მრავალხმიანობის კერები

სუბ-საჰარის აფრიკა



მთელი აფრიკის კონტინენტი ტრადიციულად იყოფა ორ ძირითად გეოგრაფიულ და კულტურულ ზონად: 1) სუბ-საჰარის (ანუ საჰარის უდაბნოს სამხრეთით მდებარე) აფრიკა, და 2) ჩრდილოეთ აფრიკა. აფრიკული მრავალხმიანობა კონცენტრირებულია საჰარის უდაბნოს სამხრეთით, ხოლო ჩრდილოეთ აფრიკა ერთ-ერთი ყველაზე მონოდიური რეგიონია ჩვენს პლანეტაზე. თვით უდაბნო საჰარა ერთგვარი ბუფერის ფუნქციას ასრულებს ამ ორ რეგიონს შორის. ჩემი აზრით, აფრიკული მრავალხმიანობის თავისებურების გათვალისწინებით, ეს რეგიონი (საჰარის უდაბნო) ცალკე რეგიონად გამოყოფას იმსახურებს. უდაბნოს მაცხოვრებლების (ტუარეგების) მუსიკალურ კულტურაში მოიპოვება სუბ-საჰარისა და ჩრდილოეთ აფრიკის ტრადიციებისგან პრინციპულად განსხვავებული მთელი რიგი ნიშნები, ამიტომ ვაპირებ აფრიკის კონტინენტი სამ ზონად დავყო. აფრიკული მუსიკის “აღმოჩენიდან” დღემდე ევროპელებს მის მიმართ ინტერესი არ განელებიათ.

აფრიკული ტრადიციული მუსიკა ითვლება მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე კარგად დოკუმენტირებულად. ალან ლომაქსმა გამოაცხადა, რომ “აფრიკა ყველაზე კარგად არის ჩაწერილი ყველა კონტინენტს შორის”. აფრიკული მუსიკის ყველაზე მრავალრიცხოვანი საექსპედიციო ჩანაწერები გაკეთებული აქვს ჰიუ ტრეისის, რომელიც აფრიკულ მუსიკას, უპირველეს ყოვლისა, მისი ესთეტიკური ღირებულების გამო აფასებდა. შთამბეჭდავია ალან მერიამის მიერ შედგენილი ბიბლიოგრაფია (გამოვიდა 1964 წ.), რომელიც აფრიკული მუსიკის 1000-ზე მეტ დიდ გრამფირფიტას მოიცავს. საინტერესო ფაქტია, რომ აფრიკული მუსიკით დაინტერესებულ ევროპელთა მხოლოდ 2% იყო პროფესიონალი მუსიკისმცოდნე. მათი უდიდესი ნაწილი ევროპელი იყო. დღეს ამ საკითხებით დაინტერესებულ მკვლევართა შორის შეხვდებით ადგილობრივ, აფრიკელ მეცნიერებსაც  (მათ შორის ყველაზე ავტორიტეტულია განელი ეთნომუსიკოლოგი კვაბენა ნკეტია).

სუბ-საჰარის აფრიკა

თამამად შეიძლება ითქვას, რომ სუბ-საჰარის აფრიკა ვოკალური მრავალხმიანობის ტრადიციის გავრცელების მსოფლიოს ყველაზე დიდი ერთიანი რეგიონია. საჰარის სამხრეთით მდებარე ფაქტობრივად ყველა ენობრივი ოჯახების წარმომადგენლები მღერიან მრავალ ხმაში. პოლიფონიისა და ჰარმონიული საწყისის უდიდესი მნიშვნელობის გამო აფრიკული მუსიკის ერთ-ერთმა პირველმა ადგილობრივი წარმომავლობის მუსიკოლოგმა, ჯორჯ ბალანტამ (დაბ. 1894 წ.) გამოთქვა კატეგორიული მოსაზრება, რომ “ყველა აფრიკული მელოდია აგებულია ჰარმონიულ საწყისზე.” მის ციტირებას ხშირად ვხვდებით ეთნომუსიკოლოგიური საკითხების კვლევისადმი მიძღვნილ აკადემიურ პუბლიკაციებში, თუმცა ზოგი მას არ ეთანხმება.

