საქართველოში გავრცელებულია ჩასაბერი, სიმებიანი, დასარტყამი და კლავიშებიანი საკრავები.

ქართულ ტრადიციულ გარემოში აღმოცენებულ ინსტრუმენტარიუმს ეროვნული ნიშანთვისებების მქონე მყარი სისტემა გააჩნია. საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებული საკრავის დამზადების წესისა და მისი წარმოშობის შესახებ არსებული თქმულება-ლეგენდების, ფუნქცია-დანიშნულების და მუსიკალური შინაარსის გათვალისწინებით ეროვნულ საკრავებად საქართველოში მიჩნეულია: ჩასაბერებიდან – მრავალღერიანი ლარჭემ – სოინარი, ერთღერიანი თვლებიანი სალამური და პილილი, გუდასტვირის ქართლური, რაჭული, ფშაური, მესხური და აჭარული სახეობები.; ერთღერიანი და ორღერიანი უგუდო სტვირები; ლითონის ჩასაბერი საკრავი სანკერი, სიმებიანებიდან – ფანდური, ჩონგური, ჭიანური, ჩანგი; დასარტყამებიდან – დოლი, დაირა, დიპლიპიტო.

XVII-XVIII სს-ებში მრავალი არაქართული საკრავი შემოვიდა და გავრცელდა საქართველოში. დუდუკი, ზურნა, ბალალაიკა, მანდოლინა, გარმონი. ეს ის საკრავებია, რომლებმაც ქართული მუსიკალური ენის შესატყვისი რეკონსტრუირება განიცადეს. მხედველობაში გვაქვს ცვლილებები საკრავის კონსტრუქციასა და წყობებში.

ქართული საკრავი ფეხდაფეხ მიჰყვება ქართულ სიმღერას და მისით საზრდოობს. ქართულ საკრავიერ მუსიკაში ჩვენ ვერ შევხვდებით მუსიკალური ენის თვალსაზრისით რაიმე ისეთ მოვლენას, რასაც ადგილი არა აქვს ქართულ სასიმღერო შემოქმედებაში. პირიქით, ყველაზე მდიდარი შესაძლებლობების მქონე საკრავიც კი ვერ ასახავს იმ ურთულეს ფორმებს, რაც განვითარებულ ქართულ სიმღერებს გააჩნია.

ანალოგიურად ქართული სიმღერისა, ქართული საკრავიერი მუსიკა მოიცავს ერთხმიანობიდან ოთხხმიანობამდე ვერტიკალს. მსგავსად სიმღერისა, ყველაზე ხშირად ვხვდებით სამხმიანობას, რომელიც ჟღერს ფანდურზე, ჩონგურზე, ჭიანურზე, ჩანგზე, ბალალაიკაზე, მანდოლინაზე, გარმონზე, წიკო-წიკოზე. შედარებით იშვიათად ვხვდებით ორხმიანობას, რომელიც ჟღერს ლარჭემ-სოინარზე, გუდასტვირის ქართლურ, რაჭულ, აჭარულ და ფშაურ სახეობებზე, ორსიმიან ფანდურსა და ჭიანურზე, დუდუკებსა და ზურნებზე (ერთი დუდუკის მელოდიას, ჩვეულებრივ, თან ახლავს ერთი ან ორი დუდუკი, რის შედეგადაც წარმოიქმნება ორხმიანობა ან სამხმიანობა, ერთი ზურნის მელოდიას თან ახლავს მეორე ზურნის ბანი, რის შედეგადაც წარმოიქმნება ორხმიანობა.); ოთხხმიანობას, რომელიც ჟღერს ჩონგურზე, ერთხმიანობას, რომელიც ჟღერს: სალამურზე, პილილზე, უგუდო ერთღერიან სტვირზე, თულუმზე.

საქართველოში საკრავის ფუნქციონირების ძირითადი ფორმაა თანხლება სიმღერისა და ცეკვისათვის. იშვიათად ვხვდებით საკრავზე სოლო შესრულების ფორმას.

ვოკალისა და საკრავის თანაჟღერადობა ქართულ ტრადიციულ მუსიკალურ ყოფაში რეგლამენტირებულია. ერთი მხრივ, ჩვენ ვხვდებით სიმღერებს, რომლებიც საკრავის მონაწილეობის გარეშე სრულდება (სუფრული სიმღერები, შრომის სიმღერები, გურული პოლიფონიის ნიმუშები და სხვ.), მეორე მხრივ, გვაქვს საკრავები, რომლებიც სასიმღერო თანხლებად არ გამოიყენება და მხოლოდ სოლო საკრავებს წარმოადგენს (მრავალღერიანი ლარჭემ-სოინარი, სალამური, პილილი, სანკერი).

