Uncategorized

ტმკსც-ს მიერ ინეგოლის რაიონში (ბურსას პროვინცია, თურქეთი) ჩატარებული ექსპედიციის დღიური

2015 წლის 3 აგვისტო.
სტამბოლი ბოსფორის სრუტეზე შეფენილ სტამბოლს ოქროსფერი გადაკრავს. აქ აღმოსავლეთი და დასავლეთი ისე ბუნებრივად კვეთს ერთმანეთს, როგორც სრუტეზე მობინადრე თოლია უერთდება ხან წყალს და ხან ზეცას.
ჩვენი თურქი კოლეგა _ აბდულა აკატი ქალაქს გვათვალიერებინებს. ქადიქოიში მივდივართ, სადაც სტამბოლის ქართული კულტურის სახლში იბერია მელაშვილი-ოზქანი გველოდება. როგორც კი ამ სახლის ზღურბლს გადააბიჯებ, საქართველოში აღმოჩნდები. სტამბოლის ქართველობა აქ იყრის თავს, მშობლიური ენისა და სიმღერის შესასწავლად.

4 აგვისტო. ინეგოლი.
ჩვენს ექსპედიციას 4 წევრი ჰყავს. აბდულა აკატი _ ტრაბზონის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, რომელიც შავი ზღვის კულტურას უკვე წლებია იკვლევს; იბერია მელაშვილი-ოზქანი, აჰმედის შვილი და მისი ტრადიციების გამგრძელებელი; თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ტმკსცდან ნინო რაზმაძე და ბაია ჟუჟუნაძე ვართ. ეს ჩვენი ცენტრის პირველი ექსპედიციაა თურქეთში, თანაც თურქულ-ქართული.
ქალაქ ინეგოლის მოსახლეობის საკმაოდ დიდ ნაწილს ეთნიკური ქართველები წარმოადგენენ. თავად ინეგოლის რაიონში კი 21 ქართული სოფელია. ისინი მაჭახლიდან, ჩაქვიდან, შუახევიდან, ხულოდან და მესხეთიდან არიან გადმოსახლებული.
კავკასიური ფოლკლორისა და კულტურის საზოგადოებაში ჩვენთან შესახვედრად სამ თაობას მოუყრია თავი. სამშობლოდან ჩამოსულებს აქ განსაკუთრებული სიყვარულით ხვდებიან. ქალაქ ინეგოლში ვიწერთ აკორდეონზე (ადგილობრივები მას „მუზიყას“ უწოდებენ) შესრულებულ დასაკრავებს: ხორუმი, ყოლსამა, ყოლსამას გადაქცეული, აბაზურაი, ჩერქეზული და ა.შ. ჭიბონის დაკარგვას ძალიან დარდობენ. ამ საკრავზე დასაკრავებს აკორდეონის რეპერტუარში გადმოუნაცვლებია.

ინეგოლი 1

6 აგვისტო. ინეგოლი
გუშინ ინეგოლის სოფლები სულჰიე და თუფექჩიქონაქ მოვიარეთ. თან სუათ აქთექინი-დიდაჭარელი (77 წლის) გვახლდა. ბატონი სუათი მთელს ინეგოლის რაიონში ცნობილია, როგორც ქართული ტრადიციების მცოდნე და შემნახველი. ახალგაზრდებს მისგან არა ერთი სიმღერა და დასაკრავი აქვთ ნასწავლი. საღამოს მის ბაღში მოიყარა თავი თითქმის ყველამ, ვისთვისაც ქართული ცეკვა და სიმღერა ყოველდღიურობის ნაწილია. მათ შორის ძალიან ბევრი ახალგაზრდაა. გვიმღერეს „დედოფლის სიმღერის“ ბანის პარტია. „მყივანს მხოლოდ ერთი და გამორჩეული მომღერალი ამბობდაო“, ამიტომ ეს ხმა ფრაგმენტულად ახსოვთ და მისი შესრულება ერთულებათ. ჩავიწერეთ „ნარდანინა“, „ვინ მოგიტანა“, „თირნი ჰორერამა“, „თეთრო მამალო“. თავად უკმაყოფილებას გამოხატავდნენ სიმღერების დავიწყებისა და შეუმღერებლობის გამო, მაგრამ მრავალხმიანი აზროვნება ჯერ ისევ შემორჩენილია მათ ცნობიერებაში.
ჩაწერის შემდეგ ახალგაზრდებს პიტერ გოლდისა და აჰმედ მელაშვილის საარქივო ჩანაწერები მოვასმენინეთ. როდესაც მემკვიდრეებს თავიანთი წინაპრების ჩანაწერებს ასმენინებ, ეს მათზე ყოველთვის დიდ გავლენას ახდენს. მაგრამ, სამწუხაროდ ხშირად, 18 ისინი თავად აღარ არიან ამ ტრადიციის გამგრძელებლები. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი, პირიქით, 30 წლამდე ასაკის ბიჭებმა ყველა სიმღერა და დასაკრავი ამოიცნეს, ეს უძველესი რეპერტუარი მათთვის სამშობლოსთან ურთიერთობის საშუალებაა.

7 აგვისტო. სოფელი ჰაირიე
არასოდეს დამავიწყდება ის განცდა, როდესაც სოფელ ჰაირიეს მანიშნებელი ნიშანი გამოჩნდა. მანქანაში ექსპედიციის ყველა წევრი ახმაურდა. ერთმანეთს ჰაირიეში მოხვედრას ვულოცავთ. ამ სოფელზე რამდენი რამ გვსმენია გურამ პატარაიას ფილმიდან, პიტერ გოლდის ჩანაწერებიდან. დღეს ჩვენც აქ ვართ! ეს ის ბედნიერი წამია, რომელიც მთელი ცხოვრება გვემახსოვრება.
ახალი ჰაირიე ევროპულ სოფელს ჰგავს, კოხტა სახლებითა და მოვლილი ეზოკარებით. მანქანა სოფლის ცენტრში, ჩაიხანის წინ გავაჩერეთ. ბატონ იბერიას დედულეთში დიდი სიყვარულით ეგებებიან. „ჩვენებურები ხართ?“ ეს ერთი კითხვა მთელ სამშობლოს იტევს. აჰმედ მელაშვილისა და პიტერ გოლდის ჩანაწერების შემსრულებლების მემკვიდრეებთან მივდივართ. ამ ოჯახებში ისევ მღერიან. მათ ისე ცოცხლად ახსოვთ პიტერის 47 წლის წინანდელი სტუმრობა და ჩაწერის პროცესი. მაშინ ბავშვები და დღეს უკვე ბაბუები, ერთმანეთს ჩაწერის დეტალებს ახსენებენ.
ალი ოსმან გულტეკინის ოჯახის ქალბატონებმა „ნარდანინა“ შეგვისრულეს ცეკვით. ვესილე ხინკილაძეც ვიპოვეთ, „დის დატირების“ შემსრულებელი. ქალბატონი ვესილე (73 წლის) პროფესიონალივით უდგება ჩაწერის პროცესს, არ გვახვეწნინებს. ადრე ყველა ცოცხალი მყავდა და ჩემთვის ტირილის თქმა ასე რთული არ იყოო, _ კი გვეუბნება, მაგრამ მაინც გვაწერინებს რამდენიმე ვარიანტს. მერე საკუთარი ლექსები გამოაქვს, ახალგაზრდობაში პიესაც კი დაუწერია, რომელიც სოფლის თეატრში დაუდგამს.

ინეგოლი 2

11 აგვისტო. ჰაირიე
სამყაროში შემთხვევით რომ არაფერი ხდება, ამაში დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდით. შენოლ შენერი გუშინ სრულიად შემთხვევით გავიცანით, ინეგოლის ერთ-ერთ ჩაიხანაში. საღამოს ჩაწერაზე მოვიდა, რამდენიმე სიმღერა გვიმღერა, ცოლის მიერ ქმრის დატირებაც შეგვისრულა. თავად შემოგვთავაზა ხვალ ჰაირიეში თუმერებთან წამოგყვებითო.
სოფელ ჰაირიეში ჩასვლის პირველივე დღიდან ვეძებთ „ვინ მოგიტანას“ შემსრულებელს. ჩანაწერის მოსმენისას ვერავინ გაიხსენა ის პატარა ბიჭი, არადა, მართლა დიდხანს ბჭობდნენ, უცილობლად ჩვენი თაობაა და ცოცხალი უნდა იყოსო.
მანქანა ისევ ჩაიხანის წინ გავაჩერეთ. ჩვენს ჩასვლას უკვე მთელი სოფელი ელოდებოდა ხოლმე. შენოლის დანახვაზე ბატონმა ბასრი ილდიმირმა წამოიძახა: „ჩვენ რომ ვეძებთ, აი ესაა ის ბიჭიო“. ინეგოლში მასაც მოვასმენინეთ ჩანაწერები, მაგრამ არ უთქვამს თავად რომ ასრულებდა ამ სიმღერას და არც „ვინ მოგიტანა“ უმღერია. დღეს რომ აქ არ წამოგვყოლოდა, ამ სასიხარულო ამბავს ხომ ვერ გავიგებდით. სიმღერაც შეგვისრულა და შესრულების ფორმაზეც მოგვითხრო. ბატონი შენოლი ჩვენი ექსპედიციის აღმოჩენაა!
14 აგვისტო. სტამბოლი
პირველი შემთხვევაა, როცა შინ ვბრუნდები და შთაბეჭდილებებთან ერთად, ნოსტალგიაც მომყვება თან. „სხვა საქართველო სად არის?“ აქაა, ამ ხალხში, მათ ქართულ მეტყველებაში, სიმღერასა და ცეკვაში. 145 წლის წინ წასულები, მშობლიური მიწის სიყვარულით ცხოვრობენ.
ერთ ადამიანს შეუძლია შეცვალოს ისტორია, შეაჩეროს წამი წარმავალი. რომ არა აჰმედ მელაშვილის წინდახედულობა, დღეს ეს სიმღერები ალბათ, აქ, ასე ცოცხლად შემონახული აღარ დაგხვდებოდა.
ჩვენი პროფესიის ადამიანები „წარსულის მეარქივეები“ ვართ. მთელი ცხოვრება ვეძებთ და ვაარქივებთ იმას, რაც გვგონია, რომ მომავალს ვეღარ გაყვება და დავიწყებას მიეცემა.
მაგრამ ინეგოლსა და ჰაირიეში ეს დრო ჯერ კიდევ შორსაა. აქ ისეთი ახალგაზრდა თაობა ჰყავთ, ვინც ამ წარსულის ფასი იცის და მის ერთ მტკაველსაც არ დაკარგავს დროის დინებაში.

ბაია ჟუჟუნაძე, ეთნომუსიკოლოგი

დღევანდელი ეთნომუსიკოლოგიის მოთხოვნების შესაბამისად, შეუძლებელია ქართული ხალხური მუსიკალური შემოქმედების კვლევა მეზობელი და განსაკუთრებით კავკასიური კულტურის გაუთვალისწინებლად.თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიას ყოველთვის მჭირო კავშირი ჰქონდა ჩრდილოკავკასიურ რესპუბლიკებთან, განსაკუთრებით, მათთვის კადრების მომზადების თვალსაზრისით, თუმცა ქართულ-კავკასიურ მუსიკალურ ურთიერთობებს თანმიმდევრულად მხოლოდ რამდენიმე ქართველი მეცნიერი იკვლევდა (ნ. მაისურსაძე, მ. შილაკაძე). კვლევის ამ მიმართულების შემდგომი განვითარება ტმკსც-ის ერთ-ერთ პრიორიტეტთაგანია.

