მრავალხმიანობის კერები

ცენტრალური აზია

ობერტონული სიმღერა

ცენტრალური აზიის ერთგვარ სიმბოლოს წარმოადგენს უნიკალური მრავალხმიანი სტილი, რომელიც ცნობილია სახელწოდებით – ობერტონული სიმღერა (ანუ ყელისმიერი მღერა). შემსრულებელი ერთდროულად ორ სხვადასხვა ბგერას გამოსცემს (ბურდონულ ბანს და მსტვინავი ხმის მქონე მელოდიას).

ეს სასიმღერო სტილი შუა აზიის დიდ ტერიტორიას მოიცავს, მათ შორის არის ტუვა, მონღოლეთის დასავლეთი ნაწილი და ალტაი-საიანის მთაგრეხილი. იური შეიკინის (იაკუტსკელი ეთნომუსიკოლოგის) მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ამ რეგიონში არსებული ობერტონული სიმღერა რამდენიმა სხვადასხვა სტილისაა.

ობერტონული მღერა შუალედურია მრავალხმიან და მონოდიურ ტრადიციებს შორის. მუსიკალური თვალსაზრისით ობერტონული სიმღერა მრავალხმიანობას მიეკუთვნება, რადგანაც აქ ორი ფუნქციონალურად განსხვავებული ხმა – ბურდონი და პენტატონიკური მელოდია ჟღერს ერთდროულად. სოციალური თვალსაზრისით ეს სტილი მრავალხმიანობას არ წარმოადგენს, რადგან სოციალური ფაქტორის მიხედვით მრავალხმიანობაში აუცილებელია იყოს რამდენიმე ადამიანის ურთიერთობა. ობერტონული სიმღერის მიმართ ინტერესი ძალზე დიდია მსოფლიოში, და დღეს დასავლეთის ბევრი შემსრულებელი სწავლობს ბგერისწარმოების ამ უნიკალურ ტექნიკას.

ავღანეთი (ნურისტანი)

ვოკალური მრავალხმიანობის ერთ-ერთი ყველაზე იზოლირებული, მდიდარი და საინტერესო ტრადიცია არსებობს აღმოსავლეთ ავღანეთის მთიანეთში, ნურისტანში. ნურისტანის სასიმღერო ტრადიცია ვოკალური მრავალხმიანობის უაღრესად საინტერესო შემთხვევაა. მრავალხმიანობის ტრადიცია 1960—1970-იან წლებში ჯერ კიდევ ცოცხალი და ფუნქციონირებადი ტრადიცია იყო (ახალი მონაცემები არაა ჩემთვის ცნობილი, თუმცა ადვილი მოსალოდნელია რომ ეს დღესაც ასე იყოს). ორივე, ქალთა და მამაკაცთა სასიმღერო ტრადიციები მრავალხმიანია. გუნდები ერთგვაროვანია, თუმცა არ არის გამორიცხული შერეული შესრულებაც. სიმღერა სამხმიანია, ზუსტი რიტმით.

ძირითადად სამთვლიანი მეტრით (6/8 და 4/4, არის ასევე 5/8), ყველაზე გავრცელებული კილოა ლიდიური. მელოდიას მცირე დიაპაზონი გააჩნია, ძირითადად კვარტის (ან ლიდიური გადიდებული კვარტის) ფარგლებში. მრავალხმიანობა ორ პრინციპს ემყარება: ოსტინატო და ბურდონი. ბანი ძირითადად რიტმიულია, დომინირებს განმეორებადი სტრუქტურები, დოლების, არფას, ტაშისა და ცეკვის თანხლებით.

ნურისტანის ყველაზე მნიშვნელოვან და არსებით თავისებურებად უნდა ჩაითვალოს დისონირებული ინტერვალებისა და აკორდების საოცარი სიმრავლე. ნურისტანის მუსიკა სეკუნდური ჰარმონიის სამეფოა. სეკუნდური ჰარმონია წამყვანი მელოდიების ბურდონის გარეშემო “გადახტომისას” ჩნდება. თუ წარმოვიდგენთ კვარტის (ზოგჯერ გადიდებული კვარტის) ფარგლებში “ჩაჭედილ” სამხმიანობას, მივხვდებით, თუ რატომ არის სეკუნდა ერთადერთი გამეფებული ინტერვალი სიმღერაში. ნურისტანი, უდაოდ, ერთ-ერთი ყველაზე იზოლირებული და საინტერესო მრავალხმიანი ტრადიციების მქონე რეგიონია მთელს პლანეტაზე. იზოლირების მხრივ ნურისტანი ალბათ მხოლოდ იაპონიში ნცხოვრებ აინებს ჩამორჩება.

Share it on