ისტორიული პირები

Gelati_monastery_(1)

იოანე პეტრიწი მე-11 საუკუნის დასასრულისა და მე-12 საუკუნის დასაწყისის ცნობილი ქართველი  საეკლესიო მოღვაწე, ფილოსოფოსი – ნეოპლატონიკოსი, ჰიმნოგრაფი და მთარგმნელია. განათლება მიიღო კონსტანტინეპოლში, მანგანის აკადემიაში. თავისი ორიგინალური მსოფლმხედველობის გამო რენესანსოლოგიაში იგი აღიარებულია ისეთი მნიშვნელოვანი მოვლენის ფუძემდებლად, რასაც აღმოსავლური (ქართული) რენესანსი წარმოადგენდა მე-11 – მე-13 საუკუნეებში. იოანე პეტრიწი საქართველოში დავით  აღმაშენებლის მოწვევით ჩამოვიდა და სათავეში ჩაუდგა გელათის აკადემიას, არსენ იყალთოელთან ერთად.

ზოგადად, ქართული ტრადიციული მუსიკალური ხელოვნების, განსკუთრებით კი მისი მრავალხმიანობის კვლევის თვალსაზრისით, გამორჩეული მნიშვნელობის დოკუმენტადაა მიჩნეული იოანე პეტრიწის მიერ ბერძნულიდან ქართულად გადმოღებული და კომენტირებული ნაშრომი „განმარტებაჲ პროკლესათვის დიადოხოსისა და პლატონურისა ფილოსოფიისათვის“. თხზულება წარმოადგენს ანტიკური და თანამედროვე ფილოსოფიის ღრმად მცოდნე ქართველი ფილოსოფოსის ნააზრევს, რომელიც გელათის აკადემიაში სასწავლო დანიშნულებით შეიქმნა. ფილოსოფოსის კომენტარები დართულია პროკლე დიადოხოსის თხზულებაზე „თეოლოგიის საფუძვლები“, რომელიც ისწავლებოდა შუა საუკუნეების ევროპულ აკადემიებში.

თხზულებაში („განმარტებაჲ“) პეტრიწის ინტერესი მუსიკალური ხელოვნებისადმი განსაკუთრებულია. იგი სცნობს „ხელოვანი ღმერთის“ იდეას, რომლის ანარეკლის მიხედვითაა აწყობილი და „ამუსიკალებული“ მთელი სამყარო. ფილოსოფოსის რწმენით სწორედ მუსიკას სხვაზე უკეთ ძალუძს „ხედვა“ და განცდა „ერთისა“. “განმარტებაჲს” დასკვნით ნაწილში უმნიშვნელოვანეს საღვთისმეტყველო დოგმატზე – წმინდა სამების ერთობაზე მსჯელობის დროს, ფილოსოფოსი მუსიკალურ ხელოვნებას მიმართავს როგორც უმთავრეს არგუმენტს, ნიმუშს თეოლოგიური დებულების წარმოსაჩენად. პეტრიწი სამი ჰიპოსტასის – მამა, ძე, სულიწმიდის ერთობის საუკეთესო ანარეკლს ქართულ მრავალხმიანობაში – სამი განსხვავებული ხმის (მზახრი, ჟირი, ბამი) ერთდროულ ხმოვანებაში – „მორთულებაში“ (ბერძნული ჰარმონიის შესატყვისი) ხედავს. ხსენებულ ხმათა სახელწოდებები ორიგინალური ქართულია. ხმათა ამ სახელებს შესატყვისები მუსიკალურ ფოლკლორში დღესაც მოეძებნება.

იოანე პეტრიწის ლექსიკაში დაფიქსირდა მეტად ღირებული მასალა მისი ეპოქის შესაბამისი ეროვნული მუსიკალური ტერმინოლოგიიდან, რომელიც უშუალოდ უკავშირდება მრავალხმიანობას. განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ქართველი ფილოსოფოსის მიერ მის თანამედროვე ფილოსოფიურ ლექსიკაში აღიარებული კატეგორიის – „ჰარმონიის“ იგნორირების ფაქტი. „ჰარმონიის“სანაცვლოდ, რომელიც შუა საუკუნეების მუსიკალურ თეორიაში ერთხმიან, ლინეარულ მუსიკალურ დიალექტიკას აღნიშნავდა, ქართველმა ფილოსოფოსმა გამოიყენა მრავალხმიანობასთან დაკავშირებული ქართული მუსიკალური ტერმინოლოგია: „ნართი“, „რთვა“, „მორთულება“ და ა.შ. მუსიკალური დიალექტიკის გაგების თვალსაზრისით, ბერძნული „ჰარმონიის“ და მისი შესატყვისი ქართული ცნებების შინაარსი თვისებრივად განსხვავებულია. პეტრიწისეული მუსიკალური „ნართი“, „რთვა“ წმინდა სამების მუსიკალური ანალოგიაა, რომელიც ერთდროულობაში, ვერტიკალში განხორციელებულ სამი ხმის დიალექტიკურ ერთიანობას გულისხმობს.

