ვოკალური მრავალხმიანობა ხორვატული ტრადიციული მუსიკის მნიშვნელოვანი ნაწილია. ალპების მთიანეთში შენარჩუნებულია ხორვატული ენისა და სასიმღერო ფოლკლორის უძველესი შრეები. მათ ახასიათებს მრავალხმიანობა, კილოებში სიმღერა და პატარა ინტერვალზე დაფუძნებული მელოდია. სასიმღერო სტილი “ტრესე” – სპეციფიკური “ყელი კანკალით” სიმღერაა.
ხორვატული მრავალხმიანობის მეორე სტილი ფართოდ არის გავრცელებული ბალკანეთის სხვა რაიონებშიც. ეს არის სიმღერა ბანით (“ნა ბას”). ეს სტილი, როგორც ჩანს, ხორვატიაში შემოვიდა სლოვენიიდან. აქ მელოდიის დიაპაზონი უფრო ფართეა (სექსტამდე), თანმხლები ნაწილი ხშირად მთავარ მელოდიას პარალელური ტერციებით მიყვება, კადანსირება ხდება დაღმავალი ნახტომით კვარტაზე. ამ რეგიონის მრავალხმიანობის მეორე საინტერესო დამახასიათებელი ელემენტია მრავალხმიანი ჩასაბერების (ორმაგი ფლეიტები და სალამურები) არსებობა. მათზე შესრულებული მუსიკა მჭიდროდაა დაკავშირებული სასიმღერო მელოდიებთან. მრავალხმიანობის თვალსაზრისით კიდევ ერთი საინტერესო ოლქია ისტრიის ნახევარუკნძული და მიმდებარე რამდენიმე კუნძული. მრავალხმიანი სიმღერა აქ დაფუძნებულია ტერციების და სექსტების პარალელიზმზე. ზოგიერთ ოლქში (მაგალითად დალმაციაში), ჭარბობს ერთხმიანობა.
საერთოდ, ხორვატიაში პოლიფონიური მღერის ახალი სტილი უფრო ფართოდაა გავრცელებული, ვიდრე ტრადიციული, ძველებური, პატარა ინტერვალებზე აგებული მრავალხმიანობის სტილი. ახალი სტილის ორხმიანი სიმღერების გავრცელებაში განსაზღვრული როლი ითამაშა სპეციფიკური ტიპის გუდასტვირმა (“დუდა”). მასზე ბანის სტვირს აქვს ორი ნოტი: ტონიკა და დომინანტა (კვარტით დაცილებული ბგერები), ზუსტად ისე, როგორც ეს ხდება ახალ სასიმღერო სტილში.
ბოლო რამოდენიმე ათწლეულის განმავლობაში ხორვატიაში ძალიან პოპულარული გახდა ე.წ. “კლაპას” სტილის სიმღერა, რომელშიც ძველი და ახალი ფენები გამოიყოფა (ძველი ფენების სიმღერაში ჭარბობს მეტრო-რიტმულად თავისუფალი სიმღერა, ხოლო ახალი ფენის კლაპას სიმღერაში მეტრო-რიტმი ზუსტად არის ჩამოყალიბებული). ხორვატიაში ტარდება სპეციალური ფესტივალები კლაპას სტილის შემსრულებელ ანსამბლებს შორის.