Uncategorized

ექსპედიცია სურებში (გურია) – ივნისი, 2006 წელი

შთაბეჭდილება, რომელიც ქართული სიმღერის, კერძოდ კი გურული მრავალხმიანობის მოსმენისას ჩნდება, მუდმივად ბადებს კითხვას: რამ განაპირობა ამ ხალხში მუსიკალური აზროვნების ასეთი განვითარება? ზუსტი პასუხის გაცემა რთულია, თუმცა მისი კვლავ შეცნობის ინტერესი განაპირობებდა არჩევანს – ჩვენი ექსპედიცია გურიის მთებში, ჩოხატაურის რაიონის სოფელ სურებში წასულიყო. ვიცით, დროს და ჟამს მიჰყვებიან ქართული მუსიკალური საუნჯის ძველი მცოდნენი, მაგრამ ყოველ ასეთ საექსპედიციო გასვლას ჯერ კიდევ ახლავს თან ძვირფასისა და საინტერესოს მოძიების იმედი.

2006 წლის 13-17 ივნისს გურიაში გამართულ ექსპედიციაში თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ფოლკლორის კათედრის ორი წევრი – ოთარ კაპანაძე და დავით შუღლიაშვილი ვიყავით. ჩვენდა სასიხარულოდ, ამ მოგზაურობაში მონაწილეობდნენ რეჟისორი ლევან ღლონტი და ოპერატორი ორესტ თოდუა. მცირემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის შექმნის იდეით, მათ განზრახული ჰქონდათ მთელი ექსპედიციის ვიდეოფირზე გადაღება. ჩვენს ჯგუფს კიდევ ერთი, ყველაზე უმცროსი წევრი, 12 წლის ივანე ღლონტი ახლდა, რომელიც განსაკუთრებით ახალისებდა ჩვენს მოგზაურობას. კინემატოგრაფი მეგობრების კიდევ ერთ მნიშვნელოვან “პლუსს” ლევანის მანქანა “ჯიპი” წარმოადგენდა, რომლის გარეშე საეჭვოა, რომ რამე მოგვეხერხებინა ექსპედიციისთვის განკუთვნილ მცირე ვადაში.

შუა სურებში მასპინძლობა გაგვიწია მამა-შვილმა რამიზ და გიორგი რამიშვილებმა. ისინი განსაკუთრებულ ადგილას ცხოვრობენ; სამანქანო გზიდან დაახლოებით კილომეტრი უნდა იარო მთაზე ფეხით, რომ ტყეში განმარტოებულ მათ სახლთან მიხვიდე, საიდანაც კიდევ უფრო საოცრად მოჩანს გურიის მთების მომაჯადოვებელი სილამაზე. ექსპედიცია სურებში 1

მეორე დღეს დილიდანვე შევუდექით მომღერალთა მოძიებას, რაშიც ჩვენი მასპინძელი, გიორგი რამიშვილი გვეხმარებოდა. პირველად 92 წლის მომღერალს, ლეო ბერიშვილს ვესტუმრეთ. დღის ბოლოსთვის მასთან მოვუყარეთ თავი სხვა ნაკლებასაკოვან თანასოფლელებს, რომელსაც ახსოვდათ ძველი გურული სიმღერები: ისმაილ, ჯემალ და ბადრი შათირიშვილები, გულივერ ტრაპაიძე. სამწუხაროდ, ავადმყოფობის გამო შეკრებაზე ვერ მოვიდა ლეო ბერიშვილის თაობის მომღერალი, ჭაჭია (მიხეილ) ტრაპაიძე.

ჩვენი ინიციატივით ყველა გახარებული ჩანდა, რადგან, როგორც გაირკვა, მრავალი წელია სასიმღეროდ აღარ შეკრებილან თანასოფლელები. ეს კი, გარკვეულწილად, ამ შეხვედრაზე ნამღერ სიმღერებსაც დაეტყო. “შვიდკაცა”, “ნანინა”, “ვახტანგური”, “შალვა ჩემო სიხარულო”, “ჩვენ მშვიდობა” და მრავალი სხვა სიმღერა წამოიწყეს, რომელთაგან ბევრს შუა მღერაში წყვეტდნენ, რადგან დიდი ხნის შეუმღერებელნი იყვნენ. იმ საღამოს ასე ჩავწერეთ 22 სიმღერა, ზოგი სრულად და ზოგი ფრაგმენტულად. რეპერტუარში ძველი გურული სიმღერების გარდა საბჭოთა ეპოქის ამსახველი “ლენინ, ოქტომბრის ბელადო” და “სიმღერა სტალინზე” გაიხსენეს. აგრეთვე შემოგვთავაზეს იმავე დროის სასიმღერო რეპერტუარიდან სიმღერები “ბახმარო”, “ჩვენს პოეტებს, მწერლებსა” და ბევრი სხვა.

თვითონ უკმაყოფილებას გამოხატავდნენ სიმღერების დავიწყებისა და შეუმღერებლობის გამო. მაგრამ აქვე მახსოვს ერთ-ერთი მათგანის გულიდან აღმომხდარი სიტყვები: “თქვენ აგაშენათ ღმერთმა! რამდენი ხანია სამ ხმაში აღარ გვიმღერია”. და მართლაც, ნათლად შეიგრძნობოდა, მათი შეკრების სისტემურობის შემთხვევაში მრავალი სიმღერის გახსენება და აღდგენა რომ შეეძლოთ. იმ დღეს ერთგვარად “მოთელვის” ფუნქცია ჰქონდა და ამიტომ მეორე დღეს შეკრებაზე დავითანხმეთ ყველა.

