დასრულებული

დასრულდა ტრადიციული მრავალხმიანობის მეთერთმეტე საერთაშორისო სიმპოზიუმი



თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია   და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი 2020 წლის  26-30 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში,   საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის  პატრონაჟითა და   კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის  სამინისტროს მხარდაჭერით, ტრადიციული მრავალხმიანობის მე-11   საერთაშორისო სიმპოზიუმს მასპინძლობდა.

უკვე 20 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც  თბილისის კონსერვატორიაში პირველი სიმპოზიუმი ჩატარდა და  80-იანი წლებიდან დაწყებულმა საერთაშორისო კონფერენციებმა  2002 წლიდან ტრადიციული მრავალხმიანობის საერთაშორისო სიმპოზიუმის სახელწოდებით გააგრძელეს არსებობა.  განვლილი წლების მანძილზე სიმპოზიუმში მონაწილეობა მიიღო 38 ქვეყნის 450-ზე მეტმა მეცნიერმა, 250-მდე ფოლკლორულმა ანსამბლმა.

იუნესკოს მიერ 2001 წ. ქართული პოლიფონიის კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის შედევრად აღიარების შემდეგ  პირველმა თბილისურმა სიმპოზიუმმა დიდი ინტერესი გამოიწვია ეთნოუსიკალურ წრეებში და  მას შემდეგ იგი   მრავალხმიანობის მკვლევარ მრავალ მსოფლიოში სახელგანთქმული მეცნიერ მასპინძლობდა.

თბილისის სიმპოზიუმები წარმოაჩენენ მრავალხმიანობის კვლევის თანამედროვე ტენდენციებს და ხელს უწყობენ ქართული ეთნომუსიკოლოგიის ინტეგრაციას დასავლურ მეცნიერებასთან, ქართული პოლიფონიისადმი გააღვივეს  ინტერესი უცხოელ  მკვლევრებში, რომლებიც ერთხმად აღიარებენ მის განსაკუთრებულ ადგილს მსოფლიოს ხალხთა მუსიკალურ კულტურაში.

მეთერთმეტე   სიმპოზიუმში მონაწილეობას მიიღო მსოფლიოს 16 ქვეყნის 36 მეცნიერი, მათ შორის, 28  – უცხოეთიდან.  25-მდე ქართულმა და უცხოურმა ფოლკლორულმა ანსამბლმა.

სიმპოზიუმი გაიხსნა ქალ შემსრულებელთა კონცერტით, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის და   კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი ესწრებოდნენ.

კონცერტზე შესრულდა ქართული, აზერბაიჯანული, ესტონური და უკრაინული ტრადიციული მუსიკის ნიმუშები. უკრაინელმა მომღერალმა და მკვლევარმა კანადიდან, ანდრეა კუზმიჩმა  ანსამბლ „იალონთან“ ერთად უკრაინელი ხალხის გმირულ ბრძოლას მიუძღვნა უკრაინული ხალხური სიმღერები. კონცერტს დაესწრნენ ომის შედეგად იძულებით გადაადგილებული უკრაინის მოქალაქეები. ამავე საღამოში მონაწილეობას მიიღეს  საქართველოში მცხოვრებმა ქალმა შემსრულებლებმა, რომლებიც წარმოდგენილი არიან კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის სერთაშორისო ცენტრის  მიერ მომზადებული და იუნესკოს ეგიდით 2022 წელს გამოცემულ წიგნში.

სიმპოზიუმის სამეცნიერო სესიები წარიმართა ჰიბრიდულ ფორმატში. 27 სექტემბერს შედგა ტმკსც-ის ახალი პუბლიკაციის პრეზენტაცია – ბრუნო ნეტლი:  „ეთნომუსიკოლოგიის კვლევა: ოცდაცამეტი თვალსაზრისი“ (ქართულ ენაზე).

სიმპოზიუმის ფარგლებში ნაჩვენები იქნა ბრიტანელი მომღერლების, სუზან ტომსონისა და ჰოლი ტეილორ-ზანცის პოდკასტი – წინაპართა ხმები: ჩვენი ბებიების ხმები. ასევე, იტალიელი ეთნომუსიკოლოგისა და რეჟისორის ფილმი „მოლხენის ხმები“ (Voices of Conviviality) რომელშიც აღწერილია პრემანელი (იტალია) მომღერლებისა და ანსამბლ „ადილეის“ მიერ გატარებული საღამო სვანეთის სოფელ ლახუშდში.

სიმპოზიუმის დახურვის დღეს გაიმართა მრგვალი მაგიდა თანამედროვე ეთნომუსიკოლოგიაში მეტად აქტუალ თემაზე: „მუსიკალური ფოლკ-ტურიზმი“. წამყვანი გახლდათ მანჩესტერის უნივერსიტეტის პროფესორი ქეროლაინ ბითელი. თანამომხსენებლები: მარინა დეკრისტოფორო, ჯეფ ბარტონი, ნინო ნანეიშვილი, მადონა ჩამგელიანი.

სიმპოზიუმი საზეიმოდ  დაიხურა მსოფლიო მრავალხმიანობის კონცერტით, რომელიც ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დარბაზში ჩატარდა. კონცერტზე, ქართული მრავალხმიანობის კვლევაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საპატიო დოქტორის წოდებით დაჯილდოვდნენ ქეროლაინ ბითელი (დიდი ბრიტანეთი) და ფრანკ შერბაუმი (გერმანია).

Share it on