ხევსურეთი აღმოსავლეთ საქართველოს მთის კუთხეა, კავკასიონის კალთებზე. მოიცავს არდოტის, შატილის, არხოტის (პირიქითა ხევსურეთი) და ხევსურეთის არაგვის ხეობებს (პირაქეთა ხევსურეთი). სახელწოდება “ხევსურეთი” მთიანი, ხევებიანი მდებარეობის გამო შეერქვა.
ხევსურული სამუსიკო დიალექტი გავრცელებულია ხევსურეთის ტერიტორიაზე. ამ კუთხის სიმღერა ძირითადად ერთხმიანია. გვხვდება ბურდონული ორხმიანობაც. შესრულების ფორმებიდან სახეზეა სოლო და უნისონური მღერა (მამაკაცთა რეპერტუარში), ორი სოლისტის მონაცვლეობა უბანოდ და ე. წ. შემღერნება (მათი ისეთი მონაცვლეობა, როცა საკუთარი ჰანგის დასრულების შემდეგ თვითეული მეორეს ეუბნება ბანს). მამაკაცები მღერიან ხმამაღლა, დაძაბულად, გლისანდირებული დაცურებით. ხევსურული სიმღერებია: “მთიბლური”, “თასში მღერა”, “ცელებური”, “ხუთშაბათ გათენდება”, “ფერხისული”, “გვარის სიმღერა”, “ხატიონების სიმღერა” და სხვა. საკრავებიდან გავრცელებულია ფანდური და ჭიანური.
ფშავი აღმოსავლეთ საქართველოს მთის კუთხეა, ხევსურეთის სამხრეთით.
ისტორიულად იყოფოდა 10-ზე მეტ გვაროვნულ თემად, რომლებიც დაჯგუფებული იყო უკანაფშავისა და მაღაროსკარის ტერიტორიული თემების ირგვლივ.
ფშაური სამუსიკო დიალექტი გავრცელებულია ფშავის ტერიტორიაზე. ამ კუთხის სიმღერა ძირითადად ორხმიანია. გვხვდება მრავალხმიანობის ბურდონული ტიპი. შესრულების ფორმებიდან სახეზეა ორი სოლისტის მონაცვლეობა ბანის ფონზე, ორი გუნდის დიალოგი და სოლო მღერა. მამაკაცები ხევსურებზე გაცილებით რბილად და დახვეწილად მღერიან. ფშაური სიმღერებია: “ფერხისა”, “გვრინი”, “ფშაური”, “ჯვარი წინასა”, “ქალო”, “სამაია” და სხვა. საკრავებიდან გავრცელებულია ფანდური და გუდასტვირი.
თუშეთი აღმოსავლეთ საქართველოს მთის კუთხეა. მოიცავს თუშეთისა და პირიქითა ალაზნის ხეობებს. შედგება 4 ისტორიული თემისაგან: წოვა, გომეწარი, ჩაღმა და პირიქითი თუშეთი. მე-19 საუკუნის დამდეგიდან თუშები კახეთში, ალვნის ველზე სახლდებიან.
თუშური სამუსიკო დიალექტი გავრცელებულია თუშეთის ტერიტორიაზე. ამ კუთხის სასიმღერო შემოქმედებაში გამოიყოფა ძველი და ახალი ფორმაციის სიმღერები. ძველი სიმღერა ერთხმიანია, ახალი კი – ძირითადად მრავალხმიანი. გვხვდება მრავალხმიანობის ბურდონული ტიპი. შესრულების ფორმებიდან სახეზეა სოლო და უნისონური მღერა (მამაკაცთა რეპერტუარში). თუშები ხევსურებსა და ფშავლებზე გაცილებით რბილად მღერიან; ხშირია ბგერის ვიბრაცია. თუშური სიმღერებია: “ლაშარის სიმღერა”, “ზეზვა გაფრინდაული”, “დალა”, “ეს შემოდგომა მოვიდა”, “მეითის სიმღერა”, “დედა მოგიკვდესა”, “მეცხვარის სიმღერა” და სხვა. საკრავებიდან გავრცელებულია სალამური, ფანდური და გარმონი.
