დასრულებული

ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო სიმპოზიუმი

14680923_1455764677784406_7349793392808493870_o

2002 წელს მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრის ბაზაზე საფუძველი ჩაეყარა მრავალხმიანობის სიმპოზიუმებს, რომელსაც ყოველ ორ წელიწადში ერთხელ მასპინძლობს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია. სიმპოზიუმი ტარდება საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟითა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით. თავისი ფორმატითა და თემატიკის მრავალფეროვნებით ის გამორჩეულ ადგილს იკავებს მსგავს სამეცნიერო ფორუმებს შორის და შესაძლებლობას აძლევს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის მრავალხმიანობის მკვლევრებს ერთმანეთს გაუზიარონ უახლესი კვლევების შედეგები. ამავდროულად, თუ მანამდე ქართულ მრავალხმიანობას მსოფლიოში მხოლოდ, პრაქტიკულად, სხვადასხვა ანსამბლის შესრულებით იცნობდნენ, სიმპოზიუმის დაარსების შემდეგ ამ ფენომენით დაინტერესდნენ მსოფლიოს სამეცნიერო წრეები – 2002 წლიდან ყოველ სიმპოზიუმზე უცხოელ მკვლევართა ერთი ან რამდენიმე მოხსენება ქართულ მრავალხმიანობას ეძღვნება.

სიმპოზიუმის ფარგლებში კონსერვატორიის დიდ და მცირე დარბაზებში იმართება ქართული და საქართველოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობების, ასევე მსოფლიოს ხალხების მრავალხმიანობის კონცერტები, რომლებსაც უკანასკნელ წლებში საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი უკეთებს ორგანიზებას; ეწყობა ამავე თემატიკაზე გადაღებული ფილმების ჩვენება, ხოლო ერთი დღე ეძღვნება საქართველოს ერთ-ერთი რეგიონის ხალხურ მომღერლებთან შეხვედრებსა და კულტურული ღირსშესანიშნაობების დათვალიერებას.

სიმპოზიუმის შემდგომ გამოიცემა სამეცნიერო სესიებზე წაკითხული მოხსენებების ორენოვანი კრებულები თან დართული დისკით. გამოცემის რედაქტორები არიან ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი რუსუდან წურწუმია და პროფესორი იოსებ ჟორდანია. დღეისათვის გამოცემულია უკვე 7 კრებული.

Share it on