სწორედ ამ მიზნით, მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით 2013 წლის 3-16 აგვისტოს საველე ექსპედიცია მოაწყო პანკისის ხეობაში, სადაც ჩრდილოკავკასიელები – ჩეჩნები ანუ, როგორც ისინი თავიანთ თავს უწოდებენ, ქისტები ცხოვრობენ.

ექსპედიციის შემადგენლობაში იყვნენ: ქეთევან ბაიაშვილი (ცენტრის სპეციალისტი, ექსპედიციის ხელმძღვანელი), ნინო რაზმაძე (ცენტრის სპეციალისტი), ილია ჯღარკავა (ხმის ოპერატორი), გიორგი ხუციშვილი (კინოოპერატორი და მძღოლი).

ექსპედიციამ მოიარა სოფლები: დუისი, ჯოყოლო, ომალო, ბირკიანი, დუმასტური, ყვარელწყალი, დედისფერული, ქორეთი.

პანკისის ხეობის ახლანდელი მკვიდრი ჩეჩნები, ინგუშებთან ერთად, ვაინახებად იწოდებიან. თავის თავს „ნოხჩებს“ უწოდებენ. ვაინახი მათსავე ენაზე „ჩვენს ხალხს“ ნიშნავს. ისინი ამ ეთნონიმით თავის თავს დანარჩენი კავკასიელებისგან გამოყოფენ. ეს ორი ხალხი კავკასიის ძირეული მოსახლეობაა. მათი ენა ჩრდილო კავკასიური ენების ოჯახთა ნახურ ჯგუფს მიეკუთვნება.

ვაინახთა საქართველოში თავდაპირველი დასახლება დასტურდება ძვ.წ. აღ. III ს. მეფე ფარნავაზის ძის  – საურმაგის დროს. პანკისის ხეობაში ქისტების ჩამოსახლება თარიღდება XVIII-XIX საუკუნეებით.

პანკისი 01

მიგრირებული ქისტების ძირითადი ნაწილი “მთური რელიგიის“ (წარმართობისა და ქრისტიანობის სინთეზი) მატარებელი ყოფილა, 1886წ. ქრისტიანული მისიონერული საზოგადოების მიერ ბევრი მონათლულა ქრისტიანად. შემდეგ კი პარალელურად ისლამი მიუღიათ. არქიმანდრიტ ანანია ჯაფარიძის გამოკვლევით, ეს პროცესი მეოცე საუკუნის 90-იან წლებამდე გაგრძელებულა. დღეს ქისტები სუნიტური ისლამის მიმდევრები არიან, 20-ე საუკუნის ბოლო ათწლეულში ხეობაში ვაჰაბისტები (ისლამის წიაღში წარმოშობილი სექტა) იკიდებენ ფეხს. ისინი ძირითადად ახალგაზრდები არიან, რომლებიც საყვედურობენ და ადანაშაულებენ უფროს თაობას არაბული ენისა და ყურანის არცოდნაში.

რაც შეეხება ქისტების იდენტობას, ისინი ოჯახურ გარემოში მშობლიურ ენაზე მეტყველებენ, განათლებას ქართულ სკოლებში იღებენ, ამდენად ყველამ იცის ქართული. ეთნოლოგ ვალერიან ითონიშვილის გამოკვლევითაც, ქისტები ორენოვანი ხალხია. რაც შეეხება მრავალცოლიანობას, მკვლევრის დაკვირვებით, ეს წესი შესუსტებულია. ექსპედიციის მასალებში მოიპოვება რამდენიმე ქალის მიერ გამოთქმული პროტესტი ამ ტრადიციის მიმართ.

ქალები, როგორც ისლამის მიმდევრები, ალკოჰოლს არ ეკარებიან. შუახანსმიწეულნი და მოხუცები თუთუნს ეწევიან, მამაკაცები – თრიაქს. ბევრი ოჯახი ახლა გროზნოშია გადასახლებული სამუშაოდ, მაგრამ სოფელთან და ხეობასთან კავშირს არ წყვეტენ. ისინი სიამაყით იხსენებენ თავის წინაპრებს, რომლებიც პანკისის ხეობაში არიან დაკრძალული. ზოგადად, ქისტები სტუმართმოყვარე და კეთილგანწყობილი ხალხია. შვილებს ვაჟკაცობასა და უშიშრობას უნერგავენ. ძალიან უყვართ ცხენით ჯირითი. ცხენი მათ ეროვნულ იდენტობასთან იგივდება. გვერდიგვერდ სოფლებში სახლობენ ოსები, აჭარლები, წოვა თუშები და ფშავლები. მათ შორის ძირითადად კეთილმეზობლური დამოკიდებულებაა.

პანკისი 02

რაც შეეხება ქისტების მუსიკალურ ყოფას, ისინი გამოხატულად ვოკალური მრავალხმიანი კულტურის მატარებელთა რიგს მიეკუთვნებიან. ინსტრუმენტული მუსიკა აშკარად ჩრდილშია. სამწუხაროდ, ექსპედიციამ ვერსად მიაგნო მათ ტრადიციულ საჩხარუნებელ საკრავ „ფხაწიჩს“ ან „დეჩიკ ფონდურს“. ხალხს მეხსიერებაში შემორჩენილი აქვს ეს საკრავები, მაგრამ ფიზიკურადაც კი არ აღმოჩნდა არც ერთ ოჯახში. ისევე, როგორც ყველგან, აქაც გავრცელებულია დოლი და გარმონი.

ექსპედიციის მიერ ჩაწერილია ერთ-, ორ- და სამხმიანი სიმღერები. მრავალხმიანობის ტიპი აქ, ძირითადად, ბურდონულია. მეტად საინტერესო ფორმები შეინიშნება მათი ღვთისმსახურების დროს შესასრულებელ ძიქრებში, რომელთა კვლევა ბევრ საინტერესო შრეს წარმოაჩენს.

როგორც აღვნიშნეთ, პანკისის ხეობაში ჩეჩნებთან ერთად ცხოვრობენ ოსები, აჭარლები, წოვა თუშები და ფშავლები. ექსპედიცია ასევე დაინტერესდა სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის ჯგუფების მუსიკალური ინტეგრაციის, დიფუზიისა და ასიმილაციის საკითხებითა და საერთო მუსიკალურ ყოფაში კონსერვაციისა და ინოვაციების მოქმედება-გავრცელების პროცესებით.

ამიტომაც მეტად მნიშვნელოვანი იყო მუსიკალურთან ერთად სხვა მონათესავე დარგების ნიმუშთა მოძიებაც. ჩაწერილია  ზეპირსიტყვიერი (ლექსები, მოთხრობები, ლეგენდები), ისტორიული, ქორეოგრაფიული, ეთნოლოგიური, მსოფლმხედველობრივი, რელიგიური მასალები, შეძლებისდაგვარად, ჟანრული მრავალფეროვნების გათვალისწინებით: ყოფითი, სამონადირეო, საერო და სასულიერო, საგლოველი, შრომის, სალაღობო, ბავშვთა დასაძინებელი, სალალაო, მაგიური, სამკურნალო, ამინდის მართვის, მწყემსური და სხვა ჟანრების მუსიკალური ნიმუშები. სხვათა შორის, ჩაწერილია აქამდე უცნობი წისქვილში სათქმელი ავი სულების გასაფრთხობი, ტყეში ქალების წასვლისას სათქმელი, ომში მიმავალი ვაჟების დალოცვა, მწყემსის უსალამუროდ სტვენა. ასევე სრულად გადაღებულია რამაზანის გახსნილებისადა გლოვის რიტუალები.

ექსპედიციაში ჩაწერილია 300 მგბ. ოდენობის მასალა, რომლის დამუშავება ამჟამად მიმდინარეობს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრში.

პანკისის ექსპედიციის მასალების პრეზენტაცია შედგა 16 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი დარბაზის ფოიეში.

2003 წლის დეკემბერში ხალხური მრავალხმიანობის საერთაშორისო ცენტრის მიერ მოეწყო ფოლკლორული ექსპედიცია დმანისში მესტიის რაიონიდან (ჭუბერის ხეობიდან) 1988 წელს მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად ჩამოსახლებულ სვანებთან.

ექსპედიციას ხელმძღვანელობდა ქართული ხალხური მუსიკალური შემოქმედების კათედრის დოცენტი, ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი ნატო ზუმბაძე, ექსპედიციის წევრები იყვნენ კონსერვატორიის მუსიკისმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტები: ოთარ კაპანაძე, ნინო ნადირაშვილი, თეონა რუხაძე და ტექნიკური ოპერატორი ლაშა მარტაშვილი.

დეკემბრის ბოლო დღეებში სუსხიან დმანისში ჩასულებს დმანისელი სვანების სახით თბილი და სტუმართმოყვარე მასპინძლები დაგვხვდნენ.
ჟივლენ ჩხეტიანის (64 წ.), ნიკოლოზ პაკელიანის (70 წ.), გურამ ჩხვიმიანისაგან (50 წ.), ჩავიწერეთ მნიშვნელოვანი სიტყვიერი ინფორმაცია სვანეთში დღემდე შემორჩენილი თუ უკვე დავიწყებული სხვადასხვა წეს-ჩვეულების შესახებ.

dmanisi

დმანისელი სვანების თქმით, ძველი რიტუალებიდან მათ ყოფაში ყველაზე მეტად “ლამპრობა”, იგივე “ლიმპარია” შემორჩენილი. “ლამპრობა” მოძრავი დღესასწაულია. მისი ჩატარების დრო ახალ მთვარეზეა დამოკიდებული და თითქმის ყოველთვის თებერვლის შუა რიცხვებს ემთხვევა. დღესასწაულის წინა დღეს თითოეული მამაკაცის სახელზე ხისგან ამზადებენ ლამპრებს (ჩირაღდნებს). გათენებამდე მამაკაცებს ანთებული ლამპრები მიაქვთ წმინდა გიორგის სალოცავისკენ, სადაც ლოცვასა და წმინდა გიორგის საგალობელ “ჯგრაგიშს” ამბობენ. Aმის შემდეგ რიტუალი გრძელდება გარეთ, კოცონის გარშემო, სხვადასხვა საგალობლისა და ფერხულის თანხლებით. დმანისელი სვანები ფიქრობენ, რომ “ლამპრობის” აღნიშნვა დღეს უფრო სიმბოლურია და ძველებური დატვირთვა აღარ აქვს. მათ ლეგენდაც გვიამბეს ამ დღესასწაულის წარმოშობის შესახებ. თუმცა ქართულ ეთნოგრაფიასა და ეთნომუსიკოლოგიაში ცნობილია, რომ ეს რიტუალი წარმოშობით წარმართული ხანიდან იღებს სათავეს.

ვახტანგ და ჟივლენ ჩხეტიანისაგან ჩავიწერეთ საგულისხმო ცნობები “კალანდის” ღამეს “მეკვლეობისა” და “ხელის გახსნის” ჩვეულებაზე, “გა”-სა და “ელიასადმი” მიძღვნილ ამინდის მართვის რიტუალებზე. ეთნოფორებმა ვრცლად მოგვითხრეს მიცვალებულთა სულის მოსახსენიებელი ციკლის “ლიფანალის” შესახებ; აღნიშნეს, რომ სვანეთში არსებობდა ქალთაA რიტუალი “ბარბოლი” (“ბარბალი”), ბავშვთა თამაშობა “ბომბღა”, თეატრალიზებული სანახაობა “უღლაშობა”. ახსენეს დღეს უკვე დაკარგული ფერხულები: “მირმიქელა”, “ჯანგულაში”, “შგარიდა”.

