შესრულების ფორმები

დიალექტების სიმრავლე და ჟანრული სისტემის მრავალფეროვნება (რაც თავის მხრივ გეოგრაფიული, სოციალურ-ეკონომიური, ისტორიული, სარწმუნოებრივი ფაქტორებიდან, მეურნეობისა და პრაქტიკული საქმიანობის განსხვავებული დარგებიდან მომდინარეობს) საქართველოში აყალიბებს საშემსრულებლო ურთიერთობათა განსაკუთრებულ ფორმებს. არქაული და იმავდროულად მაღალმხატვრული ღირსებების მქონე ქართული ხალხური მუსიკალური შემოქმედება შესრულების ფორმათა მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მათი განხილვისას გასათვალისწინებელია რეგიონალური, სქესობრივი, ასაკობრივი და ა.შ. თავისებურებანი. ერთმანეთისაგან განსხვავებულია მთისა და ბარის კუთხეების, ქალაქისა და სოფლის, სხვადასხვა ჟანრის, მამაკაცთა და ქალთა, მოზრდილთა და ბავშვთა რეპერტუარის, საერო და საეკლესიო, ხმიერი, საკრავიერი და ხმიერ-საკრავიერი მუსიკის ერთხმიანი და მრავალხმიანი ნიმუშები. ტრადიციული ფოლკლორისაგან განსხვავებულ საშემსრულებლო ფორმებს აყალიბებს ე. წ. სასცენო ფოლკლორი.

ტრადიციული ქართული საერო და სასულიერო მუსიკისათვის დამახასიათებელია გუნდების ერთგვაროვნება, თუმცა ზოგჯერ – საკულტო და სარიტუალო ფერხულებში, საოჯახო მუზიცირების ზოგიერთ ფორმაში დასაშვებია შერეული (ქალების და კაცების, ასევე ბავშვების) შესრულებაც.

ამ ეტაპზე შემოგთავაზებთ ხმათა რაოდენობისა და გუნდების რაოდენობის მიხედვით გამოყოფილ ჯგუფებს ხმიერი, საკრავიერი და ხმიერ-საკრავიერი მუსიკისათვის:

ცალფა შესრულება (რომელიც ნიმუშის ფუნქციიდან მომდინარეობს)

  • ერთი ადამიანის ხმა (ღიღინი, ღუღუნი, ქორქალი, მთიბლური, ნამგლური, ურმული, ნანა, დატირება, მოსაგონარი ტირილი… )
  • საკრავზე ცალფა შესრულება (დოლი, სალამური, დუდუკი…)
  • ერთი ხმა საკრავთან ერთად (მღერა ტაშით, ლარჭემზე შეძახილები)

საგუნდო უნისონი (თუშური დალა, აჭარული ნაი-ნაი, ლაზარე, ბავშვთა ალილო…)

ზოგიერთ დიალექტში (მესხეთში, ლაზეთში, შავშეთი დღეს თურქეთშია)
ვხვდებით მრავალხმიანი ტრადიციის დაკარგვით განპირობებულ ე. წ. «იძულებით ერთხმიანობას»

ორხმიანობა

  • ორი ხმა (რაჭული ბატონების ნანინა)
  •  ორი, ერთიდაიგივე ფუნქციის მქონე ხმის მონაცვლეობა ბანის ფონზე (გუთანზე დატირება, ყარანაი ყანაშია)
  • ერთი ხმა ბანთან ერთად (ოროველა, გურული საცეკვაო…)
  • ერთ საკრავზე ორხმიანი დასაკრავი (ჭუნირი, ფანდური, გუდასტვირი… )
  • ერთი ხმა საკრავთან (აღმ. საქართველოს საფანდუროები)
  • საკრავში მღერა (აჭარპანი აფხაზეთში)

სამხმიანობა

  • ორი სხვადასხვა ფუნქციის მქონე ხმის მონაცვლეობა ბანის ფონზე (დიდება, ჩიტი და ფეტვი…)
  • ორი სოლისტი და ბანების გუნდი (ტრადიციული ფოლკლორის უდიდესი ნაწილი)
  • ტრიო (სამი ადამიანი) – (წამოკრული, მივალ გურიაში, გადაძახილიანი სიმღერები..)
  • ტრიო და გუნდი
  • სამხმიანობა ერთ საკრავზე (ჩონგური)
  • სამხმიანობა ხმიერ-საკრავიერი (სოლისტი საკრავთან, ორი სოლისტი საკრავთან, გუნდი საკრავით, საკრავებით)

ოთხხმიანობა

დამწყები, მოძახილი, შემხმობარი, ბანი (ძირითადად ნადურებში, ხუხუნაიშვილების ნიმუშები ზ. ფალიაშვილის კრ….)

ერთპირული საგუნდო შესრულება

რესპონსორული შესრულება

  • სოლისტი და გუნდი, სადაც გუნდი იმეორებს (ხერტლის ნადური, მჭედელო…), ან არ იმეორებს სოლისტის პარტიას (თირნი, ჰარირამა…)
  • დუეტი და გუნდი (თეშ-იღბალი, ნეტავი გოგო…)
  • ტრიო და გუნდი (ხასანბეგურა)

ანტიფონური შესრულება

  • ორი სოლისტის მონაცვლეობა (თასში შემღერება…)
  • ორპირული (ორბუნი) – ორი გუნდის მონაცვლეობა შრომის სიმღერები, საფერხულოები)
  • სამპირული – სამი გუნდის მონაცვლეობა (მესხური სუფრულები…)