Uncategorized

ექო საქართველოდან: ჩვიდმეტი არგუმენტი ქართული მრავალხმიანობის შესახებ

cover

2010 წელს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა გამოსცა ეთნომუსიკოლოგიური ნაშრომების ინგლისურენოვანი კრებული `ექო საქართველოდან: ჩვიდმეტი არგუმენტი ქართული მრავალხმიანობის შესახებ” (Echoes from Georgia: Seventeen Arguments on Georgian polyphony). პროექტი განხორციელდა ამერიკული გამომცემლობის Nova Science Publishers-ის მხარდაჭერით, გამომცემლობის პრეზიდენტის ბ-ნ ფრენკ კოლუმბუსისა და ვიცეპრეზიდენტის, ქ-ნ ნადია გოცირიძე-კოლუმბუსის უშუალო მონაწილეობით, რისთვისაც ქართველი ეთნომუსიკოლოგები მათ მიმართ უსაზღვრო მადლიერებას გამოხატავენ.

წიგნში შესულია წარსულისა და თანამედროვეობის ქართველი (ივანე ჯავახიშვილი, დიმიტრი არაყიშვილი, შალვა ასლანიშვილი, ვლადიმერ ახობაძე, გრიგოლ ჩხიკვაძე, მინდია ჟორდანია, ვალერიან მაღრაძე, ევსევი ჭოხონელიძე, ვლადიმერ გოგოტიშვილი, ედიშერ გარაყანიძე, მანანა შილაკაძე, რუსუდან წურწუმია, იოსებ ჟორდანია, ნინო ციციშვილი და თამაზ გაბისონია) და უცხოელი მეცნიერების (ზიგფრიდ ნადელი (გერმანია), იზალი ზემცოვსკი (აშშ) ნაშრომები.

კრებულს წინ უძღვის რედაქტორების, რუსუდან წურწუმიასა და იოსებ ჟორდანიას შესავალი და კრებულის რეცენზენტების, გამოჩენილი ეთნომუსიკოლოგების სიმჰა არომისა (საფრანგეთი) და პოლო ვალეჰოს (ესპანეთი) რეცენზია. წიგნს ერთვის რედაქტორების კომენტარები და ვრცელი ბიბლიოგრაფია (153 დასახელება) ქართული მრავალხმიანობის შესახებ.

Share it on