ტრადიციულ ქართულ მუსიკალურ გარემოში სიმღერის და ცეკვის თანხლებად გამოიყენება ერთი დასახელების თითო (ფანდური, ჩონგური, ჭიანური, გუდასტვირი, ჭიბონი, დაირა, დოლი, დიპლიპიტო, გარმონი, წიკო-წიკო) ან ორი დასახელების თითო საკრავი ერთად (ფანდური და სალამური, ჩონგური და დოლი, ჭიანური და ჩანგი, ჭიბონი და დოლი, სალამური და დოლი, გარმონი და დოლი).

რაც შეეხება საქართველოში დამკვიდრებულ არაქართული წარმოშობის დუდუკსა და ზურნას, ისინი მხოლოდ ანსამბლში გამოიყენება (ორი დუდუკი და დოლი, ერთი დუდუკი და დაირა, ორი ზურნა და დოლი).

საქართველოში საკრავის ფუნქციონირებისას შეიმჩნევა სქესობრივი რეგლამენტაციის ნიშნები: ჩვენ ვხვდებით საკრავებს, რომლებზეც უკრავენ როგორც კაცები, ასევე ქალები (ფანდურზე, ჩონგურზე, ჭიანურზე, ჩანგზე, მანდოლინაზე, ბალალაიკაზე, გარმონზე), ზოგიერთ საკრავზე ძირითადად მამაკაცები უკრავენ (სალამურზე, პილილზე, ლარჭემ-სოინარზე, გუდასტვირის სახეობებზე, დოლზე, დიპლიპიტოზე, დუდუკზე, ზურნაზე), ზოგიერთზე ქალები (დაირა, წიკო-წიკო).

ქართულ მუსიკალურ ყოფაში ვხვდებით დახელოვნებულ ოსტატებს, რომელთა დაკვრა მნიშვნელოვნად სცდება ხალხური მუზიცირების ფარგლებს და ე. წ. პროფესიული ზეპირი ინსტრუმენტული ფოლკლორისათვის დამახასიათებელი განსაკუთრებული ვირტუოზულობით გამოირჩევა.


სიმებიანი საკრავები

ფანდური

ჩამოსაკრავი სამსიმიანი საკრავი. გავრცელებულია აღმ. საქართველოს მთისა და ბარის კუთხეებში. შედარებით იშვიათად ვხვდებით დას. საქართველოში. კერძოდ, ზემო იმერეთსა და რაჭაში.
ხევსურეთში შემორჩენილია ორსიმიანი ფანდური.

სამსიმიანი ფანდურის წყობა: g-a-c 1
ორსიმიანი ფანდურის წყობა: g-c 1.

ჩონგური

ჩამოსაკრავი, ოთხსიმიანი საკრავი. გავრცელებულია დას. საქართველოში. ძირითადად სამეგრელოში, აფხაზეთში, იმერეთში, გურიასა და აჭარაში. შედარებით იშვიათად ვხვდებით ლეჩხუმში.

წარსულში ცნობილი ჩონგურის წყობებიდან დღეს ძირითადად სამი წყობაა შემორჩენილი.

ჩონგურის წყობები: f-a-c 1-f. 1; f-a-c 1-e 1; f-g –c 1-g 1.

ჭიანური

ხემიანი სამსიმიანი საკრავი. გავრცელებულია სვანეთში (ჭუნირის სახელწოდებით), რაჭაში, ხევსურეთსა და თუშეთში. რაჭაში ვხვდებით ორსიმიან ჭიანურსაც.

სამსიმინი ჭიანურის წყობა: as-b-des. 1
ორსიმიანი ჭიანურის წყობა: as-c 1. .

ჩანგი

changi-iremi-wide gallery_6_25_20092

მოსაზიდი 6–7-სიმიანი საკრავი. გავრცელებულია სვანეთში.

ექვსსიმიანი ჩანგის წყობა: f-g-a-h-c 1d 1.
შვიდსიმიანი ჩანგის წყობა: e-f-g-a-h-c 1d 1.

ბალალაიკა

ჩამოსაკრავი სამსიმიანი საკრავი. გავრცელებულია აღმ. საქართველოს მთაში.

ბალალაიკის წყობა: g-a-c 1.

მანდოლინა

ჩამოსაკრავი სამსიმიანი საკრავი. გავრცელებულია აღმ. საქართველოს მთაში.

მანდოლინის წყობა: g-a-c 1.


ჩასაბერი საკრავები

ლარჭემ-სოინარი

ქართული მრავალღერიანი სალამური. გავრცელებულია სამეგრელოსა და აფხაზეთში ლარჭემის, გურიაში სოინარის სახელწოდებით. ქართული მრავალღერიანი სალამური ექვსი ღეროსაგან შედგება. ზოგჯერ ლარჭემს შუაზე ყოფენ და ორ შემსრულებელს შორის ანაწილებენ.