მიშა ცინდელიანისაგან (58 წ.) ექსპედიციამ ჩაიწერა საჭუნირე ჰანგები (“მირანგულა”, “ლაჟღვაში”, “ვიცბილ-მაცბილ” და სხვა). ჭუნირისა და ჩანგის დამზადებისა და შენახვის წესები, ლეგენდები ამ ინსტრუმენტების წარმოშობის შესახებ.

ექსპედიციამ სვანი ქალებისგან ჩაიწერა ბავშვთაAინფექციური დაავადებების დროს სათქმელი გამოლოცვები (79 წლის ნათელა გვარნიანისაგან), აკვნის ნანები (64 წლის მარიამ კორძაიასაგან და 38 წლის მაისო სუბელიანისაგან) და სხვა (სვანური თუ სხვადასხვა კუთხის) სიმღერები.

მამაკაცთა რეპერტუარი ჩავიწერეთ ანსამბლ “შგარიდასაგან”, რომელიც ასრულებს ანსამბლის ხელმძღვანელის გურგენ გურჩიანის მიერ აღდგენილ უძველეს საგალობლებსა და სიმღერებს. გურგენ გურჩიანმა 1985-1998 წლებში მოიარა სვანეთი და უხუცესი მომღერლების გიერგ ფირცხელანის, მაქსიმე გვარლიანის, უკა და სეფე ვეზდენებისა და სხვათაგან ჩაიწერა საგალობლების ცალკეული ხმები, რომელთა საფუძველზეც აღადგინა აღნიშნული ნიმუშები.

ანსამბლმა “შგარიდამ”, 2004 წლის იანვარში, თბილისის კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში გამართა კონცერტი რომელზეც შესრულდა გ. გურჩიანის მიერ აღდგენილი საგალობლები: “ო, ქრისდეში”, “ცხაუ ქრისდეში”, “ყაიოსუმა”, “გა”, “ზაშინავა” და სხვა.

დმანისელ ეთნოფორებთან ექსპედიციის წევრების მეგობრობა დღესაც გრძელდება.

ტმკსც-მა ქართული ხალხური სიმღერის საერთაშორისო ცენტრთან ერთად 2004 წლის 26-30 აპრილს იუნესკოს პროგრამის ფარგლებში ექსპედიცია მოაწყო გურიაში, ოზურგეთის რაიონში. მეცნიერთანამშრომლებს ნინო კალანდაძეს, თინათინ ჟვანიას, ქეთევან მათიაშვილს, ლელა მაქარაშვილს, ახლდნენ კონსერვატორიის სტუდენტები მიხეილ ჯავახიშვილი, ნინო ნადირაშვილი და ნინო ნიკოლეიშვილი.

ozurgeti 1

გურული მუსიკალური დიალექტი კონსერვატორიის ფოლკლორის კათედრის სამეცნიერო მუშაობაში ყოველთვის განსაკუთრებული დაკვირვების ობიექტს წარმოადგენდა. 1949 წელს ვლადიმერ ახობაძის მიერ ოზურგეთის რაიონში ცნობილი გურული მომღერალ-მგალობლებისაგან (არტემ ერქომაიშვილი, ვარლამ სიმონიშვილი, დიმიტრი პატარავა) უძველესი 11 გურული საგალობელი იქნა ჩაწერილი. 1959 წელს კახი როსებაშვილმა (1930-1988) ჩოხატაურის რაიონში ქართული ჩასაბერი საკრავის უძველესი სახეობის მრავალღერიანი სალამურის (გურიაში ეძახიან “სოინარს”) დასაკრავები და გურული შრომის სიმღერა “ყანური” ჩაიწერა. 1960 წელს ვლადიმერ ახობაძემ ლანჩხუთის რაიონში 30, ჩოხატაურში 15, ოზურგეთში 50 სასიმღერო ნიმუშის დაფიქსირება შეძლო (მათ შორის უმეტესობა შრომის სიმღერებია). 1963 წელს ოზურგეთის რაიონის სოფელ ლიხაურში გრიგოლ ჩხიკვაძემ (1900-1986) ჩაიწერა 25 სიმღერა. 1964 წელს ოთარ ჩიჯავაძემ (1919-1998) ლანჩხუთის რაიონში 80, ჩოხატაურში 23, 1965 წელს ჩოხატაურში 80 სასიმღერო ნიმუში მოიპოვა. 1965 წელს თბილისის კონსერვატორიაში ძველი გურული საგალობლების რესტავრაციის მიზნით ოზურგეთის რაიონის სოფელ მაკვანეთიდან ჩამოყვანილი იქნა უძველესი გურული გალობის საუკეთესო მცოდნე, ასევე ცნობილი ლოტბარი, არტემ ერქომაიშვილი, რომლისგანაც 105 საგალობლის სამივე ხმა ჩაიწერეს. 1970-იან წლებში გურული სასიმღერო ნიმუშების ჩასაწერად მინდია ჟორდანიასა (1929-1978) და კუკური ჭოხონელიძის (1940-2004) მიერ არაერთი ექსპედიცია იქნა მოწყობილი გურიასა და აჭარაში (ქობულეთსა და ბათუმში). 1990 წელს ედიშერ გარაყანიძის (1957-1998) ხელმძღვანელობით ჩოხატაურის რაიონში მოეწყო ექსპედიცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღო გერმანელმა ეთნომუსიკოლოგმა სიუზან ციგლერმა.

2004 წლის აპრილის მოკლევადიანი ექსპედიციის მიზანი იყო სტუმრობა სოფელ ლიხაურის მკვიდრთან, გურული სასიმღერო ტრადიციების საუკეთესო მცოდნესთან, 77 წლის კარლო ურუშაძესთან. განსაკუთრებული ინტერესის საგანს გურული საჩონგურო რეპერტუარის ჩაწერა წარმოადგენდა, რაც წარმატებით განხორციელდა. ჩავიწერეთ დღესდღეობით გურიაში გავრცელებული საჩონგურო წყობების შესაბამისი ნიმუშები.

სასიხარულოა, რომ მოხერხდა სამი მომღერლის კარლო ურუშაძეს, გური სიხარულიძესა (73 წ.) და ვალერიან ბერიშვილის (87 წ.) თავმოყრა. Mმიუხედავად იმისა, რომ ასეთ შემადგენლობაში პირველად უწევდათ მღერა, უამრავი ძველი სიმღერის გაცოცხლება შეძლეს. მათ შორისაა: “ჩვენ მშვოდობა”, “მე რუსთველი”, “კალოს ხელხვავი”, “მრავალჟამიერი”, “პატარა საყვარელო”, “წამოკრული”, “შავი შაშვი”.
ოზურგეთისა და ჩოხატაურის სამხარეო მუზეუმებიდან მოპოვებული იქნა საარქივო ფონო-, ფოტო- და ვიდეომასალები ძველი ლოტბარებისა და მგალობლების შესახებ.

ტმკსც-მა იუნესკოს პროგრამით გათვალისწინებული პროექტის ფარგლებში 2004 წლის ზაფხულში (16 ივლისი – 4 აგვისტო) მოაწყო ექსპედიცია ლენტეხსა და ცაგერში. ექსპედიციის წევრები იყვნენ ცენტრის თანამშრომლები: კონსერვატორიის კათედრის პედაგოგი მალხაზ ერქვანიძე და ფოლკლორის კაბინეტის გამგე ქეთევან მათიაშვილი. ამ ხნის განმავლობაში მოვიარეთ ლენტეხის რაიონის რამდენიმე სოფელი: კახურა, თეკალი, ხოფური, ცანა და ხელედი.

lentexi da cageri 1

პირველივე დღეს დაბა ლენტეხში მცხოვრები 62 წლის ეთერ (შურა) ლიპარტელიანისგან ჩავიწერეთ 10-მდე სიმღერა ჭუნირის თანხლებით. ჩოლურის თემში შემავალი სოფლების მკვიდრთაგან შედგება 90-იან წლებში შექმნილი მამაკაცთა ანსამბლი “მიჟე ნარი” (“მზის ნათელი”), რომლის წევრები არიან: ვასო ბაბლუანი, ვახტანგ მუკბანიანი (47 წ.), ვალოდია ბაბლუანი (48 წ.), მამუკა მუკბანიანი (22 წ.), გერასიმე ზურაბიანი (15 წ.) და დავით მუკბანიანი (41 წ.). ანსამბლის დამაარსებელი და ხელმძღვანელი ჯუმბერ მუკბანიანი (74 წ.) თავის დროზე ლენტეხის რაიონის სიმღერისა და ცეკვის სახალხო ანსამბლის წევრი ყოფილა (ხელმძღვანელი – საქართველოს დამსახურებული არტისტი ჯოკია მეშველიანი). ამ ჯგუფს შევხვდით თეკალში, ბატონი ჯუმბერის ოჯახში. აღსანიშნავია, რომ მეუღლის გარდაცვალების გამო მგლოვიარედ მყოფი ოჯახის უფროსმა ორი წლის განმავლობაში პირველად იმღერა და ამით ჩვენი საქმიანობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. ჩავიწერეთ 7 სიმღერა, ამას გარდა, ვიდეოკამერით გადავიღეთ ფერხულებისა და ცეკვების ფრაგმენტები. აღსანიშნავია, რომ საშუალოდ ხანდაზმული ასაკის მომღერლების გვერდით დგანან ახალგაზრდები და მშობლიური სამუსიკო ფოლკლორის მიმართ დიდ ინტერესს იჩენენ. გავესაუბრეთ, აგრეთვე, ნანა ზურაბიანს (34 წ.), რომელმაც ბებიისგან გაგონილი, ნადირისაგან საქონლის დასაცავი შელოცვა გაიხსენა. 75 წლის სარა შავრიშიანმაც რამდენიმე შელოცვა გვითხრა.

ხოფურში ვეწვიეთ 74 წლის შოთა ქურასბედიანის ოჯახს. სახელდახელოდ შეკრებილი მცირე, ოთხკაციანი ჯგუფის (ბატონიშოთა, ბორის გუგავა, ამირან და გულად ლიპარტელიანები – ადრე ოთხივენი ბატონი ჯოკიას ანსამბლში მღეროდნენ) მიერ შესრულებული 5 სიმღერა ჩავიწერეთ. საინტერესოა, რომ “წმინდაო ღმერთოს” ქვემოსვანური ვარიანტი (ეს საგალობელი თბილისის ვაჟთა სამგალობლო ანსამბლებში პოპულარობით სარგებლობს) და “ალილო” მხოლოდ ქართულ ენაზე იმღერება.

lentexi da cageri 2

ხელედში ქარდავების ოჯახს ვესტუმრეთ. 83 წლის შალვამ და მისმა მეუღლემ, მაგრაფი ჩარქსელიანმა რამდენიმე სიმღერა გაჭირვებით გაიხსენეს. აქვე შევხვდით სოფლის “სტაროსტას” – 72 წლის ჯამბულ გაზდელიანს, რომლისგანაც 3-4 სასიმღერო და საკრავიერი ნიმუში (იგი კარგად უკრავს ჭუნირზე) ჩავიწერეთ. მოგვიბოდიშა – მეტს ვერ ვიტყვი, დეიდაჩემს ვგლოვობო. ლენტეხში ვესტუმრეთ ჯოკია მეშველიანის მეუღლეს, ქალბატონ ციალა გურაბანიძეს, რომელმაც გულთბილად მიგვიღო და საოჯახო არქივში დაცული მასალები გაგვაცნო.

