უელსი

ჰერალდ კამბრენსისის ნაწერებში, ბრიტანეთის კუნძულების ტრადიციულ მუსიკაზე საუბრისას, უელსს ცენტრალური ადგილი უკავია. ავტორის მტკიცებით, უელსში ყველა მღერის საკუთარ ხმაზე და ზოგჯერ სიმღერისას იმდენი განსხვავებული ხმა ისმის, რამდენიც მომღერალი არისო. ეს შესაძლოა, გადამეტებული მტკიცება იმის დამადასტურებელია, რომ მეთორმეტე საუკუნეში უელსში განვითარებული მრავალხმიანობა არსებობდა. კამბრენსისის სიტყვებით, უელსში ბავშვებიც კი პატარობიდანვე მრავალ ხმაში მღერიანო.

უელსის მცხოვრებლები დღესაც ამაყობენ საგუნდო მღერის ტრადიციით, რომელიც, როგორც ჩანს, ჯერალდ კამბრენსის მიერ აღწერილი ვალიელების მუსიკის და მრავალხმიანობის ძველი სიყვარულიდან მომდინარეობს.

შოტლანდია და ირლანდია

ცნობები ამ ქვეყნების მრავალხმიანობაზე არცთუ ისე მისაწვდომია. რა თქმა უნდა, საინტერესოა ჰერალდ კამბრენსის მონაცემები იმის თაობაზე, რომ ჩრდილოეთი რაიონები უფრო მრავალხმიანია (შოტლანდია სწორედ ამ მიმართულებით მდებარეობს). საინტერესო სასიმღერო ტრადიციები შოტლანდიის ჰებრიდის და ორკნეის კუნძულებიდან გვარწმუნებენ, რომ ირლანდიასა და განსაკუთრებით შოტლანდიას შუასაუკუნეებში შეიძლება ჰქონოდა განვითარებული მრავალხმიანობა. ამის დამადასტურებელ ცნობებს ვაწყდებით აგრეთვე ირლანდიურ საგებში, სადაც ნახსენებია სამხმიანი მამაკაცთა მღერის ტრადიცია. საგაში მითითებულია ხმათა სახელებიც: ტენორი, ბარიტონი, ბანი (ტერმინებია “დორდ”, და “ანდორდ”). გრუბერს აქვს ამის შესახებ ცნობა 1941 წელს გამოცემულ “მუსიკალური კულტურის ისტორიაში” . ირლანდიის ჩრდილო-აღმოსავლეთში, კუნძულ თორიზე მრავალხმიანი სასიმღერო ტრადიცია ჯერ კიდევ ცოცხალია. გარლანდის მსოფლიო მუსიკის ენციკლოპედიის თანახმად, ამ კუნძულზე დუეტს და საგუნდო სიმღერას დღესაც დიდ პატივს სცემენ.

Share it on