პოლონეთი
ჩვენთვის მისაწვდომი მასალების თანახმად, პოლონური ტრადიციული მრავალხმიანობის გავრცელების მთავარი რეგიონია ქვეყნის მთიანი სამხრეთი ნაწილი. იქ იყო დაფიქსირებული ორხმიანობა პარალელური ტერციებითა და კვინტებით, ლიდიური კილოს ელემენტებით. კარპატებში ნაპოვნია მრავალხმიანი სიმღერები, “სადაც ერთი შემსრულებელი იწყებს სიმღერას, დანარჩენები აგრძელებენ, ხოლო ნაწილი კი უმღერის მელოდიას ქვედა ხმას”.
დალიგის მიხედვით, აქ გავრცელებულია ჰეტეროფონური ორხმიანობა, სადაც თითოეული ხმა ჯგუფურად სრულდება. ხმების რაოდენობა შესაძლებელია სამიც იყოს. ევროპული პროფესიული მუსიკის გავლენა მძლავრად აქაც იგრძნობა პარალელურ ტერციების სიმრავლეში და ე.წ. კლასიკური მუსიკისათვის დამახასიათებელი “შემავალი ტონის” არსებობაში.
სლოვაკეთი
არსებული მონაცემების თანახმად, თანამედროვე ევროპული მრავალხმიანი სტილი გავრცელებულია სლოვაკეთის მთელს ტერიტორიაზე. ეს არის ორხმიანი სიმღერა პარალელურ ტერციებში (ძირითადად სლოვაკეთის ჩრდილო-დასავლეთში). ელშეკოვას მიხედვით, ჩრდილოეთში უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება კვინტებს, დასავლეთში კი ტერციებსა და სექსტებს. ორივე ხმა ჯგუფურად სრულდება.
ჰეტეროფონიის უფრო გავრცობილი ფორმა დაფიქსირებულია სლოვაკეთის მთიან ცენტრალურ ნაწილში. და ბოლოს, სლოვაკეთის ჩრდილო –დასავლეთში, მხოლოდ რამდენიმე სოფელში არის შემორჩენილი სპეციფიკური ბურდონული მრავალხმიანობა სეკუნდური შეთანხმებებით და მოკლე დიაპაზონის მელოდიით. Bბურდონი რიტმიულია და მოძრაობს სეკუნდით ზემოთ ან ქვემოთ.
ჩეხეთი
მრავალხმიანობა ჩვეულებრივი მოვლენაა ამ სლავური ქვეყნისთვის. თუმცა, ჩეხეთის აღმოსავლეთი ნაწილი (მორავია) უფრო მრავალხმიანი რაიონია, ვიდრე დასავლეთი (ბოჰემია). მორავიის მრავალხმიანი ტრადიციები მჭიდროდ უკავშირდება ევროპული მუსიკის და ჰარმონიის გავლენას. ორხმიანობას გარდა აქ მღერიან პარალელური ტერციებითა და სექსტებით, ორმაგი ბანით (ალბათ გუდასტვირის პედალის მიბაძვით). ზოგიერთ სიმღერაში მელოდიური ხაზები ისეთი გადაჯაჭვული, რომ ძნელია დაადგვინო რომელია მათში წამყვანი მელოდია .