ხევი აღმოსავლეთ საქართველოს მთის კუთხეა, კავკასიონის კალთებზე. მოიცავს თრუსოს, თერგისა და სნოსწყლის ხეობებს.
მთიულეთი აღმოსავლეთ საქართველოს მთის კუთხეა, ხევის სამხრეთით. მოიცავს თეთრი არაგვის ხეობას.
მოხეურ-მთიულური სამუსიკო დიალექტი გავრცელებულია ხევისა და მთიულეთის ტერიტორიებზე. მასში გამოიყოფა მოხეური და მთიულური კილოკავები. ამ კუთხეების სიმღერა ძირითადად სამხმიანია. უმთავრესად გვხვდება მრავალხმიანობის ბურდონული ტიპი. შესრულების ფორმებიდან სახეზეა ორი გუნდის მონაცვლეობა; სოლო და უნისონური მღერა (მოხევე ქალთა რეპერტუარში). მოხევეები მღერიან ძალიან ხმამაღლა, მძიმედ და პირქუშად; გლისანდირებით. მთიულები მოხევეებთან შედარებით უფრო ზომიერად და ნაკლებად ხმამაღლა მღერიან; გაცილებით ხშირია მელიზმატიკა, უფრო იშვიათი – გლისანდირება. მოხეურ-მთიულური სიმღერებია: “დიდება”, “სმური”, “გერგეტულა”, “ხმით ტირილი”, “ნამგლური”, “ლომისის ჯვრისა”, “ჯვარი წინასა” და სხვა. საკრავებიდან გავრცელებულია ფანდური.
გუდამაყარი აღმოსავლეთ საქართველოს მთის კუთხეა. მოიცავს გუდამაყრის არაგვის ხეობას.
გუდამაყრული სამუსიკო დიალექტი გავრცელებულია გუდამაყრის ტერიტორიაზე. ამ კუთხის სიმღერა ძირითადად ორხმიანია. სამხმიანი სიმღერა მეტად ცოტაა. გვხვდება მრავალხმიანობის ბურდონული ტიპი. შესრულების ფორმებიდან სახეზეა ორი სოლისტის მონაცვლეობა ბანის ფონზე და სოლო მღერა. მანერა შუალედურია, ერთის მხრივ, ხევსურულსა და მოხეურს, მეორეს მხრივ კი – ფშაურსა და მთიულურს შორის. გუდამაყრული სიმღერებია: “ჯვარი წინასა”, “ფერხისა”, “კაფია”,
“მთიბლური” და სხვა. საკრავებიდან გავრცელებულია ფანდური.
ქართლი აღმოსავლეთ საქართველოს ბარის კუთხეა. ეთნიკურ-გეოგრაფიულად მოიცავდა 2 მხარეს: “ზენა სოფელს” (გვიანდელი შიდა ქართლი) და “ქვენა სოფელს” (ქვემო ქართლი). მოგვიანებით გაჩნდა ტერმინი “ზემო ქართლი”.
კახეთი აღმოსავლეთ საქართველოს ბარის კუთხეა. მოიცავს ივრის შიდა და ქვემო დინებისა და ალაზნის აუზებს. კახეთის მხარეებია: გარეკახეთი, ქიზიყი, შიგნიკახეთი და გაღმამხარი.
ქართლ-კახური სამუსიკო დიალექტი გავრცელებულია ქართლისა და კახეთის ტერიტორიებზე. მასში გამოიყოფა ქართლური და კახური კილოკავები. ამ კუთხეების სიმღერა ძირითადად სამხმიანია. გვხვდება მრავალხმიანობის ყველა ტიპი. სახეზეა შესრულების რესპონსორული და ანტიფონური ფორმები; სოლო და უნისონური მღერა (ქართლელ ქალთა რეპერტუარში). ქართლელი მამაკაცები ძალიან ხმამაღლა და მჭახედ მღერიან, ქალთა მანერა კი უფრო გაწონასწორებულია. კახელები მღერიან შედარებით ხმადაბლა, ცხვირისმიერი ბგერით, უხვი მელიზმებით. ქართლ-კახური სიმღერებია: “ლაზარე”, “ჭონა”, “ჩაკრულო”, “ალილო”, “ბანით ტირილი”, “გრძელი კახური მრავალჟამიერი”, “ღვთის კარზე სათქმელი იავნანა” და სხვა. საკრავებიდან გავრცელებულია ფანდური და გუდასტვირი.
