2018 წელს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის საერთაშორისო ცენტრმა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ფონდ „ქართული გალობის“ ფინანსური მხარდაჭერი გამოსცა წიგნი „გრიმო და ქართული სიმღერა“ (ქართულ და ინგლისურ ენებზე), რომელიც დაიბეჭდა პოლონური გამომცემლობის, WPN-ის მიერ საგანგებოდ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისათვის.
ფრანგი ეთნომუსიკოლოგი ივეტ გრიმო (1922–2012) იყო პირველი უცხოელი, რომელმაც საბჭოური იზოლაცია გაარღვია, 1967 წელს ქართველ კოლეგებთან ერთად მოიარა მთელი საქართველო და ჩაიწერა ტრადიციული ქართული სიმღერის 400-მდე ნიმუში.
წიგნში მკითხველი გაეცნობა მეცნიერის ნარკვევებს ქართული სიმღერის შესახებ, გამოხმაურებებს მის მიერ საქართველოში ჩატარებულ ექსპედიციებზე და თანდართულ ოთხ დისკზე ჩაწერილი სიმღერების ტექსტებს, შემსრულებლების შესახებ მონაცემებსა და კომენტარებს. აქ წარმოდგენილი აუდიომასალა ჩაწერილია იმ დროის საუკუეთესო შემსრულებლებისაგან და წარმოაჩენს უნიკალური ქართული მუსიკალური ფოლკლორის დიალექტურ და ჟანრულ მრავალფეროვნებას, ემოციური შინაარსის სიმდიდრესა და გამოხატვის ფორმების სირთულეს.
გამოცემა გახლდათ არაკომერციული და ხელმისაწვდომია ელექტრონული ვერსიის სახით.
აუდიომასალა იხილეთ აქ.