მე-12 საუკუნის დასაწყისის ქართულ ფილოსოფიურ თხზულებაში მრავალხმიანი აზროვნების დამადასტურებელი მუსიკალური ტერმინოლოგიის ფაქტი, თუ უფრო ადრე არა, მე-11 საუკუნეში მაინც უდავოს ხდის მრავალხმიანობის არსებობას საქართველოში.


წმინდა ძმები კარბელაშვილები

საქართველოს ეკლესიის ისტორიაში უმნიშვნელოვანესია ხუთი ძმა კარბელაშვილის მოღვაწეობის პერიოდი. ხუთივე ძმა XIX-XX სს.-ის გასაყარის აქტიური სასულიერო და საზოგადო მოღვაწეა. ეკლესიის ისტორიაში იშვიათად მოიძებნება ოჯახი, სადაც ამდენი სასულიერო პირია და მათგან ხუთი წმიდანის ხარისხშია აყვანილი. სწორედ ასეთია კარბელაშვილთა ოჯახი, სადაც ხუთი ძმა (ფილიმონი, პოლიევქტოსი, სტეფანე, პეტრე, ანდრია) და ერთი და – სიდონია იზრდებოდა. წმიდა ძმათა მამა – გრიგოლ კარბელაშვილი საეკლესიო გალობისა და კითხვის კარგი მცოდნე იყო. მან სასულიერო განათლება 1820-1824 წლებში მიიღო შიო-მღვიმის მონასტერში. 1849 წლიდან კი მამა გრიგოლი მღვდლად აკურთხეს და სოფელ ქვემო ჭალაში დაადგინეს მოძღვრად. ძმებმა მამისგან საფუძვლიანად შეისწავლეს საეკლესიო გალობა და სხვა სასწავლო დისციპლინები. ცნობილია, რომ ძმები აქტიურ პედაგოგიურ მოღვაწობასაც ეწეოდნენ სოფელსა თუ ქალაქში და არა მხოლოდ საეკლესიო გალობის და კითხვის სწავლების მხრივ. მათი უშუალო ინიციატივითა და ძალისხმევით არის ხუთხაზიან სანოტო სისტემაზე გადატანილი აღმოსავლეთ საქართველოში წინაპრების მიერ შემონახული ქართული საეკლესიო გალობა.

განსაკუთრებული გავლენა ძმების განათლებაზე მოუხდენია უფროს ძმას ფილიმონს (1836-1879), რომელმაც ჯერ მამისგან მიიღო საოჯახო განათლება, ხოლო შემდეგ თბილისის სასულიერო სემინარია დაამთავრა (1859). 1860 წელს მღვდლად კურთხვის შემდეგ ფილიმონი მშობლიურ მხარეში დაბრუნდა. სწორედ აქედან იწყება მისი აქტიური საეკლესიო მოღვაწეობა. ცნობილია, რომ ფილიმონის მიერ აღვლენილ მსახურებაზე, სადაც უმცროსი ძმებიც გალობდნენ, მრევლი სამთავისის მომიჯნავე სოფლებიდანაც კი მოდიოდა და ტაძარში ტევა აღარ იყო. ფილიმონს გლეხის ბავშვებისთვის სკოლა ჰქონდა გახსნილი, სადაც საქართველოს ისტორიას, გალობას, წერა-კითხვასა და ანგარიშს ასწავლიდა. იგი ქადაგების, გალობისა და პედაგოგობის საოცარი უნარით გამოირჩეოდა, რის გამოც მას „სანიმუშოს“ უწოდებდნენ. ფილიმონი 1879 წელს ნაადრევად გარდაიცვალა, დაკრძალულია სამთავისის ტაძრის ეზოში.

