აფხაზები
აფხაზები ჩრდილოეთ კავკასიელთა შორის ერთადერთი ხალხია, რომელიც ცხოვრებს კავკასიონის ქედის სამხრეთით, საქართველოს ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში, და არა რუსეთის ფედერაციაში. ძირძველი კავკასიელები, ეთნიკურად და ლინგვისტური მონაცემებით ისინი ახლოს არიან ადიღებთან (ჩერქეზებსა და ყაბარდოელებთან), და მათთან ერთად ქმნიან აფხაზურ-ადიღიურ კავკასიურ ენობრივ ოჯახს. აფხაზურმა ტრადიციულმა კულტურამ შემოინახა მრავალი არქაული ჟანრი და რიტუალი. მრავალხმიანობას დიდი ადგილი უკავია აფხაზურ ტრადიციულ მუსიკაში. აფხაზური მრავალხმიანობა – ორხმიანობა და სამხმიანობა ეფუძვნება მრავალხმიანობის ბურდონულ ტიპს.
ორხმიანობა დომინირებს გუდაუთას რაიონში — ეთნიკური აფხაზებით დასახლებულ ოლქში. აფხაზებისა და ქართველების მრავალსაუკუნოვანმა თანაცხოვრებამ და ურთიერთგავლენამ კულტურულ თუ სოციალურ-ეკონომიკურ სფეროებზე წარმოშვა ახალი, ე. წ. “ქართული სტილის” სამხმიანი აფხაზური სიმღერები, რომლებიც სრულიად უცხოა ადიღებისათვის. ამ სტილის სიმღერებს ასრულებს ორი სოლისტი გაბმული ან ოსტინატური ბანის ფონზე. ამ დროს ადგილი აქვს კვარტების, კვინტებისა და ოქტავების ჟღერადობას. აფხაზურ სიმღერებს კადანსებში სპეციფიკური დაღმავალი ტეტრაქორდული სვლები ახასიათებს. ხშირია მუსიკალური აზრის დასრულება კვარტაზე.
ადიღები
სახელწოდება “ადიღები” არის რუსული დასახელებაა ჩრდილოეთ კავკასიის დასავლეთში მცხოვრები რამდენიმე ეთნიკური ჯგუფისათვის, რომელიც ევროპელებისათვის ცნობილია “ჩერქეზების” სახელით. რუსეთის მიერ ეთნიკური წმენდის საუკუნოვანი პოლიტიკის შედეგად ამ ტერიტორიაზე ადიღების მხოლოდ ერთი პროცენტი იყო დარჩენილი მე-19 საუკუნის ბოლოსათთვის.მრავალხმიანობას ადიღიელების მუსიკალურ ტრადიციებში დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ადიღების მრავალხმიანობა ბურდონულია, თუმცა ბანი შედარებით მოძრავია, აქვს გამოკვეთილი მელოდიური ხაზი (ხშირად ოსტინატოს ტიპის). ბანს ეწოდება ტრადიციული სახელი “ეჟუ” (ნიშნავს “ყველას”, “ერთად”) ადიღური მუსიკის მკვლევარი თამარა ბლაევა ადიღური ბურდონული მრავალხმიანობის სამ ტიპს ასახელებს: 1. ბურდონული ორხმიანობა, 2. სოლისტისა და ბურდონის მონაცვლეობა, 3. სოლისტისა და ბანის მონაცვლეობა – დამთხვევა (შეჭრილი კადანსის მსგავსად). ყველაზე ფართოდ არის გავცელებული ორხმიანობა, თუმცა ადიღების ერთ ნაწილს – ყაბარდოელებს აქვთ სამხმიანობა (ბანში და მაღალ ხმაში ხდება კვინტებით და ოქტავებით სიმღერა), ხოლო ადიღების მეორე ნაწილს – აბაზგებსა და ჩერქეზებს, საერთოდ არ ახასიათებთ მრავალხმიანობა, მათ აქვთ მონოდიური სასიმღერო ტრადიცია, ანუ გუნდური უნისონური მღერა. ადიღების ცხოვრებაში ტრადიციულ კულტურას დიდი ადგილი უკავია. ადიღიური საზოგადოებისა და კულტურის მთავარი ფიგურაა ე.წ. “ჯეგუაკო”, ძველი ტრადიციული მუსიკის შემნახველი და ახალი ნაწარმოებების შემქმნელი ხალხური მუსიკოს-შემსრულებელი და კომპოზიტორი.