აფრიკულ საზოგადოებაში სიმღერა და ცეკვა კომუნიკაციის ისეთივე ბუნებრივი ფორმაა, როგორც საუბარი. ხოლო მრავალხმიანი შემსრულებლობა საზოგადოების ერთგვარ სოციალურ მოდელს ასახავს, სადაც საზოგადოების ყველა წევრი აქტიურადაა ჩაბმული ერთიან სამუშაო პროცესში. აქ მუსიკის შესრულების დროს არ ხდება დაყოფა “შემსრულებლებად” და “მსმენელებად”: ადამიანები ერთად ქმნიან მუსიკას” (არომი, 1991:15). ალან მერიამი წერს, რომ ”აფრიკაში განსხვავება შემსრულებელსა და მის აუდიტორიას შორის გაცილებით ნაკლებია, ვიდრვ ევროპულ კულტურაში” (მერიამი, 1962:129).

საჰარის სამხრეთით არსებულ ზოგიერთ ტრადიციულ საზოგადოებაში მუსიკოსის პროფესია საერთოდ არ არსებობს (მაგალითად, პიგმეებში. იხ. არომი, 1991:12), რადგან იგულისხმება რომ საზოგადოების ყველა წევრს შეუძლია მუსიკის შექმნაში და შესრულებაში მონაწილეობა.

აფრიკის საჰარის მრავალხმიანობის ტიპის განხილვამდე ჩვენ უნდა გამოვყოთ აფრიკული ტრადიციული მუსიკალური კულტურის ორი ძალზე მნიშვნელოვანი ასპექტი: (1) რიტმის უდიდესი როლი აფრიკულ მუსიკაში და (2) მუსიკისა და ცეკვის ერთიანობა აფრიკულ ტრადიციულ კულტურაში.

რიტმი

რიტმი ბგერათსიმაღლებრიფ ფაქტორთან ერთად ნებისმიერი მუსიკის უმთავრესი ელემენტია, თუმცა აფრიკულ მუსიკაში რიტმი მაინც განსაკუთრებულ როლს ასრულებს. ასე მაგალითად, მეცნიერებმა მიაქციეს ყურადღება, რომ აფრიკის ზოგიერთ რაიონში (მაგ. სამხრეთ აფრიკაში) მუსიკის მეტრო-რიტმული კომპონენტი მელოდიურ გამვითარებაზე უფრო მნიშვნელოვანია. ამიტომაცაა, რომ ამ კულტურებში მხოლოდ რიტმი (მაგ. დოლების ხმა, ან რიტმული თხრობა, დაახლოებით გამღერების გარეშე ნათქვამი რეპი) ითვლება მუსიკად, ხოლო სიმღერა, რომელშიც არ არის ჩამოყალიბებული მეტრი და რიტმი (როგორც ამას ვხვდებით, მაგალითად, არაბული სამყაროს მთელ რიგ ჟანრებში), სამხრეთ აფრიკაში მუსიკად არ ითვლება (კაემერი, 1998:701). აქ მუსიკად ითვლება მხოლოდ ისეთი ხმოვანება, რომელსაც აქვს რიტმი და რომელზეც შეიძლება იცეკვო. ასე რომ, მაგალითად, კორსიკული სიმღერა, ან თუნდაც “გრძელი კახური მრავალჟამიერი”, რომლებსაც თავისუფალი მეტრო-რიტმული განვითარება ახასიათებს, სამხრეთ აფრიკული მოდელის მიხედვით მუსიკას არ წარმოადგენს, რადგან მათში არ არის ზუსტი მეტრო-რიტმი და შესაბამისად მათი თანხლებით რიტმული ცეკვა ვერ მოხერხდება.