ჩვენ საშუალება გვქონდა, ორი დღის განმავლობაში ლენტეხის კულტურის სახლში (დირექტორი – გელა გუგავა) დავსწრებოდით რაიონის სოფლების კულტ სახლებთან არსებული ანსამბლების დათვალიერებას. დათვალიერებამ ერთობ სავალალო და საგანგაშო მდგომარეობა გამოავლინა – მონაწილეები ტრადიციული ფოლკლორის მატარებლები აღარ არიან; მათი მწირი და ხშირად განმეორებადი რეპერტუარი, სავალდებულოდ ქცეული ერთი-ორი პოპულარული სასიმღერო ნიმუშის გარდა (“გოგოვ, გოგოვ შავთვალა” და “შავლეგო”), შემოიფარგლება მდარე გემოვნების საფანდურო კუპლეტებით.

რაც შეეხება ცაგერის რაიონს, მუშაობა საკუთრივ რაიონულ ცენტრსა და ახლომდებარე სოფელ ჩხუტელში მოვახერხეთ. გავიცანით ცაგერის კულტსახლთან არსებული ჯგუფი ზაზა ყურაშვილის ხელმძღვანელობით (წევრები: თამაზ კოპალიანი, სოზარ ბენდელიანი – ანსამბლ “რუსთავის” ყოფილი წევრი, ალექსანდრე გოგიძე). მათგან 8 ლეჩხუმური სიმღერა და კიდევ რამდენიმე სხვა კუთხის ნიმუში მოვისმინეთ. ხანდაზმულთა ანსამბლ “ლეჩხუმთან” შეხვედრამ დიდად გაგვახარა. გუნდი, რომელსაც 79 წლის რაფიელ კოპალიანი ხელმძღვანელობს, დაარსდა 1974 წელს. იგი მემკვიდრეა ძველი “სალხინოსი”, რომელსაც ბატონ რაფიელის მამა, დავით კოპალიანი ედგა სათავეში. “სალხინოს” წევრთაგან ახლა არცერთი აღარ არის ცოცხალი (ეს ანსამბლი 1967 წელს კონსერვატორიის პროფესორმა გრიგოლ ჩხიკვაძემ ჩაიწერა). “ლეჩხუმის” ექვსკაციანი ჯგუფის წევრების (75 წლის გუჯა ჩაკვეტაძე, 74 წლის გრიგოლ ბენდელიანი, 76 წლის ჯუმბერ საღინაძე, 68 წლის ვილგელმ კოპალიანი, 74 წლის ოთარ საღინაძე) მიზანი საკუთრივ ლეჩხუმური სიმღერების გადარჩენა და მათი მომავალი თაობებისთვის შემონახვაა. საოცარი ამბავი მოხდა: შვილის გარდაცვალების გამო რვა წლის განმავლობაში დადუმებული ბატონი რაფიელი ამღერდა – საქმეს ასე სჭირდებაო! მათი შესრულებით 32 სიმღერა დავაფიქსირეთ.

ცაგერის გვერდით მდებარე სოფელ ჩხუტელის მომღერლებმა (68 წლის შალვა კვირიკაშვილი, 73 წლის ომარ ახვლედიანი, 63 წლის ჯემალ თვარაძე, 72 წლის შალვა სვანიძე, 70 წლის დავით სვანიძე და 67 წლის გრიგოლ მეშველიანი) 8 სასიმღერო ნიმუშის გახსენება შეძლეს. ექსპედიციაში ყოფნის დროს მოვიპოვეთ ვიდეომასალაც (ლენტეხის სიმღერისა და ცეკვის სახალხო ანსამბლი – დაახლ. 70-იანი წლების ჩანაწერი; “მიჟე ნარი”, “ლეჩხუმი”), რომლებიც ტმკსც-ის არქივში იქნება დაცული.

ვფიქრობთ, აღნიშნული ექსპედიციას ნაწილობრივ დაზვერვითი ხასიათი ჰქონდა. “მომღერალ სოფლად” ცნობილ ხელედში (და არამარტო აქ) იმედები გაგვიცრუვდა. უამრავი ადამიანი შინ არ დაგვხვდა – სათიბში იყვნენ წასულები. მრავალი წლის გამოცდილებამ დაგვანახა, რომ ზაფხული ფოლკლორული ექსპედიციების მოსაწყობად არახელსაყრელი სეზონია. კალენდარული სამეურნეო სამუშაოების გამო (თიბვა, მთიდან საშემოდგომოდ საქონლის ჩამორეკვა, შეშის დამზადება და სხვა) ხშირ შემთხვევაში ეთნოფორების თავმოყრა შეუძლებელი ხდება; კახურაში ერთადერთი მოსახლე, ძველი ტრადიციების მცოდნე, შინ არ დაგვხვდა; ხოფურში ხელმეორედ ასვლა და ქალებთან გასაუბრება უტრანსპორტობის გამო ვეღარ შევძელით (სამწუხაროდ, ქალთა ფოლკლორული ნიმუშების დაფიქსირება ამჯერად ვერ მოვახერხეთ, რაც ჩვენი ექსპედიციის ერთ-ერთ ნაკლად მიგვაჩნია). არაერთი ადამიანის გვარი და მისამართი ჩავინიშნეთ და მათთან შეხვედრა სამომავლოდ გადავდეთ.

2003 წლის მარტში თბილისში გავიცანით 72 წლის მესტვირე ელგუჯა მუხიგულაშვილი. 2004 წლის სექტემბერში მოხერხდა მასთან კასპის რაიონის სოფელ თელათგორში ჩასვლა. ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრის მიერ მოწყობილ მოკლევადიან ექსპედიციაში ჩემთან ერთად მონაწილეობდნენ ტმკსც-ის მეცნიერ-თანამშრომელი ლელა მაქარაშვილი და შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ფოლკლორის განყოფილების მეცნიერ-თანამშრომელი ელგუჯა დადუნაშვილი. ვიდეომასალა კომპიუტერში დაამონტაჟა პროგრამისტმა გიორგი ცომაიამ.

telatgori 1

ექსპედიციას კონკრეტული მიზანი ჰქონდა: სტვირის დამზადების წესების, დამზადების პროცესის დაფიქსირება და ამ საკრავზე აჟღერებული ნიმუშების ჩაწერა. სასიხარულოა, რომ ამასთან ერთად შეკრებილ იქნა საინტერესო სიტყვიერი, ეთნოგრაფიული მასალა, ხალხური რეწვის, სასიმღერო და საცეკვაო ფოლკლორის ნიმუშები.

დღემდე ქართლური უგუდო სტვირი ივანე ჯავახიშვილის, კახი როსებაშვილის, მანანა შილაკაძის, თინათინ ჟვანიას და ქეთევან ნიკოლაძის ნაშრომებით იყო ჩვენთვის ცნობილი. 1998 წელს საგურამოს რაიონის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები გიორგი მიჩნიგაური მსგავს საკრავს ასკილისაგან ამზადებდა. როგორც ცნობილია, ლელის ლერწამი ჩასაბერი საკრავის დასამზადებლად გამოიყენება გურიასა და სამეგრელოში (მრავალღერიანი ლარჭემი-სოინარი), ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს კუთხეებში ცნობილი იყო ამ მასალისაგან დამზადებული სალამური (აღწერილი აქვს დ. არაყიშვილს). Aამ თვალსაზრისით, ჩემს მიერ მოძიებული ლელის სტვირი აღმოჩენად შეიძლება მივიჩნიოთ.

სტვირის მასალად გამოიყენება ლელის (Phragmites Communis Trin) გამხმარი ღერო. მისი სიგრძე დაახლ. 20-21 სმ-ია, დიამეტრი 0,7-1 სმ. აქვს ათლილი ენა და ექვსი თვალი. საგულისხმოა, რომ ასკილის სტვირის მსგავსად, ზოგჯერ ისიც ორმაგი საკრავის სახით გამოიყენება. ძირითად — თვლებიან ღეროსთან ერთად მესტვირე ჩაბერავს მეორე – ენიან, შედარებით მოკლე უთვლებო ღეროს, რის შედეგადაც ბურდონული ტიპის მარტივი მრავალხმიანი დასაკრავი ყალიბდება.

telatgori 2

ბატონ ელგუჯას სტვირზე დაკვრა ბავშვობაში მეზობელ სოფელ ლავრისხევში მწყემსისაგან უსწავლია. თვითონ ამ საკრავს ბავშვებისათვის ამზადებს და ყიდის. იყენებს მას, როგორც სასიგნალო საშუალებას. ასრულებს საჭიდაოს, საცეკვაოს, ნაცნობი სასიმღერო ნიმუშების საკრავიერ ვერსიებს. მისგან შეძენილ ლელის სტვირებს ბავშვები სასტვენად (საფეხბურთო შეჯიბრისას) და გასართობ სათამაშოდ იყენებენ.

ექსპედიციის მიერ მოძიებული მასალა, რომელიც დაახლოებით ორმოცწუთიანი აუდიო- და ვიდეომასალის სახით არის წარმოდგენილი, ე. დადუნაშვილის მიერ ფრაგმენტების სახით გამოყენებულ იქნა თბილისში, გოეთეს ინსტიტუტში გერმანელ და ქართველ მეცნიერთა თანამშრომლობით განხორციელებული პროექტის პრეზენტაციისას და ტრადიციული მრავალხმიანობის II საერთაშორისო სიმპოზიუმის სხდომაზე მონაცემთა ბაზასთან დაკავშირებული პრობლემების განხილვისას.

საბავშვო სამუსიკო საკრავები ქართულ ეთნომუსიკოლოგიასა და ორგანოლოგიაში თითქმის შეუსწავლელია. არადა, მათი მარტივი კონსტრუქცია და ყოფითი ფუნქცია საკრავიერი მუსიკის გენეზისის კვლევისას უაღრესად მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია.

2004 წლის 16-20 დეკემბერს იუნესკოს პროგრამის ფარგლებში ახმეტის რაიონის სოფელ ზემო ალვანში მოეწყო მუსიკალურ-ფოლკლორული ექსპედიცია, რომელშიც მონაწილეობდნენ ტმკსც-ის თანამშრობლები – ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დოცენტი ნატალია ზუმბაძე (ხელმძღვანელი), ხალხური მუსიკალური შემოქმედების კაბინეტის გამგე ქეთევან მათიაშვილი და ლაბორანტი ოთარ კაპანაძე.

