დაბ. 12. 02. 1953 წ. ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი. ტმკსც-ის საზღვარგერეთული ბიუროს ხელმძღვანელი. მელბურნის უნივერსიტეტის მუსიკის ფაკულტეტის მეცნიერ-მკვლევარი. ფუმიო კოიცუმის სახელობის პრიზის ლაურეატი (2010) (ეს პრიზი იოსებ ჟორდანიას მიენიჭა ხალხური მრავალხმიანობის კვლევასა და მრავალხმიანობის წარმოშობის ახალი მოდელის შემუშავებაში).
1978 წ. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკისმცოდნეობის ფაკულტეტი ფოლკლორის სპეციალობით, 1981 წ. კი ასპირანტურა პროფ. გრიგოლ ჩხიკვაძის ხელმძღვანელობით. იყო ქართული ხალხური მუსიკალური შემოქმედების კათედრის პედაგოგი და მეცნიერ-თანამშრომელი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხმელთაშუა ზღვის კულტიროლოგიის სამეცნიერო ცენტრის მუსიკის სექციის გამგე. საკანდიდატო დისერტაცია: “მოდულაცია აღმოსავლეთ საქართველოს ბურდონულ სიმღერებში” (1982), სადოქტორო დისერტაცია “Грузинское традиционное многоголосие в международном контексте многоголосных культур” (1991) კიევის სახელმწიფო კონსერვატორია.
იოსებ ჟორდანიას აქტიურმა სამეცნიერო მოღვაწეობამ დიდი როლი ითამაშა ხალხური მრავალხმიანობის კვლევის თანამედროვე ეთნომუსიკოლოგიის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად ჩამოყალიბებაში. იოსებ ჟორდანია არის ოთხი მონოგრაფიის და 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი (მესამე, ორტომიანი მონოგრაფია მალე გამოიცემა პორტუგალიაში).