აფრიკაში წამყვანია ორწილადი მეტრი (ანუ 2/4 ანდა 4/4). უფრო მეტიც: “ორწილადი მეტრი ერთადერთია, რაც გამოიყენება აფრიკაში“ – განაზოგადა ჯორჯ ბალანტამ (ბალანტა, 1926:11), რითაც მომავალი პერიოდის მკვლევარებისაგან ბევრი კრიტიკა დაიმსახურა. დღეისათვის ცნობილია, რომ ეს მიდგომა არაა გამართლებული, და რომ ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული რიტმი ცენტრალურ აფრიკაში (განსაკუთრებით პიგმეებს შორის) წარმოადგენს არა 4/4 ან 2/4-ს, არამედ უფრო რთული 12/8-ს, რომელიც თავისთავად თითქოს ახლოსაა 4/4-თან, თუმცა ის შინაგანად გაცილებთ უფრო რთულია და მასში ხშირად გამოიყენება ხოლმე 12-თვლიანი ციკლის სხვადასხვა დაჯგუფებების ერთდროული ჟღერადობა (მაგალითად, ერთდოულად ჟღერენ რიტმები და მელოდიები, რომლებშიც თითიეული ბგერა ორ-, ან სამ მერვედი გრძლიობის ნოტს შეიცავს). ეს კი წარმოქმნის რთულ პოლირიტმიას.

აფრიკული ინსტრუმენტული ანსამბლების ექსტრაორდინალური სირთულე დაფუძნებულია რამდენიმე შედარებით მარტივი რიტმის ერთდროულ ჟღერადობაზე, რასაც პოლირიტმია ეწოდება (არომი, 1991). აქ მკითხველს შევახსენებ, რომ 12/8 არის კარგად ცნობილი ჯაზური “სვინგის” მეტრო-რიტმული ფორმულა, რასაც, როგორც ცნობილია, აფრიკული წარმომავლობა აქვს.

სიმღერისა და ცეკვის ერთიანობა სიმღერისა და ცეკვის ერთიანობა აფრიკული ტრადიციული მუსიკის მეორე ფუნდამენტური თვისებაა (სწორედ ამიტომაა, რომ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, თუ მუსიკაზე ვერ მოხერხდება ცეკვა, ის აფრიკაში მუსიკად არც ითვლება). აფრიკული მუსიკა წარმოუდგენელია ტანის რიტმული მოძრაობის, ცეკვის გარეშე. აფრიკული მუსიკის მკვლევარები ერთხმად აღნიშნავენ, რომ სიმღერა, ინსტრუმენტებზე დაკვრა, მუსიკა არ არსებობენ საჰარის სამხრეთ მდებარე კულტურებში დამოუკიდებლად, იზოლირებულად, როგორც ეს ხშირად ხდება ხოლმე ევროპაში. სიმღერისა და ცეკვის ამ ერთობლიობაში კარგად ჩანს ტრადიციული აფრიკული კულტურის არქაული შრეები. უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს სინკრეტული ერთიანობა მუსიკისა და მოძრაობისა დღესაც გვევლინება ტრადიციული აფრიკული კულტურისა და თანამედროვე აფრიკული საზოგადოებრივი ცხოვრების აქტიურ კომპონენტად.

ტონალური ენები და მრავალხმიანობა

ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თავისებურება აფრიკული მუსიკისა (და ტრადიციული პოლიფონიისა მთლიანობაში) მომდინარეობს აფრიკული ენების უდიდესი ნაწილის ტონური (ტონალური) ხასიათიდან. პიკის კლასიკური გამოკვლევების თანახმად (1948) “ეთიოპიის დასავლეთით და საჰარის სამხრეთით გავრცელებულია ტონური ენები”. ბევრმა არ იცის, რომ თანამედროვე მსოფლიოში არსებულ ენათა შორის ნახევარზე მეტი ტონური ბუნებისაა. მით უფრო საოცარია, რამდენად ცოტა რამეა ცნობილი მათი ბუნების შესახებ ფართო საზოგადოებისათვის. ტონურ ენებში ერთი და იგივე სიტყა (ან წინადადება) წარმოთქმული სხვადასხვა სიმაღლეზე (ტონზე) იცვლის მნიშვნელობას—ინტონაცია აზრს უცვლის, ასე, რომ ერთიდაიგივე სიტყვას საჰარის სამხრეთით მდებარე რომელიმე აფრიკულ ენაში ბევრნაირი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს (გამოთქმის ინტონირების გამო).

