სამეცნიერო ფორუმები

საერთაშორისო კონფერენციები, სემინარები და სიმპოზიუმები

ამ განყოფილებაში დაინტერესებული მკითხველი გაეცნობა ცოტაოდენ ინფორმაციას ტრადიციული ვოკალური მრავალხმიანობისადმი მიძღვნილი კონფერენციების, სემინარებისა და სიმპოზიუმების შესახებ. ცხადია, ჩატარებულ ურიცხვ ეთნომუსიკოლოგიურ კონფერენციებზე უამრავი მოხსენება მოგროვდა, რომელიც განიხილავდა ტრადიცული მრავალხმიანობის სხვადასხვა ასპექტს, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ მხოლოდ იმ სამეცნიერო შეხვედრებს შევეხებით, რომელნიც მთლიანად ტრადიციულ მრავალხმიანობას მიეძღვნა. ყველა ქვემოთ განხილული სამეცნიერო შეხვედრა საერთაშორისო გახლდათ.

როგორც ვიცით, ტრადიციული მრავალხმიანობისადმი მიძღვნილი კონფერენციების, სემინარებისა და სიმპოზიუმების ჩატარება 1960-იანი წლებიდან დაიწყო, 1980-იანი წლებიდან მოყოლებული და მას შემდეგ მათ მეტად ფართო გავრცელება ჰპოვეს. ამ სტატიაში შევეხებით მხოლოდ კონფერენციების სახელწოდებებს, მათი ჩატარების ადგილებს, დროს, საორგანიზაცო ჯგუფებს, მონაწილეთა სახელებს და მათი მოხსენებების სათაურებს. ზოგიერთი კონფერენციისა და სიმპოზიუმის მასალა მხოლოდ მოკლე, ზოგი უფრო ვრცელი (2-4 გვერდამდე) აბსტრაქტის სახით გამოიცა, ნაწილი კი მთლიანად დაიბეჭდა (ერთ ან მეტ ენაზე).

როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, ამგვარი შეხვედრებიდან მხოლოდ ერთი ჩატარდა აფრიკაში (სიმბოლური, ყველაზე პირველი – 1966 წელს), კიდევ ერთი კი – სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში (2002 წელს). ამ კონფერენციების, სემინარებისა და სიმპოზიუმების უმრავლესობა ევროპაში შედგა. ტრადიცული მრავალხმიანობისადმი მიძღვნილი მსგავსი სამეცნიერო შეხვედრა არ ჩატარებულა არც ჩრდილო და სამხრეთ ამერიკაში და არც ავსტრალიაში. სამეცნიერო შეხვედრები მოცემულ სტატიაში ქრონოლოგიურად არის განხილული.

Share it on