ქართული საეკლესიო მუსიკის საგანძურს XIX საუკუნის 80-იან – XX ს-ის 10-იან წლებში ცნობილი ქართველი საერო და სასულიერო მოღვაწეების: ფილიმონ ქორიძის, ძმები ვასილ და პოლიევქტოს კარბელაშვილების, რაჟდენ ხუნდაძის, ექვთიმე კერესელიძის მიერ ნოტებზე ჩაწერილი რვა ათასზე მეტი საგალობელი წარმოადგენს. მათში ასახულია ქართული გალობის სხვადასხვა სამგალობლო ტრადიცია.
საქართველოს თითქმის ყოველ კუთხეში არსებობდა საგალობო სკოლები, რომელთა კერა, სწავლა-განათლების ცენტ¬რები ეკლესია-მონასტრები იყო. სწორედ ამავე ეკლესია-მონასტრების სახელით მოიხსენიება ქართული გალობის ესა თუ ის ტრადიციული სკოლა დღეს.
ჟამთა ავად ცვლამ და ქართული გალობის დევნამ განაპირობა საგალობო სკოლების მონასტრებიდან ოჯახებში გადანაცვლება, რომელთა წყალობითაც გრძელდებოდა საქართველოში გალობის სწავლების ტრადიცია. შესაძლებელიამ ეს იყოს მიზეზი ამა თუ იმ საგალობო სკოლის სახელწოდებად სრულადმცოდნე მგალობელთა გვარ-სახელების დამკვიდრებისა: დიდი გერონტის, ბიძინა არქიმანდრიტის, სოფრონ არქიმანდრიტის, ტარასი არქიმანდრიტის კილოები, კარბელაანთ კილო, ჭალაგანიძის გალობა, კანდელაკიანთ გალობა, სიმონ კუტის კილო, დუმბაძის კილო და სხვანი.
“საეკლესიო გალობის დედაბუდე ყოფილა გელათის მონასტერი. აქ ყოფილა უმთავრესი “სასწავლო” (სკოლა) და აქეთგან ეფინებოდა თურმე გალობა არა თუ მთელს იმერეთის მხარეს, არამედ გადაღმა საქართველოსაც” (რ. ხუნდაძე). სწორედ გელათის მონასტერში უნდა თავმოყრილიყო ქართული გალობის “ოქროს ხანისა” თუ მასზე ადრინდელი უმთავრესი მონაპოვარი. აქვე ვითარდება გალობის ის ერთიანი მუსიკალური ენა, რომლის საფუძველზეც არის განშტოებული დღემდე მოღწეული სხვადასხვა სამგალობლო სკოლათა ტრადიციები.
საგალობელთა ზემოაღნიშნულ მრავალრიცხოვან სანოტო ჩანაწერებში უდიდესი ადგილი ფ. ქორიძის მიერ ჩაწერილ ათასობით საგალობელს უკავია, რომელთა გადმომცემნი, ხშირად განსხვავებული სამგალობლო ტრადიციისა და სხვადასხვა კუთხის ეკლესია-მონასტრებში მოღვაწე მგალობლები გახლდათ. მაგრამ ერთიანი მუსიკალური საფუძვლისა და გალობის საერთო კანონიკის გამო განსხვავებული ტრადიციის მქონე შემსრულებლებმა ყოველგვარი სიძნელის გარეშე შეძლეს თანამგალობლობა, რისი ნიმუშიცაა ფ. ქორიძის აღნიშნული ჩანაწერები. როგორც ცნობილია, “გალობის აღმადგინებელი კომიტეტის” მიერ თავდაპირველად საგალობელთა გადმომცემად არჩეულნი იყვნენ დიმიტრი ჭალაგანიძე, ივლიანე წერეთელი და რაჟდენ ხუნდაძე. მგალობელთა ამ სამეულს ზედამხედველობას უწევდა შემოქმედელი, საყოველთაოდ აღიარებული მგალობელი ანტონ დუმბაძე, “თვით პაპა გურულის გალობისა, აღმდგენელი და განმამტკიცებელი მისი მთელს გურია-სამეგრელოში”.
დიმიტრი ჭალაგანიძე, თავის დროზე მარტვილში მოღვაწე ცნობილი მგალობლის, როსტომ ჭალაგანიძის ვაჟი გახლდათ. თვით როსტომს ჭყონდიდელი მიტროპოლიტის, ბესარიონისგან (დადიანი) უსწავლია სრული გალობა და შესაბამისად, მისი ვაჟი, დიმიტრიც გალობის ამავე კილოს ფლობდა.
რ. ხუნდაძის ერთი წერილიდან ვგებულობთ, თუ ვისი სამგალობლო სკოლის აღზრდილია ივლიანე წერეთელი: “ხონის სობოროში იდგა ერთ სენაკში, საუკეთესო ქართული გალობის მცოდნე (სრულად მცოდნე მგალობელი), სიმონა კუტი (ფირცხალავა) … იმისგან ნასწავლი დღესაც მრავალია; მაგალითებრ, მღ. ივლ. წერეთელი, ეს ცნობილი მგალობელი მისი გაზრდილია.”
საკუთარ სამგალობლო განათლებაზე კი რაჟდენ ხუნდაძე გვაცმნობს, რომ “გალობა გურიაში მქონდა ნასწავლი”-ო. ჭალაგანიძე-წერეთელი-ხუნდაძის ტრიო, როგორც ვხედავთ, სამ საგალობო ტრადიციას აერთიანებს.
