ტრადიციული მრავალხმიანობის მეთერთმეტე საერთაშორისო სიმპოზიუმი 26-30 სექტემბერი, 2022, თბილისი, საქართველო გთხოვთ, გულდასმით წაიკითხოთ ვადების პარაგრაფი |
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრი და ქართული ხალხური სიმღერის საერთაშორისო ცენტრი მრავალხმიანობის პრობლემატიკაზე მომუშავე მეცნიერებს იწვევს ტრადიციული მრავალხმიანობის მე-11 საერთაშორისო სიმპოზიუმზე, რომელიც ჩატარდება 2022 წლის 26 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით.
ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ამ დროისათვის მსოფლიო დაამარცხებს კოვიდ-19-ის პანდემიას და ჩვენ შევძლებთ ჩვეულებრივ ფორმატში ჩავატაროთ ეს მნიშვნელოვანი სამეცნიერო ფორუმი. ამასთან, დისტანციური მუშაობის მიღებული გამოცდილება შესაძლებლობას მოგვცემს კიდევ უფრო ფართო გავხადოთ დაინტერესებულ მკვლევართა ჩართულობა სიმპოზიუმში.
სიმპოზიუმის თემატიკა მრავალფეროვანია, რაც ეთნომუსიკოლოგიის ინტერდისციპლინური ბუნებითაა განპირობებული.
სიმპოზიუმის სამუშაო ენებია ქართული და ინგლისური. წარმოდგენილი მოხსენებები შემდგომ გამოიცემა როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენებზე.
სრული ინფორმაცია სიმპოზიუმის შესახებ და წინა სიპოზიუმების მოხსენებების კრებულების ელექტრონული ვერსიები ხელმისაწვდომია ჩვენს ვებ-გვერდზე: www.symposium.polyphony.ge
სიმპოზიუმის თემები:
მონაწილეებს შეუძლიათ წარმოადგინონ თეზისები ტრადიციული მრავალხმიანობის ყველა ასპექტზე. თემები დაჯგუფდება მათში განხილული პრობლემების მიხედვით და წარმოდგენილი იქნება შესაბამის სამეცნიერო სესიაზე, რაც მრავალხმიანობის საკითხების ფართო სპექტრის განხილვის საშუალებას იძლევა.
ტრადიციულ თემებთან ერთად მე-11 სიმპოზიუმზე გვსურს შემოგთავაზოთ ერთი ახალი თემა:
აუდიოვიზუალური ეთნომუსიკოლოგია: გამოწვევები და პერსპექტივები
აუდიოვიზუალური ეთნომუსიკოლოგია მეტად აქტუალური მიმართულებაა, რასაც ის ფაქტიც მოწმობს, რომ ტრადიციული მუსიკის საერთაშორისო საბჭოში აუდიომუსიკალური ეთნომუსიკოლოგიის ცალკე კვლევითი ჯგუფია შექმნილი. ეს მიმართულება მოიცავს ეთნომუსიკოლოგიური კვლევისა და მასალის პრეზენტაციის პროცესში სხვადასხვა სახის აუდიოვიზუალური მედიის აქტიურ გამოყენებას. ყოველივე ეს კი, ერთი მხრივ, ეთნომუსიკოლოგიურ მეცნიერებაში ტექსტუალურთან ერთად, მასალის აუდიოვიზუალური დოკუმენტირება-პრეზენტაციის დანერგვას, მეორე მხრივ კი, ეთნომუსიკოლოგიური ნაშრომების ფართო აუდიტორიისათვის მისაწვდომობის ზრდას ემსახურება.
სიმპოზიუმის ტრადიციული თემები:
1. მრავალხმიანობის ზოგადი თეორია და მუსიკალურ–ესთეტიკური ასპექტები
აქ გაერთიანებულია თანამედროვე კულტურული ანთროპოლოგიისათვის დამახასიათებელი მრავალხმიანობის ზოგადი საკითხების ფართო სპექტრი.
