სიახლეები

ისლამ ფილფანის გამოსათხოვარი

14876600_531484230395719_2353051739350643419_o
ფოტო: გიორგი ხუციშვილის

 

გამოვხატავთ ჩვენს უღრმეს მწუხარებას ქართული ტრადიციული მუსიკის ერთ-ერთი  პატრიარქის, სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეული ხალხური მუსიკოსის  ბატონ ისლამ ფილფანის გარდაცვალების გამო.   ხანგრძლივმა და ნაყოფიერმა  მოღვაწეობამ იგი თავისი კუთხის მუსიკალური კულტურის სიმბოლოდ აქცია. წარმოუდგენელი იყო, სვანური  სიმღერით დაინტერესებულ  შინაურ თუ უცხოელ  მუსიკოსს ან, უბრალოდ, მუსიკის მოყვარულს გვერდი აევლო ბატონი ისლამისა და მისი  ოჯახისათვის. ბრწყინვალე ლოტბარმა, მომღერალმა და სვანური ხალხური საკრავების უბადლო მცოდნემ,  არა ერთი  ხალხური მუსიკოსი აღზარდა  თავის ანსამბლ „რიჰოში“, რომელიც ცნობილია არა მარტო საქართველოში, არამედ თვით ყველაზე შორეულ უცხო ქვეყნებში.

ბატონი ისლამის მასპინძლობდა ყველას, ვინც სვანეთს სტუმრობდა, დაუღალავად უზიარებდა თავის მდიდარ გამოცდილებას   სვანური სიმღერების შესწავლის ქართველ თუ უცხოელ მსურველებს, მათ შორის ტრადიციული მრავალხმიანობის საერთაშორისო სიმპოზიუმების მონაწილე მეცნიერებსა და შემსრულებლებს.

ბატონი ისლამი იყო გამორჩეული, განუმეორებელი,  მის პიროვნებაში თითქოს მთლიანდებოდა სვანური  კულტურის ათასწლოვანი ისტორია  და თანამედროვეობა, რის გამოც  სცენაზე მისი  ყოველი გამოჩენა აუდიტორიაზე  მომნუსხველ ზემოქმედებას ახდენდა.

აუნაზღაურებელია ისლამ ფილფანის დანაკლისი  ქართული კულტურისათვის. მსუბუქი იყოს მისთვის ქართული მიწა!

 

Share it on