სამეცნიერო ფორუმები

ტრადიციული მრავალხმიანობის მერვე საერთაშორისო სიმპოზიუმი. საქართველო, 2016



თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიამ, ქართული ხალხური სიმღერის საერთაშორისო ცენტრმა და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა 2016 წლის 26 – 30 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის პატრონატით ტრადიციული მრავალხმიანობის VIII საერთაშორისო სიმპოზიუმი გამართა.

მერვე სიმპოზიუმში მონაწილეობდა 49 მეცნიერი მსოფლიოს ხუთივე კონტინენტის 22 ქვეყნიდან, ამათგან 15 მეცნიერი საქართველოდან. სიმპოზიუმის სამეცნიერო სესიებს განსაკუთრებული ხიბლი შეძინა ხალხური მრავალხმიანობის კონცერტები, რომლებიც საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრის დიდ დარბაზში, რუსთაველის თეატრისა და კონსერვატორიის მცირე დარბაზებში გაიმართა. მათში მონაწილეობდნენ ქართული მრავალხმიანობის ქართველი და უცხოელი შემსრულებლები, ოჯახური ანსამბლები, აგრეთვე, სარდინიული ანსამბლი CONCORDU LUSSURZESU.

სომპოზიუმზე წარმოდგენილი იქნა რენატო მორელის (იტალია) ორი ფილმი – წმინდა ხმები: კონკორდუს მომღერალი ორი თაობა ვნების კვირაში (სარდინია) და მრავალაჟამიერი: მოგზაურობა სიმღერით სვანეთში ფილფანის ოჯახთან და მელბურნის ქართულ გუნდთან ერთად და ჰუგო ზემპისა (საფრანგეთი) და ნონა ლომიძის (ავსტრია/საქართველო) ფილმი – სუფრული სიმღერები კახეთში.

 

Share it on