2. ტრადიციული მრავალხმიანობის რეგიონული სტილები და მუსიკალური ენა
ეს თემა მოიცავს როგორც დიდი, ისე პატარა რეგიონების, ეთნიკური უმცირესობების, მხოლოდ ერთი სოფლის მრავალხმიანი სასიმღერო სტილების სირღმისეულ კვლევებს.
3. ტრადიციული მრავალხმიანობის შედარებითი კვლევა
ტრადიციული მრავალხმიანობის ფენომენის გაგება შეუძლებელია შედარებითი მიდგომის გარეშე. მკვლევრებს ჩვენ ვთავაზობთ კვლევის ახალი მეთოდოლოგიების შემუშავებას.
4. ტრადიციული მრავალხმიანობის სოციოლოგიური ასპექტები: შემსრულებლები და მსმენელები; სქესი, ასაკი, იდენტობა
ამ თემაში გაერთიანებულია ტრადიციული საზოგადოების სოციალური ცხოვრების სხვადასხვა ასპექტი. პრობლემები განხილულია როგორც თანამედროვე ცხოვრების, ისე ისტორიულ პერსპექტივაში.
5. მრავალხმიანობა საერო და სასულიერო მუსიკაში
აქ მოიაზრება ტრადიციული მრავალხმიანობისა და პროფესიული მრავალხმიანობის ადრეულ ფორმების ურთიერთქმედება ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, თუმცა, ასევე, მისაღებია თემები სხვა რეგიონებსა და ეპოქებზე.
6. ტრადიციული ინსტრუმენტული მრავალხმიანობა
მიუხედავდ იმისა, რომ სიმპოზიუმის ძირითადი თემა არის ვოკალური მრავალხმიანობა, აქ შეიძლება განხილული იყოს ვოკალური და ინსტრუმენტული მრავალხმიანობის ურთიერთქმედების სხვადასხვა ასპექტი.
7. მსოფლიო მუსიკა და ტრადიციული მრავალხმიანობა
„მსოფლიო მუსიკა“ გამოხატავს სხვადასხვა კულტურის სწრაფვას ჰარმონიზაციისკენ. „გლობალური სოფლის“ იდეა მუსიკის უნივერსალურ ხასიათს ადასტურებს. დაინტერესებული ადამიანები სწავლობენ ადგილზე ტრადიციულ სიმღერას; ტრადიციულ მომღერლებს იწვევენ სხვა ქვეყანაში სწავლების მიზნით. რას ვკარგავთ ან ვიძენთ ამ პროცესში?
მრგვალი მაგიდა: „მუსიკალური ფოლკ-ტურიზმი“
მუსიკალური ფოკლორი, განსაკუთრებით, პოლიფონია, როგორც კულტურული ტურიზმის პროდუქტი დღეს საკმაოდ მოთხოვნადია მსოფლიო ბაზარზე – სულ უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება სხვა კულტურის ფოლკლორული მუსიკით, მსოფლიო მუსიკა პროფესიულ თუ სამოყვარულო გუნდების რეპერტუარში აქტიურად იმკვირდებს თავს. ასევე, ბოლო დროს გაზრდილ მიგრაციის მაჩვენებელს ახალი დიასპორული საზოგადოებების ჩამოყალიბება მოჰყვა, რის გამოც ტრადიციულმა მუსიკამ მნიშვნელოვანი როლი შეიძინა ეთნიკური იდენტობის შენარჩუნების საქმეში.
ბოლო წლებში მომრავლდა სოფლის საზაფხულო ბანაკებიც, სადაც სტუმარს ფოლკლორულ ყოფასთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოს თავაზობენ. მართალია, ფოლკლორის კულტურული ტურიზმის პროდუქტად გადაქცევა ცვლის მას, მაგრამ, ამასთანავე, სიცოცხლეს უხანგრძლივებს. კულტურული ტურიზმის ეს შედარებით ახალი სფერო სწავლებისა და მენეჯმენტის კუთხით სისტემატიზაციასა და დახვეწას საჭიროებს.
