სიახლეები

ტრადიციული მრავალხმიანობის მეათე საიუბილეო საერთაშორისო სიმპოზიუმი



თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, ქართული ხალხური სიმღერის საერთაშორისო ცენტრი და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი 2020 წლის 20 ოქტრომბრიდან 24 ოქტომბრამდე თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის პატრონატითა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, ტრადიციული მრავალხმიანობის მე-10, საიუბილეო საერთაშორისო სიმპოზიუმს ატარებს.

თბილისის სიმპოზიუმები წარმოაჩენენ მსოფლიო მრავალხმიანობის კვლევის თანამედროვე ტენდენციებს და ხელს უწყობენ ქართული ეთნომუსიკოლოგიის ინტეგრაციას დასავლურ ეთნომუსიკოლოგიურ მეცნიერებასთან. მათ უდიდესი როლი შეასრულეს ქართული პოლიფონიის კვლევისადმი უცხოელი მეცნიერების ინტერესის გაღვივებაში, რომლებიც ერთხმად აღიარებენ მის განსაკუთრებულ ადგილს მსოფლიოს ხალხთა მუსიკალურ კულტურაში.

მეათე საიუბილეო სიმპოზიუმში მონაწილეობას მიიღებს მსოფლიოს 19 ქვეყნის 41 მეცნიერი, მათ შორის, 27 – უცხოეთიდან. წლევანდელი სიმპოზიუმი განსაკუთრებულ ვითარებაში – კოვიდ-19-ის პანდემიის პირობებში ტარდება, შესაბამისად, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებით, წელს სიმპოზიუმი გაიმართება მთავრობის მიერ დაწესებული რეგულაციების სრული დაცვით, შერეული ფორმატით. უცხოელი მეცნიერები (აშშ-ს, შვეიცარიას, ავსტრიასა და დიდი ბრიტანეთიდან ჩამოსული 6 მონაწილის გარდა) დისტანციურად მიიღებენ მონაწილეობას.

შეგიძლიათ იხილოთ ტრადიციული მრავალხმიანობის მე-10 საიუბილეო საერთაშორისო სიმპოზიუმის ბუკლეტი, პროგრამა და მიიღოთ ამომწურავი ინფორმაცია წლევანდელ სიმპოზიუმში მონაწილე მეცნიერების, რეჟისორებისა და მუსიკოსების შესახებ.

 

Share it on