2004 წლის 16-20 დეკემბერს იუნესკოს პროგრამის ფარგლებში ახმეტის რაიონის სოფელ ზემო ალვანში მოეწყო მუსიკალურ-ფოლკლორული ექსპედიცია, რომელშიც მონაწილეობდნენ ტმკსც-ის თანამშრობლები – ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დოცენტი ნატალია ზუმბაძე (ხელმძღვანელი), ხალხური მუსიკალური შემოქმედების კაბინეტის გამგე ქეთევან მათიაშვილი და ლაბორანტი ოთარ კაპანაძე.
ზემო ალვანი ძირითადად წოვა თუშებით დასახლებული სოფელია. როგორც ცნობილია, თუშური (განსაკუთრებით, წოვა თუშური) მუსიკის არცთუ ბევრი ნიმუშია ფიქსირებული. აღნიშნული ექსპედიცია ამ ნაკლის შევსების ერთ-ერთი ცდა იყო.
შეიძლება ითქვას, რომ ექსპედიცია საკმაოდ შედეგიანი აღმოჩნდა. უკვე პირველ დღეს მარიკა ჩაგოშვილისგან (დაბ. 1976 წ.) ჩავიწერეთ სიმღერები წოვურ და ქართულ ენებზე, ასევე დასაკრავები გარმონზე. მათ შორის “სამგზავრო” და “ლიქოკელი”. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შემსრულებლის მღერის მანერასა და ბგერის წარმოებაში (დაძაბული, ხმამაღალი, ერთგვარი “გამყივანი” ბგერა) ნაწილობრივ იგრძნობოდა ჩეჩენ და ქისტ ქალთა შესრულების ზეგავლენა. მარიკასგან ჩავიწერეთ ისეთი სიმღერებიც, რომლებიც, სავარაუდოდ, უახლოეს წარსულში შეიქმნა და მნიშვნელოვნად სცილდება ტრადიციულ თუშურ რეპერტუარს. როგორც ჩანს, მსგავსი სიმღერები ადგილობრივ ახალგაზრდებში საკმაოდ პოპულარულია.
ძალზე საინტერესო გამოდგა შეხვედრა ლელა ჯამარაშვილთან (დაბ. 1935 წ.). ქალბატონი ლელა წარმოშობით ფშაველია, თუმცა გაზრდილია ზემო ალვანში. იგი პოეტია და მხოლოდ საკუთარ ლექსებს ამღერებს, ამავდროულად, ძალიან კარგად უკრავს გარმონზე. პირველი შეხვედრისას მისგან შედარებით ნაკლები მასალა ჩავიწერეთ, თუმცა შემდეგ თავად გვეწვია და სიმღერების გარდა, დახვეწილი გემოვნებით შესრულებული არაერთი საკრავიერი ჰანგიც მოგვასმენინა.
ზემო ალვანში შევხვდით წარსულში ცნობილი მეჭიანურის, მოსე შავხელიშვილის შვილს, ბატონ ნიკოლოზ (ნიკალა) შავხელიშვილს (დაბ.1946 წ.). მისგან ჩავიწერეთ სხვადასხვა დასაკრავი ბალალაიკასა და ფანდურზე. ბატონი ნიკალას სახლში აღმოჩნდა მოსე შავხელიშვილის გაკეთებული ჭიანური, რომელიც ამ ოჯახისთვის უძვირფასესი რელიქვიაა. ჭიანურს არ ჰქონდა სიმები, ხემი, ჯორაკი. ბატონ ნიკალას მასზე 20 წლის განმავლობაში არ დაეკრა. იგი შეგვპირდა, რომ რამდენიმე დღეში აღადგენდა საკრავს. ორი დღის შემდეგ ნიკალასთან ხელახლა სტუმრობისას ჭიანური უკვე გამართული დაგვხვდა. მოხერხდა რამდენიმე დასაკრავის ჩაწერა, მათ შორის ერთი ბატონმა ნიკალამ ხემით შეასრულა, დანარჩენი – თითებით. რამდენიმე სიმღერა და დასაკრავი ჩავიწერეთ მისი შვილისგან, გიორგი შავხელიშვილისგან (დაბ. 1988წ.). ნიკალას ძმისწულს, დავით შავხელიშვილს აღმოაჩნდა რენტგენის ფირებზე გადაწერილი მოსე შავხელიშვილის ჩანაწერები. სამწუხაროდ, შესაბამისი აპარატურის უქონლობის გამო, მათი გადაწერა ვერ მოვახერხეთ. ბატონი ნიკალას ინფორმაციით, ამ ჩანაწერების დედანი ინახება თბილისში, ტელე-რადიო კომიტეტის არქივში.
დიდი შთაბეჭდილება მოახდინა შეხვედრამ ლევან ბაიხოიძესთან (დაბ. 1931წ.). მისგან ჩავიწერეთ დასაკრავები ბალალაიკაზე, მათ შორის, ზოგიერთი ქისტური მელოდიაც. ექსპედიციის წევრები აღაფრთოვანა “წიფლოვანას” (რომელიც, ადგილობრივთა გადმოცემით მხოლოდ წოვა თუშების რეპერტუარში გვხვდება), “შამილის დაჭერის” და სხვა დასაკრავების ვირტუოზულმა შესრულებამ.
