ებრაელები და ბოშები
რუსეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ ეროვნულ უმცირესობათა ტრადიციული მუსიკის განხილვისას უნდა გავითვალისწინოთ ებრაელთა და ბოშათა ხალხური შემოქმედებაც. ებრაელებსა და ბოშებს მე-18, მე-19, 20-ე საუკუნეებში რუსეთში იცნობდნენ და აფასებდნენ როგორც საუკეთესო მუსიკოსებს, შემსრულებლებს, მომღერლებს. რუსეთში კარგად იცნობდნენ და აფასებდნენ ებრაელი მუსიკოსების ვირტუოზულ ხელოვნებას, თუმცა მათ ტრადიციულ სასიმღერო კულტურაში ცნობები ვოკალური პოლიფონიის შესახებ ჯერჯერობით არ მოგვეპოვება. რაც შეეხება ბოშების მუსიკას რუსეეთში, მათი სასიმღერო სტილი ფართოდ დამკვიდრდა ქალაქურ მრავალხმიან სიმღერაში, პარალელური ტერციებით, ტონიკა-სუბდომინანტა-დომინანტური ჰარმონიით, ინსტრუმენტული (მეტწილად გიტარის) აკომპონიმენტით. ბოშათა გუნდები ძალზე პოპულარული იყო რუსეთის ბევრ ქალაქში, ბოშათა სასიმღერო სტილმა უდიდესი გავლენა იქონია რუსულ პოპულარულ სიმღერის განვითრებაზე.
მორდვა
ვოლგა-ურალის რეგიონის მაცხოვრებელთა შორის მორდვა გამოირჩევა მრავალხმიანობის მდიდარი ტრადიციებით. მრავალხმიანობის ტრადიცია აქ გვხვდება როგორც მორდვა-მოკშას, ასევე მორდვა-ერზიას ხალხებში (ეს ორი ჯგუფი შეადგენს მორდოველების ძირითად ნაწილს). განსაკუთრებული სიმდიდრით გამოირჩევა მორდვა-მოკშას მრავალხმიანობა. მიუხედავად ამისა, მორდოვული სიმღერების პირველი პუბლიკაციები ამ მრავალხმიანი ნიმუშების მხოლოდ ერთი ხმის, მონოდიურ ვერსიებს წარმოადგენდნენ. მორდვული მრავალხმიანობის პირველი ნიმუშები მოცემული იყო მიტროფანე პიატნიცკის მიერ 1914 წ-ს გამოსული კრებულში და მისივე 1920 წლის გამოცემაში, რომლთაც კომენტარებიც ახლდა. წამყვანი მორდოველი, ეთნომუსიკოლოგი ნიკოლაი ბოიარკინი მორდვის მრავალხმიანობის განხილვისას ოთხ ტიპს ასახელებს: 1. უნისონურ-ჰეტეროფონული ტიპი, 2. ბურდონული ორხმიანობა, 3. განვითარებული ბურდონული 2-3 ხმიანობა, 4. სამხმინობა, როდესაც ორ ხმას მიჰყავს მელოდია ძირითადად პარალელური ტერციებით. ჩვენ მიზანშეწონილად მივიჩნიეთ ამ ოთხი ტიპის გაერთიანება ორ ძირითად ჯგუფში: 1. ბურდონული მრავალხმიანობა, 2. ჰეტეროფონული მრავალხმიანობა. ჰეტეროფონული მრავალხმიანობა მორდვა-ერზიას ახასიათებს, ბურდონული მრავალხმიანობა კი ორივესთვია, მოკშას და ერზიას ხალხებისთვისაა დამახასიათებელი. მორდვაში ყველა ხმას რამდენიმე შემსრულებელი მღერის, ასეთი “გამსხვილებული” მელოდია თავისთავად ჰეტეროფონული წყობისაა. მორდოვული სიმღერების კილოური საფუძველია ანჰემიტონური პენტატონიკა, და ზოგჯერ ანჰემიტონური კილოს ყველა ხუთივე ბგერა ერთად ჟღერს მორდვა-მოკშას გუნდურ სიმღერებში.
კომი
კომის ხალხური მრავალხმიანობა ხანგრძლივი დროის მანძილზე უცნობი იყო ეთნომუსიკოლოგების უდიდესი ნაწილისათვის. შესაბამისად, მათ მონოდიური კულტურის მქონე ხალხად მიიჩნევდნენ. მიუხედავად ამისა, მათი მრავალხმიანი მღერის ტრადიცია დღესაც ცოცხალია. ეს განსაკუთრებით ეხება კომის სამხრეთ და ჩრდილოეთ მხარეს, სადაც დომინირებს ბურდონული მრავალხმიანობა. შუა ზონაში გავრცელებულია ჰეტეროფონიულ-უნისონური და ჰეტეროფონული ტიპის ფაქტურა. ჩემს ხელთ არსებული მონაცემების მიხედვით კომი-პერმიაკების (კომის ერთერთი ეთნიკური ჯგუფია) მრავალხმიანობა გაცილებით უფრო მრავალფეროვანია, ვიდრე კომი-ზირიანების. კომი-პერმიაკების ტრადიციულ მუსიკაში მრავალხმიანობის ორ ძირითად ტიპს ვხვდებით: 1. ბურდონსა და 2. ჰეტეროფონიას. ჰეტეროფონიაში ჭარბობს პარალელური ტერციები, ბურდონული მრავალხმიანობაში კი ბურდონი ხშირად ძირითადი მელოდიის ზემოთ იმყოფება და გუნდურად იმღერება.