რაც შეეხება ე. წ. “დუმბაძის კილოს”: დუმბაძეები ოდითგანვე სასულიერო წოდებას ეკუთვნოდნენ და მრავალი მათგანი თავიანთ საგვარეულო სოფელში, შემოქმედის მონასტერშიმოღვაწეობდა, როგორც თავად ანტონ დუმბაძე (1824-1907), რომელიც მონასტრის ეზოშივეა დაკძალული. პ. კარბელაშვილის წიგნში “ქართული საერო და სასულიერო კილოები” ჩამოთვლილ ძველ, ცნობილ მგალობელთა სიაში რამდენიმე შემოქმედელი მგალობელიც გვხვდება: იაკობ დუმბაძე (1679-1721 წ.წ.) შემოქმედის მგალობელი, გიორგი მღვდელი დუმბაძე (1875 წ.). იქვეა მოხსენიებული მათე გოგიტიძე, 1541-1560 წ.წ. შემოქმედის წინამძღვარი, რომელიც XVI საუკუნის მძიმე ისტორიულ პირობებში ქართული გალობის შენარჩუნებისათვის დაუზარელი მოღვაწე გახლდათ. მასთან ერთად – იოანე გოგიტიძე, მათეს ძმისწული (1560-1590 წ.წ.). ყოველივე ეს იმაზე მეტყველებს, რომ შემოქმედის მონასტერი ისტორიულად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კერა იყო ქართული გალობისა. ამის მიმანიშნებელია ის ფაქტიც, რომ თბილისის ხელნაწერთა ინსტიტუტში დაცული რამდენიმე ნევმირებული კრებული სწორედ შემოქმედის მონასტრიდანაა ჩამოტანილი.
შემოქმედის სკოლის გალობამ ჩვენამდე ცოცხალი ჩანაწერის სახითაც მოაღწია, რისი თვალსაჩინო ნიმუშიცაა ასზე მეტი საგალობლის აუდიოჩანაწერი არტემ ერქომაიშვილის შესრულებით. არტემის უშუალო მასწავლებელი გახლდათ ცნობილი მგალობელი მელქისედეკ ნაკაშიძე, რომელიც სახელგანთქმული მგალობლის ანტონ დუმბაძის მოწაფე იყო.
ზემოთდასახელებული წყაროებიდან მხოლოდ ძმები კარბელაშვილების გალობა, ე. წ. “კაბელაანთ კილო” წარმოადგენს აღმოსავლეთ საქართველოს საგალობო ტრადიციას, ე. წ. “ქართლ-კახურ გალობას”. გალობის ამ კილოს წარმომავლობაზე საინტერესო ცნობებს გვაწვდის პოლიევქტოს კარბელაშვილი წიგნში “ქართული საერო და სასულიერო კილოები” (კარბელაშვილი პ. 1898:89), რომლის მიხედვით პოლიევქტოსის პაპა, 1754 წელს დაბადებული პეტრე კარბელა (ხმალაძე), გალობის ხელოვნებას სიყრმეშივე დაუფლებია მეფე ერეკლე II-ის კარზე, სადაც მსახურობდა. შემდგომ იგი სამთავისში მოღვაწეობდა ლოტბარად. პეტრე კარბელას ვაჟიშვილი, გრიგოლი მამამისის გამოზრდილი იყო გალობაში. ხოლო თავად გრიგოლმა შვილებს – პოლიევქტოსს და ვასილს გადასცა ეს კილო გალობისა.
აღნიშნული ისტორიული პერიოდის ავბედითობა, თავის მხრივ, ქართლ-კახეთში გალობის ნაწილობრივ მივიწყების მიზეზიც აღმოჩნდა. მეფე ერეკლე II-ისა და ანტონ კათოლიკოსის ინიციატივით, 1764 წელს გამართული საგანგებო კრების დადგენილებით მღვდელთმთავრებსა და მონასტრების წინამძღვრებს დაევალა “მგალობელთა გუნდთა შედგენა ყველა სამღვდელთმთავრო ტაძრებთან, ძველებრ. ამისათვის სვეტიცხოველში დაარსდა დიდი საკათალიკოსო სკოლა, სადაც ყრმანი მოსწავლენი სხვადასხვა საგნებთან ერთად სწავლობდნენ ქართულ გალობასაცა. როგორც ძველად, ამ სკოლაში მოუყარეს თავი დიდ საგვარეულოთა შვილებს, მალე გაიმართა ორ გუნდად გალობა. ამ სკოლიდან მოეფინა სწავლა-მეცნიერება ქართლ-კახეთსა” (კარბელაშვილი პოლიევქტოს. გვ. 69-70). საფიქრებელია, რომ სვეტიცხოვლის საგალობო ტრადიციას, რომელმაც აღმოსავლეთ საქართველოში გალობის ამღორძინებლის ფუნქცია შეასრულა, არც კარბელაშვილების წინაპრეპი აუვლიდნენ გვერდს. ამიტომ, საკმაო საფუძველია იმისა, რომ ე. წ. “კარბელაანთ კილო” წარმოვიდგინოთ და მოვიხსენიოთ როგორც სვეტიცხოვლის საგალობო სკოლის დღემდე შემორჩენილი ნიმუში.