პირველი ცნობები ადიღური ტრადიციული მუსიკის შესახებ გაჩნდა 1850-იან წლენში (რუსი კომპოზიტორის ტანეევის, ცნობილი პოლიფონისტის, ფალიაშვილის მასწავლებლის, მოგზაურობის შედეგად). ევგენი გიპიუსის მიერ გამოცემული სამტომეული “ადიღიური ხალხური სიმღერები და საკრავიერი ჰანგები” (გიპიუსი, 1980, 1981, 1986 ) დღემდე ითვლება საბჭოთა კავშირში გამოცემულ ერთ-ერთ საუკეთესო ეთნომუსიკოლოგიურ პუბლიკაციად. ჩრდილოკავკასიის ხალხთაგან ევროპელი მეცნიერებისათვის პირველად სწორედ ოსური და ადიღიური მრავალხმიანი ტრადიციები გახდა ცნობილი.
ბალყარელები და ყარაჩაელები
ეს ორი ჯგუფი მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან. ყარაჩაელები, ფაქტიურად, იგივე ბალყარელებია, ისინი, ვინც მე-19 საუკუნეში წავიდნენ ტრადიციული მიწებიდან და ახალი ტერიტორია დაიკავეს კავკასიის მთებში (ყარაჩა მათი ბელადის სახელი იყო, ვინც გადაიყვანა ისინი ახალ ტერიტორიაზე). მათი საერთი რიცხვი 200 000-ს აღწევს. ენობრივად ისინი თურქულ ოჯახს განეკუთვნებიან და მოთავსებულები არიან სხვა ენობრივ ოჯახებს შორის: დასავლეთიდან მათ ესაზღვრებათ კავკასიურენოვანი ადიღები, სამხრეთიდან სვანები, აღმოსავლეთიდან კი მათ ესაძღვრებათ ინდო-ევროპულ ენაზე მოლაპარაკე ოსები. Mიმის გამო რომ ბალყარელები და ყარაჩაელები თურქულად ლაპარაკობენ, ბევრ მეცნიერს მიაჩნდა (და ზოგჯერ დღესაც მიაჩნია), რომ ისინი კულტურულადაც მჭიდროდ უნდა იყვნენ დაკავშირებული თურქულ-ენობრივ მოსახლეობასთან, რომელმაც ჩრდილო კავკასიაში შემოიტანა ისლამი და თურქული ენა. ამის დადასტურებისათვის მკვლევარები ეძებდნენ პარალელებს თურქულ სამყაროსთან ყველა არსებული ხერხებით. მაგალითად, მუსიკოსები წერდნენ მათ მუსიკაში ქრომატიული გამების შესახებ (თუმცა სინამდვილეში მათი კილოები დიატონურია). როგორი პარადოქსურიც არ უნდა მოგვეჩვენოს, საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ტრადიციული მრავალხმიანი სიმღერების გამოცემისას მრავალხმიანობასაც მონოდიურ კულტურად ნათლავდნენ (იწერდნენ მხოლოდ მელოდიეს და არ ბანის პარტიას). ეს ხდებოდა მათი მუსიკალური კულტურის სხვა მუსულმანი ხალხების მუსიკალურ ტრადიციებთან დაახლოების მიზნით. ამ უგულველყოფის მიუხედავად, ბალყარელებსა და ყარაჩაელებს ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული მრავალხმიანი მღერის ტრადიცია აქვთ ჩრდილო კავკასიელ ხალხთა შორის.
