მრავალხმიანობა ჯერ კიდევ წარმოადგენს მუსიკალური აზროვნების ერთ-ერთ ყველაზე ნაკლებადშესწავლილ მოვლენას. უკანასკნელ ხანს მთელს მსოფლიოში გაიზარდა ინტერესი მისი, როგორც მუსიკალური ფენომენის მრავალმხრივი კვლევისადმი. აქ წარმოდგენილი რუკა გვიჩვენებს მისი გავრცელების ადგილებს ჩვენს პლანეტაზე.
აზიისა და ევროპის გასაყარზე მდებარე საქართველომ სამიათასწლოვანი ისტორიის მანძილზე თვითმყოფადი მრავალხმიანი მუსიკალური კულტურა შექმნა. ქართველებმა მსოფლიო საგანძურში ერთ-ერთი განსაკუთრებული წვლილი სწორედ მრავალხმიანი ხალხური სიმღერითა და საეკლესიო საგალობლით შეიტანეს.
სამხმიანობა უძველესი დროიდან ქართული მუსიკალური აზროვნების ნორმაა. ქართული მრავალხმიანობის ფორმების მრავალფეროვნებასა და სრულყოფილებას ერთხმად აღიარებს ყველა, ვისაც მასთან თუნდაც ზედაპირული შეხება ჰქონია.
საქართველოში ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევას საუკუნოვანი ისტორია გაჩნია. ოდნავ მოგვიანებით ქართული პოლიფონიური მუსიკა ცნობილი უცხოელ მუსიკოს-მეცნიერთა ყურადღების არეშიც მოექცა. მის მიმართ ინტერესი განსაკუთრებით გაძლიერდა წინა საუკუნის მიწურულს, რაც დაადასტურა საქართველოში 1984, 1986, 1988, 1998 და 2000 წლებში ჩატარებულმა საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულმა კონფერენციებმა, რომლებიც 2002 წელს თბილისის ტრადიციული მრავალხმიანობის პირველმა საერთაშორისო სიმპოზიუმმა დააგვირგვინა.
ამ სამეცნიერო ფორუმებზე გაჩნდა იდეა, საქართველოში შექმნილიყო ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრი, რაც 2003 წელს განხორციელდა კიდეც იუნესკოსა და მსოფლიოს ცნობილი ეთნომუსიკოლოგების მხარდაჭერით. ცენტრის მუშაობა მიმართულია, ერთი მხრივ, მსოფლიო მრავალხმიანობის შესახებ მეცნიერული ცოდნის დაგროვებისაკენ და, მეორე მხრივ, საერთაშორისო ასპარეზზე ქართული მრავალხმიანობის შესახებ პრაქტიკული და მეცნიერული ცოდნის გავრცელებისაკენ. ამ მიზანს ემსახურება ტრადიციული მრავალხმიანობის საერთაშორისო სიმპოზიუმები და მათზე წაკითხული მოხსენებების კრებულის გამოცემა.
ვებ-გვერდი მსოფლიო და ქართული მრავალხმიანობის შესახებ ჩვენს ხელთ არსებულ ინფორმაციას ხელმისაწვდომს გახდის ამ საკითხით დაინტერესებულთათვის.
|