მრავალხმიანობის კერები

რუმინეთი



რუმინული ტრადიციური მუსიკა ძირითადად მონოდიურია, კერძოდ, სოლო ან უნისონური. თუმცა ზოგიერთ მხარეში და ზოგ სპეციფიკურ ჟანრში ვხვდებით ჰეტეროფონიისა და მრავალხმიანობის რუდიმენტურ ფორმებსაც. ასეთია სიმღერა-დატირებები, შესრულებული ქალთა ორი ჯგუფის მიერ (ბანატის ზოგიერთ მხარეს, ტრანსილვანიასა და ოლტენიაში), ქალი სოლისტისა და ქალთა ჯგუფის მიერ ნამღერი სიმღერა – ჩივილები (ბანატში), “ცერემონიალური” სიმღერები, შესრულებული მამაკაცთა მიერ (ბიჰორში) და შერეული ჯფუფების მიერ (ჰუნედოარა—ტრანსილვანია), მამაკაცთა ჰიმნები (ტრანსილვანია), საღამოს სამუშაოზე გოგონათა მიერ ნამღერი სტროფები (ლექსები), მთელი ქვეყნის მასშტაბით დაფიქსირებული, სხვადასხვა გასართობებთან დაკავშირებული საბავშვო სიმღერები.

მრავალხმიანობის ყველაზე განვითარებულ ფორმებს ვხვდებით ე. წ. არუმინებთან – მაკედონური წარმომავლობის ეთნიკურ ჯგუფთან რომლებიც ბალკანეთის სხვადასხვა რეგიონებიდანბ არიან აქ ჩამოსულები. ყველა ძირითადი პარამეტრით მათი მრავალხმიანობა ახლოსაა ბულგარულ-ალბანურ-ბერძნულ ტიპთან. წამყვანი ფორმა აქაც ბურდონია, წამყვანი მელოდიური ხაზი მიჰყავთ სოლისტებს, ბანი-უნისონურ გუნდს. ხმათა კოორდინაცია ეფუძვნება დისონანსებს – სეკუნდებსა და კვარტებს. მაკედონელებს მრავალხმიანი სიმღერები ყოველთვის სრულდება ანტიფონურად ორი ჯგუფის მიერ (უნისონში ან პოლიფონიურად).

გ. მარკუ რუმინეთში მცხოვრები მაკედონელების ვოკალურ კულტურაში ორ სტილს გამოყოფს: პირველი დაკავშირებულია პინდარის მთებთან (აქედან არიან მთიელი მაკედონიელები) და ე.წ. “გრამუსტენები” (ესენი კი საბერძნეთის ჩრდილოეთიდან არიან). მეორე სტილი დაკავშირებულია ე.წ. “ფარშეროტებთან” — საბერძნეთის ჩრდილოეთის მწყემსებთან და ალბანეთის ყორჩას რაიონთან. მათ მრავალხმიანი მღერის ძლიერი ტრადიცია გააჩნიათ. მათი შესრულებისთვის დამახასიათებელია თავისუფალი სტილი, მელიზმების ხშირი გამოყენება. სიმღერა ძირითადად სამხმიანია, ორი სოლისტით გაბმული ბანის ფონზე, რომელსაც მომღერალთა ანსამბლი ასრულებს. ხმოვანებით ეს სიმღერები ახლოსაა სამხრეთ ალბანურ და ქართულ (კახურ) სუფრულ სიმღერებთან.

Share it on