2005 წლის 16-30 ივლისს იუნესკოს პროგრამის ფარგლებში მოეწყო მუსიკალურ-ფოლკლორული ექსპედიცია მესხეთ-ჯავახეთის სამ სოფელსა და ახალციხეში, რომელშიც მონაწილეობდნენ ტმკსც-ის თანამშრომლები: თინათინ ჟვანია, ქეთევან მათიაშვილი და თბილისის კონსერვატორიის სტუდენტები: ნანა გოგოლაძე, ბაია ჟუჟუნაძე და ნინო ნანეიშვილი.
ქართული ხალხური შემოქმედების კათედრაზე დაცულ საექსპედიციო ჩანაწერებს შორის, აქამდე, მესხეთ-ჯავახეთის მუსიკალური ყოფის ამსახველი მასალები არ მოიძებნებოდა. ფასდაუდებელი მნიშვნელობა ენიჭება ჩვენი ექსპედიციის წევრების მიერ ციფრული წესით დაფიქსირებული 9 MD-სა (თითოეული ორსაათნახევარი ხანგრძლივობის) და 1056 ფოტოს.
როგორც ცნობილია, პირველი მუსიკალურ-ფოლკლორული ექსპედიცია მესხეთ-ჯავახეთში 1933 წელს კომპოზიტორმა შალვა მშველიძემ, მეორე – 1949 წელს მუსიკისმცოდნემ და ფოლკლორისტმა გრიგოლ ჩხიკვაძემ მოაწყო. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია კომპოზიტორ ვალერიან მაღრაძის მიერ გაწეული ინტენსიური საველე სამუშაოები მასხეთ-ჯავახეთში.
სულ ახლახან, ტმკსც-ის პროექტის ცვილის ლილვაკებიდან ციფრულ მატარებლებზე გადატანილი შ. მშველიძის საექპედიციო ჩანაწერები დიდად გაამდიდრებს ჩვენს წარმოდგენას მესხეთ-ჯავახეთის მუსიკალურ ფოლკლორზე.
მესხეთ-ჯავახეთის მუსიკალურ-ეთნიკური სურათის უკეთ შესაცნობად, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, ორიოდე სიტყვით შევეხოთ ზოგიერთ ფაქტს მისი წარსულიდან.
ისტორიულად მესხეთ-ჯავახეთის ტერიტორია იბერიის სამეფოს ეკუთვნოდა და მის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარეობდა. იგი ქართლის განუყოფელი ნაწილი იყო. მის მოსახლეობას ეთნიკურად ქართველები შეადგენდნენ, რომლებიც ქართულად მეტყველებდნენ და ანთროპოლოგიური ტიპით, ყოფაცხოვრებითა და ზნეჩვეულებებით არაფრით განსხვავდებოდნენ შიდა და ქვემო ქართლის მოსახლეობისგან.
ისტორიულმა ავბედითობამ XIII საუკუნიდან ბევრი რამ შეცვალა ამ მხარეში. ეს ცვლილებები სოციალურ-პოლიტიკურ, რელიგიურ და ეთნიკურ საკითხებს თანაბრად შეეხო. ირანისა და თურქების შემოსევების შემდეგ გამაჰმადიანების პროცესი დაიწყო, რასაც მოჰყვა ქართველთა აყრა მშობლიური მიწაწყლიდან. ამ პერიოდში ხდება ქართველთა ნამოსახლარზე თურქ-სელჯუკების და ნაწილობრივ სომეხთა ჩამოსახლება. გარკვეული დროის შემდეგ დაიწყო გრიგორიანული და კათოლიკური ეკლესიის ზრდა ადგილობრივი მოსახლეობის ხარჯზე. ამის მიუხედავად, მოსახლეობის მცირე ნაწილმა მაინც შეინარჩუნა კავშირი მართლმადიდებლურ ტრადიციებთან.
XIX საუკუნის დასაწყისისთვის მესხეთ-ჯავახეთში არზრუმიდან 100000 ლტოლვილი სომეხი ჩამოასახლეს. ამავდროულად აქ ჩასახლება იწყეს ქურთებმა, ბერძნებმა, დუხაბორებმა და სხვ.
