გამოიცა „ამერიკული ეთნომუსიკოლოგიის მამად“ წოდებული ამერიკელი მკვლევრის, ბრუნო ნეტლის წიგნის “The Study of Ethnomusicology: Thirty-Three Discussions” (მესამე გამოცემა, 2015, ილინოისის უნივერსიტეტი) ქართული თარგმანი! იგი მსოფლიოში აღიარებული სამაგიდო წიგნია ეთნომუსიკოლოგიაში. აღსანიშნავია, რომ ამერიკასა და ევროპაში იგი აუცილებელი ლიტერატურის სიაშია, რომელიც რეკომენდებულია სხვადასხვა საფეხურზე ეთნომუსიკოლოგიის სპეციალობის სტუდენტებისათვის. ნაშრომის ღირებულებასა და მნიშვნელობას მასში განხილულ საკითხთა ფართო წრე და თანამედროვე ეთნომუსიკოლოგიაში მიმდინარე ძირითადი ტენდენციების ასახვა განსაზღვრავს.
წიგნი ქართულად ითარგმნა ავტორისა და გამომცემელი უნივერსიტეტის თავაზიანი ნებართვით. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრის პროექტის ფარგლებში თარგმნის პროცესი სამი წლის განმავლობაში საქველმოქმედო ფონდ „ქართული გალობის“ ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობდა, წინამდებარე წიგნი კი გამოიცა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით [#SP-21-870].
რედაქტორი – რუსუდან წურწუმია.
მთარგმნელები: მარიკა ნადარეიშვილი (წინასიტყვაობა, 1, 6, 7, 12, 13 თავები), თამარ ჩხეიძე (2, 5 თავები), ნანა შარიქაძე (8, 26 თავები), მარინა ამბოკაძე (9–11, 14–25, 27–33 თავები).
პროექტის კოორდინატორი – ნინო რაზმაძე.