დასამახსოვრებელი იყო შეხვედრა ელენე (ელანე) ცისკარიშვილთან (დაბ. 1936 წ). მისგან ჩავიწერეთ ტირილი უშუალოდ გლოვის პროცესში, დაკრძალვაში. ამის შემდეგ ქალბატონი ელანე თავად გვეწვია. მან, დატირების გარდა, შეასრულა რამდენიმე წოვური სიმღერა, მათ შორის ბავშვის დასაძინებელი, რომელიც რამდენიმე ნაწილისგან შედგება – “ნანას” გარდა, მასში ჩართულია “სათამაშოც”. შეიძლება ითქვას, რომ ელანე ცისკარიშვილისგან ჩაწერილი წოვური ტირილი და ბავშვის დასაძინებელი ჩვენი ექსპედიციის ერთ-ერთი საინტერესო შენაძენია.
განსაკუთრებით მინდა გამოვყო შეხვედრა რეპკო ალხანაიძესთან (დაბ. 1926 წ.). იგი თავის დროზე ცნობილი მეგარმონე და მომღერალი იყო. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ფოლკლორის კათედრის არქივში ინახება მის მიერ შესრულებული რამდენიმე დასაკრავი, რომელიც 1967 წელს ჩაწერა ფოლკლორისტმა კახი როსებაშვილმა. სამწუხაროდ, ქალბატონი რეპკო გარმონზე აღარ უკრავს, თუმცა მისი შესრულებით ჩავიწერეთ “აკვნის ნანა” და “დატირება”. ქალბატონი რეპკოსგან დაგვამახსოვრდა მისი ულამაზესი კუთხური მეტყველებაც, რომლის მსგავსსაც დღეს იშვიათად მოისმენ.
ზემო ალვანში ფუნქციონირებს ფოლკლორული ანსამბლი “წოვათა”. 2004 წელს იგი მიწვეული იყო თბილისში გამართულ ტრადიციული მრავალხმიანობის II საერთაშორისო სიმპოზიუმზე. ანსამბლის ხელმძღვანელია ენათმეცნიერი ბელა შავხელიშვილი. ექსპედიციის წევრები უდიდეს მადლობას უხდიან ქალბატონ ბელას – მის გარეშე ექსპედიცია არ შედგებოდა. ქალბატონი ბელა თავად გამოგვყვა ალვანში და ძალიან დაგვეხმარა მომღერლების მონახვაში. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ ანსამბლ “წოვათას” წევრები და სხვა შემსრულებლები თავად გვეწვივნენ სახლში, რითაც საგრძნობლად გაგვიადვილეს მუშაობა. ამას გარდა, თავად ქალბატონი ბელასგანაც არაერთი საინტერესო გადმოცემა და ცნობა ჩავწერეთ წოვური და ქისტურ-ჩეჩნური მუსიკისა და სხვადასხვა წეს-ჩვეულების შესახებ. მისივე დახმარებით ჩავიწერეთ “წოვათას” რამდენიმე წევრი: ნათელა ჭარელიშვილი (დაბ. 1948 წ.), ციცინო დინგაშვილი (დაბ. 1951 წ.), ასმათ ლონგიშვილი (დაბ. 1948 წ.) და ლალი საგიშვილი (დაბ. 1961 წ.), რომლებმაც შეასრულეს სიმღერები ქართულ და წოვურ ენებზე. აღსანიშნავია, რომ ერთი და იგივე სიმღერების შესრულებისას თითოეული მღერის განსაკუთრებული, ინდივიდუალური მანერით გამოირჩეოდა.
ქალბატონი ბელას მეშვეობით ჩავიწერეთ მისი კიდევ ერთი ანსამბლის – “აზნაშის” წევრი ლალი იმედაშვილი (წარმოშობით ქისტი, დაბ. 1978 წ.). მან შეასრულა ქართული და ქისტური სიმღერები საკრავის თანხლებით და მის გარეშე.
დასაკრავები ჩავიწერეთ გივი კალატოზიშვილისა (დაბ. 1945 წ.) და ეთერ წოტოიძისგან (დაბ. 1949 წ.). მათგან გამოვყოფდი ბატონი გივის მიერ გარმონზე შესრულებულ “წიფლოვანას”.
საკუთრივ მუსიკალური მასალის გარდა, მოვიპოვეთ საკმაოდ მდიდარი სიტყვიერი ინფორმაცია თუშებში გავრცელებული “ხმების” (გარკვეული მუსიკალური ჰანგების) სახელწოდების, საკრავის დამზადების წესის, ბერიკაობის, ქორწილის, ამინდის მართვის, ბატონების კულტთან დაკავშირებული რიტუალების შესახებაც.
ხუთდღიანი ინტენსიური მუშაობის მიუხედავად ვერ მოვასწარით ადგილობრივებში ცნობილი რამდენიმე შემსრულებლის (მათ შორის – მეჭიანურის) ჩაწერა. სამწუხაროდ, ვერ დავაფიქსირეთ სალამურზე დასაკრავებიც, თუმცა, იმედია, ამ ნაკლს შევავსებთ ზემო ალვანში კვლავ სტუმრობით.
ბოლოს, გვინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადოთ ბელა შავხელიშვილს, ჩვენს მასპინძლებს – დინგაშვილების ოჯახს, ზემო ალვნის კულტურის სახლის დირექტორს რევაზ ორბეთიშვილს, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში გვიწევდა მეგზურობას, და, რა თქმა უნდა, ყველა იმ შემსრულებელს, რომლებმიც არ დაგვზარდნენ და ჩვენთვის უძვირფასესი ნიმუშები ჩაგვაწერინეს.