მეცნიერები

ნინო შველიძე

დაბ. 24. 10. 1956. ეთნომუსიკოლოგი, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის არქივის კოორდინატორი. ასწავლის ქართული მუსიკალური ფოლკლორის თეორიულ და პრაქტიკულ კურსს თბილისის მე-4 სამუსიკო სკოლაში. 1983 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკისმცოდეობის ფაკულტეტი ფოლკლორის სპეციალობით. წლების მანძილზე მუშაობდა საქართველოს რადიოს მუსიკალურ გადაცემათა რედაქციაში რედაქტორად. მისი უშუალო თაოსნობითა და მონაწილეობით შიო მღვიმის ტაძარში ჩაიწერა ანჩისხატის მგალობელთა გუნდის პირველი აუდიო ალბომი. ასევე, მისი ხელმძღვანელობით რადიოს “ოქროს ფონდისათვის” ადგილზე, ზუგდიდში ჩაიწერა უხუცესთა ფოლკლორული ანსამბლი “ოდოია” (ხელმძღვანელი პოლიკარპე ხუბულავა).
ძირითადად დაინტერესებულია ორგანოლოგიის საკითხებით. მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ რესპუბლიკურ თუ საერთაშორისო კონფერენციებში (კიევი, მოსკოვი, ტაშკენტი, პეტერბურგი). სტუდენტობის პერიოდშივე იყო ექვსი ფოლკლორული ექსპედიციის წევრი (კახეთი (ორჯერ), მთიულეთი, ხევსურეთი, სვანეთი, დაღესტანი).
აქვს მეთოდური წერილები ქართული საკრავიერი მუსიკის სადღეისო პრობლემების, ბავშვთა და მოზარდთა ფოლკლორული სტუდიების მუშაობის შესახებ. თანაავტორია ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მე-5-6 კლასების მუსიკის სახელმძრვანელოებისა (2002-2003 წლები). დღიდან დაარსებისა მღერის ქალთა ფოლკლორულ ანსამბლ “მზეთამზე”-ში. არის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის სხვადასხვა სამეცნიერო ლიტერატურის საგამომცემლო ჯგუფის წევრი და მუსიკალური რედაქტორი. აქვს უცხოელებთან მუშაობის (ქართული ხალხური სიმღერის სწავლების) მდიდარი გამოცდილება (გერმანია, ავსტრია, ბელგია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ჰოლანდია).

შველიძის ძირითადი ნაშრომები:
ქართული მრავალღერიანი სალამური – ლარჭემ-სოინარი. (2003). წურწუმია, რუსუდან და ჟორდანია, იოსებ (რედ.). ტრადიციული მრავალხმიანობის პირველი საერთაშორისო სიმპოზიუმი: 402-412. თბილისი: თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრი (ქართულ და ინგლისურ ენებზე)
Share it on