ზემო ალვანი ძირითადად წოვა თუშებით დასახლებული სოფელია. როგორც ცნობილია, თუშური (განსაკუთრებით, წოვა თუშური) მუსიკის არცთუ ბევრი ნიმუშია ფიქსირებული. აღნიშნული ექსპედიცია ამ ნაკლის შევსების ერთ-ერთი ცდა იყო.

zemo alvani

შეიძლება ითქვას, რომ ექსპედიცია საკმაოდ შედეგიანი აღმოჩნდა. უკვე პირველ დღეს მარიკა ჩაგოშვილისგან (დაბ. 1976 წ.) ჩავიწერეთ სიმღერები წოვურ და ქართულ ენებზე, ასევე დასაკრავები გარმონზე. მათ შორის “სამგზავრო” და “ლიქოკელი”. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შემსრულებლის მღერის მანერასა და ბგერის წარმოებაში (დაძაბული, ხმამაღალი, ერთგვარი “გამყივანი” ბგერა) ნაწილობრივ იგრძნობოდა ჩეჩენ და ქისტ ქალთა შესრულების ზეგავლენა. მარიკასგან ჩავიწერეთ ისეთი სიმღერებიც, რომლებიც, სავარაუდოდ, უახლოეს წარსულში შეიქმნა და მნიშვნელოვნად სცილდება ტრადიციულ თუშურ რეპერტუარს. როგორც ჩანს, მსგავსი სიმღერები ადგილობრივ ახალგაზრდებში საკმაოდ პოპულარულია.

ძალზე საინტერესო გამოდგა შეხვედრა ლელა ჯამარაშვილთან (დაბ. 1935 წ.). ქალბატონი ლელა წარმოშობით ფშაველია, თუმცა გაზრდილია ზემო ალვანში. იგი პოეტია და მხოლოდ საკუთარ ლექსებს ამღერებს, ამავდროულად, ძალიან კარგად უკრავს გარმონზე. პირველი შეხვედრისას მისგან შედარებით ნაკლები მასალა ჩავიწერეთ, თუმცა შემდეგ თავად გვეწვია და სიმღერების გარდა, დახვეწილი გემოვნებით შესრულებული არაერთი საკრავიერი ჰანგიც მოგვასმენინა.

ზემო ალვანში შევხვდით წარსულში ცნობილი მეჭიანურის, მოსე შავხელიშვილის შვილს, ბატონ ნიკოლოზ (ნიკალა) შავხელიშვილს (დაბ.1946 წ.). მისგან ჩავიწერეთ სხვადასხვა დასაკრავი ბალალაიკასა და ფანდურზე. ბატონი ნიკალას სახლში აღმოჩნდა მოსე შავხელიშვილის გაკეთებული ჭიანური, რომელიც ამ ოჯახისთვის უძვირფასესი რელიქვიაა. ჭიანურს არ ჰქონდა სიმები, ხემი, ჯორაკი. ბატონ ნიკალას მასზე 20 წლის განმავლობაში არ დაეკრა. იგი შეგვპირდა, რომ რამდენიმე დღეში აღადგენდა საკრავს. ორი დღის შემდეგ ნიკალასთან ხელახლა სტუმრობისას ჭიანური უკვე გამართული დაგვხვდა. მოხერხდა რამდენიმე დასაკრავის ჩაწერა, მათ შორის ერთი ბატონმა ნიკალამ ხემით შეასრულა, დანარჩენი – თითებით. რამდენიმე სიმღერა და დასაკრავი ჩავიწერეთ მისი შვილისგან, გიორგი შავხელიშვილისგან (დაბ. 1988წ.). ნიკალას ძმისწულს, დავით შავხელიშვილს აღმოაჩნდა რენტგენის ფირებზე გადაწერილი მოსე შავხელიშვილის ჩანაწერები. სამწუხაროდ, შესაბამისი აპარატურის უქონლობის გამო, მათი გადაწერა ვერ მოვახერხეთ. ბატონი ნიკალას ინფორმაციით, ამ ჩანაწერების დედანი ინახება თბილისში, ტელე-რადიო კომიტეტის არქივში.

დიდი შთაბეჭდილება მოახდინა შეხვედრამ ლევან ბაიხოიძესთან (დაბ. 1931წ.). მისგან ჩავიწერეთ დასაკრავები ბალალაიკაზე, მათ შორის, ზოგიერთი ქისტური მელოდიაც. ექსპედიციის წევრები აღაფრთოვანა “წიფლოვანას” (რომელიც, ადგილობრივთა გადმოცემით მხოლოდ წოვა თუშების რეპერტუარში გვხვდება), “შამილის დაჭერის” და სხვა დასაკრავების ვირტუოზულმა შესრულებამ.

დასამახსოვრებელი იყო შეხვედრა ელენე (ელანე) ცისკარიშვილთან (დაბ. 1936 წ). მისგან ჩავიწერეთ ტირილი უშუალოდ გლოვის პროცესში, დაკრძალვაში. ამის შემდეგ ქალბატონი ელანე თავად გვეწვია. მან, დატირების გარდა, შეასრულა რამდენიმე წოვური სიმღერა, მათ შორის ბავშვის დასაძინებელი, რომელიც რამდენიმე ნაწილისგან შედგება – “ნანას” გარდა, მასში ჩართულია “სათამაშოც”. შეიძლება ითქვას, რომ ელანე ცისკარიშვილისგან ჩაწერილი წოვური ტირილი და ბავშვის დასაძინებელი ჩვენი ექსპედიციის ერთ-ერთი საინტერესო შენაძენია.

zemo alvani 2

განსაკუთრებით მინდა გამოვყო შეხვედრა რეპკო ალხანაიძესთან (დაბ. 1926 წ.). იგი თავის დროზე ცნობილი მეგარმონე და მომღერალი იყო. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ფოლკლორის კათედრის არქივში ინახება მის მიერ შესრულებული რამდენიმე დასაკრავი, რომელიც 1967 წელს ჩაწერა ფოლკლორისტმა კახი როსებაშვილმა. სამწუხაროდ, ქალბატონი რეპკო გარმონზე აღარ უკრავს, თუმცა მისი შესრულებით ჩავიწერეთ “აკვნის ნანა” და “დატირება”. ქალბატონი რეპკოსგან დაგვამახსოვრდა მისი ულამაზესი კუთხური მეტყველებაც, რომლის მსგავსსაც დღეს იშვიათად მოისმენ.

ზემო ალვანში ფუნქციონირებს ფოლკლორული ანსამბლი “წოვათა”. 2004 წელს იგი მიწვეული იყო თბილისში გამართულ ტრადიციული მრავალხმიანობის II საერთაშორისო სიმპოზიუმზე. ანსამბლის ხელმძღვანელია ენათმეცნიერი ბელა შავხელიშვილი. ექსპედიციის წევრები უდიდეს მადლობას უხდიან ქალბატონ ბელას – მის გარეშე ექსპედიცია არ შედგებოდა. ქალბატონი ბელა თავად გამოგვყვა ალვანში და ძალიან დაგვეხმარა მომღერლების მონახვაში. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ ანსამბლ “წოვათას” წევრები და სხვა შემსრულებლები თავად გვეწვივნენ სახლში, რითაც საგრძნობლად გაგვიადვილეს მუშაობა. ამას გარდა, თავად ქალბატონი ბელასგანაც არაერთი საინტერესო გადმოცემა და ცნობა ჩავწერეთ წოვური და ქისტურ-ჩეჩნური მუსიკისა და სხვადასხვა წეს-ჩვეულების შესახებ. მისივე დახმარებით ჩავიწერეთ “წოვათას” რამდენიმე წევრი: ნათელა ჭარელიშვილი (დაბ. 1948 წ.), ციცინო დინგაშვილი (დაბ. 1951 წ.), ასმათ ლონგიშვილი (დაბ. 1948 წ.) და ლალი საგიშვილი (დაბ. 1961 წ.), რომლებმაც შეასრულეს სიმღერები ქართულ და წოვურ ენებზე. აღსანიშნავია, რომ ერთი და იგივე სიმღერების შესრულებისას თითოეული მღერის განსაკუთრებული, ინდივიდუალური მანერით გამოირჩეოდა.

ქალბატონი ბელას მეშვეობით ჩავიწერეთ მისი კიდევ ერთი ანსამბლის – “აზნაშის” წევრი ლალი იმედაშვილი (წარმოშობით ქისტი, დაბ. 1978 წ.). მან შეასრულა ქართული და ქისტური სიმღერები საკრავის თანხლებით და მის გარეშე.

დასაკრავები ჩავიწერეთ გივი კალატოზიშვილისა (დაბ. 1945 წ.) და ეთერ წოტოიძისგან (დაბ. 1949 წ.). მათგან გამოვყოფდი ბატონი გივის მიერ გარმონზე შესრულებულ “წიფლოვანას”.

საკუთრივ მუსიკალური მასალის გარდა, მოვიპოვეთ საკმაოდ მდიდარი სიტყვიერი ინფორმაცია თუშებში გავრცელებული “ხმების” (გარკვეული მუსიკალური ჰანგების) სახელწოდების, საკრავის დამზადების წესის, ბერიკაობის, ქორწილის, ამინდის მართვის, ბატონების კულტთან დაკავშირებული რიტუალების შესახებაც.

ხუთდღიანი ინტენსიური მუშაობის მიუხედავად ვერ მოვასწარით ადგილობრივებში ცნობილი რამდენიმე შემსრულებლის (მათ შორის – მეჭიანურის) ჩაწერა. სამწუხაროდ, ვერ დავაფიქსირეთ სალამურზე დასაკრავებიც, თუმცა, იმედია, ამ ნაკლს შევავსებთ ზემო ალვანში კვლავ სტუმრობით.

ბოლოს, გვინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადოთ ბელა შავხელიშვილს, ჩვენს მასპინძლებს – დინგაშვილების ოჯახს, ზემო ალვნის კულტურის სახლის დირექტორს რევაზ ორბეთიშვილს, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში გვიწევდა მეგზურობას, და, რა თქმა უნდა, ყველა იმ შემსრულებელს, რომლებმიც არ დაგვზარდნენ და ჩვენთვის უძვირფასესი ნიმუშები ჩაგვაწერინეს.

2005 წლის აგვისტო-სექტემბერში იუნესკოს პროგრამის მხარდაჭერით მოეწყო ტმკსც-ის ექსპედიცია აჭარაში, ხელვაჩაურის რაიონში. მასში მონაწილეობდნენ ფოლკლორის კათედრის თანამშრომლები – ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი ნატო ზუმბაძე (ხელმძღვანელი), ლაბორანტი ოთარ კაპანაძე, სტუდენტები – თეონა რუხაძე და სალომე ცეცხლაძე, ტექნიკურ მხარეს უზრუნველყოფდა ბიოფიზიკოსი, პროგრამისტი ლაშა მარტაშვილი.

ექსპედიციის მიზანი უშუალოდ ხელვაჩაურის რაიონის სოფლებში შემორჩენილი მუსიკალური მასალის ფიქსირება იყო. ორი კვირის განმავლობაში მოვიარეთ ათამდე სოფელი და ჩავიწერეთ დიდი რაოდენობით როგორც მუსიკალური, ისე სიტყვიერი მასალა, რამაც შეადგინა 7 მინიდისკი (თითო მათგანი 150 წუთამდე); გარდა ამისა, გადავიღეთ 300-მდე ფოტო და რამდენიმე ვიდეოკლიპი.

xelvachauri 1

აჭარის რაიონებში, მათ შორის – მაჭახლის ხეობაში 1989 წელსაც მოეწყო თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ექსპედიცია ედიშერ გარყანიძის, ნატო ზუმბაძისა და ქეთევან ბაიაშვილის მონაწილეობით. როგორც გაირკვა, ადგილობრივ მოსახლეობას ჩვენი სტუმრობის დროსაც კარგად ახსოვდა აღნიშნული ექსპედიცის წევრები, მათ შორის, ქალბატონი ნატოც. ამიტომაც იყო, რომ ისედაც სტუმართმოყვარე აჭარლებმა განსაკუთრებული სითბოთი მიგვიღეს და არაფერი დაიშურეს ჩვენს დასახმარებლად.