ჯავახეთი სამხრეთ საქართველოს ბარის კუთხეა. ისტორიულად იყოფოდა ზემო და ქვემო ჯავახეთად. მე-16 საუკუნეში ოსმალეთმა მიიტაცა. საქართველოს დაუბრუნდა რუსეთ-ოსმალეთის 1828-29 წლების ომის შემდეგ.
მესხეთი სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ბარის კუთხეა. მე-16 საუკუნეში ოსმალეთმა მიიტაცა. საქართველოს დაუბრუნდა რუსეთ-ოსმალეთის 1828-29 წლების ომის შემდეგ.
მესხური სამუსიკო დიალექტი გავრცელებულია მესხეთისა და ჯავახეთის ტერიტორიებზე. მესხურმა სასიმღერო შემოქმედებამ უცხოური გავლენა განიცადა. არაქართული რეპერტუარის დამკვიდრება და სამხმიანი მღერის ტრადიციის მოშლა ამის შედეგია. ორხმიან სიმღერებში გვხვდება მრავალხმიანობის ბურდონული ტიპი. შესრულების ფორმებიდან სახეზეა სამპირულობა; სოლო და უნისონური მღერა (მამაკაცთა რეპერტუარში). მესხები მღერიან ქართლ-კახელების მსგავსად, თუმცა ნაკლები მელიზმატიკით და ღია ბგერების გარეშე. მესხური სიმღერებია: “მამლი მუხასა”, “სამყრელო”, “ოქრომჭედელო”, “გეგუთისა მინდორზედა”, “მტრედმა თავის სიმართლითა”, “სახლო, ღმერთმა აგაშენოს”, “ოროველა” და სხვა. საკრავებიდან გავრცელებულია გუდასტვირი და დოლი.
სვანეთი დასავლეთ საქართველოს მთის კუთხეა. მოიცავს კავკასიონის ქედის სამხრეთ კალთებს და ენგურისა და ცხენისწყლის ზემოწელს. იყოფა სადადეშქელიანო, თავისუფალ და ცხენისწყლის ხეობის სვანეთად.
სვანური სამუსიკო დიალექტი გავრცელებულია სვანეთის ტერიტორიაზე. ამ კუთხის სიმღერა ძირითადად სამხმიანია. უმთავრესად გვხვდება მრავალხმიანობის კომპლექსურ-პარალელური ტიპი. სიმღერების დიდი ნაწილი ფერხულით სრულდება. ზოგ ფერხულში მამაკაცებთან ერთად ქალებიც მონაწილეობენ. შესრულების ფორმებიდან სახეზეა ორპირულობა, ერთპირულობა; სოლო მღერა. სვანები მღერიან ხმამაღლა და მძიმედ, აღმავალი და დაღმავალი გლისანდირებით. სვანური სიმღერებია: “ლილე”, “კვირია”, “მირანგულა”, “ზარი”, “თამარ დედფალი”, “ბარბალ დოლაში”, “დალა კოჯას ხელღვაჟალე” და სხვა. საკრავებიდან გავრცელებულია ჭუნირი და ჩანგი.
რაჭა დასავლეთ საქართველოს მთის კუთხეა. იყოფა ზემო და ქვემო რაჭად. ზემო რაჭაში გამოიყოფა მთის რაჭა (ღების, ჭიორისა და გლოლის არეალი).
რაჭული სამუსიკო დიალექტი გავრცელებულია რაჭის ტერიტორიაზე. რეპერტუარითა და შესრულების მანერით რაჭულში გამოიყოფა საკუთრივ რაჭული და მთარაჭული კილოკავები. ამ კუთხის სიმღერა ძირითადად სამხმიანია. სიმღერების დიდი ნაწილი ფერხულით სრულდება. ფერხულში მამაკაცებთან ერთად ქალებიც მონაწილეობენ. შესრულების ფორმებიდან სახეზეა ორპირულობა, ერთპირულობა; სოლო მღერა. რაჭველები მღერიან მძიმედ, დაძაბულად; მთარაჭული მანერა სვანურს უახლოვდება. რაჭული სიმღერებია: “მაღლა მთას მოდგა”, “ასლანური მრავალჟამიერი”, ”დალიე”, “ქვედრულა”, “ზრუნი”, “ქორქალი”, “ღუღუნი” და სხვა. საკრავებიდან გავრცელებულია გუდასტვირი და ჭიანური.