მღვდელმოწამე ანდრია კარბელაშვილი (1851-1924 წწ.) კარბელაშვილების ოჯახში რიგით მეორე შვილია, რომელმაც დაწყებითი განათლება ოჯახის წევრებისგან მიიღო. მისი ძმები და თანასოფლელები მღვდელ ანდრიას ახასიათებდნენ, როგორც გამორჩეულ მწიგნობარ-მგალობელს, სანიმუშო მოძღვარს და ქრისტეს სწავლების ჭეშმარიტ მქადაგებელს. 1903 წელს იგი სოფელ ქვემო ჭალის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვრად დაადგინეს. კომუნისტური რეჟიმის დამყარებისთანავე მოძღვარი შეავიწროვეს და მოსთხოვეს ღვთისმსახურების დატოვება. ამ პერიოდში ბოლშევიკური მთავრობის მესვეურები ანადგურებდნენ თავადაზნართა ქონებას. ამილახვრების სასახლის ქონება, ძვირფასი და ისტორიული ნივთების დიდი ნაწილი დეკანოზ ანდრიას ძალისხმევით გადაურჩა განადგურებას. 1924 წლის აჯანყების დროს ქართლის ინტელიგენციასთან ერთად გორში დასაკითხად წაყვანილი ძმები ანდრია და პეტრე, სხვა ეჭვმიტანილებთან ერთად, ტირიფონას ველზე დახვრიტეს.

წმიდა მღვდელმოწამე პეტრე კარბელაშვილმა (1860-1924) განათლება გორის სასულიერო სასწავლებელში მიიღო. 1878 წლიდან იგი სხვადასხვა სამრევლოში მედავითნეობდა და ასწავლიდა კითხვას. 1889 წლიდან თბილისის სასულიერო სემინარიაში ქართლ-კახურ გალობას ასწავლიდა. 1900 წლიდან მღვდლად აკურთხეს და ჯერ მშობლიურ სოფელ საკორინთლოში, ხოლო შემდგომ შიდა ქართლის ტერიტორიაზე მდებარე ეკლესია-მონასტრებში აგრძელებდა სასულიერო მოღვაწეობას. 1920-იანი წლებიდან მსახურობდა მუხრანის სამრევლოში, საიდანაც 1924 წელს სხვა თანასოფლელებთან და ძმასთან – დეკანოზ ანდრიასთან ერთად ტირიფონას ველზე დახვრიტეს. სწორედ მისი განვლილი გზისა და მოწამეობრივი აღსასრულის გამო შერაცხა ქართულმა ეკლესიამ დეკანოზები ანდრია და პეტრე მღვდელმოწამედ.

წმიდა აღმსარებელი პოლიევქტოსი (1855-1936 წწ.) თანამოაზრეებთან და ძმებთან ერთად აქტიურად იყო ჩართული ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საზოგადოებრივ-კულტურულ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში, ვინაიდან XIX-XX საუკუნის მიჯნა ძალზე რთული იყო საქართველოს სახელმწიფოებრიობისა თუ ეკლესიის ავტოკეფალიის დაცვის თვალსაზრისით. იგი ჩართული იყო საქართველოს ავტოკეფალიის აღდგენის საქმეში, ქართული ენის, უძველესი ქართული ხელნაწერებისა და საგანძურის, არქიტექტურული ძეგლების დაცვისა და აღწერის საშვილიშვილო საქმეში. აღმსარებელ პოლიევქტოსს განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვის ქართული გალობის გადარჩენის საქმეშიც.

კარბელაშვილებმა სწორად შეაფასეს ქართული გალობის მდგომარეობა, უდიდესი კულტურული მონაპოვრის სამუდამოდ დაკარგვის საშიშროება და სანოტო სისტემაზე გადატანის აუცილებლობა, რაც მომავალში განახორციელეს კიდეც. მათ შემოგვინახეს საუკუნეებგამოვლილი აღმოსავლეთ საქართველოს სამგალობლო სკოლის მწუხრის, ცისკრის, წირვის, შობის და სხვა წმინდათა თუ საუფლო დღესასწაულთა საგალობლები, რომელთაც დღეს „კარბელაშვილების კილოდ“ მოიხსენიებენ. იგი აერთიანებს აღმოსავლეთ საქართველოში მდებარე სხვადასხვა ეკლესია-მონასტრის სამგალობლო ტრადიციას. დეკანოზი პოლიევქტოსი ავტორია მრავალი ნაშრომისა და წიგნისა: „ქართული საერო და სასულიერო კილოების ისტორიული მიმოხილვა“, „იერარქია საქართველოს ისტორიისა“, „ძველი ანჩისხატის ტაძარი თბილისში“, აგრეთვე, სხვა მრავალი პუბლიკაციისა თუ წერილისა, რომელიც ეხებოდა საქართველოს ეკლესიის ისტორიასა და წმინდანთა ცხოვრებას.