1944 წელს მესხეთ-ჯავახეთიდან გასახლებული იქნა თურქულენოვანი მოსახლეობა, ე. წ. “თურქი მესხები,” იმავე პერიოდიდან აქ საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან (იმერეთიდან, აჭარიდან, სვანეთიდან) იწყეს ჩასახლება.
1960 წელს გრ. ჩხიკვაძე წერდა: “ორივე ექსპედიციამ (ლაპარაკია შ. მშველიძის 1933 წლისა და გრ. ჩხიკვაძის 1949 წლის ექსპედიციებზე) სასარგებლო მუშაობა ჩაატარა და თუმცა მცირე რაოდენობით, მაგრამ მაინც ძვირფასი სასიმღერო მასალა ჩაიწერა. შეგროვილი მასალა, მიუხედავად სიმცირისა, თავისი ხასიათისა და შინაარსის მიხედვით გვაფიქრებინებს, რომ უფრო დაკვირვებული შესწავლა შესაძლებლობას მოგვცემს მივაგნოთ ძვირფას ნიმუშებს, რომლებიც თავისი ფესვებით დაკავშირებული იქნებიან ჩვენი ხალხის მრავალსაუკუნოვანი ცხოვრების შინაარსთან…”(გრ. ჩხიკვაძე, “ქართული ხალხური სიმღერა”, 1960 წ., გვ.21-22).
იგივე შეიძლება ითქვას დღესაც. ჩვენს მიერ გამოკითხული 46 ეთნოფორისგან მიღებული ინფორმაციის მიხედვით შეიძლება დავასკვნათ, რომ საკუთრივ მესხური წარმოშობის სასიმღერო შემოქმედება ნაკლებადაა შემორჩენილი. სამაგიეროდ, დღემდე მოაღწია თავის დროზე ქალაქური ყოფიდან შემოსულმა და გავრცელებულმა აღმოსავლური შტოს ქართულმა ქალაქურმა სიმღერამ. “საიათნოურის,” “ბაიათის,” “იეთიმ გურჯის” და სხვ. სახელწოდებებით სიმღერებს აქ არამარტო ხანდაზმულებისგან, არამედ ახალგაზრდებისგანაც ხშირად გაიგონებთ.
ახალციხეში ჩვენ შევხვდით მესხური მუსიკალური ტრადიციების საუკეთესო მცოდნეს, აწ განსვენებულ შოთა ალთუნაშვილს, პიროვნებას, რომელმაც ათწლეულების მანძილზე უამრავ მესხს შეასწავლა უკვე მივიწყებული მესხური სიმღერები. ანსამბლ “მესხეთის” რეპერტუარში (რომლის ხელმძღვანელი თავად იყო) მის მიერ არაერთი მესხური სიმღერა დამუშავებული იქნა სამ ხმაში. როგორც ბ-ნ შოთამ აღნიშნა, ეს სიმღერები ხალხში ერთ ხმაში იმღერებოდა. ჩვენ მისგან სწორედ ეს ვარიანტები ჩავიწერეთ: “ოთხი წყარო სდის,” “მრავალჟამიერ,” “გეგუთისა მინდორზედა,” “ვარძიობა-ძიობასა” და სხვ.
როდესაც ექსპედიციის მასალებს ვამუშავებდით, მათი დახარისხებისას რამდენიმე ისეთი პარამეტრი გამოვყავით, რაც ამ რეგიონისთვის განსაკუთრებით ნიშანდობლივია. ერთ-ერთი მათგანი, იმის გამო რომ მრავალ ხმაში მღერის ტრადიცია მესხურ მუზიცირებაში დაკარგულად ითვლება, ამ ტრადიციასთან დაკავშირებული ყველა სახის ინფომაციის თავმოყრაა. ამ მხრივ, განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია გამონათქვამები, რომლებიც ბანის ხმის ფუნქციას უკავშირდება. მაგალითად, “დამჯდარი,” “ბანზე ადევნება” (იგულისხმება მელოდიისთვის დაბალი ხმის შეწყობა)…
წარსულში მესხეთში გავრცელებული საკრავთა მწყობრის აღწერისას აწყვიტელი ზურაბ ივანიძე (81 წლისა) აღნიშნავს, რომ “ჭიჭილა,” რომელსაც “მეისაც” ეძახდნენ – ბანს აძლევდაო, ან, “როცა 3-4 თულუმი (გუდასტვირის მესხური სახელწოდება) ერთად უკრავდა, ერთ-ერთ მათგანს დაბალი ხმა გამოჰყავდაო”…
ექსპედიციის მნიშვნელოვანი მონაპოვარია მესხური მუსიკალური ყოფისთვის ერთ დროს საკმაოდ დამახასიათებელი ნიმუშები. მაგ. “ოროველა”, რომელიც 97 წლის მუსხელი გიორგი ჯინჭველაძისგან ჩავიწერეთ. ფრიად ნიშნდობლივია ის, რომ ნიმუში კილო-ინტონაციურად და კომპოზიციურად ქართლ-კახური “ოროველების” მსგავსია.