ლეჩხუმი დასავლეთ საქართველოს მთის კუთხეა, რაჭის დასავლეთით.
ლეჩხუმური სამუსიკო დიალექტი გავრცელებულია ლეჩხუმის ტერიტორიაზე.
ამ კუთხის სიმღერა ძირითადად სამხმიანია. უმთავრესად გვხვდება მრავალხმიანობის კომპლექსურ-პარალელური ტიპი. შესრულების ფორმებიდან სახეზეა ერთპირულობა, ორპირულობა; სოლო მღერა. ლეჩხუმლები მღერიან სადად და ბუნებრივად. ლეჩხუმური სიმღერებია: “ჩვენსა ჩამოდიაო”, “კიკოლიკო ზალიკო”, «ეპოია”, «ოდიადა”, “ლაჭები და ოფიტარა”, “ლალე”, “მაყრული” და სხვა.
იმერეთი დასავლეთ საქართველოს ბარის კუთხეა. იყოფა ზემო და ქვემო იმერეთად.
სახელწოდება დაკავშირებულია კუთხის მდებარეობასთან (იმერეთი, ე. ი. ლიხსიქითა მხარე).
იმერული სამუსიკო დიალექტი გავრცელებულია იმერეთის ტერიტორიაზე.
რეპერტუარითა და შესრულების მანერით იმერულში გამოიყოფა ზემო- და ქვემოიმერული კილოკავები. ამ კუთხის სიმღერა ძირითადად სამხმიანია. ორხმიანი სიმღერები იპოვება ზემო იმერეთში. გვხვდება მრავალხმიანობის ყველა ტიპი. შესრულების ფორმებიდან სახეზეა ორპირულობა, ერთპირულობა, ტერცეტისა და გუნდის მონაცვლეობა, სოლო მღერა. ზემოიმერული რეპერტუარის დიდი ნაწილი ქართლ-კახურს იმეორებს. ქვემოიმერლები მღერიან საკმაოდ ხმამაღლა, “პიჩიკატური მანერით”, გლისანდირების გარეშე; ზემოიმერლები კი – ქართლელების მსგავსად, თუმცა ნაკლებად ღია ბგერით და ხმამაღლა. იმერული სიმღერებია: “კეისრული”, “პატარა საყვარელო”, “ნადური”, “ცხენოსნური”, “დელი-დელა”, “ჭონა”, “გონჯა” და სხვა. საკრავებიდან გავრცელებულია ჩონგური და გიტარა.
სამეგრელო დასავლეთ საქართველოს ბარის კუთხეა; რიონს, ცხენისწყალს, ენგურსა და შავ ზღვას შორის მდებარე ტერიტორია. სახელწოდება მომდინარეობს ისტორიული მხარის – ეგრისის სახელიდან.
მეგრული სამუსიკო დიალექტი გავრცელებულია სამეგრელოს ტერიტორიაზე. ამ კუთხის სიმღერა ძირითადად სამხმიანია. გვხვდება მრავალხმიანობის ყველა ტიპი. ფერხულში მამაკაცები და ქალები ერთად მღერიან. შესრულების ფორმებიდან სახეზეა ტერცეტისა და გუნდის მონაცვლეობა, ორპირულობა; სოლო მღერა. მეგრელები მღერიან რბილად, ერთგვარი მკვნესარე ინტონაციებით. მეგრული სიმღერებია: “ოდოია”, “ჩელა”, “კუჩხი ბედინერი”, “ჩაგუნა”, “ოჩეშხვეი”, “ართი ვარდი”, “სისატურა” და სხვა. საკრავებიდან გავრცელებულია ჩონგური და ლარჭემი.
გურია დასავლეთ საქართველოს ბარის კუთხეა. ისტორიულად ძირითადად მოიცავდა ახლანდელი ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის რაიონების ტერიტორიას.
