Uncategorized

ექსპედიცია შუახევის რაიონში (აჭარა) – იანვარი და მარტი, 2005 წელი



2005 წლის იანვარსა და მარტში ფონდმა “ღია საზოგადოება – საქართველო” და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის ცენტრმა განახორციელა პროექტი, რომლის ფარგლებში ორ ეტაპად მოეწყო ექსპედიცია მაღალმთიან აჭარაში. ყველასათვის ცხადია, რომ ფოლკლორი – როგორც სინკრეტული მოვლენა, კომპლექსურ მიდგომას და სხვადასხვა დარგის მკვლევართა ერთობლივ ძალისხმევას მოითხოვს. ამ ექსპედიციამ მუსიკოსები და ფილოლოგები გააერთიანა – შუახევისა და ქედის რაიონის სოფლებში იმუშავეს ფოლკლორული არქივების კოალიციის წევრებმა – ნინო მახარაძემ და ქეთევან მათიაშვილმა (თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრი), ელგუჯა დადუნაშვილმა და გიზო ჭელიძემ (შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ფოლკლორის არქივი), ელგუჯა მაკარაძემ და გიორგი მახარაშვილმა (ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ლიტერატურის კათედრა).

shuaxevi 1

კომპლექსური კვლევა მასალის კომპლექსურად ჩაწერით იწყება – ამ იდეით გაერთიანებას საველე მუშაობის გამოცდილების, მეთოდოლოგიისა და კონკრეტული მეთოდების ურთიერთგაზიარების სურვილიც ახლდა თან. ექსპედიციის წევრების მიერ ციფრული წესით დაფიქსირებული 11 MD (თითოეული 80 წთ.) და 6 DV კასეტა (თითოეული 60 წთ), 408 ფოტო შესატყვისი საპასპორტო მონაცემებითა და აღწერილობით ერთდროულად სამ არქივში ინახება.

რთული პირობების მიუხედავად (ვგულისხმობ იანვრის დიდთოვლობას და გაზაფხულზე სწორედ ამ რეგიონში მოვარდნილ მეწყერებს), მუშაობა თერთმეტ უბანზე მოხერხდა: დაბა შუახევი, სხეფის საკრებულოს სოფ. ღორექეთი, ბარათაულის საკრებულოს სოფ. ბარათაული, ჭვანას საკრებულოს სოფ. ჭვანა და სოფ. ხაბელაშვილები, სოფ. ჩანჩხალო, ზამლეთის საკრებულოს სოფ. ფურტიო, დღვანის საკრებულოს სოფ. ლომანაური და სოფ. გოგინაური, ქედის რაიონის ზვარეს საკრებულოს სოფ. ზვარე და სოფ. კვაშტა, ქალაქი ბათუმი.

ექსპედიციამ გამოავლინა სხვადასხვა ასაკის ორმოცამდე მთქმელი და ინდივიდუალური შემსრულებელი, მომღერალთა ოთხი ჯგუფი (სოფ. ჭვანის, ფურტიოსა და ლომანაურის ანსამბლები, ტარიელაძეების საოჯახო ანსამბლი სოფ. ბარათაულიდან). საკრავის დამამზადებელი ოსტატები (მათ შორის ჭიბონის დამამზადებელი ოთხი პიროვნება, ფანდურის, დოლისა და საზის მკეთებელნი).