რაც შეეხება მეორე ნიმუშს, როგორც ირკვევა, იგი უწინ საკმაოდ პოპულარული საცეკვაო ყოფილა მესხეთში. სრულდება სიმღერითა და ტაშით გლოსოლალიებზე: “დამ, დილილი, დილლილო…” უნდა ითქვას, რომ მსგავსად “ოროველასი”, ისიც ძალიან ახლოსაა საცეკვაოების ქართლ-კახურ ვარიანტებთან. ამ ნიმუშის საკმაოდ ორიგინალური სამხმიანი ვარიანტი იქნა ჩაწერილი ხიზაბავრელი მიტო ტატურაშვილისაგან (63 წლის) აკორდეონის თანხლებით (ბანს და შუა ხმას უკრავდა აკორდეონზე).
მნიშვნელოვანი ინფომაცია ძველ მესხურ რეპერტუარზე მოგვაწოდა მესხური ტრადიციების შესანიშნავმა მცოდნემ მუსხელმა მარიამ ჟუჟუნაძემ (73 წლის). განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ცნობები მესხური საფერხულო სიმღერის “ოქრომჭედელოს” შესრულების ფორმასა და წესზე. ქ-მა მარიამმა დაუზარლად შეასწავლა ექსპედიციის წევრებს სიმღერა თვისი ფერხულით.
ძველი მესხური ტრადიციების გამოძახილია ყოფაში დღემდე შემორჩენილი ერთღერიანი თვლებიანი ჩასაბერი საკრავი “სტვირი”. სამივე სოფელში აღმოჩნდნენ პიროვნებები, რომლებიც შესანიშნავად ამზადებენ და უკრავენ სტვირს. მუსხელი ვაჟა მელიქიძის (63 წლის), ვასო ივანიძის (65 წლის), აწყვიტელი გიორგი დიასამიძის (78 წლის), ილუშა ივანიძის (78 წლის), ხიზაბავრელი მიტო ტატურაშვილისგან ჩაწერილი სტვირის დამზადების წესი, თვლების რაოდენობა და განლაგება, მუსიკალურ-ინტონაციური შინაარსი ერთმანეთის მსგავსია, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ძველი მესხური ტრადიცია ჩასაბერი საკრავისა, რომელიც ამ რეგიონის ძირითადი სამეურნეო საქმიანობის – მესაქონლეობის განუყოფელი ნაწილი იყო, დღემდე ცოცხლობს.
რაც შეეხება მესხური მუსიკალური ყოფისთვის დღესდღეობით ყველაზე დამახასიათებელ რეპერტუარს. მართალია, ერთ დროს ქალაქიდან შემოჭრილ ზურნა-დუდუკსა და დოლ-გარმონს ქართულ სოფლურ ყოფაში ისე ხშირად ვეღარ შეხვდებით, მაგრამ მესხეთში იგი კვლავ აქტუალურია (თუმცა, ზოგიერთი ეთნოფორი ამ ტრადიციის გადავარდნაზეც საუბრობს). მაგალითად, სოფელ აწყვიტაში თითქმის ყველა ოჯახს თავისი “მუსიკოსი” ჰყავს, რომლებიც ერთად უკრავენ და მღერიან საქორწილო და სხვადასხვა სალხინო სუფრებზე. ობიექტური მიზეზების გამო მათი ერთად შეკრება ვერ მოხერხდა. ასეთი ანსამბლის მხოლოდ ერთი წევრი ჩავიწერეთ – ოლეგ ივანიძე (46 წლის), რომელმაც თავის ვაჟთან და მეუღლესთან ერთად შეასრულა თანამედროვე ტიპის სიმღერები ე. წ. “საქორწილო” რეპერტუარიდან: “რა ლამაზი ხარ, შენ, თუშის ქალო”, “როცა შენ დალალებს ქარი შლის,” “სიჭაბუკე და ახალგაზრდობა” და სხვ.