მრგვალი მაგიდის განხილვის საგანი იქნება ტრადიციის მატარებლების, მუსიკოსების, ეთნომუსიკოლოგების პერსპექტივიდან დანახული თანამედროვე გამოწვევები თუ სარგებლობა, რაც მუსიკალურ ფოლკ-ტურიზმს მოაქვს.
წინადადებები
საპროგრამო კომიტეტი გთავაზობთ მოგვაწოდოთ ინდივიდუალური, საპანელო,
სასტენდო ან მრგვალი მაგიდის სხდომაზე წარმოსადგენი თემები:
- ინდივიდუალური მოხსენებისთვის განკუთვნილია 20 წუთი, დამატებით – 10 წუთი შეკითხვებისა და დისკუსიისათვის;
- საპანელო მოხსენება უნდა მოიცავდეს 2 ან 3 მოხსენებას, თითოეულს 20 წუთის ხანგრძლივობით და დამატებით 10 წუთს დისკუსიისათვის;
- სასტენდო მოხსენებისთვის გამოყოფილია 10 წუთი Power Point ფორმატში და 5 წუთი დისკუსიისათვის. გთხოვთ, კონფერენციაზე წარმოადგინოთ შემდეგი ფორმატის პოსტერი: 80 სმ სიგანეში X 100 სმ სიმაღლეში.
მრგვალი მაგიდის, დაახლოებით, ორსაათიან სესიაში მონაწილეობს არა უმეტეს 4 მომხსენებლისა (თითოეული 10 წუთიანი რეგლამენტით). აუდიტორიას მოვუწოდებთ დისკუსიაში მონაწილეობისკენ.
თეზისები, მოკლე ბიოგრაფია და სრული მოხსენებები
თეზისები და მოკლე ბიოგრაფია – ორივე ტექსტი არა უმეტეს 200 სიტყვისა (ივსება ელექტრონული რეგისტრაციის ფორმატში).
მოხსენებების სრული ტექსტი: არა უმეტეს 7 გვერდისა, შრიფტის ზომა 12, ინტერვალი 1,5.
ელექტრონული რეგისტრაცია
ელექტრონული რეგისტრაცია (სახელი, გვარი, ქვეყანა, ორგანიზაცია, თანამდებობა, ელექტრონული ფოსტის მისამართი, მოხსენების სათაური, თეზისები და მოკლე ბიოგრაფია) სავალდებულოა სიმპოზიუმის ყველა მონაწილისათვის.
ვადები
ელექტრონული რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2022 წლის 15 აპრილი
სიმპოზიუმში მონაწილეობის დადასტურება: 2022 წლის 15 მაისამდე
მოხსენებების სრული ტექსტის მოწოდების ბოლო ვადა, თარგმნისთვის საჭირო დროის გათვალისწინებით: 2022 წლის 1 ივლისი
სარეგისტრაციო თანხა
მეცნიერებისთვის – 80 აშშ დოლარი
სტუდენტებისთვის – 30 აშშ დოლარი
დაბინავება, ტრანსპორტირება, კულტურული პროგრამა
დაბინავების, ტრანსპორტირების (თბილისის საერთაშორისო აეროპორტი – სასტუმრო – თბილისის საერთაშორისო აეროპორტი), კულტურული პროგრამისა და ვორქშოპების ხარჯებს დაფარავს სიმპოზიუმის საორგანიზაციო კომიტეტი.
სიმპოზიუმის საორგანიზაციო კომიტეტს მონაწილეებისთვის დაგეგმილი აქვს ერთდღიანი კულტურული პროგრამა. პროგრამაში შედის საქართველოს რომელიმე კუთხის მონახულება.