სოფ. ღორექეთში, დავითაძეების ოჯახში დავესწარით ნიშნობის რიტუალს. შევკრიბეთ ინფორმაცია ლაზარობის, სახლის მშენებლობის, გლოვისა და ქორწილის წესებზე. მდინარე ჭვანას ხეობაში კვლავ დასტურდება სამიწათმოქმედო სამუშაოებისას საკრავების გამოყენების ფაქტები. ჩავწერეთ ჭიბონის, ჩონგურის, ფანდურის, დოლის, სალამურის, საზის, გარმონის, აკორდეონის, საბავშვო სტვირის დამზადებისა და შენახვის წესები, მათი ნაწილების სახელწოდებანი, ქორეოგრაფიული ტერმინოლოგია და სხვ. გადავიღეთ სხვადასხვა ასაკის, განსაკუთრებით კი ხანდაზმულთა მიერ შესრულებული ცეკვები.

shuaxevi 2

ტრადიციული, საბჭოური და თანამედროვე ხალხური შემოქმედების საინტერესო ვარიანტებთან (“ორირა”, “ყარანაი”, “ყანაშია”, “ოისა”, “ხერტლის ნადური”, “ევრი და მასპინძელსა!”, “ყაჩაღის ლექსი”, “დაუკარ, ჩემო ჩენგურო!”, “ხორუმი”, “განდაგანა”, “სიმღერა ბახმაროზე”, “აჭარავ, ჩემო სამშობლო!”, “ღორჯომელი ვიყავ, განა?!”) ერთად ფირზე აღვბეჭდეთ ყოფის, ხელოსნობისა და რეწვის ნიმუშები (თითისტარისა და მარხილის დამზადება, საცხოვრებელი სახლის ტიპები, სამჭედლო, ტურა-ბეღელა და სხვ.).

სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ რაიონში მოქმედი ფოლკლორული ანსამბლების წევრები ვეღარ იკრიბებიან ინტენსიურად ვერც რეპეტიციებზე და ვერც ოჯახებში. ეს კი უარყოფითად მოქმედებს მრავალხმიანი სასიმღერო ტრადიციების შენარჩუნებაზე. ჩვენი აზრით, ამ რაიონში არასახარბიელო ვითარებაა ჭიბონთან დაკავშირებითაც. ბევრ შემსრულებელს არა აქვს საკრავი და არც მისი დამზადებისათვის საჭირო თანხა.

აჭარის რეგიონი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორენოვანი ტექსტებისა და კულტურათა დიალოგის კვლევის თვალსაზრისით. შეკრებილი მასალა უდავოდ დააინტერესებთ ქართულ-თურქულ, ქართულ-კავკასიურ, ქართულ-რუსულ, ქართულ-ებრაულ კავშირებზე მომუშავე მეცნიერებს. განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია “ქურთბარის” – ქურთების ფერხულის აჭარაში გავრცელების ფაქტმა, მისი შესრულების ადგილობრივმა წესებმა და ფორმებმა. ექსპედიციის მიღწევად უნდა ჩაითვალოს ვიდეოფირზე შელოცვების აღბეჭდვა და მაჰმადიან ქართველთა მიერ ყურანის ხმით კითხვის ნიმუშების დაფიქსირება, რაც, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, აქამდე არასოდეს მომხდარა.

2005 წლის 20 მაისს პროექტის დამფინანსებელი ფონდის “ღია საზოგადება – საქართველო” საკონფერენციო დარბაზში გაიმართა ექსპედიციის შედეგების პრეზენტაცია, მოეწყო ფოტოგამოფენა, ელგუჯა დადუნაშვილისა და იმედა მაღლაკელიძის მიერ საგანგებოდ მომზადებული ვიდეოკლიპების ჩვენება.

ვიმედოვნებთ, რომ შეკრებილ მასალას სამეცნიერო ღირებულებასთან ერთად პრაქტიკული დანიშნულებაც ექნება.

ექსპედიციის წევრები დახმარებისა და თანადგომისათვის განსაკუთრებულ მადლობას მოახსენებენ შუახევის რაიონის გამგებელს, ბატონ თემურ ზოიძეს და კულტურის განყოფილების გამგეს, ბატონ ვასო ხიმშიაშვილს, ყველა იმ ადამიანს, ვინც გულისხმიერებითა და დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდა ტრადიციული მემკვიდრეობის ჩაწერისა და დაცვის საშვილიშვილო საქმეს.

Share it on