Uncategorized

ექსპედიცია ოზურგეთში (გურია) – აპრილი 2004

ტმკსც-მა ქართული ხალხური სიმღერის საერთაშორისო ცენტრთან ერთად 2004 წლის 26-30 აპრილს იუნესკოს პროგრამის ფარგლებში ექსპედიცია მოაწყო გურიაში, ოზურგეთის რაიონში. მეცნიერთანამშრომლებს ნინო კალანდაძეს, თინათინ ჟვანიას, ქეთევან მათიაშვილს, ლელა მაქარაშვილს, ახლდნენ კონსერვატორიის სტუდენტები მიხეილ ჯავახიშვილი, ნინო ნადირაშვილი და ნინო ნიკოლეიშვილი.

ozurgeti 1

გურული მუსიკალური დიალექტი კონსერვატორიის ფოლკლორის კათედრის სამეცნიერო მუშაობაში ყოველთვის განსაკუთრებული დაკვირვების ობიექტს წარმოადგენდა. 1949 წელს ვლადიმერ ახობაძის მიერ ოზურგეთის რაიონში ცნობილი გურული მომღერალ-მგალობლებისაგან (არტემ ერქომაიშვილი, ვარლამ სიმონიშვილი, დიმიტრი პატარავა) უძველესი 11 გურული საგალობელი იქნა ჩაწერილი. 1959 წელს კახი როსებაშვილმა (1930-1988) ჩოხატაურის რაიონში ქართული ჩასაბერი საკრავის უძველესი სახეობის მრავალღერიანი სალამურის (გურიაში ეძახიან “სოინარს”) დასაკრავები და გურული შრომის სიმღერა “ყანური” ჩაიწერა. 1960 წელს ვლადიმერ ახობაძემ ლანჩხუთის რაიონში 30, ჩოხატაურში 15, ოზურგეთში 50 სასიმღერო ნიმუშის დაფიქსირება შეძლო (მათ შორის უმეტესობა შრომის სიმღერებია). 1963 წელს ოზურგეთის რაიონის სოფელ ლიხაურში გრიგოლ ჩხიკვაძემ (1900-1986) ჩაიწერა 25 სიმღერა. 1964 წელს ოთარ ჩიჯავაძემ (1919-1998) ლანჩხუთის რაიონში 80, ჩოხატაურში 23, 1965 წელს ჩოხატაურში 80 სასიმღერო ნიმუში მოიპოვა. 1965 წელს თბილისის კონსერვატორიაში ძველი გურული საგალობლების რესტავრაციის მიზნით ოზურგეთის რაიონის სოფელ მაკვანეთიდან ჩამოყვანილი იქნა უძველესი გურული გალობის საუკეთესო მცოდნე, ასევე ცნობილი ლოტბარი, არტემ ერქომაიშვილი, რომლისგანაც 105 საგალობლის სამივე ხმა ჩაიწერეს. 1970-იან წლებში გურული სასიმღერო ნიმუშების ჩასაწერად მინდია ჟორდანიასა (1929-1978) და კუკური ჭოხონელიძის (1940-2004) მიერ არაერთი ექსპედიცია იქნა მოწყობილი გურიასა და აჭარაში (ქობულეთსა და ბათუმში). 1990 წელს ედიშერ გარაყანიძის (1957-1998) ხელმძღვანელობით ჩოხატაურის რაიონში მოეწყო ექსპედიცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღო გერმანელმა ეთნომუსიკოლოგმა სიუზან ციგლერმა.

2004 წლის აპრილის მოკლევადიანი ექსპედიციის მიზანი იყო სტუმრობა სოფელ ლიხაურის მკვიდრთან, გურული სასიმღერო ტრადიციების საუკეთესო მცოდნესთან, 77 წლის კარლო ურუშაძესთან. განსაკუთრებული ინტერესის საგანს გურული საჩონგურო რეპერტუარის ჩაწერა წარმოადგენდა, რაც წარმატებით განხორციელდა. ჩავიწერეთ დღესდღეობით გურიაში გავრცელებული საჩონგურო წყობების შესაბამისი ნიმუშები.

სასიხარულოა, რომ მოხერხდა სამი მომღერლის კარლო ურუშაძეს, გური სიხარულიძესა (73 წ.) და ვალერიან ბერიშვილის (87 წ.) თავმოყრა. Mმიუხედავად იმისა, რომ ასეთ შემადგენლობაში პირველად უწევდათ მღერა, უამრავი ძველი სიმღერის გაცოცხლება შეძლეს. მათ შორისაა: “ჩვენ მშვოდობა”, “მე რუსთველი”, “კალოს ხელხვავი”, “მრავალჟამიერი”, “პატარა საყვარელო”, “წამოკრული”, “შავი შაშვი”.
ოზურგეთისა და ჩოხატაურის სამხარეო მუზეუმებიდან მოპოვებული იქნა საარქივო ფონო-, ფოტო- და ვიდეომასალები ძველი ლოტბარებისა და მგალობლების შესახებ.

Share it on