ტონურ ენები დიდ ზეგავლებას ახდენენ მუსიკალურ ტრადიციაზე. კირბი ალბათ პირველი იყო, ვინც ეს აღნიშნა, რომ ბანტუს სასაუბრო ტონი გავლენას ახდენდა არა მარტო მელოდიის ფორმირებაზე, არამედ სწორედ მან განავითარა აფრიკული ტრადიციული მრავალხმიანობის ხასიათი (პარალელური ხმათასვლა), რაც ახლოსაა ადრეული ქრისტიანული მრავალხმიან აზროვნებასთან (კირბი, 1930:406). დღეისათვის ეს იდეა უკვე ბევრჯერ იქნა გამეორებული და ფართოდაა ცნობილი. აფრიკის სუბ-საჰარის რაიონის ტრადიციული პოლიფონია ტონური ენის თავისებურებიდან გამომდინარეობს: ყველა ხმაში ხდება ერთდროული პარალელური მოძრაობა საწყისი ინტონაციის შენარჩუნებით. წინააღმდეგ შემთხვევაში სიტყვიერი ტექსტი ან საერთოდ დაკარგავს თავდაპირველ მნიშვნელობას, ან გაუგებარი გახდება. სუბ-საჰარის აფრიკის მრავალხმიანობის თავისებურებანი საჰარის სამხრეთით მდებარე ფაქტობრივად ყველა ენობრივი ოჯახის წარმომადგენლები მღერიან მრავალხმიანად. აფრიკული მრავალხმიანობის ძირითადი კომპოზიციური პრინციპია ხმათა პარალელური მოძრაობა, რაც როგორც უკვე აღვნიშნეთ, დაკავშირებულია აფრიკული ენების ტონურ ბუნებასთან. ეთნომუსიკოლოგებს შორის ფართოდ ცნობილი და მიღებული გერჰარდ კუბიკის ნაშრომის მიხედვით, ცენტრალურ და აღმოსავლეთ აფრიკულ მრავალხმიანობაში ხმათასვლის მთავარ პრინციპს წარმოადგენს ხმების პარალელური მოძრაობა, რომელშიც ნებისმიერ ორ მეზობელ ხმას შორის გამოტოვებულია ბგერათრიგის ერთი ბგერა. ამ პრინციპის მოქმედების შედეგად, თუკი სიმღერა აგებულია სრულ დიატონურ ბგერათრიგზე, სამხმიანობის შემთხვევაში გვექნება პარალელური სამხმოვანებებით მოძრაობა, ექვსტონიან (ჰექსატონიკურ) კილოში (ყველაზე პოპულარულია მაჟორული კილო მეშვიდე საფეხურის გარეშე) გვექნება პარალელური ტერციები და ზოგჯერ პარალელური კვარტები, ხოლო პენტატონიკურ ბგერათრიგში კი გაბატონებული იქნება პარალელური კვარტები და მხოლოდ ზოგჯერ, აქა-იქ გამოჩნდება იზოლირებული ტერცია. კონსონანსები, განსაკუთრებით კი ტერციები და სამხმოვანებები, წარმოადგენენ ხმათა ვერტიკალური კოორდინაციის საფუძველს აფრიკულ მრავალხმიანობაში.