წმიდა აღმსარებელი სტეფანე (ვასილ კარბელაშვილი) (1855-1936 წწ.) პირველდაწყებით განათლებას ოჯახში ეზიარა, შემდეგ გორის სასულიერო სასწავლებელში განაგრძო სწავლა. სტეფანე 1881 წელს წარმატებით ამთავრებს სემინარიას. 1882 წელს იგი მიემგზავრება მოსკოვის კონსერვატორიაში, საიდანაც მოკლე ხანში ბრუნდება სამშობლოში (1883 წელს). 1883 წელს აკურთხეს დიაკვნად და ამავე წელს მღვდლად, მსახურობდა თბილისსა და კახეთში მდებარე ეკლესია-მონასტრებში, ხოლო 1925 წლის 24 ოქტომბერს დეკანოზი ვასილი ბერად აღკვეცეს სტეფანეს სახელით და დაადგინეს ბოდბის ეპისკოპოსად. იგი სხვადასხვა დროს ასწავლიდა საეკლესიო-სამრევლო სკოლებსა თუ სემინარიაში. ქართული ენა, საღვთო სჯული, მუსიკა, გალობა – ეს იმ საგანთა ნუსხაა, რომელსაც მამა ვასილი მომავალ თაობას გადასცემდა, ხშირად მხოლოდ ენთუზიაზმით.

ცნობილია, რომ 1882 წლიდან საქართველოში დაიწყო ქართული საგალობლების ნოტებზე გადაღების უმნიშნელოვანესი პროცესი. დასავლეთ საქართველოს საგალობლებს ფილომონ ქორიძე იწერდა, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს საგალობლების ჩაწერა მიხეილ იპოლიტოვ-ივანოვს ხელმძღვანელობდა, ხოლო ეპისკოპოსი ალექსანდრე ოქროპირიძე ვალდებულებას იღებდა მისთვის გალობის მცოდნე პირები მიევლინა. ასეთებად კი ეპისკოპოსი ალექსანდრე ძმებ ვასილ და პოლიევქტოს კარბელაშვილს, გრიგოლ მღებრიშვილის და ალექსანდრე მოლოდინაშვილის მოიაზრებდა. ქართლ-კახური საგალობლების ნოტებზე გადატანის საქმე ნაყოფიერად დასრულდა და 1896 წელს გამოიცა ქართლ-კახური კილოს საგალობლების პირველი ნაწილი „მწუხრი“, 1898 წელს მეორე ნაწილი – „ცისკარი“. 1899 წელს მამა ვასილის რედაქტორებით დაიბეჭდა იოანე ოქროპირის წირვის წესიც.

1928 წელს ეპისკოპოსი სტეფანე ბოდბის ეპარქიიდან ალავერდის ეპარქიაში გადაიყვანეს. 1934 წლიდან ავადმყოფობის გამო ვეღარ ახერხებს ღვთისმსახურების ჩატარებას. 1936 წელს კი პენსიაზე გასული, ქართველი ხალხისთვის დამაშვრალი ეპისკოპოსი სტეფანე გარდაიცვალა. მამა ვასილის ცხოვრებაში იყო დევნა, ქვეყნიდან გადასახლება, შევიწროება. თუმცა მას არ შეუწყვეტია სასულიერო თუ საზოგადოებრივი აქტივობა. XIX-XX ს-ის ჟურნალ-გაზეთები ინახავს მის გამოქვეყნებულ მრავალ წერილს, რომელიც ეხება იმ პერიოდისთვის მნიშვნელოვან და პრობლემურ საკითხებს.

კარბელაშვილები საქართველოსთვის რთულ და ისტორიულად მნიშვნელოვან წლებში ქართული სიმღერა-გალობის და ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების საქმეში ერთგულ მებრძოლებად გვევლინებიან. მომავალი თაობის საკეთილდღეოდ გაწეული უანგარო და სამაგალითო მსახურებისათვის ხუთი ძმა კარბელაშვილი საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდმა 2011 წლის 20 დეკემბერს წმინდანებად შერაცხა და მათი ხსენების დღედ – ძმათა პეტრესი და ანდრიას ტირიფონას ველზე მოწამეობრივად აღსრულების დღე – 6 სექტემბერი დააწესა.