თბილისის საერთაშორისო სიმპოზიუმი არის არა მარტო სამეცნიერო ფორუმი ტრადიციული მრავალხმიანობის საკითხებზე, არამედ მასზე წარმოდგენილია ქართული და სხვა ქვეყნების ხალხური მუსიკის ფართო სპექტრი. ველით, რომ სიმპოზიუმზე, როგორც ყოველთვის, მსოფლიო მრავალხმიანობა წარმოდგენილი იქნება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ანსამბლების მიერ.
საპროგრამო კომიტეტი
დოქტ. რუსუდან წურწუმია (საქართველო)
დოქტ. იოსებ ჟორდანია (ავსტრალია/საქართველო)
დოქტ. იზალი ზემცოვსკი (აშშ/რუსეთი)
დოქტ. თამაზ გაბისონია (საქართველო)
დოქტ. ნინო ციციშვილი (ავსტრალია/საქართველო)
დოქტ. დაივა რაჩიუნაიტე-ვიჩინიენე (ლიტვა)
საკონტაქტო ინფორმაცია სიმპოზიუმის მონაწილეებისათვის
პროფ. რუსუდან წურწუმია, ელ.ფოსტა: polyphony@tsc.edu.ge
დოქტორი იოსებ ჟორდანია, ელ ფოსტა: josephjordania@yahoo.com.au
ამინდი საქართველოში
ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების მსგავსად, საქართველოში ზომიერი ჰავაა. ტემპერატურის ცვალებადობა სექტემბრის ბოლოს +15C-დან +25C-მდეა.
სიმპოზიუმის შემდგომი მოგზაურობა საქართველოს რეგიონებში
წინა სიმპოზიუმების დროს ახალი არაფორმალური ტრადიცია დამკვიდრდა.
ქართული ხალხური სიმღერის უცხოელი შემსრულებლებისა და მეცნიერების ჯგუფი სტუმრობს საქართველოს რეგიონებს. რამდენიმე დღის განმავლობაში ისინი ცხოვრობენ ტრადიციული მომღერლების ოჯახებში, სწავლობენ მრავალხმიან სიმღერებს, ეცნობიან ადგილობრივ სამზარეულოს, ათვალიერებენ ღირშესანიშნაობებს. 2022 წელს ვესტუმრებით სვანეთს, იმერეთსა და გურიას.
თუ გაქვთ დრო და გსურთ შეურთდეთ ამ მოგზაურობას, შეგვატყობინეთ თქვენი ინტერესის შესახებ. ჩვეულებრივ, გვყავს 25-35 მონაწილე.
თარიღები: სიმპოზიუმის შემდგომი მოგზაურობა დაიწყება 1 ოქტომბერს და გასტანს 12 ოქტომბრამდე. შეზღუდული დროის მქონე მონაწილეებს შეუძლიათ მოგვიანებით შეუერთდნენ მოგზაურობას ან ადრე დატოვონ ის.
გადასახადი: მოგზაურობის ღირებულება დღიურად შეადგენს 80 აშშ დოლარს ერთ ადამიანზე. ამ თანხაში შედის: ტრანსპორტირება, დაბინავება, კვება, ვორქშოპები, ღირშესანიშნაობებისა და მუზეუმების მონახულება. ის ვინც, ნაკლები დროით შეუერთდება მოგზაურობას, გადაიხდის დღეების რაოდენობის მიხედვით (დღეში 80 აშშ დოლარი ერთი ადამიანზე).
რა უნდა წამოიღოთ: კომფორტული ფეხსაცმელი და თბილი ტანსაცმელი, მთაში მოსალოდნელი დაბალი ტემპერატურის გამო.
ვის უნდა დაუკავშირდეთ:
სიმპოზიუმის შემდგომი მოგზაურობისათვის დაუკავშირდით
თინა ნადარეიშვილს (Info@villagelife.travel)
საკონტაქტო ინფორმაცია სიმპოზიუმის მონაწილეებისათვის
პროფ. რუსუდან წურწუმია, ელ.ფოსტა: polyphony@tsc.edu.ge
დოქტორი იოსებ ჟორდანია, ელ ფოსტა: josephjordania@yahoo.com.au