ბურდონი, როგორც მრავალხმიანობის საკომპოზიციო პრინციპი, ფაქტობრივად არ გვხვდება ამ უზარმაზარ და მრავალხმიანობით მდიდარ რეგიონში. აფრიკის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი და გავლენიანი მრავალხმიანი ტრადიცია გვხვდება ცენტრალური აფრიკის პიგმეებში და სამხრეთ აფრიკის ბუშმენებში (ანუ სანებში, როგორც აქ მათ ხშირად უწოდებენ) განსაკუთრებით განვითარებულია აქ იოდლის (კრიმანჭულის საერთაშორისო სახელწოდება) ტრადიცია, რომელიც ზოგჯერ რვა ხმის, რვა სხვადასხვა იოდლის ერთობლივ ხმოვანებაზეა აგებული. ეთნომუსიკოლოგებს შორის მიღებული მოსაზრების მიხედვით, აფრიკის მუსიკალურ კულტურათა დიდ ნაწილს აშკარდ ეტყობა პიგმეების და ბუშმენების მრავალხმიანობის გავლენა. ზოგიერთი მეცნიერის აზრით (ი. გრიმო, ა. რუჟე, ა. ლომაქსი) პიგმეებისა და ბუშმენების მრავალხმიანობას საერთო ძირები აქვს. სოლო მრავალხმიანობა, ანუ ობერტონული სიმღერა ასევე გვხვდება აფრიკაში, თუმცა მხოლოდ ორ იზოლირებულ რეგიონში – ხოსას ტომში სამხრეთ აფრიკაში და ვაგოგოს ტომში ცენტრალურ ტანზანიაში. ეს მოვლენა ძალიან ფართოდა არის გავრცელებული ცენტრალური აზიის კულტურებში (ტუვაში, მონღოლებს შორის). ახალი აფრიკული მუსიკა, რომელიც აგებულია ევროპულ მუსიკალურ საკრავებზე, მაჟორ-მინორულ ჰარმონიულ სისტემაზე, და აფრიკული ტრადიციული მრავალხმიანობის პრინციპებზე (სადაც წამყვანია ხმათა პარალელური მოძრაობა) უაღრესად დინამიურად ვითარდება.

პოპულარული მუსიკის შესწავლა აფრიკაში ეთნომუსიკოლოგიის მნიშვნელოვანი სფერო გახდა, განსაკუთრებით 1980-იანი წლებიდან. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ აფრიკულმა მუსიკალურმა კომპონენტმა უდიდესი როლი შეასრულა მთელი რიგი ჩრდილოეთ, ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის ქვეყნების მუსიკალური კულტურების ჩამოყალიბებაში. მე-17-მე-19 საუკუნეების განმავლობაში მონებად ჩამოყვანილმა აფრიკულმა მოსახლეობამ (ძირითადად აფრიკის დასავლეთი სანაპიროდან) თან ჩამოიტანა მრავალხმიანობის ცოცხალი ტრადიცია და მონობის გაუქმების მერე მათ წამყვანი როლი ითამაშეს ადგილობრივი მუსიკალური კულტურების ჩამოყალიბებაში.

ჩრდილოეთ აფრიკა ძირითადად შედგება ეგრეთ წოდებული მონოდიური კულტურებისგან. კულტურულად და ენობრივად ეს რეგიონი არის დიდი არაბული სამყაროს ნაწილი და განსაკუთრებული სიახლოვე აქვს წინა და მცირე აზიის თანამედროვე კულტურებთან. შესაბამისად, ჩრდილოეთ აფრიკა არის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ერთხმიანი რეგიონი, სადაც ფართოდაა განვითარებული სოლო პროფესიონალი მუსიკოსების საშემსრულებლო ტრადიცია, ვირტუოზული მუსიკალური საკრავები და დახვეწილი თეორიული ტრაქტატები კილოური და მელოდიური სისტემების შესახებ.

აფრიკული მრავალხმიანობის ნიმუშები

გაბონი. მუსიკალური თერაპია

კამერუნი. პიგმეები

ტრადიციული ცეკვა, ჩეგუტუ, ზიმბაბვე

მასაების ტრადიციული ცეკვა და სიმღერ

 აკანების ქალთა სასიმღერო ტრადიცია, განა

Share it on