ლარჭემ-სოინარის წყობა მთლიანად შემსრულებლის სმენით კორექტივზეა დამოკიდებული. მაგალითისთვის მოვიტანთ ორი სხვადასხვა ლარჭემის წყობას ღეროთა თანმიმდევრობის მიხედვით: h 2-gis 2-fis 2-gis 2-ais 2-cis 3; h 2-fis 2-dis 2-cis 2-e 2-h 2.

სალამური

  uenozv-salamuri-wide

რთღერიანი თვლებიანი საკრავი. გავრცელებულია აღმ. საქართველოში. კერძოდ, ქართლში, კახეთში, მესხეთში, თუშეთში, ფშავში.
სალამური არის უენო და ენიანი. უენო სალამურზე კეთდება 5-6 თვალი, ენიანზე 6-7.

ხუთთვლიანი უენო სალამურის წყობა: a 1-h 1-cis 2-d 2-e 2-f 2.
ექვსთვლიანი უენო სალამურის წყობა: e 1-fis 1-g 1-a 1-h 1-c 2-d 2.
შვიდთვლიანი ენიანი სალამურის წყობა: h-c 1-d 1-e 1-f 1-g 1-a 1-h 1(c 2-d 2-es 2-f 2-g 2-a 2-h 2-c 3- გადაბერვით).
ექვსთვლიანი უენო სალამურის წყობა: e 1-fis 1-g 1-a 1-h 1-c 2-d 2 (e 2-fis 2-g 2-a 2-h 2-c 3-d 3- გადაბერვით).

პილილი

ერთღერიანი თვლებიანი საკრავი. გავრცელებულია აჭარაში. მას აქვს 5-7 თვალი.
პილილის წყობა: des 1-es 1-f 1-ges 1-as 1-b 1-c 2.

გუდასტვირი

guda-maizer2-widechiboni-wide

გავრცელებულია ქართლში, რაჭაში, აჭარაში (ჭიბონის სახელწოდებით), მესხეთში (თულუმის სახელწოდებით), ფშავში. ისინი ერთმანეთისაგან განსხვავდებიან ტემბრით, მოცულობით, სტვირის შემადგენელ ორ ღეროზე თვლების რაოდენობით.
ქართლური გუდასტვირის წყობა: I ღეროზე — c 1- d 1- es 1-f 1-g 1-as 1-b 1 , II ღეროზე — c 1-d 1-es 1-f. 1.
რაჭული გუდასტვირის წყობა: I ღეროზე — c 1- d 1- es 1-f 1-g 1-as 1-b 1, II , II ღეროზე — c 1-d 1-es 1-f. 1.
აჭარული ჭიბონის წყობა: I ღეროზე — e 1-fis 1-g 1-a 1-h 1-cis 2 , II ღეროზე — e 1-fis 1-g 1-a 1.
მესხური თულუმის წყობა: I ღეროზე — e 1-fis 1-g 1-a 1-h 1 , II ღეროზე — e 1-fis 1-g 1-a 1-h 1
ფშაური გუდასტვირის წყობა: I ღეროზე — c 1- d 1- es 1-f 1-g 1-as 1-b 1 , II ღეროზე — c 1-d 1.

დუდუკი

გავრცელებული იყო აღმ. საქართველოს ქალაქებში. ბოლო დრომდე შემორჩა თბილისის მუსიკალურ ყოფას.
დუდუკს ზემოდან ამოჭრილი აქვს რვა თვალი, ქვემოდან ერთი.

დუდუკის წყობა: g-a-b-c 1-d 1-es 1-f 1-g 1.

ზურნა

გავრცელებულია აღმ. საქართველოს ქალაქებში. ვხვდებით ქართლის სოფლებშიც. .
ზურნას ზემოდან ამოჭრილი აქვს 7-8 თვალი, ქვემოდან ერთი.

ზურნის წყობა: a1 – h1 – cis2 – d2 – e2 – fis2 – gis2 – a2.


დასარტყამი საკრავები

დოლი

გავრცელებულია აღმ. და დას. საქართველოს ბარის კუთხეებში.

image_large

დაირა

გავრცელებულია ქართლში, კახეთში, თუშეთში, სამეგრელოში, რაჭაში, იმერეთში.


კლავიშიანი საკრავები

გარმონი:

გავრცელებულია აღმ. საქართველოში, განსაკუთრებით, თუშეთში.

წიკო-წიკო:

გავრცელებულია ძირითადად ქართლში.