ადიღებისგან განსხვავებით, სადაც სჭარბობს ორხმიანობა, აქ ფართოდაა გავრცელებული სამხმიანობა. შესრულების ფორმა, როგორც სხვაგან კავკასიაში, აქაც ბურდონულია: სოლისტი და ბანები. მთავარ მელოდიას აქვს თურქული სახელი “ჟირ ბაშჩი” (“თავი ხმა”, ანუ “მთავარი ხმა”), ხოლო იმის გამო, რომ ბანისათვის ტერმინი თურქულ ენაში არ მოიძებნა (თურქულენოვან ხალხთა მუსიკალურ კულტურებში მრავალხმიანობა ძირითადად არ მოიპოვება), ამიტომ ბანისათვის ისინი იყენებენ კავკასიის სხვა ხალხებში (ადიღებში) გავრცელებულ ტერმინს “ეჟუ”, რაც, შეიძლება გვახსოვდეს, ადიღურად ნიშნავს “ყველას”.
ოსები
გეოგრაფიულად ოსეთს ჩრდილო კავკასიაში ცენტრალური ადგილი უკავია. ოსური მოსახლეობა განთავსებული არის კავკასიონის ქედის ორივე მხარეს – ჩრდილოეთში (რუსეთში, სადაც მათი ისტორიული სამშობლო მდებარეობს) და სამხრეთში (საქართველოში, სადაც ისინი შედარებით გვიან დასახლდნენ), რაც, როგორც ცნობილია, მთელ რიგ პოლიტიკურ გართულებებს იწვევს.
ჩრდილო კავკასიელ ხალხთა ენებს შორის შორის ოსური ენა ერთადერთი წარმომადგენელია ინდო-ევროპული ენობრივი ოჯახისა (სამხრეთ კავკასიაში ინდოევროპულ ენებს ეკუთვნის სომხური ენა), და გარდა ამისა, ოსები რელიგიურადაც განსხვავდებიან სხვა ჩრდილო-კავკასიელი მუსულმანი ხალხებისაგან – ისინი ქრისტიანები არიან. ოსების მრავალხმიანობა დაფუძნებულია ბურდონის ფართო გამოყენებაზე. მათი მრავალხმიანობა წარმოდგენილია ორხმიანი და სამხმიანი სიმღერებით. ტრადიციული ოსური სიმღერები ორხმიანია. სამხმიანობაში, სადაც ბანის ფონზე მღერის ორი სოლისტი, ოსი და ქართველი მკვლევარების აზრით, არის ქართული მრავალხმიანობის ზეგავლენა. ხშირია რთული მეტრო-რიტმები, დამახასიათებელია კადანსირებისას ბანის დაღმავალი სვლა, და მუსიკალური აზრის დამთავრება კვარტაზე. ძირითადი მუსიკალური მემკვიდრეობა, რაც ოსების ტრადიციულ კულტურაში დატოვეს შუა საუკუნეებში კავკასიაში მოსულმა ინდოევროპელმა ტომებმა – ალანებმა, ესაა ეპიკური სიმღერები ნართებზე. ისინი სრულდება სიმებიანი ინსტრუმენტის თანხლებით სოლისტი მამაკაცის მიერ. დღეს ეს სიმღერები ძალზე პოპულარულია ჩრდილოეთ კავკასიის სხვა ხალხებშიც, თუმცა სიმღერები ნართებზე ყველგან სრულდება მომღერალთა ჯგუფის მიერ, ბურდონული მრავალხმიანობის (ორი და სამხმიანი) ფორმით.
ოსური მრავალხმიანი საშემსრულებლო ტრადიცია საკმაოდ ადრე გახდა მისაწვდომი ევროპელ მეცნიერთათვის, რადგან ჯერ კიდევ რობერტ ლახმა გამოსცა ოსური მრავალხმიანობის ნიმუშები, ჩაწერილი პირველი მსოფლიო ომის დროს ოსი სამხედრო ტყვეებისაგან. ცნობილია, რომ ოსურ მრავალხმიანობას იცნობდა მარიუს შნაიდერიც. 1964 წელს გამოვიდა ბორის გალაევის კრებული “ოსური ხალხური სიმღერები”, რომელიც დღემდე რჩება ოსური ხალხური მუსიკის საუკეთესო გამოცემად.
