2019 წლის 17-22 ოქტომბერს, ქალაქ ჩენგდუში (სიჩუანის პროვინცია, სამხრეთ ჩინეთი) გაიმართა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის (აკმ) მე-7 საერთაშორისო ფესტივალი. ფესტივალი ჩატარდა კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს, სიჩუანის სახალხო მთავრობის, UNESCO-ს და UNESCO-ს ჩინეთის ეროვნული კომისიის მხარდაჭერით. ფესტივალის აქტივობები მოიცავდა გახსნის ცერემონიას, კონცერტებსა და საერთაშორისო ფორუმს აკმ-ის ექსპო პარკში, ასევე, პარალელურ სესიებს სიჩუანის აკმ-ს რეგიონალურ წარმომადგენლობაში. ფესტივალში მონაწილეობა მიიღო 1000-მდე მონაწილემ, 100-ზე მეტი ქვეყნიდან.
ჩინეთსა და საქართველოს შორის კულტურული გაცვლისა და ურთიერთობების გაღრმავების მიზნით ფესტივალზე მიწვეული იყო ტმკსც-ს დირექტორი, დრ. ემ. პროფ. რუსუდან წურწუმია, როგორც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს აკმ-ს ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელი. მასპინძლებმა საქართველოსადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება გამოხატეს – 17 ოქტომბერს, ფესტივალის გახსნისადმი მიღვნილ ფორუმზე მონაწილე სტუმარი ქვეყნებიდან მხოლოდ საქართველოს წარმომადგენელს ერგო პატივი აუდიტორიისათვის გაეცნო ჩვენი ქვეყნის მიღწევები კულტურული ტურიზმისა და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ურთიერთკავშირის სფეროში. პროფ. წურწუმიას გამოსვლის თემა იყო კულტურული ტურიზმისა და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ინტეგრაცია.