წლევანდელი ექსპედიცია თავდაპირველად მაჭახლის ხეობის სოფელ ზემო ჩხუტუნეთს ესტუმრა და რამდენიმე არაჩვეულებრივი დღე გაატარა. შესანიშნავი მოხუცი მომღერლების – ხუსეინ (ვალიკო) ქობულაძის, ზაქრო ფერსელიძისა და სულეიმან (იაგო) ნაგერვაძისგან ჩავიწერეთ არაერთი აჭარული სოფლური სიმღერა (“ნადური:, “მაყრული”, “ოსა”, “ნაი-ნაი”, “ნანინა”) და საკრავიერი ჰანგები; ასევე – ქალაქური ტიპის რამდენიმე ნიმუში. ციფრული ფოტოაპარატის წყალობით მოვახერხეთ 82 წლის ვალიკო ქობულაძის ვირტუოზული ცეკვის გადაღებაც. ძირძველი აჭარული ცეკვის ილეთების ასეთ მცოდნეს დღეს იშვიათად თუ ნახავ. ზემო ჩხუტუნეთში სოფ. ქედქედიდან სპეციალურად გვესტუმრა ვლადიმერ არჯევანიძე, რომელიც შემსრულებლებს სხვადასხვა სიმღერაში დაეხმარა. გარდა ამისა, მან ოსტატურად შეგვისრულა სხვადასხვა საფანდურო დასაკრავი. ზემო ჩხუტუნეთში მუსიკალურის გარდა, ჩავიწერეთ მნიშვნელოვანი სიტყვიერი ინფორმაცია ხმების სახელების, შესრულების ფორმის, სიმღერების წარმოშობის, ტრადიციული რეპერტუარისა და სხვადასხვა რიტუალის შესახებ.

ვეწვიეთ ორ მეზობელ სოფელს – ქვემო ჩხუტუნეთსა და ჩიქუნეთს. მუსიკალური მასალა ქვემო ჩხუტუნეთში თითქმის ვერ მოვიძიეთ, თუმცა შევაგროვეთ საკმაო ოდენობის სიტყვიერი ინფორმაცია, მათ შორის – შელოცვები. ამას გარდა, შევხვდით ბატონ ჰაიდარ კახიძეს, რომელმაც უამრავი საინტერესო რამ გვიამბო აჭარულ სიმღერებზე, ცეკვებზე, საკრავებსა და ზოგადად მაჭახლის ხეობაში გავრცელებულ სხვადასხვა ტრადიციაზე.

ჩიქუნეთში ჩაწერილი მასალიდან გამოვყოფდი 91 წლის ახმედ გაბრუშიძის მიერ გარმონზე შესრულებულ დასაკრავებს. აქვე გვინდა, ექსპედიციის სახელით მადლობა გადავუხადოთ ბატონ შოთა კირკიტაძეს, რომელიც ჩიქუნეთში ჩვენი დამკვალიანებელი იყო და თავადაც არაერთი საკრავიერი ჰანგი შეგვისრულა.

xelvachauri 2

რამდენიმე დღე დავყავით კირნათსა და მარადიდში, სადაც ძირითადად საკრავიერი ჰანგები და ერთხმიანი სიმღერები ჩავიწერეთ. კირნათში შაქრო კახაბერიძისგან მოვისმინეთ დუდუკზე შესრულებული “ხორუმისა” და “განდაგანას” ძველი ვარიანტები, ასევე – რამდენიმე სასიმღერო ჰანგი. საინტერესო იყო მარადიდში ქალებისგან ჩაწერილი სიმღერები: “გელინო”, “ნაი-ნაი”, “შაირები” და დასაკრავები ფანდურზე.

დაგვამახსოვრდა სტუმრობა ქამილ კახიძესთან სოფელ კობალეთში. ბატონი ქამილი, იმის გარდა, რომ კარგი შემსრულებელია, ენამახვილობითაც გამოირჩევა და ექსპედიციის წევრები ექსპრომტად შეთხზული შაირებითაც “დაგვაჯილდოვა”. მისგან სხვადასხვა საკრავზე (სალამური, დუდუკი, კლარნეტი) შესრულებული სასიმღერო და საკრავიერი ჰანგები ჩავიწერეთ. ბატონმა ქამილმა ჩვენთან ერთად რამდენიმე სიმღერაც შეასრულა.

სოფელ ურეხში შევხვდით გარმონის ოსტატს – ზურაბ ვარშანიძეს. ბატონი ზურაბის მიერ გაკეთებული გარმონები მართლაც არაჩვეულებრივი ჟღერადობით გამოირჩევა. ბატონი ზურაბისა და მისი ძმისგან (გურამ ვარშანიძე) ჩავიწერეთ ვირტუოზულად შესრულებული საცეკვაო ჰანგები.

საინტერესო იყო შეხვედრა ხოროიშვილების ოჯახთან სოფელ ზემო ჯოჭოში. გამოვყოფდი ოჯახის უფროსის, ვახტანგ ხოროიშვილის, მიერ ქემენჩაზე შესრულებულ დასაკრავებს, რადგან აჭარული დასაკრავები ამ საკრავზე თითქმის არ არის ჩაწერილი.

სამწუხაროდ, ვერ მოვახერხეთ რამდენიმე შემსრულებლის ნახვა, მათ შორის, ვერ შევხვდით სოფელ თხილნარში არსებულ მომღერალთა ჯგუფს. ადგილზე არ დაგვხდა ახალგაზრდა მეჭიბონე, რომელიც ადგილობრივთა თქმით, ერთადერთია მთელ რაიონში. ვერავისგან ჩავიწერეთ დასაკრავები ჩონგურზე, ვერავინ გვიმღერა აჭარული აკვნის ნანაც. ეს გარემობა ნათლად მიუთითებს, რომ ამ რაიონში, ისევე როგორც ჩვენი ქვეყნის ბევრ სხვა კუთხეში, ტრადიციული მუსიკალური შემოქმედება მივიწყების გზაზეა. აქვე არ შემიძლია, სიხარულით არ გამოვეხმაურო მაჭახლის ხეობის უხუცესი მომღერლების სურვილს, შექმნან ამ ხეობის ფოლკლორული ანსამბლი. ამ გზით მართლაც ბევრი რამ გადაურჩება დავიწყებას.

ბოლოს მინდა, საგანგებოდ აღვნიშნო აჭარლების განსაკუთრებული სტუმართმოყვარეობა, რომლის მსგავსი მართლაც იშვიათია. სწორედ ამან გამოიწვია ექსპედიციის წევრების დამეგობრება შემსრულებლებთან და მასპინძლებთან. აქვე მინდა, ექსპედიციის სახელით უღრმესი მადლობა გადავუხადო ხელვაჩაურის გამგეობის თანამშრომლებს, განსაკუთრებით, ბატონ იაკობ აბაშიძეს, რომლის გარეშეც საკმაოდ გაგვიჭირდებოდა ექსპედიციის ჩატარება. მადლობას ვუხდით ჩვენს ყველა მასპინძელს გულითადი მიღებისა და დაუზარებელი მეგზურობისთვის.

2005 წლის 17-30 აგვისტოს იუნესკოს პროექტის ფარგლებში მოეწყო ტმკსც-ის ექსპედიცია საგარეჯოს რაიონში (მეცნიერთანამშრომლები ნინო მახარაძე, ლელა მაქარაშვილი).
თავიდანვე აღვნიშნავთ, რომ დაფიქსირებულ მასალაში სჭარბობს აღმოსავლეთ საქართველოს მთის სიმღერების ტიპის საფანდურო რეპერტუარი (“სტირიან თუშის ქალები”, “მთაში სალამურს ვაკვნესებ”, “ვაჟკაცო, მთაში გაზრდილო”, “შირაქში ერთმა მეცხვარემ”, “შატილის ასულო” და ა. შ.), კახური შაირების ვარიანტები, საცეკვაოები (კახური, ლეკური, ოსური). მოსახლეობაში პოპულარულია აჭარული ჰანგები.

ფოლკლორულ ნიმუშებთან ერთად მოპოვებული სიტყვიერი მასალა ადასტურებს, რომ სახადის, ელიაობის, გუთნით წყლის ხვნის, დიდებაზე, ალილოზე სიარულის წესები, ბერიკაობის დღესასწაული აქ კახეთის დანარჩენი რეგიონების ანალოგიურად ტარდებოდა.

sagarejo 1

სოფელ თოხლიაურში შევძელით ხმით ნატირლის დაფიქსირება უშუალოდ პანაშვიდზე. სასიმღერო და საკრავიერი მუსიკის ნიმუშები, ამა თუ იმ რიტუალის აღწერა, სამეურნეო საქმიანობასთან დაკავშირებული ცნობები შევკრიბეთ ეთნოფორებისაგან, რომელთა ასაკი 65-80 წელია (ნიკოლოზ კუპატაძე, თამარ მეკალუაშვილი, ალექსი მათიაშვილი, ჟუჟუნა შიოშვილი). რამდენიმე სიმღერა, მათ შორის ქალაქური ნიმუშები გიტარის თანხლებით, ახალგაზრდებმაც შეგვისრულეს. თოხლიაურის ქალთა ანსამბლის წევრები კლუბის გამგის – ლამზირა ზაქაიძის ძალისხმევით იკრიბებიან და შეძლებისდაგვარად ცდილობენ მოზარდ თაობას შეაყვარონ სიმღერა.

წარმოშობით ფშაველმა ნელი ბუგეჩაშვილმა ფანდურის თანხლებით რამდენიმე სასიმღერო ნიმუში ჩაგვაწერინა და უკანა ფშავის ლაშარის მთავარანგელოზობის ხატობის, ზოგიერთი საქორწილო წეს-ჩვეულების შესახებაც გვიამბო. ამავე სოფელში გადავიღეთ ადგილობრივი და თბილისიდან ჩამოსული ბავშვების თამაშობები.

დასამახსოვრებელი იყო შეხვედრა თამარ ნაცვლიშვილთან (დაბ. 1926 წ.) და ნიკოლოზ თათარაშვილთან (დაბ. 1925 წ.). მეუღლეებმა საკუთარი სახსრებით აღადგინეს სოფლის ეკლესია და მუდმივად ზრუნავენ მასზე. მათ ოჯახში მოვისმინეთ ლოცვები, სადღეგრძელოები, სალამურის მელოდიები, საცეკვაო რიტმები, საფანდურო “იავნანა”,Bბატონმა ნიკოლოზმა პაპისაგან – ბოჭორმელიBხევისბერისაგან ნასწავლი დალოცვა-დამწყალობებაც გაიხსენა.

შევიტყვეთ, რომ აღდგომიდან III და IV კვირას თოხლიაურის მახლობლად წმინდა გიორგისა და ღვთისმშობლის ეკლესიების კარზე იმართება კალობნობა – დღეობა, რომელზეც თავს იყრიან მახლობელი სოფლებიდან ამოსული მლოცველები. ლხინს ჭიდაობა, დოღი, ცეკვა-თამაში ახლავს. მოსახლეობას საზაფხულო საძოვრები ცივის მთაზე აქვს. ნიკოლოზ კუპატაძის ცნობით, იქაური მწყემსები დიდგულისაგან დღესაც ამზადებენ სალამურს, მაგრამ ამჯერად მათთან შეხვედრა ვერ შევძელით.

