მრავალხმიანობის კერები

ლიტვა



ბალტიისპირეთის სამ ქვეყანას შორის ლიტვას ისტორიულად წამყვანი ადგილი ეჭირა შუა საუკუნეების აღმოსავლეთ ევროპაში. მუსიკალური თვალსაზრისით ლიტვა განსაკუთრებით ცნობილია როგორც უნიკალური მრავალხმიანი სასიმღერო სტილის – სუტარტინესის სამშობლო. (სუტარტინესი ნიშნავს ერთიანობას, შეთანხმებას). ეს სტილი ლიტვის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში იყო გავრცელებული. სუტარტინესი ორიგინალური პოლიფონიური – ორ-სამხმიანი მღერაა, სპეციფიკური მძაფრი სეკუნდური შეთანხმებებით. სუტარტინესში მრავალხმიანი ფაქტურა ხშირად წარმოიქმნება ტერციული და კვინტური მელოდიების პოლიტონალური დაშრევების გზით (ანუ მაგალითად, დო-მი-სოლზე აგებული მელოდიასთან ერთად ჟღერს რე-ფადიეზ-ლაზე აგებული მელოდია). ამ დროს სხვადახვა ხმებში სხვადასხვა ტექსტი იმღერება, თუმცა ხშირად ტექსტის მაგივრად გამოითქმის გლოსოლალიები. “სუტარტინესში” მრავალხმიანობის წამყვანი ფორმაა კანონური იმიტაცია, რაც ძალიან იშვიათია ევროპულ მრავალხმიან ტრადიციებში. მიუხედადავ იმისა, რომ “სუტარტინესის” სიმღერაში ხან ორნი მღერიან, ხან სამნი და ხან ოთხნი, ფაქტურა ყოველთვის ორხმიანია.

გარდა ცნობილი და უნიკალური კანონური სუტარტინესი, არსებობს აგრეთვე ჰეტეროფონიული და ბურდონული “სუტარტინესებიც”. ბურდონული სუტარტინესები ცნობილია სახელწოდებით “კოლექტიური სუტარტინესი”.

თანამედროვე ლიტვაში გავრცელებულია აგრეთვე უფრო თანამედროვე “ევროპული” მრავალხმიანი საშემსრულებლო სტილი, სადაც ჭარბობს პარალელური ტერციებით მოძრაობა.

სუტარტინესის სხვადასხვა ტიპებიდან უნიკალურია ე.წ. სეკუნდური სუტარტინესი, სადაც მიმდინარეობს მღერა პარალელური სეკუნდებით. ლიტვურ მუსიკაში შესაძლოა ყველაზე ადრე მოხდა ე.წ. პოლიტონალიზმის გამოყენება. ევროპულ პროფესიულ მუსიკაში პოლიტონალიზმი გამოიყენეს პირველად ჩარლ აივზმა, ბელა ბარტოკმა და სერგეი პროკოფიევმა (მე-19 – მე-20 საუკენეების მიჯნაზე), თუმცა ლიტვაურ ხალხურ მუსიკაში ამ მოვლენას მე-16 საუკუნიდან მაინც იცნობდნენ (ამ დროს განეკუთვნება პირველი ცნობები სუტარტინესის შესახებ).

“სუტერტინესის” ტრადიცია სოფლის ყოფაში დაიკარგა მეოცე საუკუნის პირველი ნახევარში და თუმცა დღეს მას ლიტვის ნაციონალური კულტურის სიმბოლოს ფუნქცია აქვს მიღებული, დღეს იგი მხოლოდ საუნივერსიტეტო სტუდენტებისა და სხვა პროფესიული ანსამბლების მიერ სრულდება.

Share it on