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ე. წ. “მექორწილე მუსიკოსების” ფრთის ვირტუოზი შემსრულებელი, ჩვენს მიერ უკვე ნახსენები მიტო ტატურაშვილი ხიზაბავრიდან, რომელიც შესანიშნავად ფლობს საკრავებს (დუდუკი, ზურნა, კლარნეტი, სხვადასხვა ტიპის სალამურები, აკორდეონი, ფანდური).
როგორც ზემოთ ითქვა, მესხეთ-ჯავახეთში ცხოვრობდნენ და დღესაც ცხოვრობენ სხვადასხვა ეროვნების ადამიანები. ცნობილია, რომ ადგილობრივი ქართველები მათდამი ყოველთვის კეთილმეზობლურად იყვნენ განწყობილნი. მიუხედავად იმისა, რომ თურქულენოვანი მოსახლეობის წასვლიდან უკვე 60 წელია გასული, ყველას, ვისაც თავის დროზე მათთან ურთიერთობა ჰქონდა, დღესაც კარგად ახსოვთ თურქული ენა და სიმღერები.
განსაკუთრებით საინტერესოდ მიგვაჩნია მუსხელი ანიკო ჟუჟუნაძისა (71 წლის) და აწყვიტელი ზურაბ ივანიძისაგან (81 წლის) ჩაწერილი ზღაპრის კითხვის წესი, სადაც ერთმანეთს ენაცვლება მონაკვეთები ქართულ და თურქულ ენაზე. ნიშანდობლივია ის, რომ თურქულ ენაზე სათქმელ კუპლეტებს ისინი თურქულ კილოზე ამღერებდნენ. წარსულში, როგორც ირკვევა, ამ კუპლეტებს აღმოსავლური სიმებიანი საკრავის, საზის თანხლებით ასრულებდნენ.
როგორც ცნობილია, ახალციხე ინტერნაციონალური ქალაქია. სხვადასხვა ეროვნებათა შორის ურთიერთპატივისცემა მესაკრავეთა ანსამბლის ეთიკაშიც ვლინდება. მაგ. ქორწილებში, ლხინთან თუ ჭირთან დაკავშირებით მჟღერი ქართველი და სომეხი ინსტრუმენტალისტების რეპერტუარი ორივე ეთნოსისთვის დამახასიათებელი ნიმუშებითაა წარმოდგენილი.
განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ჩვენზე სომეხ შემსრულებელთა ტრიომ ახალციხიდან – არსენ მელიქიანის (45 წლის) – დუდუკი, ზურნა, კლარნეტი, ხაჩატურ აკოფიანის (45 წლის) – აკორდეონი, გარეგინ გეიანის (71 წლის) – დაირა, დოლი, ვოკალი – შემადგენლობით. დიდი ოსტატობითა და პროფესიონალიზმით გამოირჩეოდა მათ მიერ შესრულებული სომხური დასაკრავები: “პეპო”, “მთვარიან ღამეს,” “ეღიშის ცეკვა,” ქართული სიმღერა-დასაკრავი “ცივ ზამთარში”.
2005 წლის თოთხმეტდღიანი ექსპედიცია მესხეთ-ჯავახეთში ინტენსიური საველე სამუშაოების დასაწყისი უნდა გახდეს ამ რეგიონში. ასეთ აუცილებლობას თვით მესხეთ-ჯავახეთში შექმნილი რეალური მდგომარეობა განაპირობებს. მხედველობაში გვაქვს იმ ცოდნისა და გამოცდილების დროული მოვლა-პატრონობა, რასაც აქ მხოლოდ ხანდაზმული ადამიანები ატარებენ.