გურული სამუსიკო დიალექტი გავრცელებულია გურიის ტერიტორიაზე. ამ კუთხის სიმღერა ძირითადად სამხმიანია. ნადური სიმღერების ნაწილი ოთხხმიანია. გვხვდება მრავალხმიანობის ყველა ტიპი (წამყვანი პოლიფონიურია). შესრულების ფორმებიდან სახეზეა ტერცეტისა და გუნდის მონაცვლეობა, ტერცეტი, სოლო მღერა. გურულები მღერიან ხმამაღლა, “პიჩიკატური მანერით”. ხმადაბლა, ღიღინით იმღერება ტერცეტის მიერ შესასრულებელი ზოგი სიმღერა. გურული სიმღერებია: “კალოს ხელხვავი”, “ხასანბეგურა”, “ნადური”, “შავი შაშვი”, “წამოკრული”, “საბოდიშო”, “ზარი” და სხვა. საკრავებიდან გავრცელებულია ჩონგური და სოინარი.
აჭარა დასავლეთ საქართველოს ბარის კუთხეა. მე-16 საუკუნეში ოსმალეთმა მიიტაცა. საქართველოს დაუბრუნდა რუსეთ-ოსმალეთის 1877-78 წლების ომის შემდეგ.
ოსმალთა ბატონობის ხანაში აჭარაში ისლამი გავრცელდა.
შავშეთი ისტორიული სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია) ბარის კუთხეა. მე-16 საუკუნეში ოსმალეთმა დაიპყრო. გათავისუფლდა რუსეთ-ოსმალეთის 1877-78 წლების ომის შედეგად. შემდეგ ისევ ოსმალეთმა მიიტაცა.
აჭარულ-შავშური სამუსიკო დიალექტი გავრცელებულია აჭარისა და შავშეთის ტერიტორიებზე. მასში გამოიყოფა აჭარული და შავშური კილოკავები. ამ კუთხეების ხალხური სიმღერა ძირითადად ორხმიანია. აჭარაში სამხმიანობაც გავრცელებულია. უმთავრესად გვხვდება მრავალხმიანობის პოლიფონიური და კომპლექსურ-პარალელური ტიპები. შესრულების ფორმებიდან სახეზეა ორპირულობა, ერთპირულობა; სოლო და უნისონური მღერა (შავშეთსა და აჭარელ ქალთა რეპერტუარში). აჭარლები გურულებზე ნაკლებად მძაფრად მღერიან. აჭარულ-შავშური სიმღერებია: “ყანური”, “ჩაღმა ჩაყრილო ვენახო”, “დედოფლის სიმღერა”, “მატყლის სართავი ნადური”, “ტირნი ჰორერამა”, “ფაჭვის სიმღერა”, “ჰარირაში” და სხვა. საკრავებიდან გავრცელებულია ჭიბონი, ჩონგური და დოლი.
ლაზეთი ისტორიული სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ბარის კუთხეა. მე-15 საუკუნეში აღმოსავლეთ ნაწილის გარდა, მე-16-ში კი ეს ნაწილიც ოსმალეთმა მიიტაცა. რუსეთ-თურქეთის 1877-78 წლების ომის შემდეგ საქართველოს აღმოსავლეთ ლაზეთის მხოლოდ ნაწილი დაუბრუნდა.
ლაზური სამუსიკო დიალექტი გავრცელებულია ლაზეთის ტერიტორიაზე. ლაზურმა სასიმღერო შემოქმედებამ თურქულის გავლენა განიცადა. ამ კუთხის სიმღერა ძირითადად ერთხმიანია. ზოგი ცნობით, ორხმიან ბურდონულ სიმღერებს “თურქეთის ლაზეთში” მე-20 საუკუნის 30-იან წლებშიც მღეროდნენ. სამხმიანი სიმღერები გვიანდელი უნდა იყოს. შესრულების ფორმებიდან სახეზეა სოლო და უნისონური მღერა. ლაზური სიმღერებია: “ჰელესა”, “ჰე იამო”, «ჰანანი”, «ჭუტა ნუსა”, «ე, ასიე” და სხვა. საკრავებიდან გავრცელებულია ჭიბონი და პილილი.