ჩეჩნები და ინგუშები
ჩეჩნები და ინგუშები ეთნიკურად და ენობრივად ახლო მონათესავე ხალხებია. ჩეჩნები ყველაზე მრავალრიხცოვანი ხალხია მთელს ჩრდილო კავკასიაში (მათი რაოდენობა მილიონს აღემატება). მათი ტრადიციული მუსიკა ძირითადად სამხმიანია, და დაფუძნებულია მრავახმიანობის ბურდონულ ფორმაზე. ბურდონი ზოგჯერ ორმაგია – მაღალ და დაბალ ხმაში, ასე რომ წამყვან შუა ხმას მიყვება ორმაგი ბურდონი, და შესაბამისად, მთავარი მელოდია ხშირად შემოფარგლულია ინტერვალი კვინტით. სიმღერებში გამოყენებულ ინტერვალებსა და აკორდებს შორის ხშირია დისონანსები (სეკუნდები, კვარტები, სეპტიმები), რაც ჩვეულებრივი მოვლენაა ჩრდილო კავკასიაში, თუმცა ჩეჩენო-ინგუშურ ტრადიციულ სიმღერებში დისონანსები კიდევ უფრო მკვეთრად ჟღერს—კერძოდ, კადანსში შესაძლებელია ჟღერდეს კვარტისა და საკუნდისაგან შემდგარი დამაბოლოებელი აკორდი, რაც სრულიად უნიკალურია ჩრდილოეთ კავკასიისათვის. ეს აკორდი ფრიად გავრცელებულია კავკასიონის ქედის მეორე მხარეს, საქართველოში, თუმცა ამ აკორდით სიმღერის დამთავრება აქაც იშვიათია. სიმღერის დასრულება კვარტკვინტაკორდით გვხვდება მხოლოდ დასავლეთ საქართველოში, სადაც სულ ორიოდე სიმღერა არის ჩაწერილი, რომლებიც სრულდება ამ დისონირებული აკორდით (ასეთებია გურული “ინდი მინდი”, და არაყიშვილის მიერ ჩაწერილი სვანური “ჯგრიაგი”).
ჩეჩნური და ინგუშური მრავალხმიანობა ყველაზე ნაკლებად არის შესწავლილი ჩრდილო კავკასიელთა შორის.Aამის მიზეზთა შორის უპირველესია თითქმის 150-წლიანი გაუთავებელი ომი, რომელსაც ჩეჩნები დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად აწარმოებენ რუსეთთან, და რაც ცხოვრებისათვის და სამეცნიერო კვლევისათვის არასტაბილურ სიტუაციას ქმნის.
დაღესტანი
დაღესტანის მუსიკალური კულტურა ჩრდილოეთ კავკასიის ხალხთა კულტურული ტრადიციების შემადგენელი ნაწილია. ცნობილია, რომ ჩრდილო კავკასია რეგიონალური ტრადიციებისა და ენების კალეიდოსკოპური მრავალფეროვნებით გამოირჩევა. დაღესტანში ამ თვალსაზრისით კიდევ უფრო გამორჩეული და განსაკუთრებული მდგომარეობაა: მის ტერიტორიაზე 100-ზე მეტ ენაზე (დიალექტზე) მოლაპარაკე ხალხი ცხოვრობს. მათ შორის არიან ავარები (საკუთარი სახელი: მაარულალ), დარგინები (დარგან), კუმიკები (კუმუკ), ლაკები (ლაკ), და გარდა ამისა, მთელი რიგი სხვა, უფრო მცირერიცხოვანი ხალხები. ჩვენს ხელთ არსებული ცნობების მიხედვით ზოგიერთი ამ ხალხების (მაგალითად, ავარების, კუმიკების) მუსიკალურ კულტურაში ბურდონული მრავალხმიანობის ტრადიციას ვხვდებით. სამწუხაროდ, ამ საკითხებისადმი მიძღვნილი გამოკვლევები არა თუ რომელიმე სხვა, არამედ მათ მშობლიურ ენებზეც არ მოიპოვება.