გასვლა კიდევ ხუთ სოფელში მოვახერხეთ. ეს გახლავთ ნინოწმინდა, გიორგიწმინდა, მანავი, კაკაბეთი და უდაბნო.

ნინოწმინდაში კლუბის გამგის – მაია ალექსიშვილის დახმარებით შევხვდით ორ მეფანდურეს – ვასილ როჭიკაშვილსა და შალვა ახვერდაშვილს, რომლებმაც სიამოვნებით მოგვასმენინეს თავიანთი რეპერტუარი, შაირები, საცეკვაო ჰანგები. სოფელში განთქმული მომღერალი – ქალია როსტომაშვილი, მგლოვიარედ ყოფნის გამო, მხოლოდ შელოცვების თქმაზე დაგვთანხმდა. ნადია ივანიაშვილის სტუმართმოყვარე ოჯახში ჩაწერილი მასალიდან აღვნიშნავდით ელიკო გოგალაძე-როსტომაშვილის (დაბ. 1941 წ.) მიერ შესრულებულ სიმღერა-ტირილს, რომელიც აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს ეძღვნება.

sagarejo 2

სოფელ კაკაბეთში შევხვდით 78 წლის უშანგი მასურაშვილსა და 76 წლის მიხეილ გალუსტოვს. ისინი მღეროდნენ მიხა ჯიღაურისა და ვანო მჭედლიშვილის ანსამბლებში. ბატონი უშანგი ფანდურებსაც ამზადებს, შვილიშვილებსა და სხვა ახალგაზრდებს ტრადიციულ სასიმღერო რეპერტუარს ასწავლის, რომლებიც კლუბის გამგის – ნიკო გიგოშვილის ძალისხმევით პერიოდულად იკრიბებიან. მოხუცებმა ცნობილ სასიმღერო ნიმუშებთან (“ბერიკაცი ვარ”, “წინწყარო”, “ჩონგურო”, “ოროველა”, “იავნანა”, “ჰერიო”, “გარეკახური საჭიდაო”) ერთად, “კაკაბური მუშურის”, “ალილოს” ფრაგმენტები, საცეკვაოები, შაირები, საბჭოური და ქალაქური სიმღერებიც შემოგვთავაზეს. ბატონNნიკოს აქვს საკრავების პატარა კოლექცია, საინტერესო ფოტო, აუდიო და ვიდეო არქივი. ამავე სოფელში ფანდურზე მშვენივრად უკრავს ქალბატონი დარიკო მირზიაშვილი, რომელიც ქალთა და ბავშვთა ანსამბლებსაც ხელმძღვანელობს.

სოფელ ჩაილურში ყოველწლიურად იმართება ბერიკაობა. ვფიქრობთ, თუ შესაძლებლობა მოგვეცემა, კარგი იქნებოდა ამ დღესასწაულის ფირზე აღბეჭდვა. აგრეთვე, სოფელ კოჭბანში ფშავიდან გადმოსახლებულ მოხუც მთქმელებთან ჩასვლა.

მანავში მცხოვრები კაკო ფეიქრიშვილი, ადგილობრივი დასტის წევრია, რომელსაც ქორწილებსა და პანაშვიდებზე იწვევენ. იგი რამდენიმე საკრავს ფლობს (დოლს, დუდუკს, ფანდურს). ამჯერად მისგან მხოლოდ საფანდურო რეპერტუარის რამდენიმე ნიმუში ჩავწერეთ. მათ შორის “შაქარა”, რომლის ვარიანტები 1980 წელს ამავე რაიონში ი. ჟორდანიას ხელმძღვანელობით ჩატარებული ექსპედიციის დროს ყველა სოფელში პოპულარული იყო.

მანაველმა ქალებმა ნადია მაჩურიძემ და ანიკო ექვთიმიშვილმა ელიაობის წესები, საფანდურო სიმღერები, სამკურნალო “იავნანის” ორხმიანი ვარიანტის შესრულება შეძლეს. კახიდან გამოთხოვილმა რუიზან სონაშვილმა ინგილოური დასაძინებელი “დაი, დაი” ჩაგვაწერინა.

ვფიქრობთ, განსაკუთრებული დაკვირვების ობიექტად შეიძლება იქცეს სოფელ უდაბნოს ფოლკლორული ტრადიციები. 1984 წლიდან დაფუძნებულ ამ სოფელში საქართველოს 42 წერტილიდან მიგრირებული ოჯახები ცხოვრობენ. მათ შორის სვანები, რაჭველები, მეგრელები, მესხები, ინგილოები. . . ამჯერად მხოლოდ მესტიის რაიონის სოფელ ლატალიდან გადმოსახლებულ მომღერლებს შევხვდით. ოთარ ფარჯიანმა, გუნტერ ფიცხელანმა, მირზა ივეჩიანმა, პეტრე ნანსყანმა, როსტომ გირგვლიანმა სამგლოვიარო “ზარი”, “წმინდაო ღმერთო”, “ჯგრიაგიშ”, “ბარბალ დოლაშ” (სოფ. ბეჩოს ვარიანტი), “ირინოლა-მარინოლა”, “ვიცბილ-მაცბილ” შეასრულეს.

სვანეთიდან გადმოსახლებული ოჯახები არ წყვეტენ კავშირს მთასთან, ზაფხულის დღესასწაულებზე ადიან ლატალში და უდაბნოშიც ცდილობენ მამა-პაპური ადათ-წესების შენარჩუნებას. ამასთან, სხვა კუთხეებიდან მიგრირებული ოჯახები დაკრძალვისას სწორედ ამ სამგლოვიარო ჰიმნის შესრულებას ითხოვენ. ვფიქრობთ, მომავალში კარგი იქნებოდა მათ მუსიკალურ ფოლკლორში მიმდინარე პროცესებზე დაკვირვებაც.

28 აგვისტოს დავესწარით სადღესასწაულო წირვას საგარეჯოს დოდო გარეჯელის სახელობის ტაძარში, შემდეგ ვეწვიეთ ღვთისმშობლის მიძინების ტაძარს, გავესაუბრეთ მგალობლებს.

მრავლად გადავიღეთ სხვადასხვა მასალისაგან (აკაცია, თუთა, მსხალი) დამზადებული ფანდურები, რომელსაც აქ უმეტესად ჩონგურს ეძახიან.

მადლობას მოვახსენებთ საგარეჯოს კულტურის სახლის დირექტორს, ქალბატონ თინათინ მეზვრიშვილს და ყველა იმ ადამიანს, ვინც დახმარება გაგვიწია.

2005 წლის 16-30 ივლისს იუნესკოს პროგრამის ფარგლებში მოეწყო მუსიკალურ-ფოლკლორული ექსპედიცია მესხეთ-ჯავახეთის სამ სოფელსა და ახალციხეში, რომელშიც მონაწილეობდნენ ტმკსც-ის თანამშრომლები: თინათინ ჟვანია, ქეთევან მათიაშვილი და თბილისის კონსერვატორიის სტუდენტები: ნანა გოგოლაძე, ბაია ჟუჟუნაძე და ნინო ნანეიშვილი.

ქართული ხალხური შემოქმედების კათედრაზე დაცულ საექსპედიციო ჩანაწერებს შორის, აქამდე, მესხეთ-ჯავახეთის მუსიკალური ყოფის ამსახველი მასალები არ მოიძებნებოდა. ფასდაუდებელი მნიშვნელობა ენიჭება ჩვენი ექსპედიციის წევრების მიერ ციფრული წესით დაფიქსირებული 9 MD-სა (თითოეული ორსაათნახევარი ხანგრძლივობის) და 1056 ფოტოს.

მესხეთ-ჯავახეთი 1

როგორც ცნობილია, პირველი მუსიკალურ-ფოლკლორული ექსპედიცია მესხეთ-ჯავახეთში 1933 წელს კომპოზიტორმა შალვა მშველიძემ, მეორე – 1949 წელს მუსიკისმცოდნემ და ფოლკლორისტმა გრიგოლ ჩხიკვაძემ მოაწყო. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია კომპოზიტორ ვალერიან მაღრაძის მიერ გაწეული ინტენსიური საველე სამუშაოები მასხეთ-ჯავახეთში.

სულ ახლახან, ტმკსც-ის პროექტის ცვილის ლილვაკებიდან ციფრულ მატარებლებზე გადატანილი შ. მშველიძის საექპედიციო ჩანაწერები დიდად გაამდიდრებს ჩვენს წარმოდგენას მესხეთ-ჯავახეთის მუსიკალურ ფოლკლორზე.

მესხეთ-ჯავახეთის მუსიკალურ-ეთნიკური სურათის უკეთ შესაცნობად, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, ორიოდე სიტყვით შევეხოთ ზოგიერთ ფაქტს მისი წარსულიდან.
ისტორიულად მესხეთ-ჯავახეთის ტერიტორია იბერიის სამეფოს ეკუთვნოდა და მის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარეობდა. იგი ქართლის განუყოფელი ნაწილი იყო. მის მოსახლეობას ეთნიკურად ქართველები შეადგენდნენ, რომლებიც ქართულად მეტყველებდნენ და ანთროპოლოგიური ტიპით, ყოფაცხოვრებითა და ზნეჩვეულებებით არაფრით განსხვავდებოდნენ შიდა და ქვემო ქართლის მოსახლეობისგან.

ისტორიულმა ავბედითობამ XIII საუკუნიდან ბევრი რამ შეცვალა ამ მხარეში. ეს ცვლილებები სოციალურ-პოლიტიკურ, რელიგიურ და ეთნიკურ საკითხებს თანაბრად შეეხო. ირანისა და თურქების შემოსევების შემდეგ გამაჰმადიანების პროცესი დაიწყო, რასაც მოჰყვა ქართველთა აყრა მშობლიური მიწაწყლიდან. ამ პერიოდში ხდება ქართველთა ნამოსახლარზე თურქ-სელჯუკების და ნაწილობრივ სომეხთა ჩამოსახლება. გარკვეული დროის შემდეგ დაიწყო გრიგორიანული და კათოლიკური ეკლესიის ზრდა ადგილობრივი მოსახლეობის ხარჯზე. ამის მიუხედავად, მოსახლეობის მცირე ნაწილმა მაინც შეინარჩუნა კავშირი მართლმადიდებლურ ტრადიციებთან.

XIX საუკუნის დასაწყისისთვის მესხეთ-ჯავახეთში არზრუმიდან 100000 ლტოლვილი სომეხი ჩამოასახლეს. ამავდროულად აქ ჩასახლება იწყეს ქურთებმა, ბერძნებმა, დუხაბორებმა და სხვ.

1944 წელს მესხეთ-ჯავახეთიდან გასახლებული იქნა თურქულენოვანი მოსახლეობა, ე. წ. “თურქი მესხები,” იმავე პერიოდიდან აქ საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან (იმერეთიდან, აჭარიდან, სვანეთიდან) იწყეს ჩასახლება.

1960 წელს გრ. ჩხიკვაძე წერდა: “ორივე ექსპედიციამ (ლაპარაკია შ. მშველიძის 1933 წლისა და გრ. ჩხიკვაძის 1949 წლის ექსპედიციებზე) სასარგებლო მუშაობა ჩაატარა და თუმცა მცირე რაოდენობით, მაგრამ მაინც ძვირფასი სასიმღერო მასალა ჩაიწერა. შეგროვილი მასალა, მიუხედავად სიმცირისა, თავისი ხასიათისა და შინაარსის მიხედვით გვაფიქრებინებს, რომ უფრო დაკვირვებული შესწავლა შესაძლებლობას მოგვცემს მივაგნოთ ძვირფას ნიმუშებს, რომლებიც თავისი ფესვებით დაკავშირებული იქნებიან ჩვენი ხალხის მრავალსაუკუნოვანი ცხოვრების შინაარსთან…”(გრ. ჩხიკვაძე, “ქართული ხალხური სიმღერა”, 1960 წ., გვ.21-22).