შემდეგ დღეს მათ ბიჭიკო (შოთა) ბერიშვილიც დაემატა, რამაც შემადგენლობა საგრძნობლად გაახალისა. მართალია, ხმათა შეწყობაზე დიდხანს “კამათობდნენ”, მაგრამ ბოლოს რამდენიმე სიმღერა “გამოიჩარხა”, “მაყრული”, “ლალე”, ნაკლებად ცნობილი “აბა ძმებო, კვლავ შევავსოთ”, “მასპინძელსა” და სხვ.

აქვე ვთხოვეთ, გაეხსენებინათ სურების ცნობილი ნადური, იგივე “ყანური”. თავიდან კი იუარეს, მაგრამ ჩვენი დაჟინებული თხოვნითა და რამდენიმე მცდელობის შემდეგ, სადაც ჩვენც დაგვიხმარეს ბანებში, გაისმა “ყანურის” ჰანგები, უფრო სწორედ ამ ჰანგების ანარეკლი და … აქ ერთდროულად დაგვეუფლა სიხარულიც და სინანულიც, რადგან ვხედავდით აჩრდილს დიდებული საუნჯისა, აჩრდილს იმ წინაპრებისა, ვინც ჰქმნიდა ამ საოცარ მუსიკას, ვისი ცხოვრების ნაწილსაც წარმოადგენდა ეს მსოფლიო მნიშვნელობის საგანძური. ჩვენი მეგობრების დახმარებით ეს ყველაფერი ვიდეო ფირზე დაფიქსირდა.

დაღამებულზე დავბრუნდით სახლში გიორგისთან და სუფრასთან დიდხანს ვსაუბრობდით განვლილ დღეზე.

მეორე დღეს ბიჭიკო ბერიშვილს ვესტუმრეთ სახლში, რომელმაც სხვადასხვა სიმღერისა თუ ტრადიციის შესახებ გვიამბო, გვიმღერა სხვადასხვა სიმღერები, ფანდურის თანხლებით. გაიხსენა საფერხულო სიმღერა “ფარცაკუკუ” და სხვა. ხოლო მასთან მოსულმა მეზობელმა, სიმონა დოლიძემ დატირება ჩაგვაწერინა.

დღეს ზემო სურებში გავემგზარეთ, სადაც კრიმანჭულის მთქმელი ქალი, ლუბა ჭკუასელი-კიკვაძე გვეგულებოდა. მას შუა სურებელი მომღერლებიც ხშირად ახსენებდნენ, როგორც კარგ მომღერალსა და მოკრიმანჭულეს.

surebi 2

მივემართებოდით გურიის უმაღლესი სოფლისკენ და დაკლაკნილი აღმართის ყოველ მოსახვევში ბუნება ახალ-ახალ ფერებსა და საოცარ ხედებს გვთავაზობდა. ჩვენს “ჯიპს” კი იმისთანა გზებზე მოუწია ასვლა, რომ ცოტაც და “დაიჭიხვინებდა”. როგორც იქნა, მივაღწიეთ ლუბა კიკვაძის ლამაზ რიკულებიან ხის ოდას, საიდანაც ხელისგულივით მოჩანდა გადაღმა მთების კალთებზე გაფენილი ყანები და ვენახები.

ლუბა ბებია, სიგარეტით ხელში, კიბეზე დაგვხვდა და სახლში სიყვარულით შეგვიპატიჟა ბოხი ხმით: “მოით ბებია, მოით!” დიდი ხვეწნა არ დაგვჭირდა რომ სიმღერა წამოეწყო. ჩონგური და ფანდურიც გამოიტანა და რამდენიმე სიმღერა გვიმღერა. ხმის სიბოხის მიუხედავად მაღალ ბგერებსაც თავისუფლად იღებდა. კრიმანჭულიც მალე გაგვაგონა “აჭარული მაყრულის” მღერისას, ჩონგურის თანხლებით. ლუბა კიკვაძესთან მალე მისი მეზობლებიც შემოიკრიბნენ: მიტუშა კიკვაძე, ნანული რამიშვილი, ტარიელ კეკელიძე. მოგვიანებით, ზემო სურების გამგებელი დუხუ (ამბროსი) კიკვაძეც შემოგვიერთდა სიმღერაში. მართალია, ესენიც დიდი ხნის შეუმღერებლები ჩანდნენ, მაგრამ მაინც გაიხსენეს სხვადასხვა სიმღერა. მათგან ჩავიწერეთ “სიმღერა დათიკო შევარდნაძეზე”, “მადლობელი”, “ძველებური მრავალჟამიერი”, “წუთისოფლის სტუმრები ვართ”, “მაყრული”, “ნიგოზი” და სხვა. იქვე სუფრაც გაიშალა. ლუბა ბებიამ ჭურსაც ახადა თავი და გემრიელი წითელი ღვინით გაგვიმასპინძლდა…

ყველა ჩვენთაგანისთვის დაუვიწყარი არის იქ მიღებული შთაბეჭდილება, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამ მოგზაურობაში განსაკუთრებული განცდა ჩვენი ჯგუფის ყველაზე უმცროს წევრს, ივანეს დარჩა, რომელიც, ალბათ, წლების შემდეგაც მრავალჯერ ეწვევა გურიის მთებს, ეწვევა მეგობრებითურთ, რათა ერთად დატკბენ ამ კუთხის სიმშვენიერითა და გულღია სტუმარ-მასპინძლობით. თუმცა, აქვე მიჩნდება რიტორიკული კითხვა: დახვდებათ კი მათ ის სიმღერა, რომელიც დღეს მოვისმინეთ ამ თბილი და მოსიყვარულე მოხუცებისგან?

Share it on