მარი
მარის ხალხური მუსიკა დიდი ხნის მანძილზე მიჩნეული იყო მონოდიურ კულტურად. პირველი იყო ოლეგ გერასიმოვი, მარიელი ეთნომუსიკოლოგი, ვინც მივიდა დასკვნამდე, რომ მარის ხალხურ შემოქმედება ტიპიურ ჰეტეროფონიას წარმოადგენს. Eეს განსაკუთრებით ჩანს ე. წ. “რეკრუტულ” (ანუ ჯარისკაცების) და ლირიკულ სიმღერებში, რომელშიც მომღერალთა დიდი ჯგუფები მონაწილეობენ. მათი ტრადიციული მრავალხმიანობის ყველაზე რთული ფორმაა ე. წ. “პოდგოლოსური პოლიფონია” (ჰეტეროფონიის რთული ვარიანტი, ფართოდ გავრცელებული რუსებსა და საერთოდ სლავებს შორის). გერასიმოვის თანახმად, ამის მიზეზი უნდა ვეძებოთ იმაში, რომ ხალხური შემსრულებლები უპირატესობას ანიჭებენ მთავარი მელოდიის სხვადასხვა ვარიანტების შესრულებას. მათი სიტყვებით, ასე “უკეთ ჟღერს” (გერასიმოვი, 1988:20).
უდმურტია
უდმურტები (ძველ რუსულში – “ვოტიაკები”) ორ ქვეჯგუფად იყოფა – ჩრდილო და სამხრეთ უდმურტებად, და ისინი ეთნიკურად კომი-პერმიაკებს უახლოვდებიან. არის კიდევ უფრო მცირე ქვეჯგუფებიც, მაგალითად, ჩრდილოეთ უდმურტიაში არიან ბესერმიანები, რომლებიც შუასაუკუნეების ვოლგის ბულგარელების შთამომავლებად ითვლებიან. მიუხედავად იმისა, რომ უდმურტების უმრავლესობა ქრისტიანია, მათ შორის არიან მუსულმანი და წარმართი უდმურტების ჯგუფებიც. ტრადიციული მრავალხმიანობის მხრივ ჩრდილოეთსა და სამხრეთ უდმუდრტებს დიდი ტრადიცია გააჩნიათ ჯგუფური საგუნდო სიმღერისა, თუმცა ჩრდილოეთის რაიონებში განსაკუთრებულ როლს ასრულებს ფუნქციონალური მრავალხმიანობის, სამხრეთში კი—ჰეტეროფონიული მრავალხმიანობა.
თათრები
თათრები ყველაზე მრავალრიცხოვანი ერია რუსეთის მცირე ერთა შორის (მოსახლეობა ოთხ მილიონზე მეტია). ვოლგა-ურალის ტერიტორიის გარდა ისინი დასახლებული არიან ციმბირში და კასპიის ზღვის ჩრდილოეთით (ასტრახანელი თათრები). მთელს ამ ტერიტორიაზე თათრების მუსიკალური კულტურა ერთიან მონოდიურ კულტურას ეყრდნობა. რამდენადაც ცნობილია ჩემთვის, მათ შორის არის მხოლო ერთი ეთნიკური ჯგუფი, სახელწოდებით “მონათლული თათრები”, რომელთა სასიმღერო ტრადიციაში გვხვდება ვარიანტული ჰეტეროფონიის ნიმუშები. ალმეევა ასევე აღნიშნავს, რომ სხვა სტილის, ე.წ. “ტერციულ-კვინტური მრავალხმიანობის” სტილში ჩანს აგრეთვე ბურდონული მრავალხმიანობის ელემენტები, რაც უდრო ჩანს ძლიერ დროზე ვერტიკალში აჟღერებულ ტერციებსა და კვინტებში (ალმეევა, 1985).
ბაშკირები
ბაშკირები რაოდენობის მიხედვით რიგით მეორე მოსახლეობაა ვოლგა-ურალის ოლქში. ტრადიციულ ბაშკირულ მუსიკასა და ცენტრალური აზიის სასიმღერო კულტურებს შორის აშკარა კავშირი შეინიშნება. ეს, პირველ რიგში ობერტონული მღერის, ანუ სოლო მრავალხმიანობის კულტურაში ვლინდება. (როდესაც ადამიანი გამოსცემს გაბმულ ხმას, ბურდონს და მის ფონზე თავადვე მიჰყავს მელოდიური ხაზი, იყენებს რა სტვენის მაგვარ ჰარმონიას). ბაშკირული სოლო მრავალხმიანობა ცენტრალური აზიისათვის დამახასიათებელი ობერტონული მღერის ყველაზე დასავლეთური ნიმუშია.
ჩუვაშები
ჩუვაშთა დასახლება იყოფა სამ ჯგუფად: ზემო (ცხოვრობენ ჩუვაშთა ტერიტორიის ჩრდილო დასავლეთში), ქვემო (ცხოვრობენ სამხრეთში) და საშუალო-ქვემო (ცხოვრობენ ცენტრალურ და ჩრდილო-აღმოსავლეთ რაიონებში). უდმურტების მსგავსად, ჩუვაშთა უმეტესობა ქრისტიანებია. ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით, მრავალხმიანობის ცოცხალი ტრადიცია ფიქსერდება მხოლოდ ქვემო ჩუვაშებთან. ჩუვაშური მრავალხმიანობა უახლოვდება “მონათლული თათრების”, ანუ ქრისტიანი თათრების მრავალხმიან ტრადიციებს, ახასიათებს პანტატონიკის გამოყენება, თუმცა ჩუვაშების ხუთსაფეხურიანი კილო შეიცავს ნახევარტონიან სვლებს, ანუ ჰემიტონურია, რაც ძალიან იშვიათია პენტატონიკურ კილოებს შორის. ჰემიტონური პენტატონიკის გამოყენების ყველაზე ცნობილი შემთხვევა არის იაპონური ტრადიციული მუსიკა.