იგივე შეიძლება ითქვას დღესაც. ჩვენს მიერ გამოკითხული 46 ეთნოფორისგან მიღებული ინფორმაციის მიხედვით შეიძლება დავასკვნათ, რომ საკუთრივ მესხური წარმოშობის სასიმღერო შემოქმედება ნაკლებადაა შემორჩენილი. სამაგიეროდ, დღემდე მოაღწია თავის დროზე ქალაქური ყოფიდან შემოსულმა და გავრცელებულმა აღმოსავლური შტოს ქართულმა ქალაქურმა სიმღერამ. “საიათნოურის,” “ბაიათის,” “იეთიმ გურჯის” და სხვ. სახელწოდებებით სიმღერებს აქ არამარტო ხანდაზმულებისგან, არამედ ახალგაზრდებისგანაც ხშირად გაიგონებთ.

ახალციხეში ჩვენ შევხვდით მესხური მუსიკალური ტრადიციების საუკეთესო მცოდნეს, აწ განსვენებულ შოთა ალთუნაშვილს, პიროვნებას, რომელმაც ათწლეულების მანძილზე უამრავ მესხს შეასწავლა უკვე მივიწყებული მესხური სიმღერები. ანსამბლ “მესხეთის” რეპერტუარში (რომლის ხელმძღვანელი თავად იყო) მის მიერ არაერთი მესხური სიმღერა დამუშავებული იქნა სამ ხმაში. როგორც ბ-ნ შოთამ აღნიშნა, ეს სიმღერები ხალხში ერთ ხმაში იმღერებოდა. ჩვენ მისგან სწორედ ეს ვარიანტები ჩავიწერეთ: “ოთხი წყარო სდის,” “მრავალჟამიერ,” “გეგუთისა მინდორზედა,” “ვარძიობა-ძიობასა” და სხვ.

როდესაც ექსპედიციის მასალებს ვამუშავებდით, მათი დახარისხებისას რამდენიმე ისეთი პარამეტრი გამოვყავით, რაც ამ რეგიონისთვის განსაკუთრებით ნიშანდობლივია. ერთ-ერთი მათგანი, იმის გამო რომ მრავალ ხმაში მღერის ტრადიცია მესხურ მუზიცირებაში დაკარგულად ითვლება, ამ ტრადიციასთან დაკავშირებული ყველა სახის ინფომაციის თავმოყრაა. ამ მხრივ, განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია გამონათქვამები, რომლებიც ბანის ხმის ფუნქციას უკავშირდება. მაგალითად, “დამჯდარი,” “ბანზე ადევნება” (იგულისხმება მელოდიისთვის დაბალი ხმის შეწყობა)…

წარსულში მესხეთში გავრცელებული საკრავთა მწყობრის აღწერისას აწყვიტელი ზურაბ ივანიძე (81 წლისა) აღნიშნავს, რომ “ჭიჭილა,” რომელსაც “მეისაც” ეძახდნენ – ბანს აძლევდაო, ან, “როცა 3-4 თულუმი (გუდასტვირის მესხური სახელწოდება) ერთად უკრავდა, ერთ-ერთ მათგანს დაბალი ხმა გამოჰყავდაო”…

მესხეთ-ჯავახეთი 2

ექსპედიციის მნიშვნელოვანი მონაპოვარია მესხური მუსიკალური ყოფისთვის ერთ დროს საკმაოდ დამახასიათებელი ნიმუშები. მაგ. “ოროველა”, რომელიც 97 წლის მუსხელი გიორგი ჯინჭველაძისგან ჩავიწერეთ. ფრიად ნიშნდობლივია ის, რომ ნიმუში კილო-ინტონაციურად და კომპოზიციურად ქართლ-კახური “ოროველების” მსგავსია.

რაც შეეხება მეორე ნიმუშს, როგორც ირკვევა, იგი უწინ საკმაოდ პოპულარული საცეკვაო ყოფილა მესხეთში. სრულდება სიმღერითა და ტაშით გლოსოლალიებზე: “დამ, დილილი, დილლილო…” უნდა ითქვას, რომ მსგავსად “ოროველასი”, ისიც ძალიან ახლოსაა საცეკვაოების ქართლ-კახურ ვარიანტებთან. ამ ნიმუშის საკმაოდ ორიგინალური სამხმიანი ვარიანტი იქნა ჩაწერილი ხიზაბავრელი მიტო ტატურაშვილისაგან (63 წლის) აკორდეონის თანხლებით (ბანს და შუა ხმას უკრავდა აკორდეონზე).

მნიშვნელოვანი ინფომაცია ძველ მესხურ რეპერტუარზე მოგვაწოდა მესხური ტრადიციების შესანიშნავმა მცოდნემ მუსხელმა მარიამ ჟუჟუნაძემ (73 წლის). განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ცნობები მესხური საფერხულო სიმღერის “ოქრომჭედელოს” შესრულების ფორმასა და წესზე. ქ-მა მარიამმა დაუზარლად შეასწავლა ექსპედიციის წევრებს სიმღერა თვისი ფერხულით.

ძველი მესხური ტრადიციების გამოძახილია ყოფაში დღემდე შემორჩენილი ერთღერიანი თვლებიანი ჩასაბერი საკრავი “სტვირი”. სამივე სოფელში აღმოჩნდნენ პიროვნებები, რომლებიც შესანიშნავად ამზადებენ და უკრავენ სტვირს. მუსხელი ვაჟა მელიქიძის (63 წლის), ვასო ივანიძის (65 წლის), აწყვიტელი გიორგი დიასამიძის (78 წლის), ილუშა ივანიძის (78 წლის), ხიზაბავრელი მიტო ტატურაშვილისგან ჩაწერილი სტვირის დამზადების წესი, თვლების რაოდენობა და განლაგება, მუსიკალურ-ინტონაციური შინაარსი ერთმანეთის მსგავსია, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ძველი მესხური ტრადიცია ჩასაბერი საკრავისა, რომელიც ამ რეგიონის ძირითადი სამეურნეო საქმიანობის – მესაქონლეობის განუყოფელი ნაწილი იყო, დღემდე ცოცხლობს.

რაც შეეხება მესხური მუსიკალური ყოფისთვის დღესდღეობით ყველაზე დამახასიათებელ რეპერტუარს. მართალია, ერთ დროს ქალაქიდან შემოჭრილ ზურნა-დუდუკსა და დოლ-გარმონს ქართულ სოფლურ ყოფაში ისე ხშირად ვეღარ შეხვდებით, მაგრამ მესხეთში იგი კვლავ აქტუალურია (თუმცა, ზოგიერთი ეთნოფორი ამ ტრადიციის გადავარდნაზეც საუბრობს). მაგალითად, სოფელ აწყვიტაში თითქმის ყველა ოჯახს თავისი “მუსიკოსი” ჰყავს, რომლებიც ერთად უკრავენ და მღერიან საქორწილო და სხვადასხვა სალხინო სუფრებზე. ობიექტური მიზეზების გამო მათი ერთად შეკრება ვერ მოხერხდა. ასეთი ანსამბლის მხოლოდ ერთი წევრი ჩავიწერეთ – ოლეგ ივანიძე (46 წლის), რომელმაც თავის ვაჟთან და მეუღლესთან ერთად შეასრულა თანამედროვე ტიპის სიმღერები ე. წ. “საქორწილო” რეპერტუარიდან: “რა ლამაზი ხარ, შენ, თუშის ქალო”, “როცა შენ დალალებს ქარი შლის,” “სიჭაბუკე და ახალგაზრდობა” და სხვ.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ე. წ. “მექორწილე მუსიკოსების” ფრთის ვირტუოზი შემსრულებელი, ჩვენს მიერ უკვე ნახსენები მიტო ტატურაშვილი ხიზაბავრიდან, რომელიც შესანიშნავად ფლობს საკრავებს (დუდუკი, ზურნა, კლარნეტი, სხვადასხვა ტიპის სალამურები, აკორდეონი, ფანდური).

როგორც ზემოთ ითქვა, მესხეთ-ჯავახეთში ცხოვრობდნენ და დღესაც ცხოვრობენ სხვადასხვა ეროვნების ადამიანები. ცნობილია, რომ ადგილობრივი ქართველები მათდამი ყოველთვის კეთილმეზობლურად იყვნენ განწყობილნი. მიუხედავად იმისა, რომ თურქულენოვანი მოსახლეობის წასვლიდან უკვე 60 წელია გასული, ყველას, ვისაც თავის დროზე მათთან ურთიერთობა ჰქონდა, დღესაც კარგად ახსოვთ თურქული ენა და სიმღერები.

განსაკუთრებით საინტერესოდ მიგვაჩნია მუსხელი ანიკო ჟუჟუნაძისა (71 წლის) და აწყვიტელი ზურაბ ივანიძისაგან (81 წლის) ჩაწერილი ზღაპრის კითხვის წესი, სადაც ერთმანეთს ენაცვლება მონაკვეთები ქართულ და თურქულ ენაზე. ნიშანდობლივია ის, რომ თურქულ ენაზე სათქმელ კუპლეტებს ისინი თურქულ კილოზე ამღერებდნენ. წარსულში, როგორც ირკვევა, ამ კუპლეტებს აღმოსავლური სიმებიანი საკრავის, საზის თანხლებით ასრულებდნენ.

როგორც ცნობილია, ახალციხე ინტერნაციონალური ქალაქია. სხვადასხვა ეროვნებათა შორის ურთიერთპატივისცემა მესაკრავეთა ანსამბლის ეთიკაშიც ვლინდება. მაგ. ქორწილებში, ლხინთან თუ ჭირთან დაკავშირებით მჟღერი ქართველი და სომეხი ინსტრუმენტალისტების რეპერტუარი ორივე ეთნოსისთვის დამახასიათებელი ნიმუშებითაა წარმოდგენილი.

განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ჩვენზე სომეხ შემსრულებელთა ტრიომ ახალციხიდან – არსენ მელიქიანის (45 წლის) – დუდუკი, ზურნა, კლარნეტი, ხაჩატურ აკოფიანის (45 წლის) – აკორდეონი, გარეგინ გეიანის (71 წლის) – დაირა, დოლი, ვოკალი – შემადგენლობით. დიდი ოსტატობითა და პროფესიონალიზმით გამოირჩეოდა მათ მიერ შესრულებული სომხური დასაკრავები: “პეპო”, “მთვარიან ღამეს,” “ეღიშის ცეკვა,” ქართული სიმღერა-დასაკრავი “ცივ ზამთარში”.

2005 წლის თოთხმეტდღიანი ექსპედიცია მესხეთ-ჯავახეთში ინტენსიური საველე სამუშაოების დასაწყისი უნდა გახდეს ამ რეგიონში. ასეთ აუცილებლობას თვით მესხეთ-ჯავახეთში შექმნილი რეალური მდგომარეობა განაპირობებს. მხედველობაში გვაქვს იმ ცოდნისა და გამოცდილების დროული მოვლა-პატრონობა, რასაც აქ მხოლოდ ხანდაზმული ადამიანები ატარებენ.